ქართულ-ბიზანტიური მონეტა

ქართულ-ბიზანტიური მონეტა — X— XII საუკუნის დასაწყისის ხანის ვერცხლის ქართული მონეტები, რომელთა წარწერებშიც ქართველი მმართველები და მეფეები ბიზანტიის ტიტულებით არიან მოხსენიებული. ასეთებია:

  • დავით კურაპალატის (გ. 1001) მონეტა. ნაპოვნია 3 ცალი, მასა 3,1—3,50 გ. შუბლზე ორსტრიქონიანი ქართული ასომთავრული ზედწერილია:„ქრისტე, შეიწყალე დავით“. ზურგზე გამოხატულია ოთხსაფეხურიან კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარი, რომლის ტოტებს შუა ასომთავრული ქარაგმით წერია„კპტი“ (კურაპალატი). სავარაუდოა, რომ ეს ტიტული ტაო-კლარჯეთის მფლობელს მიენიჭა იმ დახმარების სანაცვლოდ, რომელიც მან ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II-ს აღმოუჩინა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობისას (979). ამიტომ დავითის მონეტებიც ამ წლით უნდა დათარიღდეს. საინტერესოა, რომ დავით კურაპალატის დღემდე ცნობილი სამივე მონეტა საქართველოს საზღვრებიდან შორსაა აღმოჩენილი: ერთი ნაპოვნია 1859 წელს ქ. შვანის მახლობლად (ახლანდელი გერმანია), მეორე 1878 ოლონეცის გუბერნიაში ლოდეინოე-პოლეში (ლენინგრადის ოლქი), ხოლო მესამე — 1900-იან წლებში ვილაში (ესტონეთი);
  • ბაგრატ IV (1027—1072) მონეტა, მასა დაახლოებით 1,56 გ. მოჭრილია ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე IX მონომაქოსის (1042—1055) მონეტების მიხედვით. ნაპოვნია 8 ცალი მათზე წარწერილი ბიზანტიის ტიტულის მიხედვით, ორ ჯგუფად იყოფა. პირველი: შუბლზე ორმაგი წერტილოვანი რკალით გარშემოცლებული ვლაქერნის წმინდა ღვთისშობლის წელზევითი გამოსახულება და თავის ირგვლივ განლაგებული ბერძნული ზედწერილი: „წმინდა ღვთისმშობელი“. ზურგზე — მონეტის კიდეებზე, წერტილოვან რკალს შიგნით, ქართული ასომთავრული ზედწერილი: „ქრისტე, ადიდე ბაგრატ, აფხაზთა მეფე“. ცენტრში, ასევე წერტილოვანი რკალით გარშემოვლებულია სამსტრიქონიანი წარწერა: „და ნოველისიმოსი“. ნოველისიმოსის ტიტულს ბაგრატ IV ატარებდა 1057—1060 წლებში. ეს მონეტებიც ამ დროით უნდა დათარიღდეს.1060 წელს თურქ-სელჩუკების თავდასხმის საშიშროებასთან დაკავშირებით მას სევასტოსობა უბოძეს, რაც აისახა კიდეც მეორე ჯგუფის მონეტებზე. ზემოაღწერილთაგაბ ისინი განსხვავდებიან იმით, რომ „ნოველისიმოსის“ ტიტული შეცვლილია „სევასტოსით“.
  • გიორგი II-ის (1072—1089) მონეტა, ნაპოვნია 100 ცალი ქართული ლეგენდის მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა. პირველი შუბლზე წერტილოვან რკალში ჩასმული ვლაქერნის ღვთისმშობლის წელზევითი გამოსახულება, თავზე შარავანდედით და 3 ვარდულით. გამოსახულების გვერდებზე ბერძნული ზედწერილია: „წმინდა ღვთისმშობელი“. ზურგზე შერწყმულ წერტილოვან რკალში, ზედწერილია: „ქრისტე, ადიდე გიორგი აფხაზთა და ქართველთა მეფე“. ცენტრში სამ სტრიქონად განაწილებულია: „და ნოველისიმოსი“. II და III ჯგუფის მონეტები ზემოაღწერილისაგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ „ნოველისიმოსი“ შეცვლილია „სევასტოსითა“ და „ კესაროსით“. პირველი ორი სამონეტო ჯგუფი 1072—1081 წლებით, ხოლო მესამე 1081—1089 წლებით უნდა დათარიღდეს.
  • დავით აღმაშენებლის (1089—1125) მონეტები ბიზანტიის ტიტულებით. ნაპოვნია 6 ცალი, მასა 0,51—0,87 გ. ორ ტიპად იყოფა. პირველი იმეორებს ბაგრატ IV-სა და გიორგი II-ის მონეტებს, შეცვლილია მხოლოდ ზურგის ქართული ზედწერილი:„ქრისტე, ადიდე დავით აფხაზთა მეფე და სევასტოსი“. დავითის მეორე ტიპის მონეტა პირველისაგან იმით განსხვავდება, რომ მის ზურგზე გამოხატულია ჯვარი და ფრაგმენტულად შემორჩენილი ქართული ზედწერილი: „ქრისტე, ადიდე დავით მეფე და...“ აქ შეიძლება ყოფილიყო ან „სევასტოსი“, ან „პანიპერსევასტოსი“. ორივე ტიპის მონეტის ემისიის თარიღად უნდ მივიჩნიოთ 1085—1103 წლები. გაერთიანებული საქართველოს ძლიერმა მეფემ შემდგომში ჯერ უარი თქვა თავის მონეტებზე ბიზანტიური ტირულების მოთავსებაზე (დავით აღმაშენებლის მონეტა) და ბოლოს — საერთოდ მონეტის ბიზანტიურ ტიპზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კაპანაძე დ., ქართული ნუმაზმატიკა, თბ., 1969
  • სტეფნაძე ფ. XI—XII საუკუნეების საქართველოს მეფეთა ტიტულების გაგებისათვის, კრ.: ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976
  • Потия В. М., Кебуладзе П. В., Монеты Давида Курап[алата в кладах западноевропейских денариев, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1970, №2