შვედეთი

ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში
(გადამისამართდა გვერდიდან შვეცია)

შვედეთი (შვედ. Sverige), ოფიციალურად შვედეთის სამეფო (შვედ. Konungariket Sverige[1]) — ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ესაზღვრება ნორვეგია დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, ხოლო ფინეთი აღმოსავლეთიდან. სამხრეთ-დასავლეთიდან ერესუნის, კატეგატისა და სკაგერაკის სრუტეები გამოჰყოფს დანიისგან. დანიასთან დაკავშირებულია ერესუნის სრუტეზე გამავალი ამავე სახელწოდების ხიდით. სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან აკრავს ბალტიის ზღვა და ბოტნიის ყურე. ზღვით სამხრეთიდან ესაზღვრება დანია, გერმანია და პოლონეთი, აღმოსავლეთიდან ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და რუსეთი. შვედეთის შემადგენლობაშია კუნძულები გოტლანდი და ელანდი ბალტიის ზღვაში. 449 964 კმ² ფართობით შვედეთი უდიდესი ქვეყანაა ჩრდილოეთ ევროპაში, სიდიდით მესამე — ევროკავშირში, ხოლო სიდიდით მეხუთე — მთლიანად ევროპაში. დედაქალაქია სტოკჰოლმი. ოფიციალური ენაა შვედური. ეროვნული დღესასწაულია 6 ივნისი, დროშის დღე. ოფიციალური კალენდარი — გრიგორიანული. ფულის ერთეულია შვედური კრონა. მოსახლეობა არის 10,3 მილიონი ადამიანი,[2] მოსახლეობის სიმჭიდროვე დაბალია – 22 ად/კმ² (198-ე მსოფლიოში). შვედეთის მოსახლეობის 85% ქალაქებში ცხოვრობს; მოსახლეობა კონცენტირებულია შვედეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში.

შვედეთის სამეფო
Konungariket Sverige
შვედეთი
შვედეთის
დროშა გერბი
დევიზი: För Sverige i tiden
ჰიმნი: Du gamla, Du fria
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
სტოკჰოლმი
ოფიციალური ენა
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე კარლ XVI გუსტავი >
 -  პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი
საკანონმდებლო ორგანო რიქსდაგი
დაარსება
 -  ევროკავშირის წევრი 1 იანვარი, 1995 
 -  ნატოს წევრი 2024 
ფართობი
 -  სულ 449 964 კმ2 (55-ე)
 -  წყალი (%) 8.7
მოსახლეობა
 -  ივლისი, 2021 შეფასება 10 540 886 (87-ე)
 -  სიმჭიდროვე 25 კაცი/კმ2 (198-ე)
მშპ (ნომინალი) 2023 შეფასება
 -  სულ $597 110
 -  ერთ სულ მოსახლეზე $55 215
ჯინი (2022)27.6
დაბალი
აგი (2022)0.952
ძალიან მაღალი · მე-5
ვალუტა შვედური კრონი
სასაათო სარტყელი UTC+01:00
სატელეფონო კოდი 46
ინტერნეტ-დომენი .se

გეოგრაფიულად არის ფენოსკანდინავიის ნაწილი. ზღვის გავლენის გამო ქვეყნის კლიმატი ზომიერია. მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა, შვედეთში ხშირად ვხვდებით თბილ ზაფხულს. ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილების კლიმატი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება: ჩრდილოეთ ნაწილს ახასიათებს უფრო ცივი და თოვლიანი ზამთარი. ქვეყნის სამხრეთ მიწები ძირითადად სოფლის მეურნეობისთვის გამოიყენება, ხოლო ჩრდილოეთ ტერიტორიები უმეტესად ტყით არის დაფარული. ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით შვედეთი იყოფა სამ რეგიონად: გეტალანდი, სვეალანდი და ნორლანდი.

მმრათველობის მხრივ არის კონსტიტუციური მონარქია და საპარლამენტო დემოკრატია, სადაც საკანონმდებლო ძალაუფლება გადაცემული აქვს 349-წევრიან რიქსდაგს. არის უნიტარული სახელმწიფო, რომელიც შედგება 21 ლენისა და 290 მუნიციპალიტეტისგან. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის (ნომინალი) მიხედვით არის მსოფლიოს მე-12 ქვეყანა; აგრეთვე ქვეყანაში მაღალ დონეზეა ცხოვრების ხარისხი, ჯანმრთელობა, განათლება, სამოქალაქო თავისუფლებების დაცვა, ეკონომიკური კონკურენცია, შემოსავლის თანასწორობა, გენდერული თანასწორობა, კეთილდღეობა და ადამიანის განვითარება.[3][4] შვედეთი ევროპის კავშირს 1995 წლის 1 იანვარს შეუერთდა, თუმცა 2003 წლის რეფერენდუმის შემდეგ უარი თქვა ევროზონის წევრობაზე. შვედეთი არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, NATO-ს, ჩრდილოეთის საბჭოს, ევროპის საბჭოს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ.

სახელწოდება

რედაქტირება

შვედური თვითდასახლებაა Sverige ანუ Svea-rike — „სვეას სახელმწიფო“. თვით ხალხის ეთნონიმი შესაძლოა ძველნორვეგიული წარმოშობისა იყოს Svithjoth, სადაც Svi-ის მნიშვნელობა უცნობია, ხოლო გერმანიკულ ენაზე thjod „ხალხს“ შეესატყვისება.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
შვედეთის ფიზიკური რუკა
 
კუნძული სანდჰამნი, სტოკჰოლმის არქიპელაგი

შვედეთი მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში, ზომიერი სარტყლის ჩრდილოეთ ნაწილში. ქვეყანა მოქცეულია ჩრდილოეთ განედების 55° და 70°-სა და აღმოსავლეთ გრძედების 11° და 25°-ს შორის. გეოგრაფიულად არის ფენოსკანდინავიის ნაწილი. ნაპირები უმთავრესად კლდოვანია. სამაპიროს გაყოლებით ბევრი წვრილი კუნძული და შხერია. შვედეთის რელიეფის ფორმირებაზე დიდი გავლენა მოახდინა მეოთხელმა გამყინვარებამ.

აღმოსავლეთით გარს ეკვრის ბალტიის ზღვა ბოტნიის ყურით, რომელიც ქვეყნის სანაპირო ზოლსა და სკანდინავიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილს ადგენს. ქვეყნის ჩრდილოეთითსკანდინავიის მთები შვედეთს ნორვეგიისგან ყოფს. ამ მთებშია შვედეთის უმაღლესი მწვერვალი მთა კებნეკაისე (2097 მ.). შვედეთის საზღვარი ნორვეგიასთან (სიგრძე 1,619 მ) არის ევროპის ყველაზე გრძელი უწყვეტი საზღვარი. სკანდინავიის მთებს აღმოსავლეთით ეკვრის ნორლანდის ზეგანი (200-800 მ.). სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ფინეთი. ზღვით ესაზღვრება დანია, გერმანია, პოლონეთი, რუსეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი; აგრეთვე იგი სამხრეთ-აღოსავლეთით, ერესუნის ხიდით უკავშირდება დანიას. შვედეთის ცენტრალური ნაწილი უჭირავს ტბებიან დაბლობს, სამხრეთი ნაწილი სმოლანდის მაღლობს და სკონეს ნახევაკუნძულს. ყველაზე დაბალი სიმაღლე შვედეთში ფიქსირდება ჰამარსჯონის ტბის ყურეში, კრისტიანსტადის მახლობლად, ზღვის დონიდან 2,41 მ. 449 964 კმ² ფართობით შვედეთი სიდიდით მსოფლიოში 55-ე, ევროპაში მე-5, ხოლო ჩრდილოეთ ევროპაში პირველ ადგილს იკავებს.[5]

შვედეთის დაახლოებით 15% მდებარეობს არქტიკის წრის ჩრდილოეთით. სამხრეთ შვედეთი ძირითადად გამოიყენება სოფლის მეურნეობისთვის, ხოლო, ჩრდილოეთით ვხვდებით ტყის საფარს. ქვეყნის ყველაზე დიდი კუნძულებია გოტლანდი და ოლანდი. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 65% ტყით არის დაფარული. ჩრდილოეთ განედის 60°-ის ჩრდილოეთით ეწერ ნიადაგზე ჭარბობს ტაიგა, სამხრეთით, კორდიან-ეწერ ნიადაგებზე შერეული ტყეებია, სკონეს ნახეარკუნძულზე — ფართოფოთლიანი. შვედეთის ტერიტორიის 14% უჭირავს ჭაობებს, უმთავრესა დნორლანდში.

შვედეთის ბუნებრივი რესურსებია თუთია, რკინის მადანი, ტყვია, სპილენძი, ვერცხლი, საშენი ხე-ტყე, ურანი, ჰიდრორესურსები, მანგანუმი, მინერალური წყალი.

შვედეთის უმეტეს ნაწილში (გარდა ჩრდილოეთისა) მოქცეულია ზომიერი კლიმატის სარტყელში, რომელიც ხასიათდება ოთხი განსხვავებული სეზონით და მთელი წლის განმავლობაში ზომიერი ტემპერატურით. უკიდურეს სამხრეთ წერტილებში ზამთარი, როგორც წესი, სუსტია; თოვლის და ყინვის პერიოდი შედარებით მცირეა; შესაძლებელია შემოდგომიდან გაზაფხულის პერიოდი მკაფიო ზამთრის გარეშე მოვიდეს. ქვეყნის ტერიტორია კლიმატის მიხედვით იყოფა სამ ტერიტორიად: უკიდურეს სამხრეთ ნაწილი ოკეანური კლიმატით, ცენტრალური ნაწილი ნოტიო კონტინენტური კლიმატით და უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი სუბარქტიკული კლიმატით. ამასთან, შვედეთი გაცილებით უფრო თბილია და მშრალია ვიდრე მსგავს განედებს შორის მოქცეული სხვა ადგილები; ასეთი კლიმატი ძირითადად გამოწვეულია გოლფსტრიმისა[6][7] და ძირითადი დასავლეთის ქარების ნაკადის გამო, რომელიც დედამიწის ბრუნვის მიმართულებით არის გამოწვეული. გეოგრაფიული მდებარეობის გამო, შვედეთში დღეების ხანგრძლოვობა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. დედაქალაქში, სტოკჰოლმში, დღის შუქი ივნისის ბოლო პერიოდში 18 საათზე მეტ დროს გრძელდება, მაგრამ დეკემბერში დღის ხანგრძლივოდა დაახლოებით 6 საათია. შვედეთი მზის სხივებს ყოველწლიურად 1,100-1,900 საათის განმავლობაში იღებს.[8] ივლისის საშუალო ტემპერატურა სამხრეთში 15-17,5 გრადუსია, ჩრდილოეთში 10-11°C; ხოლო იანვრის თვეში საშუალო ტემპერატურა სამხრეთით 0-დან 5°C-მდეა, ხოლო ჩრდილოეთში -6-14°C. შვედეთში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 38 გრადუსი, დაფიქსირდა 1947 წელს მალილაში, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა, —52.6 გრადუსი, აღრიცხეს 1966 წლის 2 თებერვალს ვოგატჯალმში.[9] ნალექები მთაში 1500-1700 მმ-მდეა, სამხრეთ ნაწილში 70-800 მმ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 300-600 მმ წელიწადში.

შიგა წყლები

რედაქტირება

შვედეთის ტერიტორიის დაახლოებით 9% უჭირავს ტბებს. უდიდესი ტბებია ვენერნი, ვეტერნი, ელმარენი, მელარენი. ვენერნი არის ევროპის მესამე უდიდესი ტბა (რუსეთში მდებარე ლადოგისა და ონეგის ტბების შემდეგ). შვედეთში ჭარბობს მოკლე წყალუხვი მდინარეები. ჰიდროენერგიის მარაგით შვედეთი ნორვეგიის შემდეგ მეორე ადგილზეა ევროპაში.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

სკანდინავიის მთებში მთა-ტაიგის მცენარეულობის ზემოთ არყის ტაბრეცილი ტყეებია, რომელიც დაჭაობებულ მთის ტუნდრაში გადადის. ვაკეზე და ზღვის სანაპიროს გაყოლებით მანანიანი და მდელოებია.

შვედეთში ძუძუმწოვრები მრავარფეროვანი სახით არ არიან წარმოდგენილნი, თუმცა, მათი რაოდენობა მეტად მაღალია. ლაპლანდიაში არის ჩრდილოეთის ირემის. ტყეებში ასევე ბინადრობს ცხენირემი, შველი, ციყვი, კურდღელი, მელა, კვერნა, ჩრდილოეთ ტაიგაში — ფოცხვერი, მურა დათვი, სამურავი, ლემინგი. ფრინველები 340 სახეობამდეა, თევზები - 160 სახეობა.

პირველი ეროვნული პარკი შვედეთში ჯერ კიდევ 1909 წელს შექიმნა. 1964 წელს გარემოს დაცვის შესახებ კანონი შევიდა ძალაში და რეგულარულად დაიწყო ეროვნული პარკების გაჩენა. ახლა ქვეყანაში 16 ეროვნული პარკი და 900 ნაკრძალია. ვინდელფოლენის დაცულ ტერიტორია 562,772 ჰა ფართობით არის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი დაცული ტერიტორია.

 
შვედეთის სამეფო 1560-1660 წლებში
 
მეფე გუსტავ ვაზა

ადამიანის კვალი შვედეთის ტერიტორიაზე ძვ. წ. IX-VIII ათასწლეულს განეკუთვნება. ტაციტუსის ცნობით ძვ. წ. II ათასწლეულში კონტინენტური ევროპიდან შვედეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ მესაქონლე ტომები, რომლებმაც დაიმორჩილეს მკვიდრი მოსახლეობა. ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეებში შვედეთის ტერიტორიაზე ჩრდილო გერმანული ტომები სვიონები, გაუტები და სხვები ცხოვრობდნენ. ახალი წელთაღრიცხვის დამდეგიდან მოიშალა პირველყოფილი თემური წყობილება. ტომები და ტომთა კავშირები დაემორჩილნენ სამხედრო ბელადებს, კონუნგებს. დამყარდა სავაჭრო კავშირები რომთან და მის გერმანულ პროვინციებთან, V საუკუნიდან ფრანკებთან, დასავლეთ სლავებთან, აღმოსავლეთ ბალტიისპირეთის ხალხებთან. შვედი ვიკინგები ვაჭრობდნენ და თავს ესხმოდნენ მეზობლებს, მათ შორის კიევის რუსეთს, ბიზანტიას და სხვა.

XI საუკუნეში იწყება შვედეთის გაქრისტიანება. ფეოდალური ურთიერთობების ჩამოყალიბება შვედეთში ნელა მიმდინარეობდა. გლეხობას გააჩნდა პირადი თავისუფლება. მოლაშქრეებისგან და მეფის მსახურებისგან ჩამოყალიბდა ფეოდალური კლასი. 1164 წელს უფსალაში შეიქმნა საეპისკოპოსო. 1335 წელს გაუქმდა მონობა. თავისუფალი მოსახლეობა დაიწყო გადასახადის გადამხდელ არამსახედრო ვალდებულ უმრავლესობად და დაუბეგრავ ფრელსებად (რაინდობა). შვედეთის ადრეფეოდალური ცენტრალიზაცია დასრულდა ფოლკუნგების დინასტიის (1250-1363) დამაარსებლის ბირგერ იარლის და მისი შვილების მმართველობის დროს. XII საუკუნის შუა წლებიდან შვედეთის მმართველებმა დაიწყეს ფინეთის დაპყრობა, რაც XIV საუკუნეში დასრულდა. ნორვეგიასთან გაერთიანების (1319-1355) შემდეგ მეფედ არჩიეს ნორვეგიის მეფე მაგნუს ერიქსონი. მისი მმართველობის დროს სამეფო ხელისუფლება შეიზღუდა სამეფო საბჭოთი (რიქსროდი), შემუშავდა კანონთა კრებული (ლანდსლაგი), ქვეყანა დაიყო პროვინციებად, რომლებსაც სათავეში ჩაუდგნენ მეფისნაცვლები. ამის შემდეგ მოხდა გაერთიანება დანიასთან. 1397 წელს გაფორმდა კალმარის უნია, რომელმაც ჩრდილოეთის ქვეყნები ერთ სახელმწიფოდ გააერთიანა. დანია შეეცადა შვედეთზე გაბატონებას, რასაც მოჰყვა ანტიდანიური ენგელბრექტ ენგელბრექტსონის აჯანყება. 1448 წელს დანიასთან უნია პრაქტიკულად გაუქმდა. 1471 წელს დანიაზე გამარჯვების შედეგად შვედეთმა გარკვეულ დამოუკიდებლობას მიაღწია. 1471-1520 წლებში შვედეთს მართავდნენ სტურეს საგვარეულოს რეგენტები. მათი მმართველობის დროს განტკიცდა ცენტრალური ხელისუფლება, განვითარდა ეროვნული კულტურა. 1477 წელს უფსალაში დაარსდა ჩრდილოეთ ევროპაში პირველი უნივერსიტეტი. მრავალ ქალაქში დამყარდა ამქრული წყობილება.

1520 წელს დანიის მეფე კრისტიან II-მ, კათოლიკური ეკლესიის დახმარებით, ძალის გამოყენებით აღადგინა დანია-შვედეთის უნია, რასაც მოჰყვა სტოკჰოლმის სისხლიანი აბანო. დანიელთა ბატონობას ბოლო მოეღო 1521 წელს გუსტავ ერიქსონის აჯანყების შედეგად. კათოლიკე პრელატები მიემხრნენ დანიელებს, რაც 1527-1539 წლებში იქცა საეკლესიო მიწების სეკულარიზაციის და ლუთერანული რეფორმაციის გატარების საბაბად. ამ მიზნით მოწვეულ იქნა ვესტეროსის რიქსდაგები და განტკიცდა ლუთერანობა. შვედეთის სამეფო ტახტზე კი ავიდა გუსტავ ერიქსონი, რომელმაც დაამკვიდრა ვაზათა დინასტია, რის შემდეგაც შვედეთის მონარქია არჩევითის ნაცვლად მემკვიდრეობითი გახდა. გუსტავის მიერ ძალაუფლების განმტკიცებას და გლეხთა მდგომარეობის გაუარესებას მოჰყვა გლეხთა აჯანყებები. XVI საუკუნის შუა წლებიდან შვედეთმა დაიწყო ბრძოლა ბალტიის ზღვაზე ბატონობისთვის. განაახლა აგრესია აღმოსავლეთით, რასაც მოჰყვა შვედეთ-რუსეთის ომი (1555-1557). ერიკ XIV-მ (1560-1568) ისარგებლა ლივონიის ომით და 1561 წელს დაიკავა რეველი და ჩრდილოეთ ესტონეთი. 1592-1599 წლებში შვედეთსა და რეჩ პოსპოლიტას შორის დაიდო პირადი უნია. 1570-1595 წლებში ამ უნიამ გაიმარჯვა რუსეთის სამეფოსთან ომში, მაგრამ შვედეთს პოლონეთიდან ემუქრებოდა კონტრრეფორმაციის საფრთხე, ამიტომ შვედეთა უნია გააუქმა. უნიის გაუქმებას მოჰყვა შვედეთსა და რეჩ პოსპოლიტას შორის ხანგრძლივი დაპირისპირება ბალტიისპირეთის დაუფლებისთვის.

შვედეთი ამ დროს აღმავლობის გზაზე იდგა. XVI საუკუნეში გაიზარდა მისი საგარეო ვაჭრობა, XVII საუკუნის I ნახევარში განვითარდა სამთამადნო მრეწველობა, ამავე საუკუნის შუა წლებში ჩაისახა ადრეკაპიტალისტური წარმოება, დაიწყო კაპიტალის დაგროვება. გუსტავ II ადოლფის მეთაურობით შვედეთმა წარმატებას მიაღწია რუსეთთან 1610-1615 და რეჩ-პოსპოლიტასთან 1610-1611 და 1617-1629 წლების ომებში. 1630 წელს შვედეთი მონაწილეობდა ოცდაათწლიან ომში ანტიჰაბსბურგული კოალიციის მხარეს. ომი დასრულდა 1648 წელს ვესტფალიის ზავით. 1643-1645 და 1657-1660 წლებში დანიის წინააღმდეგ ომების შედეგად შვედეთმა დაიპყრო დანიის სამფლობელო სკანია სკანდინავიის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში და აღმოსავლეთ ნორვეგიის ნაწილი. XVII საუკუნის ომების შედეგად შვედეთი ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. დედოფალ კრისტინას (1632-1654) მმართველობის დროს სახნავი მინდვრების 70% თავადაზნაურთა ხელში გადავიდა. კარლ XI-მ (1660-1697) გაატარა რედუქცია, რომლის შედეგად მიწების 50% სამეფო ხელისუფლებას დაუბრუნდა. რედუქციამ ხელი შეუწყო შვედეთის კაპიტალისტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. 1680 წელს შვედეთში დამყარდა აბსოლუტური მონარქია. XVIII საუკუნის დამდეგს შვედეთი რკინის მთავარი ექსპორტიორი და მარცვლეულის მთავარი იმპორტიორი იყო ევროპაში. სამხედრო-ეკონომიკური უპირატესობის გამო მან წარმატება მოიპოვა ჩრდილოეთის ომში (1700-1721), დაამარცხა რუსეთი პოლტავისა და განგუტის ბრძოლებში. მაგრამ ფართო ტერიტორიებზე გაშლილი დაპყრობილი მიწები ვეღარ შეინარჩუნა. 1721 წლის ნიშტადტის საზავო ხელშეკრულებით შვედეთმა რუსეთს დაუთმო თავისი ყველა სამფლობელო ბალტიისპირეთში, სამხრეთ-დასავლეთი კარელია და ვიბორგი. კარლ XII-ის სიკვდილის შემდეგ შვედეთში დასრულდა აბსოლუტიზმის პერიოდი. 1719-1723 წლებში მეფის ხელისუფლება მკვეთრად შეიზღუდა რიქსროდითა და რიქსდაგით. XVIII საუკუნის 30-იან წლებში შეიქმნა „ქუდების“ პარტია, რომელმაც 1738 წელს კავშირი შეკრა საფრანგეთთან და ჩამოაგდო კანცლერ ჰურნის მთავრობა. „ქუდების“ პარტიის მთავრობის მიერ დაწყებული ომი რუსეთთან (1741-1743) დასრულდა შვედეთის მარცხით და აბოს ხელშეკრულებით. შვედეთი დამარცხდა 1756-1763 წლების შვიდწლიან ომშიც. 1773 წელს მეფე გუსტავ III-მ განახორციელა მშვიდობიანი სახელმწიფო გადატრიალება, აკრძალა პოლიტიკური პარტიები, შეზღუდა რიქსდაგის უფლებამოსილებები, გაზარდა მეფის ძალაუფლება და თავად-აზნაურთა პრივილეგიები.

მიუხედავად ამ გადატრიალებისა, XIX საუკუნეში გაღრმავდა ფეოდალური ურთიერთობის დაშლა. 1807-1827 წლის აგრარულმა რეფორმებმა და ტყის მასივების პრივატიზაციამ მოშალა სამიწათმოქმედო თემი. 1809 წლის გადატრიალების შედეგად გუსტავ IV ადოლფი ჩამოაგდეს. იმავე წლის ივნისში მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც მეფის ხელისუფლებას ზღუდავდა რიქსდაგის სასარგებლოდ. 1818 წელს შვედეთის მეფედ არჩეულ იქნა ნაპოლეონის ყოფილი მარშალი ჟან ბატისტ ჟიულ ბერნადოტი, რომელიც გამეფდა კარლ XIV-ის სახელით და საფუძველი ჩაუყარა ბერნადოტების დინასტიას, რომელიც დღემდე შვედეთის სამეფო დინასტიაა. 1860-იან წლებში რკინიგზის მშენებლობა ქვეყნის აღმშენებლობის საწინდარი გახდა. თანდათან გაჩნდა პირველი საწარმოები ელექტროტექნიკისა და ქიმიის დარგში. გაყვანილ იქნა ტელეგრაფი. 1864 წელს გამოცხადდა სავაჭრო-სამრეწველო საქმიანობის სრული თავისუფლება. დაარსდა მსვილი კერძო ბანკები და სააქციო საზოგადოებები. დაიწყო სოფლის მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია აშშ-ში. 1865-1866 წლებში ჩამოყალიბდა არაწოდებრივ, მხოლოდ ქონებრივ ცენზზე დაფუძნებული ორპალატიანი რიქსდაგი. XIX საუკუნის ბოლო მესამედში ინდუსტრიალიზაციამ უმაღლეს საფეხუს მიაღწია. 1876 წელს დაარსდა საქვეყნოდ ცნობილი კომპანია ერიქსონი. ინდუსტრიალიზაციას თან სდევდა მუშათა მოძარაობის აღმავლობა (მეტალურგთა გაფიცვა 1905, საყოველთაო გაფიცვა, 1909). გაჩნდა პოლიტიკური პარტიები. 1889 წელს დაარსდა შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია, 1904 წელს — შვედეთის ზომიერი პარტია. პარტიები იბრძოდნენ საპარლამენტო რეფორმებისთვის. 1905 წელს მშვიდობიანად დაიშალა ნორვეგია-შვედეთის უნია. 1907-1909 წლებში განხორციელდა საპარლამენტო რეფორმა.

პირველი მსოფლიო ომის დროს შვედეთმა სამხედრო ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა, თუმცა პრაქტიკულად ეჭირა პროგერმანული პოზიცია. 1916 წელს წყალქვეშა ომმა და ბლოკადამ შვედეთში საწვავის და წარმოების კრიზისი გამოიწვია. ამ დროს შვედეთს მართავდა ჰალმარ ჰამარშელდის მთავრობა. 1918 წელს შვედეთმა შეწყვიტა ვაჭრობა საბჭოთა რუსეთთან. 1920 წელს შვედეთის სათავეში პირველად მოვიდა სოციალ-დემოკრატიული პარტია. 1921 წელს შემოღებულ იქნა ხმის მიცემის საყოველთაო უფლება. 1920 წელს შვედეთი გახდა ერთა ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ერთა ლიგამ 1921 წელს შვედეთსა და ფინეთს შორის სადავო ალანდის კუნძულები ფინეთს მიაკუთვა. შევდეთი უკმაყოფილო იყო ამ გადაწყვეტილებით, თუმცა შეეგუა მას. 1924 წელს დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები საბჭოთა კავშირთან. ომისმშედგომ პერიოდში აღმავლობა განიცადა შვედეთში წარმოებამ და კაპიტალმა. ამავდროულად, 1920-1932 წლებში 11-ჯერ შეიცვალა ქვეყნის მთავრობა. 1932-1946 წლებში 101 დღის გამოკლებით მთავრობას სათავეში ეგდა სოციალ-დემოკრატი პერ ალბინ ჰანსონი. მისი მმართველობის პერიოდში მთავარი საგარეო გამოწვევა იყო საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის საფრთხეებთან გამკლავება. 1936-1939 წლებში მთავრობამ გაატარა მნიშვნელოვანი სოციალური რეფორმები, გაიზარდა სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში. შვედეთმა მეორე მსოფლიო ომის დროსაც შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი. მიუხედავად ამისა სსრკ-ფინეთის ომში სამხედრო დახმარებას უწევდა ფინეთს.

ომისშემდგომ პერიოდში შვედეთის მთავრობას ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატი ტაგე ერლანდერი. ის პრემიერ-მინისტრი იყო 1946-1969 წლებში. ამ დროს ხელისუფლებამ არაერთი სოციალური და შრომითი რეფორმა გაატარა. ამ პერიოდის ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში ცხოვრების დონის ამაღლება გამოიწვია. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა იკვებებოდა სამხედრო ნეიტრალიტეტის იდეით. შვედეთი თავს იკავებდა როგორც ნატოს, ასევე ვარშავის პაქტისაგან. 1946 წელს შვედეთი შევიდა გაეროში. 1948 და 1958 წლებში მიიღეს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროგრამა. 1949 წელს შვედეთი შევიდა ევროპის საბჭოში. 1952 წელს შვედეთი გახდა ჩრდილოეთის საბჭოს თანადამფუძნებელი. 1950-აინ წლებში აქტიურად იდგა ბირთვული საკითხი. შვედეთის მთავრობამ უარი თქვა არმიის ბირთვული იარაღით აღჭურვაზე, თუმცა 1959 წელს არ დაუჭირა მხარი სსრ-სა და ფინეთის წინადადებაზე ჩრდილოეთის ქვეყნების უბირთვო ზონად გამოცხადების შესახებ. 1950-იან წლებში გაფართოვდა სახელმწიფო ეკონომიკის სექტორი, ჩამოყალიბდა შერეული ეკონომიკა, 1960-იან წლებში შეიქმნა სახელმწიფო საინვესტიციო ბანკი, სახელმწიფო საწარმოები. 1969-1976 წლებში შვედეთის პრემიერ-მინისტრი იყო ულოფ პალმე. 1970 წლიდან რიქსდაგი გახდა ერთპალატიანი. 1970-იანი წლების ბოლოს შვედეთში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, განსაკუთრებით პრობლემური გახდა ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი. ბირთვული ენერგეტიკის კრიტიკამ ახალი რეაქტორების შენება დაბლოკა. 1974-1975 წლები განხორციელდა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგადაც ახალი სახე მიიღო ქვეყნის კონსტიტუციამ, მეფეს დარჩა მხოლოდ წარმომადგენლობითი და ცერემონიული როლი. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1976 წლის არჩევნები, სადაც სოციალ-დემოკრატები დამარცხდნენ, რამაც დაასრულა ამ პარტიის 40 წლიანი მმართველობა. 1976-1982 წლებში შვედეთი იმართებოდა ცენტრისტული პარტიის მიერ და პრემიერ-მინისტრი იყო ტ. ფელდინი. 1982-1986 წლებში პრემიერ-მინისტრის პოსტი კვლავ ულოფ პალმემ დაიკავა, რომელიც მოკლეს 1986 წელს.

1990-იანი წლების დასაწყისში შვედეთში უძრავი ქონების კრიზისი დაიწყო. შვედეთის მთლიანი შიდა პროდუქტი დაეცა 5%-ით. ამაზე საპასუხოდ, ზომიერი პარტიის მთავრობის და პრემიერ კარლ ბილდტის მმართველობის დროს შემცირდა სახელმწიფოს როლი და მოხდა სკოლებისა და სახელმწიფო სერვისების ნაწილობრივი პრივატიზაცია. 1994 წელს მოსახლეობამ რეფერენდუმზე 52,3%-ით მხარი დაუჭრა შვედეთის გაწევრიანებას ევროკავშირში, რაც განხორციელდა 1995 წელს. თუმცა 2003 წელს ასევე რეფერენდუმით შვედეთმა უარი თქვა ევროზონაში გაწევრიანებაზე. შვედეთი ინარჩუნეს სამხედრო ნეიტრალიტეტს, თუმცა მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან სამხედრო ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის დარგში. ამასთან, შვედეთი აწარმოებს იარაღის ექსპორტს. 2010-იან წლებში გაზრდილი იმიგრაციის შედეგად შვედეთი თანდათანობით გახდა მრავალეთნიკური და მულტიკულტურული სახელმწიფო. შვედეთში მნიშვნელოვანი კრიზისი გამოიწვია 2015 წლის იმიგრაციულმა ნაკადებმა. შვედეთის მთავრობას მონაცვლეობით მართავენ სოციალ-დემოკრატიული და ზომიერი პარტიები. 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, შვედეთმა განაცხადა NATO-ს წევრობის განზრახვის შესახებ და 2024 წლიდან ოფიციალურად გახდა NATO-ს წევრი.

პოლიტიკური სისტემა

რედაქტირება

შვედეთი კონსტიტუციური მონარქიაა. მოქმედებს შვედეთის კონსტიტუცია, რომელიც 4 აქტისგან შედგება. საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი რიქსდაგი, რომელსაც ჰყავს 349 წევრი და დაარსებულია 1435 წელს. პარლამენტი საყოველთაო არჩევნებით ოთხ წელიწადში ერთხელ კომპლექტედება. სახელმწიფოს მეთაურია მეფე. შვედეთის სამეფოს სათავეში 1818 წლიდან დგას ბერნადოტების სახლი. შვედეთის მეფეები იყვნენ ოსკარ II (1872-1907), გუსტავ V (1907-1950), გუსტავ VI ადოლფი (1950-1973), კარლ XVI გუსტავი (1973-დან). მეფეს რეალური ძალაუფლება არ გააჩნია. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის შვედეთის მთავრობას, რომელიც უფებამოსილია დაითხოვოს რიქსდაგი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. მთავრობის ხელმძღვანელია პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ნიშნავს რიქსდაგი. მთავრობა ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე. მოქმედი პრემიერ-მინისტრია მაგდალენა ანდერსონი (2021-დან).

შვედეთში რვა ძირითადი პოლიტიკური პარტიაა. შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია და შვედეთის ზომიერი პარტია მონაცვლეობით აკომპლექტებენ შვედეთის მთავრობას 1980-იანი წლებიდან დღემდე. სხვა მნიშვნელოვანი პარტიებია შვედეთის ცენტრის პარტია, შვედეთის მემარცხენე პარტია და შედარებით ახალი პოლიტიკური ძალა შვედი დემოკრატები (დაარსდა 1988 წელს).

ადმინისტრაციულად შვედეთი იყოფა 21 ოლქად, ლენად. ლენები შეიქმნა 1634 წელს, რამაც ჩაანაცვლა შვედეთის ისტორიულ პროვინციებად დაყოფის სისტემა. ლენები იყოფა მუნიციპალიტეტებად. შვედეთის კომუნებად. შვედეთში სულ 290 კომუნაა. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უდიდესია დედაქალაქის, სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტი, ხოლო ყველაზე მცირე მუნიციპალიტეტებში მცხოვრებთა რიცხვი 3 ათასზე ნაკლებია. შვედეთში ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 35,6 ათას ადამიანს.

შვედეთის სახელმწიფო სიმბობლოებია შვედეთის გერბი და შვედეთის დროშა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2020 წლის ნოემბრის მონაცემებით შვედეთის მთლიანი მოსახლეობა 10,380,245 ადამიანის ტოლია.[2] 10 მილიონს მოსახლეობამ პირველად 2017 წლის 20 იანვარს გადაააჭარბა.[10][11] მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ შვედები. შვედეთი, რომელიც 1980-იან წლებში ეთნიკურად ერთგვაროვანი ქვეყანა იყო, გლობალიზაციის პარალელურად სულ უფრო მრავალეთნიკური და მრავალენოვანი ხდება. დღესდღეობით ქვეყნის ყოველ მეოთხე მოქალაქე (24,9%) არის იმიგრანტი, ხოლო ყოველ მესამე მოქალაქეს (32,3%) მინიმუმ ერთი მშობელი ჰყავს დაბადებული საზღვარგარეთ.[12] მნიშვნელოვანი ეთნიკური უმცირესობებია საამები და ფინელები.

მოსახლეობის სიმჭიდროვე არის 22,5 ადამიანი კმ²-ზე; აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ბევრად მაღალია, ვიდრე ჩრდილოეთში. მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 85% ქალაქებში ცხოვრობს. ქვეყნის დედაქალაქ სტოკჰოლმის მოსახლეობა დაახლოებით 950 000 ადამიანია, ხოლო სტოკჰოლმის მეტროპოლია 2,3 მილიონ ადამიანს მოიცავს. მოსახლეობის სიდიდით მეორე და მესამე ქალაქებია არის გეტებორგი და მალმე. გეტებორგის მეტროპოლიის მოსახლეობა დაახლოებით 1 მილიონია. სკონეს დასავლეთ ნაწილში, ერესუნის სრუტის გასწვრივ მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონს შეადგენს. დიდი ქალაქების გარდა, მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვეს ვხვდებით ესტერგეტლენდის სასოფლო-სამეურნეო ნაწილში, დასავლეთ სანაპიროზე, მალარენის ტბის გარშემო და უფსალას გარშემო მდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე.

1820-დან 1930-იან წლებამდე დაახლოებით 1,3 მილიონი შვედი, იმ დროს ქვეყნის მოსახლეობის მესამედი, ემიგრაციაში წავიდა ჩრდილოეთ ამერიკაში (უმეტესი მათგანი დასახლდა აშშ-ში). აშშ-ის აღწერის ბიუროს 2006 წლის მონაცემებით, 4,4 მილიონზე მეტი შვედი ამერიკელი ცხოვრობს აშშ-ში. კანადაში შვედების 330 000-ზე მეტი შთამომავალი ცხოვრობს.[13]

ქვეყნის ოფიციალური ენა არის შვედური ენა,[14][15] შვედური მიეკუთვნება გერმანული ენების ჯგუფს, რომელიც ძალიან ჰგავს დანიურ და ნორვეგიულ ენებს, თუმცა ერთმანეთისგან გამოთქმასა და ორთოგრაფიაში განსხვავდებიან. შვედური ენის გაგება ნორვეგიელებს ნაკლებად უჭირთ, ხოლო დანიელებს - ცოტათი უფრო მეტად. ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში ლაპარაკობენ სკონეს დიალექტზე, რომელსაც დანიურთან აქვს მჭიდრო კავშირი, რადგან აღნიშნული ტერიტორია დიდი ადრე დანიელებს ეკუთვნოდათ. ენობრივ უმცირესობებს შორის ყველაზე გავრცელებულია შვედური ფინური, რომელზეც მოსახლეობის დაახლოებით 5% საუბრობს.[16] სხვა ოფიციალურად აღიარებულ ენობრივ უმცირესობებში აგრეთვე შედიან: მეუნკელის დიალექტები, საამური ენები, აწინკნური ენა და იდიში.

XI საუკუნემდე შვედები მისდევდნენ ძველ ნორვეგიულ რელიგიას და თაყვანს სცემდნენ ასებს; მათი მთავარი საკულტო ცენტრი იყო უფსალის საკათედრო ტაძარი. ქრისტიანობა შვედეთში X საუკუნეში შევიდა ანსგარის საგანმანათლებლო მოღვაწეობის შედეგად. მანვე მოაქცია პირველი შვედები ქრისტიანულ რჯულზე. გაქრისტიანებასთან ერთად შეიცვალა ქვეყნის კანონები: სხვა ღვთაებების თაყვანისცემა აიკრძალა და ეს აკრძალვა ძალაში XIX საუკუნემდე რჩებოდა. 1530-იან წლებში პროტესტანტული რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტი დაეცა და შვედეთში ლუთერანიზმი გავრცელდა. ლუთერანიზმთან შეგუება დასრულდა 1593 წელს ჩატარებულ უფსალას სიონდზე და შემდეგ იგი ქვეყნის ოფიციალური რელიგია გახდა. XVIII საუკუნის ბოლოს რელიგიური შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა და კათოლიკური ეკლესიისა და იუდაიზმის მიმდევრებს ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრების საშუალება მიეცათ. თუმცა, 1860 წლამდე ლუთერანობიდან სხვა რელიგიაზე გადასვლა კვლავ უკანონოდ რჩებოდა.

2000 წელს შვედეთის ეკლესიამ სახელმწიფოს რელიგიის სტატუსი დაკარგა. შვედეთი გახდა ფინეთის შემდეგ ჩრდილოეთის მეორე ქვეყანა, რომელმაც სახელმწიფო რელიგიას სტატუსი ჩამოართვა.[17]შვედეთის მოსახლეობის მხოლოდ 18%-ს სწამს რაიმე სახის ღმერთის.[18] ზოგადად რელიგიას მნიშვნელოვნად მოსახლეობის მხოლოდ 10% თვლის.[19] 2018 წლის მონაცემებით მოსახლეობის 57,7% მიეკუთვნება შვედეთის ეკლესიას. აღნიშნული რიცხვი წლიურად დაახლოებით 1.5%-ით მცირდება.[20][21]1996 წლამდე ბავშვები ავტომატურად ხდებოდნენ ლუთერანები თუ რომელიმე მშობელი მაინც იყო შვედეთის ეკლესიის წევრი. ხოლო 1996 წლიდან მხოლოდ მონათლულნი ითვლებიან ეკლესიის წევრებად.ეკლესიის წევრთა დაახლოებით 2% რეგულარულად ესწრება საკვირაო მსახურებებს.[22] დაახლოებით 275,000 ადამიანი ევანგელისტური პროტესტანტიზმის სხვადასხვა მიმდინარეობას აღიარებს; დაახლოებით 100,000 ადამიანი აღიარებს მართლმადიდებლობას, ხოლო 92,000 კათოლიკეა.

ჯანდაცვა

რედაქტირება

შობადობა 1000 სულ მოსახლეზე შეადგენს 12,1-ს, ხოლო გარდაცვალება 9,4-ს, ბავშვთა სიკვდილიანობა — 2,6-ს (2017-2018). სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა 82,8 წელი.[23] ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს კურირებს ჯანდაცვის და სოციალურ საქმეთა სამინისტრო. საავადმყოფოების მართვაში დიდი როლი აქვს ლენების საბჭოებს. შვედეთის უდიდესი ჰოსპიტალი Södersjukhuset სტოკჰოლმის ლენის საკუთრებაა.

ეკონომიკა

რედაქტირება
 
შვედეთის ბუნებრივი რესურსების რუკა

შვედეთი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, რომელსაც აქვს ინტენსიური სოფლის მეურნეობა და ფართო საგარეო-ეკონომიკური კავშირები. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით ($529,9 მილიარდი) მსოფლიოში 23-ე ადგილი უკავია. ერთ სულ მოსახლეზე მშპ $51 242-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით შვედეთი მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს. შვედეთის სამუშაო ძალა 5,5 მილიონ ადამიანს შეადგენს. დასაქმებულთა 86% დასაქმებულია მომსახურების სფეროში, 12% მრეწველობაში, 2% სოფლის მეურნეობაში. მშპ-ის სტრუქტურაში წამყვანი როლი 65,4%-ით მომსახურების სექტორს უჭირავს. მრეწველობაზე მოდის მშპ-ის 33%, ხოლო სოფლის მეურნეობაზე 1,6%.

შვედეთის ეკონომიკაში მაღალია სახელმწიფოს როლი. ესაა ექსპორტზე ორიენტირებული შერეული ეკონომიკა. 2014 წლის მონაცემებით სახელმწიფო ფლობს ეროვნული სიმდიდრის 24%-ს.[24] სახელმწიფო ფლობს წილებს სატელეკომუნიკაციო კომპანია Telia Sonera-სა და საავიაციო კომპანია SAS ჯგუფში. მაღალია სახელმწიფოს დანახარჯები კვლევებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში. ამ მხრივ ის მსოფლიოში პირველ ადგილს იყოფს ფინეთთან ერთად.[25] ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს უცხოური კაპიტალი. შვედეთში მოქმედებს მსოფლიო მნიშვნელობის ფირმები: სააბი, ვოლვო, ერიქსონი, ელექტროლუქსი და SKF. შვედეთს გააჩნია მაღალგანვითარებული და მუმდმივად მოდერნიზებადი ინფრასტრუქტურა. სამრეწველო ინფრასტრუქტურა კარგი მდგომარეობით, ხოლო პერსონალი დიდი პროფესიონალიზმითა და ინგლისური ენის კარგი ცოდნით გამოირჩევა. XX საუკუნეში სამხედრო ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით შვედეთმა მოახერხა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, რასაც მოწინავე ტეენოლოგიების განვითარებამაც შეუწყო ხელი. შედარებით მცირე როლი აქვს ტურიზმს (მშპ-ის 2,9%). შვედეთს ძირითადად, მეზობელი ქვყენების ტურისტები სტუმრობენ. ყველაზე მონახულებაად ქვეყნებს შორის შვედეთი მსოფლიოში 21-ე ადგილზეა.

მრეწველობა

რედაქტირება

შვედეთის ეკონომიკის ბურჯად ხე-ტყის რესურსები, ჰიდროენერგია და რკინის მადანი მოიაზრება. მრეწველობა ორიენტირებულია საგარეო ვაჭრობაზე. რკინის მადნის მოპოვების ძირითადი ნაწილი თავმოყრილია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში (კირუნა და ელივარე). იღებენ ასევე ფერად ლითონებსაც. მნიშვნელოვანი როლი გააჩნია მანქანათმშენებლობას. შვედეთი არის ავტომწარმოებელი კომპანია „ვოლვოს“ სამშობლო, რომელსაც სათაო ოფისი გეტებორგში აქვს. განვითარებულია გემთმშენებლობა და ავიამშენებლობა. ხე-ტყის დამუშავების ძირითადი რეგიონებია ბოტნიის ყურისა და ვენერნის ტბის ჩრდილოეთი სანაპიროები. მრეწველობაში დასაქმებულია სამუშაო ძალის 12% და მასზე მოდის მშპ-ის 33%.

ენერგომომარაგების წყაროებია ჰიდრორესურსები (44%) და ატომური ელსადგურები (47%). მოქმედებს სამი ატომური ელექტროსადგური ფორსმარკი, ოსკარსჰამნი და რინგჰალსი. 1973 წლის ნავთობკრიზისმა გააძლიერა შვედეთის მცდელობა, იყოს ენერგოდამოუკიდებელი.

სოფლის მეურნეობა

რედაქტირება

სოფლის მეურნეობა გამოირჩევა ინტენსიურობით, მაღალი პროდუქტიულობითა და საქონლურობით, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მცირე როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში. სოფლის მეურნეობა სამუშაო ძალის დასაქმების და მშპ-ში წილის მხრივ 2%-ის ფარგლებშია. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია მეცხოველეობა და მერძევეობა. მემცენარეობაში წამყვანია საკვები კულტურების წარმოება. მოჰყავთ ქერი, შაქრის ჭარხალი, შვრია. მისდევენ თევზჭერას.

ტრანსპორტი

რედაქტირება

შვედეთში ტრანსპორტის ყველა სახეობაა წარმოდგენილი. განვითარებულია საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი. აეროპორტი ყველა მსხვილ ქალაქშია განლაგებული. ყველაზე დიდი აეროპორტია არლანდას აეროპორტი სტოკჰოლმში. სამხრეთ შვედეთში ასევე აქტიურად გამოიყენება კოპენჰაგენის აეროპორტი, რადგანაც კოპენჰაგენი ერესუნის ხიდის საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლით მარტივად უკავშირდება ქალაქ მალმეს. შვედეთი რკინიგზით ასევე უკავშირდება ნორვეგიასა და ფინეთს. შვედეთს გააჩნია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნავსადგური, მათ შორის სტოკჰოლმი, ჰელსინგბორგი, გეტებორგი და მალმე. საზღვაო მიმოსვლა არის გერმანიასთან, დანიასთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან და პოლონეთთან.

ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი მეტროპოლიტენია სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი. ტრამვაი დადის გეტებორგში, ნორჩეპინგში, სტოკჰოლმსა და ლუნდში. უმსხვილესი გადამყვანია სახელმწიფო სამგზავრო კომპანია SJ AB.

საგარეო ვაჭრობა

რედაქტირება

შვედეთის მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორები არიან გერმანია, აშშ, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, დანია და ფინეთი. შვედეთი უმეტესად ვაჭრობს ევროკავშირის და ჩრდილოეთ ევროპის ქვყნებთან. სხვა ქვეყნებიდან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები აქვს მხოლოდ აშშ-სთან, ასევე, შედარებით ნაკლები მოცულობით — ჩინეთთან. 2017 წელს ექსპორტმა შეადგინა $169,7 მილიარდი, ხოლო იმპორტმა $154,8 მილიარდი. ძირითადი საექსპორტო საქონელია ავტომობილები, ფოლადი, რკინის მადანი, ქაღალდის პროდუქცია, ხე-ტყე, ქიმიური ნაწარმი, სამხედრო ნაწარმი. ძირითადი მიპორტული საქონელია ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ქიმიური ნაწარმი, საავტომობილო ძრავები, კვების პროდუქტები, ტანსაცმელი.

შეიარაღებული ძალები

რედაქტირება
 
შვედური წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანა CV9040

შვედეთის არმია საკონტრაქტო პრინციპით კომპლექტდება. ქვეყანას ასევე გააჩნია რეზერვისა და მოხალისეების სისტემა. შეიარაღებულ მომზადებას გადიან კარლბერგის სამხედრო აკადემიაში. შვედეთი არ ყოფილა შეიარაღებული კონფლიქტის ღია მონაწილე 1814 წელს შვედეთ-ნორვეგიის ომის შემდეგ. შვედეთი ინარჩუნებდა სამხედრო ნეიტრალიტეტს რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებამდე. 2024 წლიდან შვედეთი NATO-ს წევრია.

შვედეთის შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან. სამხედრო ძალა შედგება 22500 ადამიანისგან. უმაღლესი მთავარსარდალია მეფე, თუმცა 1975 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მისი როლი მხოლოდ წარმომადგენლობითი და ცერემონიულია. შეიარაღებულ ძალებს საერთო ხელმძღვანელობას უწევს მთავრობა და უშალოდ შეაიაღებული ძალების მთავარსარდალი. ჯარები შეარაღებულია ტანკებით, ქვეითთა საბრძოლო მანქანებით, ჯავშანტრანსპორტიორებით და სხვა აღჭურვილობით. სამხედრო-საჰაერო ძალების განკარგულებაშია 207 საბრძოლო თვითმფრინავი. სამხედრო-საჰაერო ბაზები განთავსებულია უფსალაში, კალინგეში, ლინჩეპინგსა და ლულეოში. სამხედრო-საზღვაო ძალების განკარგულებაშია 5 წყალქვეშა ნავი, 7 კორვეტი და 150-ზე მეტი სხვა ხომალდი. მთავარი საზღვაო ბაზებია კარლსკრონასა და სტოკჰოლმში.

განათლება

რედაქტირება

1-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის შვედეთში გარანტირებულია ადგილი საჯარო საბავშვო ბაღში. 1962 წლიდან შვედეთში დაინერგა სავალდებულო 9-წლიანი სწავლება სკოლაში. სკოლაში სწავლება სავალდებულოა ბავშვებისთვის 7 წლიდან. სასწავლო წელი შვედეთში აგვისტოდან ივნისის შუამდე გრძელდება და ორ სემესტრად იყოფა. წერა-კითხვის უცოდინართა რაოდენობა შვედეთში ქვეყნის მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებია. 9 კლასის დასრულების შემდგომ მოსწავლეების 90% სწავლას აგრძელებს გიმნაზიაში, სადაც იღებენ პროფესიულ განათლებას ან ემზადებიან უმაღლესი განათლების დაწესებულებაში შესასვლელად. შვედეთში 15 სახელმწიფო უნივერსიტეტია. მათგან უძველესია უფსალისა და ლუნდის, ყველაზე ახალი კი მალმეს უნივერსიტეტი. დიდი უნივერსიტეტებია სტოკჰოლმის უნივერსიტეტი, გეტებორგისა და უმეოს უნივერსიტეტები. შვედეთის სამეფო ინსტიტუტი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელია, შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი კი სკანდინავიაში უდიდესი ტექნოლოგიური სასწავლებლის წოდებას ჰელსინკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ეცილება. შვედეთის ზრდასრული მოსახლეობის 83%-ს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული (2017). განათლების სისტემა დეცენტრალიზებულია და ის წლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 70 მილიონი კრონით ფინანსდება.

კულტურა და ხელოვნება

რედაქტირება

შვედეთში ყოველწლიურად გაიცემა ნობელის პრემია, რომელიც შვედი გამომგონებლის, ალფრედ ნობელის მიერაა დაწესებული. ნობელის პრემიის ლაურეატების შერჩევა და დაჯილდოება (გარდა მშვიდობის დარგისა) ხორციელდება შვედეთის ორგანიზაცის მიერ და ტარდება სტოკჰოლმში.

შვედეთის ეროვნული ბიბლიოთეკა 1661 წელს დაარსდა და 18 მილიონზე მეტ წიგნს ინახავს. შვედეთის მუზეუმებია ეროვნული მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ქალაქ სტოკჰოლმის მუზეუმი, ჩრდილოეთის მუზეუმი, სკანსენი.

შვედეთში პრესა ძალიან პოპულარულია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოცემაა დაგენს ნიუჰეტერი. რადიომაუწყებლობა მუშაობს 1924 წლიდან, ტელევიზია 1956 წლიდან.

ლიტერატურა

რედაქტირება

უძველესი შვედური ლიტერატურული ძეგლები შემორჩენილია ქვაზე რუნების სახით. X-XI სს ფეოდალიზმის ჩამოყალიბებასა და ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით წარმოიშვა რელიგიური ლიტერატურა ლათინურ ენაზე. იქმნებოდა ისტორიული ქრონიკები და კურტუაზული პოეზია, პარალელურად — ხალხური ბალადები და სიმღერები. XV საუკუნეში პოპულარული იყო ატრიოტული პოეზია. XVI საუკუნეში ევროპული აღორძინებისა და რეფორმაციის გავლენით განმტკიცდა ჰუმანისტური პრინციპები. დიდი ისტორიულ-ლიტერატურული მნიშვნელობა მოიპოვა შვედური რეფორმაციის ბელადის, თანამედროვე შვედური ლიტერატურის ფუძემდებლის ოლაუს პეტრის (1493-1552) ნაწარმოებებმა. XVII ს. ი. მესინიუსმა (1579-1636) დასაბამი მისცა შვედურ დრამატურგიას. ამავე საუკუნეში წარმოიშვა ლირიკული პოეზია. აღორძინების იდეოლოგია წარმოჩნდა გ. შარნიელმის (1598-1672) შემოქმედებაში. საუკუნის დასასრულს ბაროკოს გავლენით შეიქმნა პასტორული ნაწარმოებები. XVIII საუკუნეში ჩამოყალიბდა განმანათლებლური ლიტერატურა, რომლის უდიდესი წარმომადგენელი იყო უ. დალინი (1708-1763). პირველი შვედი რომანისტი იყო ი. ჰ. მერკი. ამ პერიოდის პოეზია წარმოდგენილია ლიტერატურული ჯგუფის „აზრის მშენებელთა“ შემოქმედებით. გვიანდელი განმანათლებლობის უდიდესი მოღვაწე ი. ჰ. ჩელგრენი მიჰყვებოდა კლასიციზმის პრინციპებს.

პოეზიის დემოკრატიულ ტრადიციებს ავითარებდა კ. მ. ბელმანი (1740-95). კლასიციზმის ეპიგონებისა და განმანათლებლური ილუზიების წინააღმდეგ ბრძოლა დაასრულეს რომანტიკოსებმა. ისაია ტეგნერის პოემამ „ფრიტიოფის საგამ“ დიდი როლი შეასრულა შვედური პოეზიის ენისა და სტილის დახვეწაში. სოციალურ-კრიტიკული პრობლემატიკა გამოჩნდა კარლ ალმკვისტის შემოქმედებაში, რომელმაც გეზი მისცა რეალიზმს. XIX საუკუნის 30-50-იან წლებში იწერებოდა ყოფითი რომანები. 40-იანი წლების პოეზიაში თავი იჩინა სოციალურმა და პოლიტიკურმა მოტივებმა. 70-80-იანი წლების მიჯნაზე აშკარად გამოიკვეთა კრიტიკული რეალიზმის ტენდენციები. ახალი ეტაპი აღინიშნა ავგუსტ სტრინდბერგის მოღვაწეობით, რომლის ირგვლივ გაერთიანდნენ ე.წ. ოთხმოციანელები“, რომლებსაც შემდგომში „ახალგაზრდა შვედეთი“ ეწოდათ. მის შემოქმედებაში გაჩნდა ნატურალისტური ტენდენციები. ახალი თაობის ანუ 90-იანი წლების რომანტიკოსების ბელადი იყო კარლ გუსტავ ვერნერ ფონ ჰეიდენსტამი (1859-1940).

XX საუკუნის დამდეგს შეიქმნა მუშათა კლასის ცხოვრების ამსახველი პირველი ნაწარმოებები (მ. კოკი 1882-1940; დ. ანდერსონი 1882-1920; მ. სანდელი 1870-1927). პირველი მსოფლიო ომის პერიოდში შიშის, დაბნეულობისა და შეშფოთების განწყობილება აისახა პერ ლაგერკვისტის და ბ. შებერგის შემოქმედებაში. 1929 წელს ე.წ. პრიმიტივიზმისა და ვიტალიზმის პროგრამით გამოვიდა ჯგუფი „ხუთი ახალგაზრდა“ (ა. ლუნდკვისტი, ჰ. მარტინსონი, ე. ასკლუნდი, ი. ჩელგრენი, გ. სანდგრენი). სოციალური რეალიზმის მამამთავარი გახდა ი. ჩელგრენი. 30-იან წლებში ინტენსიურად ვითარდებოდა რეალისტურ-სოციალისტური რომანი. განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა სოციალური პრობლემები ე.წ. სტატორის სკოლის წარმომადგენელთა ნაწარმოებებში. ამ პერიოდის პოეზია მეტწილად ექსპრესიონისტული ხასიათისა იყო. გარდა ამისა, ასპარეზზე გამოვიდა ასტრიდ ლინდგრენი, რომლის შემოქმედებაც ბევრად შორს გასცდა მშობლიური შვედეთის საზღვრებს. ასტრიდი საბავშვო მწერალი იყო, ამიტომ თავისი ნაწარმოებების გამო პოლიტიკურ ნომენკლატურასთან პრობლემები არ შექმნია. მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ანტიფაშისტური ლიტერატურის ნიმუშები შეიქმნა. ომის წლებში ფეხი მოიკიდა ეგზისტენციალისტურმა იდეებმა. რეალიზმის განვითარებას დიდი ბიძგი მისცა ივარ ლუ-იოჰანსონის რომანებმა. 50-60-იან წლებში მაღალ საფეხურზე ავიდა სატირული ლიტერატურა და ინტელექტუალური რომანი. 60-იან წლებში პოეზიაში გაჩნდა ორი მიმართულება — კონკრეტიზმი და „ახალი სისადავე“. დიდი რეზონანსი მოიპოვა დოკუმენტურმა პროზამ. რეალისტურ ტრადიციებს ავითარებენ ი. პალმი (1931) გ. ჰოკანსონი (1937) და სხვა. XX საუკუნის გამორჩეული შვედი მწერლები იყვნენ ნელი ზაქსი, ეივინდ იუნსონი, ჰარი მარტინსონი, ტომას ტრანსტრიომერი.

XXI საუკუნე შვედურმა მხატვრულმა ლიტერატურამ ე.წ. ამერიკული სტილი შეიძინა და ძირითადად თრილერებსა და ფენტეზიზე გადაერთო. ამ პერიოდის თვალსაჩინო წარმომადგენლებია კატარინა მასეტი, სტიგ ლარსონი და იუნას გარდელი გვევლინებიან. რაოდენობის მიხედვით, შვედეთი მეხუთე ადგილზეა ლიტარატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების მფლობელ ქვეყნებს შორის.

არქიტექტურა

რედაქტირება
 
უფსალის საკათედრო ტაძარი

ვიკინგების ეპოქისთვის (VIII-XI საუკუნეები) დამახასიათებელი იყო კარკასული შენობები, სტელები თხრობითი სცენებით. გაქრისტიანების შემდეგ, XI-XII საუკუნეში დაიწყო რომანული სტილის ტაძრების მშენებლობა (უფსალაში, ლუნდში). XIII-XIV საუკუნეებში აგებდნენ გოტიკური სტილის ტაძრებს (სტორჩიურკის ტაძარი სტოკჰოლმში). XIII საუკუნემდე შვედეთში შენობების უმრავლესობა ხისგან შენდებოდა. XIII საუკუნიდან იწყება ქვის გამოყენება. ადრეული ქვის შენობებს მიეკუთვნება რომანული ეკლესიები შვედურ სოფლებში. ბევრი მათგანი აგებულია სკონეს პროვინციაში და სტილისტურად დანიურ ეკლესიებს წააგავს. საკათედრო ტაძრები ისტორიულად ეპისკოპოსების რეზიდენციებს წარმოადგენდა. XIV საუკუნის სკარას კათედრალი აგურითაა ნაშენები. 1230-1480 წლებში შენდებოდა ლინჩეპინგის საკათედრო ტაძარი.

XVI საუკუნეში შვედეთმა განიმტკიცა დამოუკიდებლობა მეფე გუსტავ ვაზას ხელმძღვანელობით. მეფის ინიციატივით წამოიწყეს აღმშენებლობა, აშენდა ახალი სასახლეები და ციხესიმაგრეები, რაც წარმოადგენდა როგორც თავდაცვით შენობებს, ასევე ახალი მონარქიის სიმბოლოს. ამ პერიოდში აშენებულ ციხე-დარბაზებში გაჩნდა რენესანსის არქიტექტურული ნიშნები. შუა საუკუნეებში გაიზარდა ვიწრო ქუჩებით დაფენილი ქალაქები, ვითარდება დეკორატიული ფერწერა და ქანდაკება, წიგნის მინიატურა. შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში შვედეთის არქიტექტურა გადაიხარა ბაროკოსა და როკოკოს სტილისკენ. XVII საუკუნეში შენდებოდა ბაროკოსა და კლასიციზმის სტილის სახლები და სასახლეები. ამ პერიოდში მუშაობდნენ არქიტექტორები ჟ. დე ლა ვალე, ი. სილვიუსი, დ. ერენსტრალი. XVIII საუკუნეში განვითარდა კლასიცისტური არქიტექტურა (კ. ადელკრანცი) და ქანდაკება (ი. სერგელი). ქალაქების ახალ რაიონებში გაჩნდა რეგულარული დაგეგმარება. XIX საუკუნეში კლასიციზმი შეცვალა ეკლექტიზმმა.

XX საუკუნეში დაიწყო ახალი გზების ძიება არქიტექტურაში, რასა მოჰყვა ნეოკლასიკური მიმართულების და თანამედროვე არქიტექტურული სკოლის ჩამოყალიბება. მასში ფუნქციონალიზმი შეხამებული იყო ორგანული არქიტექტურის ნიშნებთან (გ. ასპლუნდი, ს. მარკელიუსი, ს. ბაქსტრემი). შვედმა არქიტექტორებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქალაქ-თანამგზავრების, საცხოვრებელი რაიონების, კოშკური სახლების დამუშავებაში.

შვედური მუსიკა XIX საუკუნემდე სკანდინავიურ მუსიკასთან ერთად ვითარდებოდა. შვედური მუსიკალური ფოლკლორი მრავალფეროვანია. უძველესი სამუსიკო საკრავებია ლური, ზანზალაკები. ხალხური მუსიკის მატარებლები იყვნენ სკალდები და ლეკარები. მოგვიანებით ანსამბლებში გაჩნდა ვიოლინი, კლარნეტი, ფლეიტა, არფა. პროფესიული მუსიკა ჩამოყალიბდა საეკლესიო ქორალის გავლენით. XVI საუკუნიდან სტოკჰოლმში არსებობდა სამეფო კარის ორკესტრი. XVIII საუკუნეში მოეწყო პირველი საერო კონცერტები (ი. რუმანი, 1731). 1771 წელს სტოკჰოლმში დაარსდა სამეფო მუსიკალური აკადემია. 1768 წლიდან სტოკჰოლმში საბალეტო წარმოდგენებს დგამდნენ ფრანგი მსახიობები. 1773 წელს გაიხსნა შვედური სამეფო ბალეტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლ. გალოდიე. პირველი შვედი ბალეტმაისტერი იყო ა. სელინდერი. XIX საუკუნეში გრომანტიზმის გავლენით გაიზარდა ინტერესი ეროვნული ფოლკლორისადმი. ა. არვიდსონმა გამოაქვეყნა სიმღერის ანთოლოგია. ფოლკლორის გავლენა განიცადა ა. ლინდბლადი, ა. სედერმანის, ე. შეგრენის, ი. ჰალსტრემის, ფრანც ბერვალდის შემოქმედება. ბერვალდი იყო პირველი შვედი სიმფონისტი, რომელიც ამავდროულად იყო მევიოლინე და დირიჟორი. XX საუკუნეში შვედური ბალეტის აღორძინებას ხელი შეუწყო მ. ფოკინის მოღვაწეობამ. დასი „შვედური ბალეტი“ 1920-1925 წლებში გამოდიოდა პარიზში.

დღესდღეობით შვედეთში მოქმედებს რამდენიმე საოპერო თეატრი. 1960-იანი წლებიდან შვედეთში განვითარდა ჯაზი. 1970-იანი წლებიდან პოპულარობა მოიპოვა პოპ-მუსიკამ. ჯგუფმა ABBA-მ ფართოდ გაითქვა სახელი. როქსეტი, Ace of Base და The Cardigans აგრეთვე შვედური ჯგუფებია, რომლებმაც საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვეს.

XV-XVI საუკუნეებში შვედეთში გავრცელდა სასკოლო თეატრები. XVI საუკუნის დასასრულიდან იმართებოდა წარმოდგენები მეფის სასახლეში. 1649 წელს სტოკჰოლმში გაიხსნა პირველი სასახლის თეატრი, ხოლო პირველი ეროვნული თეატრი იყო უფსალის სტუდენტური თეატრი (1682-1691). გუსტავ III-ის დროს შეიქმნა ხალხისთვის ხელმისაწვდომი თეატრები სტოკჰოლმსა (1788) და გეტებორგში (1799). 1870-იან წლებამდე სცენაზე ბატონობდა ფრანგული ვოდევილი, ა. კოცებუს ფსვედო-ისტორიული ტრაგედიები და სხვა. 1870-იანი წლებიდან რეპერტუარში დამკვიდრდა „ახალი დრამა“, მათ შორის ჰენრიკ იბსენი და ბ. ბიერნსონი. თეატრში რეალიზმის განმტკიცება დაკავშირებულია ა. სტრინდბერგთან, რომელმაც ა. ფალკთან ერთად სტოკჰოლმში გახსნა „ინტიმური თეატრი“ (1907-1910). XX საუკუნის I ნახევარში ცნობილი რეჟისორი იყო უ. მუალნდერი. 1930-იან წლებში თეატრში მივიდა ა. შებერგი, ხოლო 1940-იან წლებში — ინგმარ ბერგმანი. 1960-იან წლებში შვედურ თეატრში პოპულარული გახდა ბერტოლდ ბრეხტი. 1980-იანი წლებიდან აღმოცენდა ახალი მიმდინარეობა „თავისუფალი დასები“

 
ინგმარ ბერგმანი გადაღებებზე

პირველი შვედური ფილმი 1896 წლის 28 ივნისს გამოვიდა. შვედეთი, დანიასთან ერთად, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ადრევე დაარსდა ეროვნული კინოსტუდია. 1907 წლიდან დაიწყო შვედური კინოს რეგულარული გადაღება. პირველი მსოფლიო ომის დასასრული შვედური მუნჯი კინოსთვის „ოქროს საუკუნედ“ მიიჩნევა. შვედები იმხანად აქტიურად ახდენდნენ კლასიკური ნაწარმოებების ეკრანიზებას. ამ დროის მოღვაწეები იყვნენ ვიქტორ შესტრემი და მაურიც სტილერი. ომის დასასრულს შიორსტრიომი და სტილერი, ასევე შვედური კინოს კაშკაშა ვარსკვლავი გრეტა გარბო გადაბარგდნენ ჰოლივუდში. შვედურმა კინოწარმოებამ მსოფლიო ბაზარზე ლიდერის პოზიცია დათმო. ამას ფინანსური და მხატვრული კრიზისიც თან დაერთო. შვედური კინო 1930-იან წლებში ხმოვანი ფილმების გამოჩენამ იხსნა. თუმცა 1930-იანი წლების კინოსურათები მეტწილად ვულგარულ ელფერს ატარებდნენ და გაწელილი სიუჟეტები ახასიათებდათ; ამისათვის ამ პერიოდის კინოს მეტსახელად „ლუდის კინო“. „ლუდის ფილმთაგან“ ყველაზე ცნობილია „ოტელ პარადიზი“ (Pensionat Paradiset; 1937).

განსაკუთრებულ მოვლენად იქცა ინგმარ ბერგმანის შემოქმედება. ის XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რეჟისორადაა აღიარებული. მისი საუკეთესო ფილმებია „მეშვიდე ბეჭედი“ (1957), „მარწყვის მდელო“ (1957), „სიჩუმე“ (1963), „პერსონა“ (1966), „ჩურჩული და კივილი“ (1972), „პირისპირ“ (1976).

50-იანების დასასრულს შვედურ კინოს კრიზისის პერიოდი დაუდგა, რასაც ტელევიზიის განვითარებამ შეუწყო ხელი. მაყურებელთა რაოდენობის დაკლებისა და კინოთეატრების დახურვის შემდეგ კინოკომპანიებს რისკზე წასვლის სურვილი დაეკარგათ. კინო 1963 წლის კინორეფორმამ გადაარჩინა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მაღალმხატვრული ფილმების დაფინანსებას ითვალისწინებდა. მნიშვნელოვანი როლი ამ საქმეში ახლადშექმნილ შვედეთის კინოინსტიტუტს დაეკისრა. ამ მიდგომამ ნაყოფიც მალე გამოიღო და ისეთ რეჟისორებს გაუხსნა გზა, როგორებიცაა ბუ ვიდენბერგი და იან ტრუელი.

მემკვიდრეობა

რედაქტირება

შვედეთში მსოფლიო მემკვიდრეობის 15 ძეგლია. მათ შორისაა დროტნინგჰოლმის მამული სტოკჰოლმში, გამელსტადის ეკლესიის სოფელი, ქალაქი ვისბიუ, ლაპონიის დაცული ტერიტორია და სხვები.

ცნობილი შვედები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სამთავრობო საიტები

შვედური მედია

  1. UNGEGN World Geographical Names, Sweden.
  2. 2.0 2.1 Population შვედეთის სტატისტიკის სამსახური. აგვისტო 2020.
  3. OECD Better Life Index. OECD Publishing. ციტირების თარიღი: 27 August 2013.
  4. გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში 2012–2013. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (5 სექტემბერი 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 დეკემბერი2014.
  5. Country Comparison: Area. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-02. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო 2010.
  6. The Gulf Stream. BBC. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი 2008.
  7. Watts, Harvey Maitland (1900). „The Gulf Stream Myth“. Monthly Weather Review. 28 (9): 393–394. Bibcode:1900MWRv...28..393W. doi:10.1175/1520-0493(1900)28[393:TGSM]2.0.CO;2. ISSN 0027-0644. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი 2008.
  8. Global Climate Maps. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი 2006.
  9. ამინდის მონაცემები: შვედეთი, ვოგატჯალმი, 1966, თებერვალი. geographic.org. ციტირების თარიღი: 2020-06-27.
  10. Swedish population hits 10-million mark - Radio Sweden ინგლისური. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი 2019
  11. Sweden's population reaches historic ten million milestone ინგლისური (20 იანვარი 2017). ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი 2019
  12. Statistical database. შვედეთის სტატისტიკის სამსახური (8 ივნისი 2017). ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2017
  13. Ethnocultural Portrait of Canada Highlight Tables, 2006 Census. კანადის სტატისტიკის სამსახური (2 აპრილი 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-01. ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2008.
  14. Språklag (2009:600) შვედური. რიქსდაგი (28 მაისი 2009). ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2014.
  15. Landes, David (1 ივლისი 2009). „Swedish becomes official 'main language'. The Local. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 15 ივლისი 2009.
  16. På lördag kan 440 000 flagga blått och vitt შვედური. შვედეთის სტატისტიკის სამსახური (5 დეკემბერი 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 16 ივნისი 2009.
  17. Religion and the Secular State in Sweden ინგლისური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-10. ციტირების თარიღი: 2020-08-08.
  18. ევრობარომეტრის კვლევა (ინგლისური)
  19. Are Swedes losing their religion? (ინგლისური)
  20. Medlemmar i Svenska kyrkan i förhållande till folkmängd den 31.12.2018 per församling, kommun och län samt riket შვედური. შვედეთის ეკლესია. ციტირების თარიღი: 27 აპრილი 2019.
  21. „Swedes depart church in droves“. The Local. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აგვისტო 2010.
  22. Liturgy and Worship. შვედეთის ეკლესია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აპრილი 2010.
  23. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის UNHDR არ არის მითითებული ტექსტი; $2
  24. Public Wealth in the US and Nordic Countries
  25. Government spending in research and development statistics – countries compared. NationMaster.com (1 აპრილი 2007).