ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი

ქობულეთის დაცული ტერიტორიები (ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი) შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების, როგორც მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით, რომელთა სტატუსიც აღიარებულია რამსარის კონვენციით. აღნიშნული ტორფნარები მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მოიცავს ქობულეთის ზღვისპირა ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, გამოირჩევა წყლის ფრინველთა და მცენარეების მრავალფეროვნებით.

ჭაობის როლი, მიუხედავად საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულებისა, საკმაოდ დიდია და სხვადასხვა ფუნქცია აკისრია. უპირველეს ყოვლისა, ჭაობი უზრუნველყოფს მტკნარი წყლის დაგროვებას, შენახვას და არეგულირებს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დინებას, რის საშუალებითაც ხდება გრუნტის წყლების დონის შენარჩუნება. ჭაობი, ასევე, უზრუნველყოფს კლიმატური პირობების სტაბილიზაციას, აკავებს ეროზიას და ინარჩუნებს ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას. ეს ჭაობი მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მდგარი მცენარეთა და ცხოველთა სახეობების საცხოვრებელი ჰაბიტატია, ხოლო გადაფრენის პერიოდში — ფრინველთა შესვენების ადგილი.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფიან ჭაობებს. რელიეფი ბრტყელი და ოდნავ ეროზირებულია მდინარეების, შავი ღელესა და ტოგონის მიერ. აქ ზღვის ტიპური, ნოტიო, სუბტროპიკული კლიმატია. წლიური ნალექიანობა 1500–2500 მმ-ია, რომლის დიდი წილი, წვიმის სახით შემოდგომისა და ზამთრის სეზონებზე მოდის. ქობულეთის დაცული ტერიტორიების ჭაობიანი ჰაბიტატები გადამფრენი წყლის ფრინველთა სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მაგრამ განსაკუთრებულად მდიდარია მცენარეთა სახეობებით. ისპანი 1-ზე, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოდგენილია ნახევრად დეგრადირებული მეორადი მცენარეული დაჯგუფებები. ისპანი 2 მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური პერკოლაციური — გუმბათოვანი ჭაობია, რომელიც მხოლოდ წვიმის წყლით საზრდოობს. ქობულეთის დაცული ტერიტორიების ტორფიანი ჭაობის საერთო ფონს ქმნის ტორფის ხავსები — სფაგნუმის სახეობები, ე.წ. „იმერული ისლი“, რინხოსპორები (თეთრი რინხოსპორა, კავკასიური რინხოსპორა), ტორფის ისლი, წყლის სამყურა, მრგვალფოთოლა დროზერა და ზოგიერთი სხვა სახეობები. ამ მცენარეთა უმეტესობა ჩრდილოური (ბორეალური) წარმოშობისაა და კოლხეთში მოხვდა მეოთხეული პერიოდის გამყინვარების ეპოქებში. აქაურ ტორფიან ჭაობებში იზრდება კოლხური მცენარეებიც: შქერი, იელი, ეკალღიჭი და სხვ. ქობულეთის აღკვეთილში ასევე გვხვდება იშვიათი სახეობის სამეფო გვიმრაც.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება