ქურთული სამზარეულო

ქურთული სამზარეულო (ქურთ. Pêjgeha kurdî) — ტრადიციული ქურთული კერძების ერთობლიობა. მას მრავალი საერთო აქვს მეზობელ ირანულ, თურქულ, სომხურ, სირიულ და ერაყულ გასტრონომიებთან. ზოგიერთი კერძი, როგორიცაა ბირიანი, ინდურ კულინარიასთანაა საზიარო. ზოგადად, ქურთული სამზარეულო ტიპური დასავლეთაზიური გემოებითა და კერძებით ხასიათდება.

ტრადიციული ქურთული კერძები

კულინარიული ტრადიციები

რედაქტირება

ქურთული გასტრონომია ხილითა და ბოსტნეულით მდიდარია. ხორცეულიდან ყველაზე ხშირად ცხვრისას და ქათმისას იყენებენ. საუზმე, როგორც წესი, შედგება ლავაშით, ყველით, თაფლით, იოგურტითა და შავი ჩაით. სადილზე ძირითადად პომიდვრის სოუსში მოშუშულ ბოსტნეულსა და ცხვრის ხორცს მიირთმევენ. ამასთან ერთად, სადილზე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფლავი და ადგილობრივი ბრტყელი პური, სახელად ნაანი. ქურთისტანის კლიმატი ხელს უწყობს ყურძნის, ლეღვის, ბროწეულისა და კაკლის მოსავლიანობას. აღსანიშნავია ქურთული თაფლიც, რომელიც მკაფიოდ მსუბუქი არომატით ხასიათდება და ექსპორტზეც გააქვთ. ქურთები მრავალი სახის ქუბბასა და კოფტას ამზადებენ, რომლებიც, ტრადიციისამებრ ხორცითაა ხოლმე სავსე.

ტკბილი შავი ჩაი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია ქურთისტანში, მწარე, ძლიერ ყავასთან ერთად. კიდევ ერთი გავრცელებული ქურთული სასმელია სორანი, იგივე მარილწყალში გახსნილი იოგურტი. ასეთივე ცნობილია დო. ორივე სასმელს ხშირად პიტნას, კამას, ომბალოს ან ე.წ. Patricia Kurdica-ს ხის თესლს უმატებენ და ისე მიირთმევენ.

ქურთული სამზარეულოს მთავარი კერძებია: ბერბესელი, ბირიანი, დოქლივი, კელანე, ქულერენასკე, ქუტილკი, კუკი (ხორცის ან ბოსტნეულის ღვეზელი), ბირინჩი (მოხარშული თეთრი ბრინჯი ხორცით, ბოსტნეულით, ან მწვანილებით), ასევე ბევრია სალათი, ნამცხვარი და სასმელები, რომლებიც ავთენტური გემოებით ხასიათდება. სხვა პოპულარული კერძებიდან აგრეთვე აღსანიშნავია მაქლუბა, კოფტა, შიფტა, შილა, კვერცხიანი ისპანახი, ხორბლისა და ოსპის სუპი, ჭარხლისა და ხორცის წვნიანი, ტკბილი ტურნეფსი, კარდამონის ორცხობილები, ბურღულის ფლავი, მენემენი, მეჰირი, იაპრახი, ჩიჩმა (ეს კერძი ძირითადად ერბილის პროვინციაშია გავრცელებული), ტეფტი, ნისკენე და ნისკანი.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქურთული კერძია ქარდუფილაუ, რომელიც პოპულარულია ფირანშაჰისა და მაჰაბადის მხარეებში. ქურთ ფერმერებში განსაკუთრებით პოპულარულია ტრადიციული კერძი სავარი, რომელიც მზადდება ხორბლის მოხარშული მარცვლებისაგან. უნდა აღინიშნოს ტაფსიც: ბადრიჯნის, მწვანე წიწაკის, გოგრისა და კარტოფილის კერძი ოდნავ ცხარე პომიდვრისა და ხახვის ცივი სოუსით.

ტიპური ქურთული საუზმის კიდევ ერთი სახე არსებობს, რომელზეც, როგორც წესი, წარმოდგენილია: ყველი, კარაქი, ზეთისხილი, კვერცხი, კიტრი, პომიდორი, წიწაკა და რეჩელი (ჯემი/მარმელადი) და თაფლი. დილით ქურთისტანში აგრეთვე ძეხვის, ცომეულისა და სუპების მირთმევაც ნორმად ითვლება. საუზმისას უფრო პოპულარულია პიდე, ქურთული პურის კიდევ ერთი სახეობა, რომელიც არის უფრო სქელი და თეთრი შეფერილობის. ერთადერთი, რაც საუზმეზე უცვლელია და ყველა მიირთმევს, არის შავი ჩაი. ამასთან, ამ დროს შესაძლოა სუფრაზე წარმოდგენილი იყოს მენემენი, კერძი, რომელიც მზადდება შემწვარი პომიდვრის, ზეითუნის ზეთის, კვერცხისა და მწვანე წიწაკისგან.

სადღესასწაულო კერძები

რედაქტირება

ნოვრუზის პერიოდში ქურთები ქალაქგარეთ გადიან და პიკნიკებს აწყობენ. ამ დროს ისინი მიირთმევენ ტრადიციულ კერძებს, უმეტესად ტოლმას და თან ცეკვავენ ქურთულ ცეკვას, რომელსაც ჰალპერკი ჰქვია.

დღესასწაულებზე ქურთი ხალხი ამზადებს შედარებით ძვირადღირებულ კერძებს, როგორებიცაა: ფლავი, ბირიანი, ტოლმა, ქათამი და ა.შ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hülya Baba: Die traditionelle kurdische Küche. Ein Kochbuch. Fotos von Christina Fischer, aus dem Kurdischen von Ilanit Doege und Hülya Baba, deutsch und kurdisch, Edition Orient, Berlin 2011, ISBN 978-3-922825-11-1.
  • Ala Barzinji: Traditional Kurdish Food: An Insight into Kurdish Culinary Heritage. Troubador Publishing, Leicester 2015, ISBN 978-1-78462-414-9.
  • "Middle East". 2008-02-01. Archived from the original on February 1, 2008. Retrieved 2012-05-21.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება