ვანო ქიქოძე

(გადამისამართდა გვერდიდან ქიქოძე, ვანო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქიქოძე.

ვანო ტიტეს ძე ქიქოძე (დ. 1905 — გ. 30 ივნისი, 1988, მიუნხენი, გადმოასვენეს საქართველოში 1990 წლის 16 იანვარს) — გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფოტოგრაფი, კოლექციონერი.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ექიმ ტიტე ქიქოძესა და ნინო ბარათაშვილის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში, ხოლო 1924 წელს თავის და-ძმასთან, ეკატერინესა და გიორგისთან ერთად გაემგზავრა გერმანიაში უმაღლესი განათლების მისაღებად. იგი ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

საქართველოში დაბრუნებული ვანო ქიქოძის ძმა — გიორგი ოთხჯერ დაიჭირეს, როგორც ევროპაში განათლება მიღებული არასაიმედო პიროვნება და ჯაშუში.

ვანო ქიქოძე თავის დასთან ერთად გერმანიაში დარჩა. იმოგზაურა მაშინდელ თურქეთის ტერიტორიაზე და სლაიდებზე აღბეჭდა ქართული კულტურის ძეგლები, რომლებიც თავისის სიკვდილის შემდეგ მის საკუთრებაში დაცულ ქართული იარაღის მდიდარ კოლექციასთან ერთად უსახსოვრა საქართველოს. ამის შესახებ მოთხრობილია რეზო თაბუკაშვილის ფილმში „მიუნხენიდან საქართველოში“.

ვანო ქიქოძე საქართველოში მხოლოდ ერთხელ, 1979 წელს ჩამოვიდა. მოინახულა მშობლიური სოფელი, ნათესავები, ყველაფერი ფირზე გადაიღო და თან წაიღო.

1988 წლის 30 ივნისს ვანო ქიქოძე გარდაიცვალა. წელიწადნახევრის შემდეგ მისი ანდერძის თანახმად მისი ნეშტი საქართველოს მიწას მიაბარეს, იქ სადაც მისი დიდი წინაპრები ზაალ ბარათაშვილი (დედის პაპა) და გაბრიელ ეპისკოპოსი (პაპის ძმა) განისვენებდნენ. დასაფლავებულია ვაკის სასაფლაოზე თავისი ძმის გიორგი ქიქოძის გვერდით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „ანდერძის აღსრულება“, გაზეთი «კომუნისტი», 1990, 15 იანვარი.