ყირგიზეთის გეოგრაფია
ყირგიზეთი — სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში, რომელიც მდებარეობს ტიან-შანის მთიანი მასივის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ყაზახეთი, დასავლეთით უზბეკეთი, სამხრეთ-დასავლეთით ტაჯიკეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით ჩინეთი. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ბიშკეკი. ყირგიზეთის ფართობია 199 951 კმ². მოსახლეობა 6 000 000 ადამიანი (2015).
ყირგიზეთის გეოგრაფია | |
---|---|
კონტინენტი | აზია |
რეგიონი | ცენტრალური აზია |
კოორდინატები | ჩ. გ. 41° და 75° ა. გ. |
ფართობი | |
• სულ | [convert: invalid number] |
• ხმელეთი | 96,4% |
• წყალი | 3,6% |
სანაპირო ხაზი | 0 kм (0 mi) |
უმაღლესი წერტილი | გამარჯვების პიკი |
უდაბლესი ადგილი | 435 |
უგრძესი მდინარე | ჩუ |
უდიდესი ტბა | ისიქ-ქოლი |
ბუნებრივი პირობები
რედაქტირებაყირგიზეთის ტერიტორია უმთავრესად ტიან-შანისა პამირ-ალაის მთათა სისტემის ფარგლებში მდებარეობს. ტერიტორიის 1/2-ზე მეტი 1000-3000 მეტრ სიმაღლეზეა, 1/3 — 3000-იდან 4000 მეტრამდე. ქედებს უკავია ტერიტორიის 3/4. ტიან-შანის მთავარი ქედები აღმოსავლეთით, მერიდიანული ქედის რაიონში ქმნიან მთათა მძლავრ კვანძს (აქ არის გამარჯვების პიკი, 7439 მ). დასავლეთით აქშიირაქის მასივია. იგი ცენტრალურ ტიან-შანს გამოყოფს შიგა ტიან-შანისაგან, რომელსაც სამხრეთიდან ესაზღვრება ქოქშაალთაუს ქედი, ჩრდილოეთიდან — თერსქეი-ალათაუსა და ყირგიზეთის ქედები, სამხრეთ-დასავლეთიდან ფერღანის ქედი.[1]
შიგა ტიან-შანის აღმოსავლეთ ნაწილში და ცენტრალურ ტიან-შანში დიდ სიმაღლეზე გავრცელებულია ვრცელი, მოსწორებული სირტები. თერსქეი-ალათაუსა და ქუნგეი-ალათაუს ქედებს შორის მდებარეობს ისიქ-ქოლის ქვაბული. დასავლეთ ტიან-შანშია თალასის ალათაუსა და ჩათყალის ქედები, თალასის ველი. ყირგიზეთში შედის ფერღანის ქვაბულის ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთი კიდეები. ყირგიზეთს ეკუთვნის პამირის ჩრდილოეთი კიდის შემადგენელი თურქესტანის ქედი, ალაის ქედი, ალაის ველი, იმიერალაის ქედის ჩრდილო კალთა (ლენინის პიკი, 7134 მ).[1]
ყირგიზეთი მდებარეობს ტიან-შანის ნაოჭა ოლქის ფარგლებში, რომლის გეოსინკლინური განვითარება უმთავრესად პალეოზოურ ერაში დამთავრდა. ნეოგენურ პერიოდში ამ მხარემ ინტენსიური ტექტონიკური მოძრაობები განიცადა, რაც დღემდე გრძელდება. ხშირია მიწისძვრა. ყირგიზეთი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულებით; არის იშვიათი ლითონების, პოლიმეტალების, რკინის მადნის, ვერცხლისწყლის, სტიბიუმის, კალის, ბოქსიტების საბადოები. მოიპოვება ქვანახშირი, ნავთობი, ქვამარილი, თაბაშირი, ბენტონიტური თიხები, ბევრია თერმული და მინერალური წყარო, რომელთა ბაზაზე მოქმედებს კურორტები.[1]
ყირგიზეთის ჰავა კონტინენტურია; ადგილის სიმაღლის შესაბამისად, იგი იცვლება მშრალი სუბტროპიკულიდან მაღალი მთის ტუნდრის ჰავამდე. ბარში იანვრის საშუალო ტემპერატურა –1,5 °C-იდან –8 °C-მდე, მთაში –27,7 °C-მდე, აბსოლუტურ მინიმალური –53,6 °C აღწევს (აქსაის ხეობა). ზაფხული მშრალი და ცხელი იცის. ივლისის საშუალო ტემპერატურა ბარში 20-27 °C, მთაში 15-17 °C-იდან 5 °C-მდე. აბსოლუტურ მაქსიმალური 43 °C (ჩუს ხეობაში). ისიქ-ქოლის ჰავა თბილი, მშრალი, ზომიერია. ჰაერის ტემპერატურა სანაპიროზე ივნისში 16-17 °C, იანვარში დასავლეთით –2,3 °C, აღმოსავლეთით – 4-7 °C. ატმოსფერული ნალექები ტბაზე დაახლოებით 250 მმ წელიწადში. წლიური აორთქლება ტბის ზედაპირიდან დაახლოებით 700 მმ. დამახასიათებელია ძლიერი ქარები. ატმოსფერული ნალექები 100-იდან 1000 მმ-მდე წელიწადში.[1]
დიდი ფართობი უკავია გამყინვარებას. დიდი მყინვარებია: სამხრეთ და ჩრდილოეთი ინილჩექი, ქაინდი, მუშკეტოვისა და სხვა. მდინარეები არალის ზღვის, ტარიმის, ისიქ-ქოლისა და ბალხაშის აუზებს ეკუთვნის. მათი საშუალო წლიური ჩამონადენია 52 კმ³. უდიდესია მდინარე ნარინი, რომელიც ყარადარიასთან შეერთების შემდეგ ქმნის სირდარიას. დიდი მდინარეებია: ჩუ, თალასი, ყიზილსუ, სარიჯაზი. ყირგიზეთში სხვადასხვა წარმოშობის დაახლოებით 2 ათასამდე წყალსატევია. ტბების უმეტესი ნაწილი მდებარეობს ზღვის დონიდან 2500-4000 ფარგლებში.[2] აქაა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მთის ტბა ისიქ-ქოლი, ტბები სონქოლი, ჩათირქოლი, სარიჩელექი. ისიქ-ქოლი გაუდინარი ტბაა, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ტიან-შანზე, ისისქ-ქოლის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1608 მეტრ სიმაღლეზე. ფართობი 6236 კმ², მაქსიმალური სიღრმე 702 მ, მარილიანობა 5,9 ‰.[3]
უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში რუხი ნიადაგია, შიგა და ცენტრალური ტიან-შანის უდაბნო-სტეპურ სარტყელში — მურა და წაბლა; მთათა კალთებზე მთის შავი მიწები, მთა-მდელოს, მთის მდელოსტეპის და მთის სტეპის ნიადაგებია.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- Природа Киргизии: Краткая физико-географическая характеристика. — Фрунзе: Киргизское гос. изд-во, 1962. — 296 с.
- Умурзаков С. У. и др. Словарь географических названий Киргизской ССР/ АН Киргизской ССР. — Фрунзе: Илим, 1988. — 214 с.
- Климат Киргизской ССР/ АН Киргизской ССР. — Фрунзе: Илим, 1965. — 290 с.
- Умурзаков С. У. Географические исследования в Киргизии/ АН Киргизской ССР. — Фрунзе: Илим, 1970. — 152 с.
- Проблемы географии Киргизии: Материалы к съезду Киргизского географического общества/ АН Киргизской ССР. — Фрунзе: Илим, 1975. — 290 с.
- Биологические ресурсы Кыргызстана: Эколого-географические и природоохранные аспекты/ Институт биологии АН Кыргызстана. — Бишкек: Илим, 1992. — 148 с.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 645.
- ↑ Страна горных озер. Топ-10 самых красивых мест в Кыргызстане
- ↑ Иссык-Куль — Географическая энциклопедия