ყვარლის მეშვიდე ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყვარლის ეკლესია.

ყვარლის მეშვიდე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას ქალაქ ყვარლის მიდამოებში, 3,5 კილომეტრზე. წინკლდეებად წოდებულ ადგილზე. ტყეში, თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (5,8 x 4 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: აყრილია სახურავის საფარი. გამონგრეულია აფსიდის ჩრდილოეთ გვერდის ნაწილი, ჩამოცვენილია ნალესობა.

ერთადერთი, გარედან სწორკუთხა, შიგნიდან კი თაღოვანი შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. მის ღერძზე გაჭრილია ვიწრო, ოთხკუთხა სარკმელი, რომლის ქვემოთ ქვის ტრაპეზია. ერთი მსგავსი სარკმელი დასავლეთ კედელშია - შესასვლელის ზემოთ. აფსიდის სარკმლის გვერდებზე თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა. ჩრდილოეთ ნიშა კედლის სისქეში მოწყობილ სამალავს უკავშირდება. ერთი ოთხკუთხა ნიშა დასავლეთ კედელში, შესასვლელის სამხრეთითაცაა.

ინტერიერი მოხატული ყოფილა. მოხატულობა შედარებით უკეთ სამხრეთ კედელზეა შემორჩენილი, სადაც გველეშაპის დამლახვრელი წმინდა გიორგია გამოსახული. საკურთხეველში ეკლესიის მამების ფიგურების ფრაგმენტებია. ჩანს საღებავით შესრულებული წარწერებიც. შიგნით ეკლესია გადახურულია ნახევარწრიული კამარით. ნახევარწრიულია კონქის თაღიც.

შენობის ფასადები დასრულებულია აგურის წყობით გამოყვანილი ხერხულა ლავგარდნით.

ლიტერატურა

რედაქტირება