ჯვარცხმა

სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
(გადამისამართდა გვერდიდან ჩაისუბანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი))

ჯვარცხმა (2012 წლის 15 აგვისტომდე„ჩაისუბანი“[2]) — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ჯვარცხმა, ვაზიანი, ინტაბუეთი). სოფელში მოქმედებს ბიბლიოთეკა.[3] სოფლის ტერიტორიაზე გადის კურორტ ბახმაროსთან დამაკავშირებელი გზა. სოფელში დგას მაცხოვრის სახელობის ეკლესია, საჯარო სკოლა. სოფელში დაიბადა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი ლეონტი ჟღენტი.

სოფელი
ჯვარცხმა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ჯვარცხმა
კოორდინატები 41°59′35″ ჩ. გ. 42°13′48″ ა. გ. / 41.99306° ჩ. გ. 42.23000° ა. გ. / 41.99306; 42.23000
პირველი ხსენება 1839
ადრეული სახელები ჩაისუბანი
ცენტრის სიმაღლე 220
მოსახლეობა 491[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %, რუსები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჯვარცხმა — საქართველო
ჯვარცხმა
ჯვარცხმა — გურიის მხარე
ჯვარცხმა

გეოგრაფია

რედაქტირება

ჯვარცხმა მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 220 მ., ჩოხატაურიდან 3 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 23 კმ.

სოფელში ჩამოედინება მცირე ზომის ღელე-მდინარეები: ოსკოჭინა, ქოროშა და მათი შენაკადები, რომლებიც საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით და ჩაედინებიან სუფსა-გუბაზეულის აუზში. სოფელში, ძირითადად, წითელმიწა ნიადაგებია, რომელსაც ადგილობრივები „ალიზა მიწას” უწოდებენ.

ოსკოჭინა (ოსკროჭინა, ოსკოჭურე) სათავეს იღებს სოფელ ვაზიანის შავი მთიდან. გაივლის ჯვარცხმის ტერიტორიას, გადაკვეთს სოფელ გუთურს და ჩაედინება მდინარე სუფსაში. ღელის სახელწოდება უკავშირდება ჭინკების, ავსულების ნამოსახლარს. ლეგენდის თანახმად ისინი იკვებებოდნენ ამ ადგილებში გავრცელებული ბალახით - ოქროსყურათი. დროთა განმავლობაში ჭინკები გადაშენებულან, ბალახისათვის კი „ოსკოჭურე” უწოდებიათ. აქედან წარმოიშვა მდინარის სახელი „ოსკოჭინა”.

ჯვარცხმაში არის რამდენიმე პატარა მთა, მათ შორის შედარებით დიდია კოკოტია და სახარია.

სოფელ ჯვარცხმაში აღმოჩენილია ნეოლითის ხანის არქეოლოგიური მასალა: კაჟის ანატკეცები, ქვის ცულები. ძეგლები სოფლის სკოლის მუზეუმშია დაცული. პირველად ნახსენებია 1839 წელს.

1887 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა. 1897 წელს ჯვარცხმის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა 5 სოფელს, მათ შორის მოსახლეობით ყველაზე დიდი იყო საკუთრივ ჯვარცხმა. გავრცელებული იყო არყის წარმოება, ასევე მეაბრეშუმეობა, მეთამბაქოეობა, მეფუტკრეობა. სოფლის ცენტრში იდგა დუქნები და მოზრდილი ეკლესია. სოფლის ცენტრში იდგა დიდი მუხა. ამ მუხის ძირში ასამართლებდნენ დამნაშავე ყმა-გლეხებს, აწამებდნენ მათ, სჭრიდნენ ხელ-ფეხს და ჰკიდებდნენ მუხაზე. სხეულს კი ისროდნენ ტყეში. ამიტომ მას ხალხმა „ხელფეხიანი მუხა“ შეარქვა.[4]

1901 წლის მონაცემებით ჯვარცხმის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა უკვე 7 სოფელს და ცხოვრობდა 4215 ადამიანი.[5] 1905 წელს გურიის გლეხთა მოძრაობის დროს სოფელში გაიმართა შეხვედრა რუსეთის იმპერიის ხელისუფლების წარმომადგენელ სულთან კრიმ-გირეისთან, რომელსაც 1000 ადამიანი ესწრებოდა და სადაც გლეხებმა კრიმ-გირეის საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.[6] 1924 წლის 2 სექტემბერს ჯვარცხმაში მოხდა შეტაკება ანტისაბჭოთა აჯანყების მონაწილეებს, რომლებსაც ხელმძღვანელობდა სერგო მათითაიშვილი, და ხელისუფლების ძალებს შორის.[7]

საბჭოთა პერიოდში ეწოდა ჩაისუბანი და შეიქმნა ჩაისუბნის სასოფლო საბჭო, რომელიც მოიცავდა სოფლებს ვაზიანს, ინტაბუეთს და გორაბერეჟოულს. გავრცელებული იყო მეჩაიეობა და მეცხოველეობა. დამოუკიდებლობის შემდეგ ჩაისუბნის თემს გამოაკლდა გორაბერეჟოული. 2012 წელს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება.[8]

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 491 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[9] 841
1911[10]   807
2002[11]   560 258 302
2014[1]   491 234 257

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №714 2012 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ
  3. ჯვარცხმის ბიბლიოთეკა გაიხსნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-03-22.
  4. სოფლის ვითარება // კვალი : გაზეთი, 1897, № 39, გვ. 3-5.
  5. Кавказскій календарь на 1902 годъ, Тифлись, 1901, стр. 86.
  6. მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თბილისი: „აზრი", 2016. — გვ. 144-145, ISBN 978-9941-9458-6-1.
  7. ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 179-187.
  8. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N714, 2012 წლის 15 აგვისტო
  9. Кавказский календарь на 1910 год
  10. Кавказский календарь на 1912 год
  11. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II