შეიარაღების კონტროლი

შეიარაღების კონტროლი — ნებისმიერი სახის საერთაშორისო კონტროლი ან შეზღუდვა, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო შეთანხმებების, ხელშეკრულებების ან კონვენციების საშუალებით და მიზნად ისახავს სხვადასხვა სახის იარაღის დამზადების, გამოცდის, იარაღის წარმოების, იარაღის გავრცელების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და გამოყენების შეზღუდვას სახელმწიფოების მხრიდან, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული სახის ნაციონალური სამხედრო დაწესებულებების არსებობა გარდაუვალია.

საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი მიხეილ გორბაჩოვი და აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების ხელმოწერისას, 1987 წელი

შეიარაღების კონტროლი გულისხმობს გარკვეული სახის სამხედრო თანამშრომლობას კონკურენტულ ან ანტაგონისტურ სახელმწიფოებს შორის, რათა თავიდან აიცილონ ომის დაწყების საშიშროება ან ომის და საომარ მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, მინიმუმამდე დაიყვანონ მისი დამანგრეველი შედეგები.

შეიარაღების კონტროლის კონცეფცია

რედაქტირება

ფართო გაგებით, შეიარაღების კონტროლი სათავეს იღებს განიარაღების სფეროში არსებული სახელმწიფოების პრაქტიკიდან, რომლესაც XX საუკუნის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. თუმცა, უფრო ვიწრო გაგებით გააზრების შემთხვევაში, აშკარად ჩანს განსხვავებები განიარაღებასა და შეიარაღების კონტროლის ცნებებს შორის.

აღსანიშნავია, რომ სრული განიარაღება შესაძლებელია გულისხმობდეს ამა თუ იმ სახელმწიფოს მთელი სამხედრო პოტენციალის ლიკვიდაციას, ხოლო ნაწილობრივი განიარაღება გულისხმობს გარკვეული სახის ან კლასის იარაღის სრულ ლიკვიდაციას ან ყველა სახის იარაღის რაოდენობის შემცირებას. მაშინ, როდესაც განიარაღება ძირითად შემთხვევაში, პირდაპირ ითვალისწინებს იარაღის ფლობისა და წარმოების აკრძალვას, შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებული შეთანხმებები, ხელშეკრულებები და კონვენციები უმეტეს შემთხვევაში ფოკუსირებულია გარკვეული სახის იარაღის ტესტირების, წარმოებისა და გამოყენების შეზღუდვაზე.

გარდა ამისა, მაშინ როდესაც განიარაღების შემთხვევაში ძირითად მიზანს წარმოადგენს, სახელმწიფოების მხრიდან, მათ მფლობელობაში არსებული შეიარაღების სრული ლიკვიდაცია ან იარაღის რაოდენობის არსებითი შემცირება, შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებული შეთანხმებების, ხელშეკრულებების და კონვენციების მიზანია, ხელი შეუწყონ სახელმწიფოებს სწორად მართონ მათი მფლობელობაში არსებული იარაღის არსენალი და აქტიურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან შეიარაღების სფეროში.

შეიარაღებაზე კონტროლის განხორციელების მცდელობებმა, განსაკუთრებით კი ამ კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარე ცივის ომის პერიოდში, დადებითი როლი შეასრულა ბირთვული შეიარაღების კუთხით მიმდინარე რბოლაში და XX საუკუნის ბოლოსთვის, ტერმინი შეიარაღების კონტროლი გამოიყენებოდა ნებისმიერ საერთაშორისო შეთანხმებასთან, ხელშეკრულებასთან და კონვენციასთან მიმართებით, რომელიც შეეხებოდა როგორც განიარაღების საკითხს, ასევე შეიარაღების შეზღუდვას.

შეიარაღებაზე კონტროლის მომხრე პიონერები, ცდილობდნენ დაერღვიათ სტერეოტიპული შეხედულება და დაემტკიცებინათ, რომ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა გაცილებით უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის მეშვეობით და ეჭვქვეშ აყენებდნენ მანამდე გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია მოწინავე სამხედრო შეიარაღების ქონა და შესაბამისი მაღალი ტექნოლოგიების ფლობა.

ცივი ომის მიმდინარეობის პერიოდში, შეიარაღების კონტროლმა გაცილებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რამდენადაც არსებობდა რეალური რისკი იმისა, რომ ბიპოლარული პოლიტიკური დაპირისპირება, რეალურ ომში გადაიზრდებოდა, რომლის შედეგები, ბირთვული იარაღის მარაგებიდან გამომდინარე, კატასტროფული იქნებოდა.

საბოლოო ჯამში, შეიარაღებაზე კონტროლის განხორციელების მცდელობებმა შედეგი გამოიღო და მიღებულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტები, როგორიცაა მაგალითად 1968 წლის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება და ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსინური იარაღის დამუშავების, წარმოების და დაგროვების აკრძალვების და მათი მოსპობის შესახებ 1972 წლის კონვენცია.

შეიარაღების კონტროლის მიზნები

რედაქტირება

შეიარაღების კონტროლის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 1950-იანი წლების შუა ხანებში, მას შემდეგ რაც გამწვავდა დაძაბულობა ორ იდეოლოგიურად დაპირისპირებულ ბლოკს — ამერიკის შეერთებულ შტატებს და საბჭოთა კავშირს შორის. დაპირისპირებას შედეგად მოჰყვა თითოეული მხარის მხრიდან კონკურენტული შეიარაღების ხანგრძლივი პერიოდი. 1949 წელს, საბჭოთა კავშირში პირველი ატომური იარაღის გამოცდის შემდეგ, შეიარაღებაზე კონტროლის საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რამდენადაც აღნიშნული კონტროლის უმთავრესი მიზანს საერთაშორისო მშვიდობის შენარჩუნება წარმოადგენდა.

ძირითად შეთხვევაში, შეიარაღებაზე საერთაშორისო კონტროლის განხორციელების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, ომის დაწყების თავიდან აცილება, ომის პრევენციის შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი დამანგრეველი შედეგების მინიმუმამდე დაყვანა და ფინანსური დანახარჯების შემცირება. შეიარაღებაზე საერთაშორისო კონტროლის განხორციელება, ასევე წარმოადგენს ქმედით მექანიზმს, რომლის საშუალებითაც მინიმუმამდე მცირდება რისკი, რომლის დროსაც ომი შესაძლოა დაიწყოს შემთხვევის შედეგად ან არასწორი აღქმისა და გაუგებრობის გამო.

საერთაშორისო აქტები

რედაქტირება

1899 და 1907 წლის ჰააგის კონვენციები

რედაქტირება

1899 და 1907 წლის ჰააგის კონვენციები წარმოადგენდნენ პირველ საერთაშორისო აქტებს, რომელებიც გარკვეულწილად შეეხნენ შეიარაღების კონტროლის საკითხებსაც. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა კონვენციებმა ქმედითი ნაბიჯები ვერ გადადგეს შეიარაღების კონტროლის და შეიარაღების შემცირების კუთხით, მათ საფუძველზე მიიღეს რიგი შეთანხმებები ტერიტორიულ და ფუნქციურ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, ჰააგის კონვენციების საფუძველზე, მიიღეს აკრძალვები გარკვეული სახის იარაღის გამოუყენებლობის თაობაზე, თუმცა პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობის პერიოდში, ჰააგის კონვენციებით დადგენილ აკრძალვები, კონფლიქტში მონაწილე მხარეების მხრიდან არ შესრულებულა.

ვაშინგტონის კონფერენცია

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, 1921-1922 წლებში ვაშინგტონის კონფერენციაზე, მიაღწიეს გარკვეული შეთანხმებები განიარაღების, შეიარაღების შეზღუდვის და შეიარაღებაზე კონტროლის სფეროში. შეთანხმებების მიზანი იყო, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის მიმდინარე საზღვაო შეიარაღების რბოლის შეჩერება. ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და იაპონია შეთანხმდნენ, მოეხდინათ კუთვნილი კაპიტალური გემების ტონაჟისა და რაოდენობის შემცირება, მათ შორის მოეხდინათ გარკვეული სახის სამხედრო დანიშნულების ხომალდების უტილიზაცია. თუმცა, 1930 წლის ლონდონის სამხედრო-საზღვაო კონფერენციაზე იტალიამ და საფრანგეთმა უარი განაცხადეს შეთანხმების ვადის გაგრძელებაზე, ხოლო იაპონიამ შეთანხმება 1935 წელს დატოვა.

ჟენევის პროტოკოლი

რედაქტირება

შეიარაღების კონტროლის კუთხით, მნიშვნელოვანია 1925 წლის ჟენევის პროტოკოლი მხუთავი, შხამიანი ან სხვა მსგავსი აირებისა და ბაქტერიოლოგიური საშუალებების ომში გამოყენების აკრძალვის შესახებ, რომლის მონაწილე მხარე დღეის მდგომარეობით 130 ქვეყანაა. აღნიშნული პროტოკოლის თანახმად, აიკრძალა მხუთავი და მომწამვლელი აირებისა და ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენება საერთაშორისო კონფლიქტებში, თუმცა მისი მოქმედება არ ვრცელდება შიდა და სამოქალაქო კონფლიქტებზე. ამასთან, აღსანიშნავია რომ პროტოკოლის თანახმად, სახელმწიფოებს უფლება აქვთ გამოიყენონ მსგავსი სახის იარაღი, მათზე ამ ტიპის იარაღით თავდასხმის საპასუხოდ.

ცივი ომი და შეიარაღების კონტროლი

რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომი, რომლის მიმდინარეობის პერიოდში 40-დან 50 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ კონფლიქტადაა მიჩნეული. მეორე მსოფლიო ომის წყნარი ოკეანის ფაზის დასრულებამ, როდესაც 1945 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბირთვული იერიში მიიტანა იაპონიის ქალაქებზე ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე, დასაბამი დაუდო ბირთვული საუკუნის დასაწყისს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ომში გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა აქტიურად დაიწყეს ბირთვული არსენალის გაზრდა. მოცემულ რეალობაში, სახელმწიფოებს შორის ომის დაწყებისა და ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, მსგავსი ომი გაცილებით კატასტროფული შედეგების მომტანი იქნებოდა, არა მარტო კონფლიქტის მონაწილე მხარეებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. აღნიშნულმა გარემოებამ, აიძულა ორივე სახელმწიფო დაეწყოთ მოლაპარაკებები მათ მფლობელობაში არსებული ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხებზე. მოლაპარაკებები, პირველ ეტაპზე შემოიფარგლებოდა ბირთვული იარაღის გამოცდის, მისი წარმოებისა და ფლობის შეზღუდვის საკითხებით.

აღსანიშნავია, რომ ცივი ომის პერიოდში, შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებული შეთანხმებების უმრავლესობა ფოკუსირებული იყო ურთიერთშეკავების პოლიტიკაზე, შეთანხმებები ძირითადად აგებული იყო სტრატეგიაზე, რომლის თანახმადაც შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი სანქციების საფრთხეს, ეფექტურად უნდა შეეკავებინა პირველადი შეტევა.

1960-იანი წლებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის მხრიდან, შეიარაღების კონტროლის სფეროში, ხელმოწერილი იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება რომლის ძირითადი მიზანი იყო რისკის შემცირება თითოეული მხარისათვის.

მათ შორის აღსანიშნავია, 1963 წლის ატმოსფეროში, კოსმოსურ სივრცეში და წყალქვეშ ატომური იარაღის გამოცდების აკრძალვის შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმადაც იკრძალებოდა ბირთვული იარაღის გამოცდა ატმოსფეროში, კოსმოსურ სივრცეში და წყალქვეშ. აღნიშნული შეთანხმებით, მნიშვნელოვნად მცირდებოდა ბირთვული აფეთქებების რისკი. აღსანიშნავია ასევე, 1967 წლის შეთანხმება კოსმოსის შესახებ, რომლის ძალითაც იზღუდებოდა ბირთვული და მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება და მათი განთავსება დედამიწის ორბიტაზე.

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება

რედაქტირება

შეიარაღებაზე კონტროლის განხორციელების კუთხით, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ასევე ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ 1968 წლის ხელშეკრულებას, რომლის შემუშავებაში მნიშვნელოვანი როლი ამერიკის შეერთებული შტატებმა და საბჭოთა კავშირმა ითამაშა. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების თანახმად, მასზე ხელმომწერ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება ხელი არ შეუწყონ ბირთვული იარაღის გავრცელებას და წარმოებას იმ სახელმწიფოებში რომლებიც წარმოადგენენ ბირთვული იარაღისაგან თავისუფალ ქვეყნებს.

ამ კუთხით საინტერესოა, რომ ხელშეკრულების ხელმომწერ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, როგორც ბირთვული სახელმწიფოები, ისეთები როგორებიც არიან ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ის სახელმწიფოები რომლებიც არ ფლობენ ბირთვული იარაღის არსენალს. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ 1968 წლის ხელშეკრულებას თავდაპირველად ხელი მოაწერა 62 სახელმწიფომ, დღეის მდგომარეობით ხელმომწერთა რიცხვი 190 სახელმწიფომდე გაიზარდა, თუმცა ხელმომწერებს არ წარმოადგენენ ისეთი ბირთვული სახელმწიფოები, როგორებიც არიან ინდოეთი, პაკისტანი და ისრაელი. შეთანხმება ძალაში შევიდა 1970 წელს 25 წლიანი ვადით, თუმცა 1995 წელს მისი მოქმედების ვადა განუსაზღვრელი პერიოდით გახანგრძლივდა.

სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმება

რედაქტირება

1970-იანი წლების განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარე, სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის მოლაპარაკებების (SALT) შედეგად, მხარეებს შორის გაფორმდა სტრატეგიული შეიარაღის შეზღუდვის შესახებ ორი შეთანხმება SALT I – 1972 წელს და SALT II – 1979 წელს. აღნიშნული შეთანხმებების საფუძველზეც მნიშვნელოვნად შეიზღუდა მხარეების მფლობელობაში არსებული ბალისტიკური რაკეტებისა და გამშვები დანადგარების რაოდენობა და შემცირდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის მხრიდან ბირთვული ბალისტიკური რაკეტების წარმოება.

კონვენცია ბაქტერიოლოგიური და ტოქსინური იარაღის აკრძალვების შესახებ

რედაქტირება

1970-იან წლებში მიღებულ შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებულ, საერთაშორისო აქტებს შორის, განსაკუთებული ადგილი უჭირავს 1972 წელს მიღებულ კონვენციას, ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსინური იარაღის დამუშავების, წარმოების და დაგროვების აკრძალვების და მათი მოსპობის შესახებ. კონვენცია, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს თავი შეიკავონ ბიოლოგიური და ტოქსინური იარაღის დამუშავებისა და წარმოებისაგან, ხოლო ფლობის შემთხვევაში მოახდინონ მისი განადგურება.

მოცემული კონვენცია ძალაში შევიდა 1975 წელს და რამდენჯერმე გადაიხედა მეცნიერების და ტექნოლოგიების დარგში არსებული მიღწევებისადმი მისადაგების მიზნით. შეიარაღებაზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საერთაშორისო აქტების უმრავლესობის მსგავსად, მოცემულ კონვენციაშიც არ არის გაწერილი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც განხორციელდება მონიტორინგი, ხელმომწერი მხარეების მიერ კონვენციით დადგენილი მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულების კონტროლთან დაკავშირებით.

არსებული ვითარება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან კვლავ გაგრძელდა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ბირთვული და სხვა სახის იარაღის არსენალის შეზღუდვის და მასზე კონტროლის განხორციელების კუთხით. შეიარაღებაზე კონტროლის განხორციელების კუთხით, შესაბამისი ნაბიჯები იქნა გადადგმული უკრაინის, ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ, რომლებმაც ბირთვული არსენალი საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიიღეს. ზემოაღნიშნული ქვეყნები, შეიარაღებაზე კონტროლის განხორციელების შედეგად, სწრაფად გათავისუფლდნენ ბირთვული არსენალისგან და 1996 წლიდან ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ქვეყნების რიგში ჩადგნენ.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის ინიციატივით, 1993 წელს მიიღეს კონვენცია ქიმიური იარაღის შესახებ, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ქიმიური იარაღის დამუშავების, წარმოების და დაგროვების აკრძალვა და მათი მარაგების მოსპობა 10 წლის ვადაში. კონვენცია ძალაში შევიდა 1997 წელს და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჟენევის 1925 წლის პროტოკოლის, ვერსალის 1919 წლის ხელშეკრულების და 1921-1922 წლებში ვაშინგტონის კონფერენციაზე მიღებული შეთანხმებების დებულებები და აკრძალვები ქიმიური და მხუთავი, მომწამვლელი აირების გამოყენების თაობაზე. ამასთან, დამატებით აკრძალა ბაქტერიოლოგიური ომის წარმოების შესაძლებლობა.

1996 წელს შემუშავდა კონვენცია საყოველთაო ბირთვული ცდების აკრძალვის შესახებ, რომლის თანახმადაც, აიკრძალა ნებისმიერი სახის ბირთვულ ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებული ცდების ჩატარება. ხელმოწერილი და რატიფიცირებული იყო 100-ზე მეტი სახელმწიფოს მიერ, თუმცა შემდგომში მისი ძალაში შესვლა არ განხორციელდა, რამდენადაც ისეთმა ბირთვულმა სახელმწიფოებმა, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ინდოეთი, ისრაელი, ჩრდილოეთ კორეა და პაკისტანი უარი განაცხადეს მის ხელმოწერაზე.

1997 წლის ოტავის კონვენციის მიხედვით კი, აიკრძალა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოება, გამოყენება, შენახვა და გასხვისება. 2002 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მხარეებს დაეკისრებათ ვალდებულება შეამცირონ სტრატეგიული შეიარაღების პოტენციალი და ბირთვული შეიარაღების მარაგი.

2017 წლის შეთანხმება ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ, მხარეებს ავალდებულებს არ შექმნან, არ აწარმოონ, არ შეიძინონ და არ ქონდეთ მფლობელობაში ბირთვულ ან ნებისმიერი სახის ბირთვული ფეთქებადი იარაღი. შეთანხმების ხელმომწერი მხარეები ვალდებულნი არიან, არ განათავსონ თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბირთვული შეიარაღება, რომელსაც ფლობს ან აკონტროლებს სხვა სახელმწიფო და არ შეუწყონ ხელი სხვა სახელმწიფოს ბირთვული იარაღის წარმოებაში.

საქართველო და შეიარაღების კონტროლი

რედაქტირება

1995 წელს საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე, საქართველომ მოახდინა, 1993 წელს მიღებული ქიმიური იარაღის შესახებ პარიზის საერთაშორისო კონვენციის რატიფიკაცია. ასევე, საქართველო შეურთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ 1968 წლის ხელშეკრულებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Adelman, Kenneth L. (1986). „Arms control and human rights“. World Affairs. 149 (3): 157–162. JSTOR 20672104.
  • Coe, Andrew J. and Jane Waynman. 2019. "Why Arms Control Is So Rare." American Political Science Review.
  • Arms control and human rights. Amnesty International (2014).
  • Arms Control and Nonproliferation: A Catalog of Treaties and Agreements Congressional Research Service, May 8, 2018.
  • The Arms Trade Treaty at a Glance. Arms Control Association (July 2013).
  • Randall Forsberg, ed., Arms Control Reporter 1995-2005. Cambridge: MIT Press, 1995–2004.
  • Giuseppe Gagliano-Maurizio Boni,Sicurezza internazionale e controllo degli armamenti. New Press, 2001
  • Wheeler-Bennett, Sir John Disarmament and security since Locarno 1925-1931; being the political and technical background of the general disarmament conference, 1932. New York: Howard Fertig, 1973.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება