ქაქუთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
(გადამისამართდა გვერდიდან ქაქუთი (ოზურგეთის რაიონი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქაქუთი (მრავალმნიშვნელოვანი).

ქაქუთი, გამოღმა ქაქუთისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ჭანიეთის თემში (სოფლები: ვაშტიალი, ქაქუთი, ჭანიეთი).

სოფელი
ქაქუთი

ჩოლოქის ბრძოლის (1854) გეგმა. მასზე დატანილია სოფელი ქაქუთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჭანიეთი
კოორდინატები 41°51′15″ ჩ. გ. 41°58′15″ ა. გ. / 41.85417° ჩ. გ. 41.97083° ა. გ. / 41.85417; 41.97083
ადრეული სახელები გამოღმა ქაქუთი
ცენტრის სიმაღლე 200
მოსახლეობა 282[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 94,7 %, სომხები 4,6 %, რუსები 0,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქაქუთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ქაქუთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
ქაქუთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ქაქუთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

გეოგრაფია რედაქტირება

ქაქუთი მდებარეობს მდინარე ჩოლოქის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 120-200 მეტრზე, ოზურგეთიდან 11 კმ., ჭანიეთიდან 5 კმ. სოფელს აღმოსავლეთით ესაზღვრება ჭანიეთი, დასავლეთით და სამხრეთით გაღმა ქაქუთი, ჩრდილოეთით კი ნარუჯა. სოფელი შეფენილია მდინარე ჩოლოქის ნაპირიდან ნაბადას მთის ძირამდე. დამახასიათებელია ზომიერი კლიმატი, ხშირი შერეული ტყე, წყალუხვი მდინარეები: ჩოლოქი, მოყვირალი, კოდისწყალი, ორპირღელე, ჭალაღელე, სათოვლია, რომლის ხეობაშიც თოვლს ინახავდნენ, ბეჟანას საცივი. სოფლის უმაღლესი წერტილია „ჯიხური“, რომელიც ზღვიდან პირდაპირი ხაზით 25 კმ-ითაა დაშორებული. აგრეთვე მაღალი ადგილებია მაცხოვრის გორა, სადაც ნაეკლესიებია, შავი ტყე და პიტაურის მთა.

ისტორია რედაქტირება

სახელწოდება ქაქუთი სავარაუდოდ სვანური წარმოშობისაა. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით კი გურიელებს ჰყავდათ ოდიშიდან დაქირავებული მეჯოგე გვარად ქაქუთია, რომელიც ამ ადგილებში აძოვებდა ნახირს. ისტორიულ წყაროებში ის მეზობელ სოფელ ჭანიეთზე უფრო ადრე მოიხსენიება. სოფელში აღმოჩენილი ბრინჯაოს ცულის პირი ინახება ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში. ქაქუთი გაღმა ქაქუთთან ერთად წარმოადგენდა ერთ სოფელს და შედიოდა ლიხაურის სასოფლო საზოგადოებაში. მდინარე ჩოლოქი მას ყოფდა გაღმა და გამოღმა ქაქუთად. სოფელი ორად გაიყო მას შემდეგ, რაც 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით ოსმალეთმა მიიღო ტერიტორია მდინარე ჩოლოქის სამხრეთით.[2] სოფლები ერთმანეთთან დაკავშირებულია საცალფეხო ხიდით.

ქაქუთზე გადიოდა გურიასა და ოსმალეთის დამაკავშირებელი გზა, რომლითაც ხშირად სარგებლობდნენ ტყვეთა სყიდვაში ჩაბმული პირები. ერთი მოსაზრებით, სწორედ გაყიდულ ტყვეთა სასოწაკვეთილ ყვირილს უკავშირდება ჩოლოქის ერთ-ერთი შენაკადს, მოყვირალას სახელი. სხვა ვერსიით კი მდინარე ადიდებისას ყვირის. 1854 წელს სოფლის მიდამოებში მოხდა ჩოლოქის ბრძოლა.

1870-იან წლებში ქაქუთი და ჭანიეთი მოინახულა და აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ. ქაქუთში იდგა მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი, რომელიც 1870-იან წლებში აშენდა. ტაძარი იყო ნაგები ურთხელის ხით და მდებარეობდა თავდგირიძეების მამულში. აქ დაუკრძალავთ გიორგი თავდგირიძე, რომელიც გიორგი III გურიელის დროს მოღვაწე ცნობილი პირი უნდა ყოფილიყო. მან ტაძარს შესწირა ქრისტეს ვერცხლის ხატი. ტაძარშივე ინახებოდა პაატა ბოლქვაძის მიერ მოჭედილი ვერცხლის ფეშხუმი. ეკლესიისგან შემორჩენილია ტრაპეზის ქვა. გურიელის სამოსახლო ღრმა თხრილით იყო შემოსაზღვრული, მის ტერიტორიაზე იდგა კირქვისა და ყორის ქვით ნაშენი მცირე (18-20 მ²) სამლოცველო. ამ ადგილზე შენდება წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი. გურიელების კიდევ ერთი სასახლე, საზაფხულო რეზიდენცია იდგა მდინარე ჩოლოქის ნაპირას. მიწის დამუშავებისას ამ ადგილზე სხვადასხვა დროს უნახავთ თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, ყორის ნაშთები.

1891 წელს სოფელში ლიხაურელმა რაჟდენ კონტრიძემ გახსნა ერთკლასიანი სამრევლო სკოლა.[3] სკოლა მოუხერხებელ ადგილზე მდებარეობდა და ის ერთ წელიწადში გურიელების ნასახლარზე გადაიტანეს. გახსნის დროს მასში 30 ქრისტიანი და 15 მუსლიმი მოსწავლე სწავლობდა. 1895 წელს სკოლა მოულოდნელად დაიწვა. იმავე ადგილზე ააგეს ახალი სკოლა ბიბლიოთეკითურთ. სკოლას ეხმარებოდნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ლიხაურის ეკლესიის მღვდელი ნესტორ კონტრიძე, ადგილობრივი მართლმადიდებელი და მუსლიმი მოსახლეობა.[4] 1920-იან წლებში სკოლის ძველი შენობა დაანგრიეს და ააგეს ახალი, ხის შენობა, რომლის მშენებლობაშიც გამოიყენეს მთავარანგელოზთა დანგრეული ეკლესიის ფიცრები.

სოფელში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყო ღომი, სიმინდი და ბრინჯი. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა ჭანიეთის მეჩაიეობის კოლმეურნეობა. XX საუკუნის 50-იან წლებში ჩაის წარმოების ზრდის დროს გაიზარდა სოფლის მოსახლეობა, ამ დროს სოფელში დასახლდნენ სომხები, რომლებმაც სოფელი 15-20 წლის შემდეგ დატოვეს, მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დარჩა. მათ დასახლებას პირობითად „ერევნის ქუჩას“ უწოდებდნენ. 1965 წელს აშენდა სკოლის ახალი, კაპიტალური ერთსართულიანი შენობა. სკოლა მოსწავლეთა სიმცირის გამო დაიხურა 2011 წელს.

მოსახლეობა რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[5] 624
1911[6]   229
2002   350
2014   282 139 143

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ნოზაძე ვ. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, გვ. 8 — თბილისი, 1989 წ.
  3. გაზეთი „კვალი“ N22 – 1896 წ.
  4. გაზეთი „ივერია“, N189 გვ. 4 1899 წ.
  5. Кавказский календарь на 1910 год
  6. Кавказский календарь на 1912 год