შაშიანის ღვთისმშობლის მეორე ეკლესია
შაშიანის ღვთისმშობლის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის ცენტრში, სკოლასთან. განეკუთვნება XIX საუკუნის II ნახევარს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია წვრილი რიყის ქვით, გარეთა კუთხეებში მოზრდილი, შერჩეული ქვებია გამოყენებული. კონსტრუქციის ნაწილები (კამარის საბჯენი და კედლის მიმდებარე თაღები) და კარ-სარკმელთა ღიობები გამოყვანილია შირიმით. გარედადნ კედლების ზედაპირი გასწორებულია ბათქაშით, რომელიც საპირე ქვების მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან, ორივე კარი გარედან სწორკუთხაა. შიგნით კი კედლის თაღოვან შეღრმავებაშია ჩასმული. ეკლესიის ვრცელი დარბაზი აღმოსავლეთით დასრულებულია აფსიდით, რომლის მოხაზულობა ნახევარწრეზე ოდნავ ნაკლებია. აფსიდში გეგმით ნახევარწრიული, სამი თაღოვანი ნიშაა (ორი ჩრდილოეთითაა,ერთი სამხრთით). აფსიდი დარბაზისგან მარტივი პილასტრების გარდა, დარბაზის გრძივ კედლებზე კიდევ სამ-სამი მსგავსი პილასტრია (პილასტრების მეოთხე წყვილი დასავლეთ კუთხეებშია), რომლებიც შესაბამის კედლებს ოთხ-ოთხ თანაბარ ნაწილად ყოფს. პილასტრებზე კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი: თაღების ქუსლებთან შირიმის ერთ ქვაში გამოკვეთილი იმპოსტებია, რათა პროფილის თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. პილასტრებს შორის ნახევარწრიული თაღით დასრულებული შეღრმავებული არეა. ინტერიერი განათებულია ექვსი ნახევარწრიულთაღოვანი სარკმლით. მათგან ერთი აფსიდშია, ორ-ორი გრძივ კედლებში, ხოლო ერთი — დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში. სამხრეთ სარკმლებიდან დასვლეთით მდებარე, შესასვლელის გასწვრივაა. იგი აღმოსავლეთ სარკმელთან შედარებით მცირე ზომისაა და თითქმის დასავლეთ სარკმლის ღიობი გარედან გაუფართოებიათ (ალათების ჩასასვლელად). დარბაზი ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. მსგავსი ფორმისაა საბჯენი თაღებიც. ნაგებობების სიმტკიცის გასაძლიერებლად გრძივი კედლები ლითონის ღეროებითაა შეკრული. ეკლესიის ფასადების მორთულობის ძირითადი ელემენტია ფრონტონებში გამოსახული თითო შეღრმავებილი ჯვარი, რათა შეღრმავებული ნაწილი წითლადაა შეღებილი. ფასადებზე ორივე შესასვლელი თაღოვან შეღრმავებაშია ჩასმული. შესასვლელების ზემოთ, თაღოვანი შეღრმავების არეში, თითო პატარა სწორკუთხა ნიშაა. ორივე შესასვლელი საფლავის ქვებითაა გადახურული. ეპიტაფიების მიხედვით ეკლესია XIX საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ უნდა იყოს აგებული. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. ფასადები დასრულებულია რიყის ქვით და ნაწყობი ორსაფეხურიანი ლავგრანდით, რომელსაც ფრონტონის ძირებთან ჰორიზონტალურ შემონაკეცები აქვს. ეკლესიის დასავლეთ ფრონტონზე დაშენებული ყოფილა პატარა სამრეკლო (შემორჩენილი იყო კვადრატული საფუძველი). 2008 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. აღდგა ლავგარდნისა და კედლების მონგრეული ნაწილები. მოიხსნა სამრეკლოს საფუძველი, ეკლესიის ირგვლივ მოეწყო სარინელი, შენობა გადაიხურა კრამიტით
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი, თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 217-218.