ქურქუმა

მცენარეთა გვარი

ქურქუმა[1] (ლათ. Curcuma) — მრავალწლოვანი ბალახების გვარი ჯანჯაფილისებრთა ოჯახისა. სიმაღლეში 0,5–3 მეტრს აღწევს. ფესურა სქელია, დამატებითი ფესვები ხშირად ბოლქვისებურადაა გამსხვილებული. ფოთლები ჩვეულებრივ მსხვილი, ლანცეტა ან წაგრძელებულია. ყვავილები მრავალნაირი შეფერვისაა, სამნაკვთიანი, ორსქესიანი, შეკრებილია კენწერულ ყვავილედებში. ყვავილსაფრის ყველაზე დიდი ფოთლის ძირში მდებარეობს მარტოული მტვრიანა. ნაყოფი კოლოფია. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ეთერის ზეთს.[2]

ქურქუმა

სახლის ქურქუმა (Curcuma longa)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  ჯანჯაფილისნაირნი
ოჯახი:  ჯანჯაფილისებრნი
გვარი:  ქურქუმა
ლათინური სახელი
Curcuma L., 1754
სინონიმები
  • Erndlia Giseke, 1792
  • Kua Medik., 1790
  • Paracautleya R.M.Sm., 1977
  • Stissera Giseke, 1792

ცნობილია 45-მდე სახეობა. გავრცელებული არიან სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ყველა ტროპიკულ ქვეყანაში სანელებელი, სამკურნალო (ანტისეფტიკური მოქმედება) და საღებავი მცენარეების სახით ამუშავებენ სახლის (C. longa, C. domestica), ხოროსნისებრ (C. zedoaria), იავურ (C. xanthorriza), სანელებელ (C. aromatica) და სხვა სახეობის ქურქუმებს. ფესვისაგან მიიღება სანელებლის ფხვნილი (ასევე უწოდებენ ქურქუმას), რომელიც შეიცავს ყვითელ საკვებ საღებავს (ქურქუმინი). ეს ფხვნილი შედის სუნელების ნარევების შემადგენლობაში, განსაკუთრებით კარიში. ქურქუმინი გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმის, კარაქის, ყველისა და სხვათა შესაღებად. ვიწროფოთოლა ქურქუმა (C. angustifolia) მოშენებულია როგორც ძვირფასი სახამებელმატარებელი მცენარე, ლეგა ქურქუმა (C. caesia) — როგორც ნედლეული პარფიუმერიისათვის.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 540.
  2. 2.0 2.1 Яковлев Г. П. Куркума // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 415.