შალვა ივანეს ძე ლიაძე (დ. 5 აგვისტო, 1891, გორის მაზრა, რუსეთის იმპერია — გ. 29 აპრილი, 1962, თბილისი) — სამელიორაციო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1951).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა დონის (უკრაინა) პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მელიორატორის სპეციალობით. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918); ევალებოდა ფრონტის ჰიდროტექნიკური ორგანიზება სპარსეთისა და თურქეთის ტერიტორიებზე. მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის სისტემაში; 1918-1923 წლებში იყო გორის წყალთა მეურნეობის სამმართველოს უფროსი. 1923-1933 წლებში ხელმძღვანელობდა დოესი-გრაკლისა და სკრა-ქარელის არხების, კასპის რაიონში მტკვარზე ხიდის მშენებლობას, ასევე ტირიფონის სარწყავი სისტემის დაპროექტებასა და მშენებლობას; 1937-1950 წლებში ტირიფონის ველზე, სოფ. ხურვალეთთან არსებული ისტორიული ძეგლის, თამარ მეფის დროინდელი „რუსხუმალას“, ანუ მიწაყრილში გაყვანილი სარწყავი არხის მონაკვეთის აღდგენას; ასევე მუშაობდა ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტში, სადაც დიდი წვლილი შეიტანა მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. 1950-1959 წლებში „საქსახწყალპროექტში“ მუშაობის დროს აქტიურად მონაწილეობდა სამგორის, აგრეთვე ტაშისკარისა და მუხრანის ველის სარწყავი სისტემების, კოლხეთის დაბლობზე დამშრობი არხების, ჭოროხისა და ცხენისწყლის მარეგულირებელი ნაგებობებისა და სოფლის წყალსადენების პროექტების შედგენაზე. 1959 წლიდან ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება