ღალია — ძველი ქართული მონასტერი კუნძულ კვიპროსზე. კვიპროსზე მრავლად იყვნენ ქართველი მოღვაწენი. მათ კოლონია ჰქონდათ ნიქოზიაში, რამდენიმე მონასტერი — ალამინის რაიონში. ერთ-ერთი სავალე იყო ჟალია (ღალია), რომელიც მემატიანის ცნობით, აღაშენა და შეამკო ყოვლითა წესითა თამარ მეფემ (XII-XIII საუკუნეები). ჟალიაში ქართული მწიგნობრული კერის არსებობა დადასტურებულია სანქტ-პეტერბურგში დაცულ ძველ ქართულ ხელნაწერის ანდერძში (H-№ 18). მოგვიანებით ქართველ მოგზაურებმა ტიმოთე გაბაშვილმა (1758) და იონა გედევანიშვილმა (1784) კვიპროსზე ქართველთა ნაკვალევი ვეღარ ნახეს, მდოლოდ ბოლო ხანს ქართული სიძველეთა ნაშთი აღმოჩნდა კვიპროსის ბერძენთა სავანეში — კიკოს მონასტერში.

ღალიის მონასტერი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო.

ღალიის მონასტერი მდებარეობს კვიპროსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პაფოსის პროვინციის პატარა ისტორიული ქალაქის პოლის ქრისოქოსის მახლობლად ტყეში, სანაპიროდან დაახლოებით ხუთ კილომეტრის დაშორებით.

მონასტრის ნანგრევები 1981 წელს აღმოაჩინა ამერიკაში ემიგრირებულმა ქართველმა მეცნიერმა ვახტანგ ჯობაძემ რომელიც XII საუკუნის ქართულ ცნობებს ეყრდნობოდა. სისტემატიური არქეოლოგიური გათხრები მხოლოდ 2006 წელს დაიწყო მას შემდეგ რაც საქართველოს და კვიპროსის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი კვლევა-ძიების ჩატარების თაობაზე.

გათხრებმა გამოავლინა ქალწულ მარიამის ეკლესია, რომელიც არაუგვიანეს 1000 წლით თარითღება. უფრო გვიანდელი, წმ. გიორგის ტაძარი, XII საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს. მონასტერი საფუძვლიანად შეაკეთებინა თამარ მეფემ. მას შემდეგ იგი კიდევ ერთხელ განახლებულა XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე. საქართველოსა და კვიპროსზე გართულებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ აიძულა ქართველი ბერები მონასტერი მიეტოვებინათ. XVI საუკუნეში კი ღალია გაიძარცვა და ნანგრევებად იქცა.

აღმოჩენილია XIII-XIV საუკუნეების ქართული ფრესკები და წარწერები, საყოფაცხოვრებო და რელიგიური დანიშნულების სხვადასხვა ნივთი.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება