ყურაქედის წმინდა ელია წინასწარმეტყველის მონასტერი

ყურაქედის წმინდა ელია წინასწარმეტყველის მონასტერი — მონასტერი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა თხინალის ჩრდილოეთით 800-900 მეტრზე, ხცისი-თხინალას გზაზე, ე. წ. ყურა ქედზე, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (4,92 X 7,2 მ), ნაგებია ქვიშაქვისა და შირიმის ქვის უხეშად დამუშავებული ძალიან დიდი კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნიდან დამრეცი თაღითაა გადახურული, გარედან შირიმის ქვის დიდი არქიტრავით (2,46 X 0,86 მ). ნალისებრი აფსიდის ღერძზე სარკმლის ღიობის კვალი არ ჩანს. აფსიდში სამხრეთით მცირე სწორკუთხა ნიშია, რომლის ქვემოთ კედელში ბრტყელი ქვით გადახურული სამალავია. საკურთხევლის მხრების სამხრეთ კუთხე ამოყვანილია ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით.

ეკლესიის აღმოსავლეთით 2-3 მეტრზე, ნანგრევებში აღმოჩნდა ქვიშაქვის სწორკუთხა ფრაგმენტი (0,92 X 0,23 X 0,17 მ), რომელზეც ამოკვეთილია ოთხი ერთმანეთზე გადაბმული რელიეფური რგოლი. ყოველ რგოლში თითო რელიეფური ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. დამუშავებული გვერდის კუთხეები ჩამოკვეთილია და ირიბი ღარებითაა დასრულებული. მოპირდაპირე გვერდზე პატარა სწორკუთხა ღრმულია ამოკვეთილი, ხოლო დანარჩენი გვერდები გლუვია.

ლიტერატურა რედაქტირება