შილდის სამლოცველო
შილდის სამლოცველო — წარმართული საკულტო ნაგებობა. არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. თარიღდება ძვ. წ. XIV-XII საუკუნეებით. 1976-1978 წლებში შეისწავლა რეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ყვარლის რაზმმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბ. მაისურაძე.
გაითხარა დაახლოებით 34×32 მეტრ ფართობი. გამოვლინდა ნატეხი ქვის მშრალი წყობით ნაშენი გეგმით წრიული მოყვანილობის ნაგებობის ნაშთი, რომლის აღმოსავლეთ ნახევარი მიწის ხვნის დროს იყო დაზიანებული. ნაგებობის შუა ნაწილში დაფიქსირდა ნატეხი ქვითვე ნაშენი, ასევე წრიული ნაგებობა. დიდი ნაგებობის ჩრდილოა-აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა კედლის რადიკალურად გადამკვეთი, ერთმანეთის პარალელური ორი კედელი, რომელთა შორის მოქცეული იყო შესასვლელი დერეფანი. შესასვლელთან იდგა ნაცრით სავსე თიხის ჭურჭელი. ერთი მსგავსი ჭურჭელი დაფიქსირდა შიდა ნაგებობის სამხრეთ ნაწილში. ხოლო მეორე დიდინ ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში – კედელთან. შიდა წრიულ ნაგებობაში მდგარ ჭურჭელში აღმოჩნდა ბრინჯაოს 72 შუბის პირი, ორი სატყევარი, ორი ცული, უმბონები, სამი ნამგალი და ბალთა. მეორე ჭურჭელი კი სავსე იყო ერთმანეთზე შედუღებული ბრინჯაოს ნივთებით. ჭურჭელში ასევე დაფიქსირდა სარდიონის მინისა და პასტის მძივები. გათხრების დროს, შიდა ნაგებობის გარეთ, აღმოჩნდა სამი დიდი ორმო, რომლებშიც, სავარაუდოდ, ხდებოდა ნივთების შეწირვა. თითოეული მათგანი მეტად მდიდარი იყო არქეოლოგიური მასალით. პირველ ორმოში გამოვლინდა ასზე მეტი შავად ან ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს შუბისპირი, შუბისპირის იმიტაცია. მეორე ორმოში – თიხის დიდი ზომის ჭურჭლის ნატეხები, სასმისები, ბრინჯაოს მახვილის ცხრა იმიტაცია. მესამე ორმოში – დიდი და მცირე ზომის ჭურჭელი, ჭურჭლის ნატეხები.
არქეოლოგიური მასალა დიდი რაოდენობით გამოვლინდა სამლოცველოს დანარჩენ ტერიტორიაზეც. მათ შორის სარდიონის, მინის, პასტის და ბრინჯაოს სამაჯურები, ამიერკავკასიური ტიპის ბრინჯაოს ცულები, სატევრები, ბრინჯაოს აბჯრის ფირფიტები, სატეხი ნამგლები, კაუჭები, ბრინჯაოსავე ანთროპომორფული და ზოომორფული ქანდაკებები. მთლიანად ტერიტორიაზე აღმოჩნდა ბრინჯაოს 3457 ნივთი. ნაგებობის შიგნით, შესასვლელთან ახლოს, დადასტურდა ქვებით შემოვაკებული ოთხკუთხა ბაქანი – საკურთხეველი. სამლოცველოზე საწესო რიტუალები ძირითადად, ნაყოფიერების ღვთაების პატივსაცემად სრულდებოდა, რომელიც ამავე დროს ნადირობის ღვთაებაც იყო. ბრინჯაოს ზოდები, საბრძოლო იარაღისა და სამკაულების ნახევარფაბრიკატების არსებობა არ უნდა გამორიცხავდეს სამლოცველოს შექმნაში მეტალურგ ხელოსანთა მონაწილეობასაც. სამლოცველოს ფუნქციური დატვირთვის განსხვავებული ვარაუდი გამოითქვა. ლ. ჭილაშვილმა მისი აზრით, ქვეყნის მხარეების მიმართ სამლოცველოს ორიენტაციით, არქიტექტურული ფორმით და ზოგიერთი შენაწირი ნივთის რაობით, იგი უნდა უკავშირდებოდეს ციურ მნათობთა ტრიადას – მზეს, მთვარეს და ვენერას. ამ მნათობებთან უნდა იყოს დაკავშირებული ასევე, სამლოცველოს შიგნით სამი ორმოს მოწყობაც და სამი ჭურჭლის დადგმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მაისურაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 461-462.