ყარაჯაანთ ეკლესია
ყარაჯაანთ ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის აღმოსავლეთით ექვს კილომეტრზე. მდინარეების ალაზნისა და ავანისხევის შესართავთან. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (8,9 X 4 მ.), რომელსაც დასავლეთიდან, მთელ სიგანეზე, თანადროული, ორსართულიანი სამრეკლო ეკვრის. შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გამოყენებულია აგურიც.
შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს, სამრეკლოს პირველი სართულიდან. კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან - თაღოვანი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც დარბაზისაგან ერთსაფეხურიანი პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი ოდნავ შეისრული თაღითაა გამოყოფილი. აფსიდის ღერძზე შეისრულთაღოვანი სარკმელია, რომლის ორსავე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშაა. მსგავსი სარკმელი სამხრეთით, ჩრდილოეთით და დასავლეთითაცაა. აფსიდი დასრულებულია მთლიანად აგურით ნაგები კონქით. აფსიდში შეინიშნება მოხატულობის კვალი.
შიგნით ეკლესია გადახურულია ქარგილზე სხმული შეისრული კამარით. ეკლესიის კედლები გარედან დასრულებულია აგურით გამოყვანილი ლავგარდნით. ეკლესია გადახურულია ფიქლით.
სამრეკლოს შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. გარედან შესასვლელის ორივე მხარეს, წყობაში, ჩადგმულია თითო სწორკუთხა, მოგრძო ქვა, რომლებზეც ორსტრიქონიანი წარწერის ნაშტებია შემორჩენილი. სამეკლოს პირველ სართულს კამაროვანი გადახურვა აქვს, მეორე სართული კი რვაწახნაგოვანი, თაღებით გახსნილი ფანჩატურია, რომელიც აგურით ნაწყობი, პირამიდული სახურავითაა გადახურული.
2018 წლის 9 იანვარს ყარაჯაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. „ყარაჯანთ საყდარი“, რომელიც XV-XVI საუკუნეებით თარიღდება, წყალში დგას და მისი ნახევარი მიწით არის ამოვსებული[1][2].
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგობიანი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 362.