ქეთევანი (იმერეთის დედოფალი)
ქეთევანი დავითის ასული, ქეთეონ, (დ. 1648 — გ. 16 აპრილი, 1719, მოსკოვი) — დათუნა კახთ ბატონიშვილის ქალიშვილი. ცოლად ჰყავდა ჯერ იმერეთის მეფე ბაგრატ IV-ს, შემდეგ კი — არჩილს. ამ უკანასკნელთან ერთად 1684 წელს გადასახლდა რუსეთში, სადაც ცნობილი იყო ეკატერინე დავითის ასულის სახელით.
ქეთევანი იყო მეფე თეიმურაზ I-ის ძის, დავით (დათუნა) ბატონიშვილის და მისი მეუღლის, ელენე დიასამიძის ქალიშვილი. დათუნა ყიზილბაშებთან და მათ მოკავშირე ქართველებთან ბრძოლაში დაიღუპა 1648 წელს. ქეთევანის აღზრდა მისმა მამიდამ და იმერეთის დედოფალმა დარეჯანმა იკისრა. 1660 წელს დარეჯანმა ქეთევანი საკუთარ გერს, მისი ახალგარდაცვლილი მეუღლის, ალექსანდრე III-ის შვილსა და მემკვიდრეს — ბაგრატ IV-ს შერთო ცოლად. დარეჯანის სწრაფვამ ძალაუფლებისაკენ იმერეთის სამეფო ოჯახში ურთიერთობები გაამწვავა. იგი ცდილობდა ბაგრატი დაეყოლიებინა გაშორებოდა ქეთევანს და თავად დარეჯანი შეერთო ცოლად. როდესაც ბაგრატმა დედინაცვლის შეთავაზება უარყო, დარეჯანმა მას შეთქმულება მოუწყო, დაატყვევა და დააბრმავებინა, თვით კი აზნაურ ვახტანგ ჭუჭუნიაშვილზე იქორწინა და იმერეთის მმართველობა ხელში ჩაიგდო. იმერეთი მრავალწლიან სამოქალაქო ომში გაეხვა. 1661 წელს მტრებისგან შევიწროებულმა დარეჯანმა დახმარება ქართლის მეფე შაჰნავაზს სთხოვა და ქეთევანის შაჰნავაზის ვაჟზე, არჩილ ბატონიშვილზე დაქორწინება შესთავაზა. შეთანხმება ჩაშალა იმერეთში მორიგმა არეულობამ, რომლის დროსაც დარეჯანიც და ქეთევანიც ახალციხის ფაშის ტყვეობაში აღმოჩნდნენ ოლთისში. ვახტანგმა არჩილის დაჟინებული თხოვნით ქეთევანი დიდი თანხის სანაცვლოდ დაიხსნა. 1668 წელის 22 მარტს მათ სამეფო ქორწილი გადაიხადეს თბილისში. არჩილი კახეთის ტახტზე იჯდა და კახთა მეფის შვილიშვილზე ქორწინებას მისთვის პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. 1675 წელს არჩილს უთანხმოება მოუვიდა სპარსეთის დიდ ვეზირთან, კახეთი მიატოვა და იმერეთის ტახტზე დამკვიდრება გადაწყვიტა. მრავალჯერადი მცდელობების, გადატრიალებებისა და შინაომების შემდეგ არჩილმა იმერეთის ტახტის დაუფლების იმედი დაკარგა და 1684 რუსეთში თავშესაფარი ითხოვა, 1699 წელს კი იქ საბოლოოდ დასახლდა.
ემიგრაციაში სამეფო წყვილის ცხოვრებას დაღი დაასვა მათი ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ვაჟიშვილის, რუსეთის არმიის არტილერიის უფროსის — ალექსანდრე ბატონიშვილის ტყვეობამ შვედეთში და მისმა გარდაცვალებამ 1711 წელს. ორი წლის შემდეგ აღესრულა არჩილ მეფეც და ქეთევანი რუსეთის მთავრობის მიერ არჩილისადმი ბოძებული მამულების მემკვიდრე გახდა. ეს მამულები მდებარეობდა სოფელ ვსეხსვიატსკოეში (მოსკოვის გუბერნია) და ლისკოვოში (ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნია). ქეთევანი 71 წლის ასაკში, 1719 წლის 16 აპრილს გარდაიცვალა მოსკოვში. ძლიერი წყალდიდობის გამო ის რამდენიმე კვირის შემდეგ, 1719 წლის 5 მაისს დაკრძალეს არჩილის გვერდით დონის მონასტერში. ვსეხსვიატსკოეში ცხოვრებას მათი ქალიშვილი დარეჯან ბატონიშვილი განაგრძობდა, საბოლოოდ კი ბაგრატიონთა მამულები რუსეთში კიდევ ერთ ქართველ გვირგვინოსან ემიგრანტს, ვახტანგ VI-ს გადაეცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართლის ცხოვრება : ბატონიშვილი ვახუშტი – აღწერა სამეფოსა საქართველოსა / ტომი IV / რედაქტორი: სიმონ ყაუხჩიშვილი ; საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი. თბილისი : საბჭოთა საქართველო , 1973. გვ. 454, 603.
- პირთა ანოტირებული ლექსიკონი : XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით : ტომი IV / თბილისი : არტანუჯი, 2007. ISBN 978-99940-59-79-9. გვ. 363.
- Забелин, Иван Егорович (1820-1908/09). Историческое описание Московского ставропигиального Донского монастыря / Сост. И. Забелин. - Москва : В тип. Грачева и К°, 1865. გვ. 141.