ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადა

ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადა — ღონისძიება, რომელსაც ფიდე 1957 წლიდან ატარებს (1972 წლიდან - ყოველ 2 წელიწადში). ამ შეჯიბრებაში ქალთა ეროვნული გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებიან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებისთვის.

საბჭოთა კავშირი არის რეკორდსმენი ჯილდოების მოპოვებაში - სულ 11 ჯილდოთი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩინეთი და საქართველო ლიდერობენ - თითოეულ ქვეყანას იგი ოთხჯერ აქვს მიღებული. ჯილდო აგრეთვე მოგებული იქნა უნგრეთის, უკრაინისა და ისრაელის მიერ (უკანასკნელმა ჯილდო მოიგო სოციალისტური ქვეყნების ბოიკოტის დროს).

ისტორია რედაქტირება

 
ვერა მენჩიკი

გუნდური შეჯიბრებების ჩატარების იდეა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში გაჩნდა. 1825-1827 წლებში ერთმანეთს ედინბურგისა და ლონდონის მოჭადრაკეები შეხვდნენ. 1842-1845 წლებში იმართებოდა მატჩები ბუდაპეშტის და პარიზის გუნდებს შორის. იმ დროის ცენტრალური, მოვლენა კი ლონდონისა და პარიზის საჭადრაკო კლუბების მატჩები იყო, რომელთაგანაც ბოლო 1893 წელს ჩატარდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში გუნდური შეჯიბრებები კიდევ უფრო ხშირი გახდა. ძირითადად ერთმანეთს ხვდებოდნენ მეზობელი ქვეყნების გუნდები (გერმანია და ნიდერლანდები, შვედეთი და დანია).

1924 წლის ოლიმპიური თამაშების დროს პარიზში გაიმართა ე.წ. მოყვარულ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი (ოლიმპიურმა კომიტეტმა უფლება არ მისცა ტურნირში ეთამაშათ ისეთ გროსმაისტერებს, როგორებიც იყვნენ ალექსანდრე ალიოხინი, არონ ნიმცოვიჩი, საველი ტარტაკოვერი, ზიგბერტ ტარაში, მილან ვიდმარი და სხვა). შეჯიბრება ჩატარდა ორ ეტაპად. ცხრა ჯგუფად გადანაწილებული 54 მოჭადრაკე ჯერ ქვეჯგუფებში არკვევდა ურთიერთობას, ხოლო შემდგომ ცხრა გამარჯვებულმა ფინალურ ტურნირში გაითამაშა ჩემპიონის ტიტული. პარალელურად ერთი ქვეყნის წარმომადგენლების ქულათა ჯამის მიხედვით დაითვალა გუნდური შედეგებიც. გამარჯვებულად გამოცხადდა ჩეხოსლოვაკიის გუნდი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი პირობითი იყო, ვინაიდან ქვეყნებს სხვადასხვა რაოდენობის წარმომადგენლები ჰყავდათ. მაგალითად ჩეხოსლოვაკიის ოთხკაციანმა გუნდმა მხოლოდ 3,5 ქულით გაუსწრო ლატვიის გუნდს, რომლის ღირსებას სულ სამი მოჭადრაკე იცავდა. არადა ლატვიელები გერმან მატისონი და ფრიცის აპშენიეკი პირველ ორ ადგილზე გავიდნენ ფინალურ ტურნირში.

ოლიმპიური ტურნირის ჩატარების მომდევნო ცდა 1926 წელს გაიმართა. ამ წელს ბუდაპეშტში ოთხი გუნდი (უნგრეთი, გერმანია, იუგოსლავია, რუმინეთი) შეიკრიბა. გუნდები ოთხ დაფაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს. ტურნირი ერთწრიანი იყო და უნგრელების გამარჯვებით დასრულდა. მან საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია და უკვე ერთი წლის შემდეგ, 1927 წელს ლონდონში 16 გუნდი შეიკრიბა. გუნდში ოთხი ძირითდი და ერთი სათადარიგო მოჭადრაკე ირიცხებოდა. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა ვაჟ მოჭადრაკეებს ეხებოდა. ქალთა ჭადრაკი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო იმდენად პოპულარული, რომ ფიდეს მათთვისაც ჩაეტარებინა ანალოგიური ტურნირი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალთა ჭადრაკი უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა. 1953 წლის აგვისტოში შაფჰაუზენში (შვეიცარია) გამართულ ფიდეს კონგრესზე საბჭოთა დელეგაციის წინადადებით შეიქმნა საგანგებო კომისია, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ ვერა ჩუდოვა (სსრკ, თავმჯდომარე), რუანა მარია ბრიუსი (ინგლისი), ფენი ჰეემსკერკი (ნიდერლანდები) და ედიტ კელერ-გერმანი (გდრ). ამ კომისიას უნდა შეემუშავებინა ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადების დებულება. 1954 წელს კომისიამ ეს დებულება ფიდეს წარუდგინა. კიდევ ორი წელი დასჭირდა შესწორებებისა და დამატებების შეტანას და საბოლოოდ გადაწყდა: პირველი ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართება 1957 წლის შემოდგომაზე ნიდერლანდების ქალაქ ემენში.

დაწესდა პრიზი გამარჯვებული გუნდისათვის. ეს იყო ვერა მენჩიკის სახელობის გარდამავალი თასი. დადგინდა, რომ ოლიმპიადები ყოველ სამ წელიწადში ერთხელ გაიმართებოდა. 1972 წლიდან კი, როცა ქალთა ჭადრაკმა კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა, ტურნირი ორ წლიან ციკლზე გადავიდა.

საბჭოთა ერა რედაქტირება

პირველი ოლიმპიადა როგორც ავღნიშნეთ ნიდერლანდების ქალაქ ემენში გაიმართა 1957 წლის 2-21 სექტემბერს. ქალთა ჭადრაკის ნაკლები პოპულარობის გამო, ფიდემ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო და გუნდებს სათადარიგოს გარეშე მხოლოდ ორი მოჭადრაკის ყოლის უფლება დართო. ტურნირში 21 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. გუნდები ჯერ სამ ქვეჯგუფად დაიყვნენ, ხოლო შემდეგ ქვეჯგუფების სამ-სამი გამარჯვებული კი ფინალურ ტურნირში არკვევდა ჩემპიონისა და პრიზიორების ვინაობას. გამარჯვებულად ცხადდებოდა ის, ვისაც მეტი ინდივიდუალური ქულა ექნებოდა მოგროვილი. ფავორიტებად საბჭოთა მოჭდრაკეები ითვლებოდნენ, რომელთა ღირსებას მაშინდელი მსოფლიოს ჩემპიონი ოლღა რუბცოვა და კირა ზვორიკინა იცავდნენ. მოულოდნელად დიდი ბრძოლა გაიმართა საბჭოთა კავშირის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის და რუმინეთის გუნდებს შორის. ოქროს მედლების ბედი გადაწყვიტა ორმა მომენტმა: მესამე ტურში საბჭოელებმა მოუგეს გერმანელებს 1,5-0,5 და მეხუთე ტურში რუმინელები მოულოდნელად დამარცხდნენ ინგლისელებთან. საბოლოოდ საბჭოთა გუნდმა და რუმინელებმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს, მაგრამ მოგებული მატჩების მეტი რაოდენობის გამო ჩემპიონებად საბჭოთა მოჭადრაკეები გამოცხადდნენ.

მეორე ოლიმპიადის ჩატარება ფიდემ მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ გადაწყვიტა. ტურნირი 1963 წლის 22 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე იუგოსლავიის ქალაქ სპლიტში გაიმართა. ფიდემ დაფათა რაოდენობა იგივე დატოვა, თუმცა გუნდებს ერთი სათადარიგო მოთამაშის ყოლის უფლება მისცა. ტურნირის მთავარი ფავორიტები კვლავ საბჭოთა მოჭადრაკეები იყვნენ, რომელთა ღირსებას იმდროინდელი მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, ტატიანა ზატულოვსკაია და კირა ზვორიკინა იცავდნენ. მათი მთავარი მეტოქეები იუგოსლაველი მოჭადრაკეები მილუნკა ლაზარევიჩი, ვერიცა ნედელკოვიჩი და კატერინა იოვანოვიჩი იყვნენ. ტურნირში ამჯერად 15 გუნდი მონაწილეობდა და ერთ წრედ ჩატარდა. მეოთხე ტურის შემდეგ საბჭოელები ერთი ქულით დაწინაურდნენ. შემდეგი რვა ტური ორივე გუნდმა 2-0 მოიგო. მე-13 ტურში საბჭოთა კავშირი ნაკრები ისვენებდა, ხოლო იუგოსლავიის გუნდმა ნიდერლანდელებს 1,5-0,5 მოუგო. გადამწყვეტი იყო მე-14 ტურის მატჩი ლიდერებს შორის. მეორე დაფაზე ნედელკოვიჩმა ზატულოვსკაიას მოუგო და ყველაფერი გაფრინდაშვილ - ლაზარევიჩის პარტიაზე იყო დამოკიდებული. გაფრინდაშვილმა მოიგო და ანგარიში გაათანაბრა. ბოლო ტურში იუგოსლავიელები ისვენებდნენ, ხოლო საბჭოელები გდრ-ს ნაკრებს ხვდებოდნენ. სიტუაციიდან გამომდინარე ორივე პარტია, გაფრინდაშვილმა და ზვორიკინამ სწრაფად დაამთვრეს ყაიმით და ოლიმპიდის ჩემპიონობაც გაინაღდეს.

მესამე ოლიმპიადა ფედერაციული გერმანიის პატარა ქალაქ ობერჰაუზენში გაიმართა 1966 წლის 3-15 ოქტომბერს. მონაწილეობდა 14 გუნდი. შეჯიბრება სენსაციით დაიწყო. საბჭოთა ნაკრები მშრალად (0-2, გაფრინდაშვილმა წააგო ნიკოლაუსთან) დამარცხდა რუმინელებთან შეხვედრაში. ამ წაგების შემდეგ სსრ კავშირის გუნდმა (ნ. გაფრინდაშვილი, ვალენტინა კოზლოვსკაია, ტ. ზატულოვსკაია) ზედიზედ 11 მატჩი მოიგო (მათ შორის ცხრა - ანგარიშით 2-0). რვა ტურის შემდეგ ლიდერობდა რუმინეთის გუნდი - 14 ქულა. მას ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა საბჭოთა ნაკრები. მეცხრე ტურში კიდევ ერთი სენსაცია მოხდა. ულიდეროდ მოასპარეზე რუმინელები (ისვენებდა ნიკოლაუ) დამარცხდნენ ამერიკელებთნ, 0-2. ამან საშუალება მისცა საბჭოთა ნაკრებს ხელში ჩაეგდო ლიდერობა, რაც მან ტურნირის ბოლომდე შეინარჩუნა და მესამედ მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონობა.

მეოთხე ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის გუნდში კიდევ ერთი ქართველი მოჭადრაკე გამოჩნდა. პოლონეთის ქალაქ ლუბლინში 1969 წლის 7-23 სექტემბერს გამართულ საჭადრაკო ბატალიებში ნ. გაფრინდაშვილთან და ალა კუშნირთან ერთად ნანა ალექსანდრია იბრძოდა სათადარიგო მოთამაშედ. ამ დროისათვის პოზიციები დათმეს რუმინელებმა (არ იყო ნიკოლაუ) და იუგოსლაველებმა. სამაგიეროდ დაწინაურდნენ უნგრელები, თუმცა ვერც მათ გაუწიეს ღირსეული წინააღმდეგობა საბჭოთა ნაკრებს, რომელმაც ტურნირის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე მოიპოვა ჩემპიონის წოდება. საბჭოელებს საუკეთესო შედეგი ჰქონდათ სამივე დაფაზე: პირველზე - ნ. გაფრინდაშვილს (9,5 ქუნა 10-დან), მეორეზე - ა. კუშნირს (8,5 ქულა 9-დან) და სათადარიგოზე - ნ. ალექსანდრიას (8 ქულა 9-დან).

მეხუთე ოლიმპიადა იუგოსლავიის ქალაქ სკოპიეში ჩატარდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვაჟთა და ქალთა ოლიმპიადები ერთდროულად და ერთ ქალაქში გაიმართა. ტურნირში ქალთა 23 გუნდი ასპარეზობდა. საბჭოთა ნაკრებს (ნ. გაფრინდაშვილი, ა. კუშნირი, ირინა ლევიტინა) ვერც ამჯერად გაუწიეს ღირსეული წინააღმდეგობა. ფინალურ ტურნირში მათ მთელი 3,5 ქულით ჩამოიტოვეს რუმინეთის ნაკრები, რომელსაც კვლავ დაუბრუნდა ა. ნიკოლაუ.

მეექვსე ოლიმპიადას კოლუმბიის ნარკოტიკული კარტელებით ცნობილმა ქალაქმა, მედელინმა უმასპინძლა. ტურნირი, რომელშიც 24 ქვეყნის 25 ნაკრები (კოლუმბიამ, როგორც მასპინძელმა ორი გუნდი გამოიყვანა) მონაწილეობდა 1974 წლის 16 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე გაგრძელდა. თუმცა შეიძლებოდა ერთი-ორი დღით ადრეც დამთავრებულიყო. საბჭოთა ნაკრებმა (ნ. გაფრინდაშვილი, ნ. ალექსანდრია, ი. ლევიტინა) ფინალური ტურნირი მარცხით დაიწყო. ალექსანდრია დამარცხდა ნიდერლანდელ ერიკა ბელთან. ამით კარგად ისარგებლეს მეტოქეებმა (რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი) და დაწინაურდნენ კიდეც. ვერც მეხუთე ტურის მატჩი მოიგეს საბჭოელებმა თავიანთ უშუალო მეტოქესთან, რუმინეთის ნაკრებთან, (მოიგო გაფრინდაშვილმა, წააგო - ლევიტინამ). ტურნირის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე ლიდერობდა ბულგარეთის გუნდი - 11,5 ქულა, 10,5 ქულა ჰქონდა უნგრეთის ნაკრებს, 10 - საბჭოთა კავშირის გუნდს და 9,5 - რუმინეთს. ბოლოსწინა ტურში რუმინელებმა 2-0 მოუგეს ბულგარელებს, ასეთივე ანგარიშით საბჭოელებმა დაამარცხეს დასავლეთ გერმანელები, ხოლო უნგრელებმა - ნიდერლანდელები. ასე რომ ბოლო ტურის წინ უნგრელებს 12,5 ქულა ჰქონდათ, საბჭოთა მოჭდრაკეებს - 12, რუმინელებს და ბულგარელებს - 11,5-11,5 ქულა. ბოლო ტურში რუმინელებმა ორი ქულა აიღეს ინგლისელებთან. ლევიტინამ მოუგო ჟუჟა ვერეცს, გაფრინდაშვილმა კი ვერ შესძლო მარია ივანკას წინააღმდეგობის დაძლევა და ისევე როგორც პირველ ოლიმპიადაზე რუმინეთისა და საბჭოთა კავშირის გუნდებს კვლავ თანაბარი ქულათა რაოდენობა აღმოაჩნდათ. დაინიშნა დამატებითი ორი მატჩი, თუმცა უკვე პირველივე მატჩის შემდეგ ცხადი გახდა თუ ვინ გახდებოდა ჩემპიონი. გაფრინდაშვილმა და ალექსანდრიამ არავითრი შანსი არ დაუტოვეს პოლიქრონიადეს და ბაუმშტარკს და 2-0 გაიმარჯვეს. მეორე მატჩში გაფრინდაშვილმა და ლევიტინამ სწრაფად გააფორმეს ყაიმები და სსრ კავშირის ნაკრებმა ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა ჩემპიონის საპატიო წოდება.

ალბათ არც მეშვიდე ოლიმპიადას წააგებდნენ საბჭოთა მოჭადრაკეები, რომ არა ფიდეს გადაწყვეტილება ჩაეტარებინათ მომდევნო ოლიმპიადა ისრაელის ქალაქ ჰაიფაში. საბჭოთა კავშირის ჭადრაკის ფედერაციის მოთხოვნამ, სხვაგან გადაეტანათ შეჯიბრება შედეგი არ გამოიღო და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ოლიმპიადას. წამყვანი საჭადრაკო ქვეყნების არყოფნამ თავისი დაღი დაასვა შეჯიბრებას. ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა ქალთა ტურნირში. თუმცა საბჭოთა საჭდრაკო სკოლა აქაც გამარჯვებული გამოვიდა. მასპინძლებმა, ყოფილმა საბჭოთა მოჭდრაკეებმა (ალა კუშნირი, ლუბა კრისტოლი, ოლგა პოდრაჟანსკაია) უსიტყვოდ მოიგეს ოლიმპიადა. აღსანიშნავია, რომ ფიდემ ამ ოლიმპიადაზე სამამდე გაზარდა დაფათა რაოდენობა.

მერვე ოლიმპიადა ბუენოს-აირესში გაიმართა. ტურნირს დაუბრუნდნენ სოციალისტური ბანაკის ქვეყნების გუნდები და შეჯიბრებაც უფრო მიმზიდველი გახდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია საბჭოთა ნაკრებისთვის (მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, ელენა ახმილოვსკაია) თავისუფლად, ხუთ ქულიანი უპირატესობით მოეგო ტურნირი.

ჩემპიონია „საქართველოს“ ნაკრები რედაქტირება

მეცხრე საჭადრაკო ოლიმპიადა გამორჩეულად შეიძლება ჩაითვალოს. მალტის დედაქალაქში ჩატარებულ ტურნირში საბჭოთა კავშირის ნაკრები მთლიანად ქართველი მოჭადრაკეებით (მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი) იყო დაკომპლექტებული. ოლიმპიადებზე ადრეც ყოფილა, რომ რომელიმე კონკრეტულ მატჩში სსრ კავშირის ღირსებას მხოლოდ ქართველები იცავდნენ ხოლმე, მაგრამ ახლა „საქართველოს“ ნაკრებს მთელი ოლიმპიადა უნდა გაევლო წარმატებით. ტურნირში 42 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა და იგი პირველად ჩატარდა შვეიცარიული სისტემით. რამდენიმე სერიოზულ მინუსთნ ერთდ ამ სისტემას ის ხიბლი აქვს, რომ ყოველ ტურში ლიდერები ხვდებიან ერთმანეთს. სულ გაიმართა 14 ტური. ქართველთა მთავარი მეტოქე ბოლო წლებში დაწინაურებული უნგრელი მოჭადრაკეები იყვნენ. ქართველებმა ტურნირი წარმატებით დაიწყეს, მაგრამ მესამე ტურში მოულოდნელად წააგეს ბულგარელებთან. ოთხი ტურის შემდეგ უნგრელები უკვე ორი ქულით გვისწრებდნენ. ქართველებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და მე-11 ტურის შემდეგ უკვე თავად იყვნენ წინ ერთი ქულით. ბოლო ტურის წინ ჩვენებს 30,5 ქულა ჰქონდათ, უნგრელებს — 30. ბოლო ტურში შეუპოვარ ჩინელებთან უნგრელებმა მხოლოდ ორი ქულის აღება შეძლეს. ამ დროს ჩიბურდანიძეს თავისი პარტია უკვე მოგებული ჰქონდა, გაფრინდაშვილმა და ალექსანდრიამ კი ყაიმები გააფორმეს თავიანთ მეტოქეებთან და ოლიმპიური ჩემპიონობაც იზეიმეს. „საქართველოს“ ნაკრები ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.

იგივე შემადგენლობა გაემგზავრა 1982 წელს ლუცერნში ჩატარებულ მეათე საჭადრაკო ოლიმპიადაზეც. ფავორიტებად რა თქმა უნდა კვლავ ქართველები ითვლებოდნენ. მათთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ უნგრელებს და რუმინელებს შეეძლოთ, მაგრამ ვერ შეძლეს. ტურნირის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონის ვინაობა ფაქტობრივად ცნობილი იყო. საბოლოოდ რუმინელები სამი, ხოლო უნგრელები მთელი შვიდი ქულით ჩამორჩნენ. „საქართველოს“ ნაკრები მეორედ გახდა საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი.

დები პოლგარები რედაქტირება

მომდევნო, მეთერთმეტე ოლიმპიადაზე, რომელიც 1984 წელს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ჩატარდა საბჭოთა ნაკრებში ალექსანდრია და იოსელიანი ირინა ლევიტინამ და ლიდია სემიონოვამ შეცვალეს. საბჭოთა ნაკრებმა კიდევ უფრო დიდი უპირატესობით (4,5 ქულით) ჩამოიტოვა მეორე ადგილზე გასული ბულგარეთის გუნდი და მეათედ დაეუფლა ვერა მენჩიკის თასს.

კვლავ თბილისური აღმოჩნდა საბჭოთა ნაკრების შემადგენლობა 1986 წელს. გუნდში ჩიბურდანიძესთან, გაფრინდაშვილთან და ალექსანდრიასთან ერთად, მაშინ საქართველოში მცხოვრები და თბილისელი მორაგბის, ვ. პეტუხოვის მეუღლე, ელენა ახმილოვსკაია გამოდიოდა. უნგრეთის ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში ჟუჟა ვერეცი, მარია ივანკა, ილდიკო მადლი და მარია გროში ასპარეზობდნენ, ცოტა ხანს კი სდია საბჭოთა ნაკრებს, მაგრამ საბოლოოდ მაინც 4,5 ქულით ჩამორჩა მათ.

1988 წელს უნგრელებმა მოახერხეს გუნდში დები პოლგარების ჩართვა. დაფების მიხედვით უნგრელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ჟუჟა პოლგარი, იუდით პოლგარი, ილდიკო მადლი და სათადარიგო სოფია პოლგარი. საბჭოთა ნაკრები (ჩიბურდანიძე, ახმილოვსკაია, ლევიტინა, მარტა ლიტინსკაია) მეხუთე ტურში მართლია დამარცხდა უნგრელებთნ, მაგრამ მეათე ტურის შემდეგ მაინც ნახევარი ქულით უსწრებდა მათ. აქ კი მოხდა მოულოდნელი რამ: შესანიშნავად მოასპარეზე ახმილოვსკაია (ამ დროისათის მას 8,5 ქულა ჰქონდა 9-დან) ცოლად გაყვა ამერიკელ საჭადრაკო მოღვაწეს, ჯონი დონალდსონს და მასთან ერთად დატოვა სალონიკი. ამან ცუდად იმოქმედა გუნდზე და დარჩნილ ოთხ ტურში მათ ვერ მოიგეს ორი მატჩი (ამერიკელებთან და ნიდერლანდელებთან) და საბოლოოდ ნახევარი ქულით ჩამორჩნენ უნგრელებს.

იგივე შემადგენლობა ჰყავდათ უნგრელებს 1990 წლის ოლიმპიადაზე ნოვი სადშიც. საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში კი ახმილოვსკაიას, ლევიტინას და ლიტინსკაიას ნაცვლად ჩიბურდანიძესთან ერთად გაფრინდაშვილი, ალისა გალიამოვა და ქეთევან არახამია თამაშობდნენ. ლიდერთა შეხვედრა მეოთხე ტურში გაიმართა. მართლია მაია დამარცხდა ჟუჟა პოლგართან, მაგრამ გაიმარჯვეს გაფრინდაშვილმა (იუდითთან) და გალიამოვამ (სოფიასთნ) და საბჭოთა ნაკრებმა გაიმარჯვა 2-1. საბჭოელები წინ იყვნენ მეცამეტე ტურამდე. ამ დროისთვის ისინი ქულანახევრით უსწრებდნენ პოლგარების გუნდს. მაგრამ ბოლოსწინა ტურში მოულოდნელად ფრედ ითამაშეს (წააგო გალიამოვამ) ჩეხოსლოვაკიის გუნდთან და უნგრელებს საშუალება მიეცათ დასწეოდნენ მათ. ბოლო ტურში ორივე გუნდმა 3-0 გაიმარჯვა და ბუხგოლცის სისტემით ჩემპიონებად უნგრელები გამოცხადდნენ. ბრწყინვალედ თამაშობდა ოლიმპიადაზე ქეთევან არახამია, რომელმაც აბსოლუტურად საუკეთესო შედეგი აჩვენა: 12 ქულა 12-დან.

დამოუკიდებელი საქართველოს დროშით რედაქტირება

საბჭოთა კავშირის დაშლამ კიდევ უფრო გაზარდა კონკურენცია გუნდურ საჭადრაკო შეჯიბრებებში. საგრძნობი გახდა ეს ქალთა ჭადრაკშიც, სადაც ერთი ძლიერი გუნდის, საბჭოთა კავშირის, ნაცვლად გაჩდა რამდენიმე ძლიერი კოლექტივი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან (საქართველო, რუსეთი, უკრაინა და სხვა). ბოლო წლებში დაწინაურდნენ ჩინელი მოჭადრაკეებიც. გარდა ამისა საბჭოთა კავშირიდან მოჭადრაკეთა გადინებამ სხვა ქვეყნებში გაზარდა ამ ქვეყნების ნაკრებთა სიძლიერეც. ყოველივე ეს იმის მაუწყებელი იყო, რომ 1992 წლის ოლიმპიადა, რომელიც მანილაში ტარდებოდა მეტად დაძაბულ ბრძოლაში ჩაივლიდა.

ასეც მოხდა. საქართველოს ნაკრების (ჩიბურდანიძე, გაფრინდაშვილი, იოსელიანი, ნინო გურიელი) მთავარი მეტოქეები უკრაინის და ჩინეთის გუნდები აღმოჩნდნენ. უკრაინელებს გუნდში სამი ყოფილი საბჭოელი ოლიმპიელი (ალისა გალიამოვა, მარტა ლიტინსკაია, ლიდია სემიონოვა) ჰყავდათ, ჩინელებს კი მაშინდელი მსოფლიოს ჩემპიონი სიე ძიუნი თავკაცობდა. ქართველებმა მართალია ფრედ ითამაშეს უკრაინელებთან და მოუგეს ჩინელებს, მაგრამ მე-11 ტურის შემდეგ ქულანახევრით ჩამორჩებოდნენ მათ. დარჩენილ სამ ტურში ქართველებმა 7,5 ქულა აიღეს, უკრაინელებმა და ჩინელებმა კი დაძაბულობას ვერ გაუძლეს და მხოლოდ 4,5 და 4 ქულას დასჯერდნენ. ქართველები პირველად გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით.

1994 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე ქართველები იგივე შემადგენლობით ასპარეზობდნენ, მხოლოდ გაფრინდაშვილი შეცვალა არახამიამ. ოლიმპიური ოქროსათვის ბრძოლაში ჩაებნენ უნგრელები, რომლებმაც შეძლეს ჟუჟა და სოფია პოლგარების დაყოლიება. კვლავ სახიფათონი იყვნენ ჩინელები. ქართველებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს. მათ მხოლოდ სამი მატჩი დაამთავრეს ფრედ, დანარჩნები კი მოიგეს (მათ შორის ჩინეთთან 2,5-0,5) და ბოლო ტურის წინ მთელი 2,5 ქულით უსწრებდნენ უნგრელებს. საქართველოს ნაკრები მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

1996 წელს ოლიმპიადას ჩვენმა მეზობლებმა, სომხებმა უმასპინძლეს. ერევანში ჩვენმა ოთხეულმა (ჩიბურდანიძე, იოსელიანი, არახამია, გურიელი) მეტოქეებს არავითრი შანსი არ დაუტოვეს და უკვე მეათე ტურის შემდეგ გადაწყვიტეს ჩემპიონობის საკითხი. მე-11 ტურისათვის ქართველები მთელი სამი ქულით უსწრებდნენ უახლოეს მდევარს და ბოლო ოთხი ტური მხოლოდ გამარჯვების ოფიციალურად გაფორმებას მოახმარეს. საქართველოს ნაკრები ზედიზედ მესამედ გახდა ვერა მენჩიკის თასის მფლობელი.

ჩინური ფენომენი რედაქტირება

შემდეგი ოთხი ოლიმპიადა (ელისტა, სტამბოლი, ბლედი, კალვია) ჩინელთა გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრები (ჩიბურდანიძე, იოსელიანი, არახამია, ნინო ხურციძე) ელისტაში გამარჯვებულ ჩინელებს ორი ქულთ ჩამორჩა, თუმცა პირად შეხვედრაში სძლია მას. ქართველები მესამე ტურში ვიეტნამთან მშრალად (0-3) წაგებამ დაღუპა. საბოლოოდ ჩვენი კვარტეტი მესამე ადგილზე გავიდა და წინ რუსეთის გუნდიც გაუშვა.

სტამბოლში ქართველებმა (ჩიბურდანიძე, იოსელიანი, ხურციძე, გურიელი) დიდი ბრძოლა გაუმართეს ჩინელებს, მაგრამ მე-11 ტურში უკრაინასთან წაგებულმა მატჩმა მეორე ადგილზე დაგვტოვა. ჩინელებმა ერთი ქულით გაგვისწრეს და მეორედ გახდნენ ჩეპიონები.

ბლედში კი უბრალოდ ტრაგედია დატრიალდა. ქართველებს (ჩიბურდანიძე, იოსელიანი, ხურციძე, გურიელი) ათი ტურის შემდეგ 24 ქულა ჰქონდათ, ჩინელებს - 21,5, რუსებს - 20,5 და პოლონელებს - 19. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ბრძოლა მეორე-მესამე ადგილებისათვის უნდა წარმართულიყო, მაგრამ ბოლო ოთხ ტურში ქართველებმა არა თუ მატჩი, პარტიაც კი ვერ მოიგეს. 12 დარჩენილი პარტიიდან ჩვენები ხუთში დამარცხდნენ და მხოლოდ 3,5 ქულას მოუყარეს თავი. ამით რაღა თქმა უნდა მშვენივრად ისარგებლეს მეტოქეებმა და ქართველები პირველად დარჩნენ მედლების გარეშე. ოქროს კი ზედიზედ მესამედ ჩინელები დაეუფლნენ.

ესპანეთის პატარა ქალაქ კალვიაში ჩინელთა უპირატესონა აშკარა იყო. მათ მართალია ორი მატჩი წააგეს ამერიკელებთან და ქართველებთან, მაგრამ ოთხი მატჩი მოიგეს მშრალი ანგარიშით და საბოლოოდ მთელი სამი ქულით გაასწრეს მეორე ადგილზე გასულ ამერიკელებს, რომელთა პირველ დაფაზე ჟუჟა პოლგარი თამაშობდა. ქართველები (ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, მაია ლომინეიშვილი) დიდხანს იბრძოდნენ საპრიზო ადგილებისათვის, მაგრამ საბოლოოდ კოეფიციენტების წყალობით მეოთხე ადგილზე დარჩნენ.

სლავები და ქართველთა კიდევ ერთი ჩემპიონობა რედაქტირება

მომდევნო ოლიმპიადამ ტურინში ახალი ოლიმპიური ჩემპიონი დაასახელა. ეს იყო უკრაინის ნაკრები. უკრაინელებმა მართლაც შესანიშნავად იასპარეზეს. მათ 12 მატჩი მოიგეს და მხოლოდ დასკვნით ტურში აღარ შეიწუხეს თავი (ფრე სომხებთან). ქართველები (ჩიბურდანიძე, ძაგნიძე, ჯავახიშვილი, ლომინეიშვილი) გამარჯვებულს 5, ხოლო მესამე პრიზიორ, ჩინეთის ნაკრებს 3 ქულით ჩამორჩნენ. საბოლოოდ ქართველებმა ამერიკელებთან და უნგრელებთან ერთად 24,5 ქულა მოაგროვეს და კოეფიციენტების წყალობით მეექვსე ადგილი დაიკავეს.

და დადგა 2008 წელი. ოლიმპიადა გერმანიის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, დრეზდენში გაიმართა. ქართველები დრეზდენში, დაფების მიხედვით, შემდეგი შემადგენლობით ჩავიდნენ: ჩიბურდანიძე, ძაგნიძე, ჯავახიშვილი, ლომინეიშვილი და სოფიკო ხუხაშვილი. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ დრეზდენში რამდენიმე სიახლე იყო: პირველი ის, რომ ფიდემ კიდევ ერთი დაფით გაზარდა ქალთა გუნდის შემადგენლობა. მეორე ის, რომ ადგილები ნაწილდებოდა არა ინდივიდუალური ქულების ჯამით, არამედ გუნდური ქულებით. ესე იგი გუნდს ჩვეულებრივად მოგებაზე 2, ხოლო ფრედ დამთავრებულ შეხვედრაზე კი ერთი ქულა ეწერებოდა. კიდევ ერთი სიახლე იყო ის, რომ შემცირდა ტურების რაოდენობა. ახლა უძლიერესი 11 ტურში უნდა გამოვლენილიყო. ქართველთა მიზანი, არსებული ელოს კოეფიციენტების გათვალისწინებით, თავიდან სამეულში მოხვედრა იყო. თითქოს ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა. მძლავრად დაიწყეს ჩინელებმა. პირველი ექვსი ტურის შემდეგ მათ 12 გუნდური და 18,5 ინდივიდუალური ქულა ჰქონდათ. ქართველებს ამ დროისათვის მხოლოდ 8 ქულა ჰქონდათ. მაგრამ დარჩენილი ხუთი ტური ქართველებმა ბრწყინვალედ ჩაატარეს. მათ მოიგეს ხუთივე მატჩი (მათ შორის ჩინელებთანაც) და ინდივიდუალურადაც მხოლოდ 2,5 ქულა დაკარგეს 20-დან. და მიუხედავად ამისა გამარჯვება მაინც სასწორზე იდო. ბოლო ტურის წინ ლიდერობდა პოლონეთის ნაკრები - 17 ქულა, 16-16 ჰქონდათ უკრაინელებს, სერბებს და ქართველებს. ბოლო ტურში უკრაინა ეთამაშებოდა პოლონეთს, ხოლო ჩვენები სერბეთს. უკრაინელებმა გაიმარჯვეს 2,5-1,5. ახლა ყველაფერი ქართველებზე და კოეფიციენტებზე იყო დამოკიდებული. ქართველებმა მოიგეს 3-1 და დიდხანს ელოდნენ განაჩენს. ბოლოს გამოცხადდა, რომ უკეთესი კოეფიციენტების წყალობით ჩემპიონი გახდა საქართველოს ნაკრები. ვერა მენჩიკის თასი თორმეტწლიანი განშორების შემდეგ კვლავ თბილისში დაბრუნდა.

მომდევნო ოლიმპიადის მასპინძლები რუსები იყვნენ. მათ ერთბაშად სამი გუნდი გამოიყვანეს. რუსების პირველი გუნდი ოლიმპიადის ფავორიტად მოიაზრებოდა. კვლავ ძლიერი გუნდი ჰყავდათ ჩინელებს, ამერიკელებს, უკრაინელებს. ქართველები თავიანთი ლიდერის, მაია ჩიბურდანიძის გარეშე თამაშობდნენ. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. სამი მატჩი - სამი გამარჯვება. მეოთხე ტურში გაიმართა ოლიმპიადის მთავარი მატჩი: რუსეთი - საქართველო. პირველ სამ დაფაზე ყაიმი აღინიშნა. მხოლოდ მეოთხე დაფაზე გამოცდილმა ალისა გალიამოვამ შეძლო ჩვენი დებიუტანტის, ბელა ხოტენაშვილის დამარცხება. შემდეგ კი იყო მოულოდნელი მარცხი სერბებთან და ჩემპიონობის შანსი დაიკარგა. საბოლოოდ ქართველთა ახალგაზრდული (გუნდში კიდევ ერთი დებიუტანტი - სალომე მელია თამაშობდა) გუნდი მესამე ადგილს შეწვდა. ჩემპიონის წოდება კი რუსეთის პირველმა ნაკრებმა დაისაკუთრა, რომელმაც თერთმეტივე მატჩი მოიგო.

შემდეგ ოლიმპიადას სტამბოლმა უმასპინძლა. რუსეთის ნაკრებმა დაუმარცხებლად იასპარეზა და მხოლოდ კოეფიციენტების წყალობით აჯობა ჩინელებს. მოულოდნელად მაღალ ადგილებს შესწვდნენ ინდოელები (მეოთხე), რუმინელები (მეხუთე) და ფრანგები (მეექვსე ადგილები). კვლავ სტაბილურად, მაღალ დონეზე იასპარეზეს უკრაინელებმა. სამაგიეროდ სუსტად გამოვიდნენ ქართველები და ამჯერად მხოლოდ მერვე ადგილს დასჯერდნენ.

ჩემპიონები და პრიზიორები, სტატისტიკა რედაქტირება

ოლიმპიადა ჩატარების თარიღი ჩატარების ადგილი მონაწილეთა რაოდენობა ჩატარების სისტემა დაფათა რაოდენობა პირველი ადგილი მეორე ადგილი მესამე ადგილი
ქალთა I საჭადრაკო ოლიმპიადა 2-21. 09. 1957 ემენი,   ნიდერლანდები 21 3შ + 3ფ 2   სსრკ   რუმინეთი   გდრ
ქალთა II საჭადრაკო ოლიმპიადა 21. 09-10. 10 1963 სპლიტი,   იუგოსლავია 15 2   სსრკ   იუგოსლავია   გდრ
ქალთა III საჭადრაკო ოლიმპიადა 3-15. 10 1966 ობერჰაუზენი,   გერმანია 14 2   სსრკ   რუმინეთი   გდრ
ქალთა IV საჭადრაკო ოლიმპიადა 7-23. 09 1969 ლუბლინი,   პოლონეთი 15 2   სსრკ   უნგრეთი   ჩეხოსლოვაკია
ქალთა V საჭადრაკო ოლიმპიადა 18. 09-13. 10 1972 სკოპიე,   იუგოსლავია 23 4შ + 3ფ 2   სსრკ   რუმინეთი   უნგრეთი
ქალთა VI საჭადრაკო ოლიმპიადა 16. 09-7. 10 1974 მედელინი,   კოლუმბია 26 5შ + 3ფ 2   სსრკ   რუმინეთი   ბულგარეთი
ქალთა VII საჭადრაკო ოლიმპიადა 24. 10-11. 11 1976 ჰაიფა,   ისრაელი 23 4შ + 3ფ 3   ისრაელი   ინგლისი   ესპანეთი
ქალთა VIII საჭადრაკო ოლიმპიადა 25. 10-12. 11 1978 ბუენოს-აირესი,   არგენტინა 32 4შ + 4ფ 3   სსრკ   უნგრეთი   გერმანია
ქალთა IX საჭადრაკო ოლიმპიადა 20. 11-8. 12 1980 ლა-ვალეტა,   მალტა 42 შვ-14 3   სსრკ   უნგრეთი   პოლონეთი
ქალთა X საჭადრაკო ოლიმპიადა 30. 10-16. 11 1982 ლუცერნი,   შვეიცარია 45 შვ-14 3   სსრკ   რუმინეთი   უნგრეთი
ქალთა XI საჭადრაკო ოლიმპიადა 18. 11-5. 12 1984 სალონიკი,   საბერძნეთი 51 შვ-14 3   სსრკ   ბულგარეთი   რუმინეთი
ქალთა XII საჭადრაკო ოლიმპიადა 16. 11-2. 12 1986 დუბაი,   არაბთა გაერთიანებული საამიროები 49 შვ-14 3   სსრკ   უნგრეთი   რუმინეთი
ქალთა XIII საჭადრაკო ოლიმპიადა 12-30. 11. 1988 სალონიკი,   საბერძნეთი 56 შვ-14 3   უნგრეთი   სსრკ   იუგოსლავია
ქალთა XIV საჭადრაკო ოლიმპიადა 16. 11-4. 12. 1990 ნოვი სადი,   იუგოსლავია 64 შვ-14 3   უნგრეთი   სსრკ   ჩინეთი
ქალთა XV საჭადრაკო ოლიმპიადა 7-25. 06 1992 მანილა,   ფილიპინები 62 შვ-14 3   საქართველო   უკრაინა   ჩინეთი
ქალთა XVI საჭადრაკო ოლიმპიადა 30. 11-17. 12 1994 მოსკოვი,   რუსეთი 81 შვ-14 3   საქართველო   უნგრეთი   ჩინეთი
ქალთა XVII საჭადრაკო ოლიმპიადა 15. 09-2. 10 1996 ერევანი,   სომხეთი 74 შვ-14 3   საქართველო   ჩინეთი   რუსეთი
ქალთა XVIII საჭადრაკო ოლიმპიადა 26. 09-13. 10 1998 ელისტა,   რუსეთი 72 შვ-14 3   ჩინეთი   რუსეთი   საქართველო
ქალთა XIX საჭადრაკო ოლიმპიადა 28. 10-12. 11 2000 სტამბოლი,   თურქეთი 86 შვ-14 3   ჩინეთი   საქართველო   რუსეთი
ქალთა XX საჭადრაკო ოლიმპიადა 25. 10-11. 11 2002 ბლედი,   სლოვენია 91 შვ-14 3   ჩინეთი   რუსეთი   პოლონეთი
ქალთა XXI საჭადრაკო ოლიმპიადა 14-30. 10 2004 კალვია,   ესპანეთი 87 შვ-14 3   ჩინეთი   აშშ   რუსეთი
ქალთა XXII საჭადრაკო ოლიმპიადა 20. 05-4. 06. 2006 ტურინი,   იტალია 103 შვ-13 3   უკრაინა   რუსეთი   ჩინეთი
ქალთა XXIII საჭადრაკო ოლიმპიადა 13-25. 11. 2008 დრეზდენი,   გერმანია 111 შვ-11 4   საქართველო   უკრაინა   აშშ
ქალთა XXIV საჭადრაკო ოლიმპიადა 20. 09-4. 10. 2010 ხანტი-მანსიისკი,   რუსეთი 115 შვ-11 4   რუსეთი   ჩინეთი   საქართველო
ქალთა XXV საჭადრაკო ოლიმპიადა 27. 08-10. 09. 2012 სტამბოლი,   თურქეთი 127 შვ-11 4   რუსეთი   ჩინეთი   უკრაინა
ქალთა XXVI საჭადრაკო ოლიმპიადა 1-14. 08 2014 ტრომსე,   ნორვეგია 136 შვ-11 4   რუსეთი   ჩინეთი   უკრაინა
ქალთა XXVII საჭადრაკო ოლიმპიადა 2-13. 09 2016 ბაქო,   აზერბაიჯანი 141 შვ-11 4   ჩინეთი   პოლონეთი   უკრაინა
ქალთა XXVIII საჭადრაკო ოლიმპიადა 23. 09-6. 10 2018 ბათუმი,   საქართველო 151 შვ-11 4   ჩინეთი   უკრაინა   საქართველო-1

შენიშვნა: 4შ +3ფ - შესარჩევი და ფინალური ტურნირების რაოდენობა; შვ-14 - შვეიცარიული ტურნირის ტურების რაოდენობა.

საუკეთესო გუნდური მაჩვენებლები რედაქტირება

# ოლიმპიადებში მონაწილეობა ჩატარებული პარტიები დაგროვილი ქულები ჩატარებული მატჩები მოგებული მატჩები
1   გერმანია - 24   გერმანია - 908   უნგრეთი - 573   გერმანია - 322   უნგრეთი - 187
2   ავსტრია - 23   ინგლისი - 880   რუმინეთი - 548,5   უნგრეთი - 310   რუმინეთი - 169
3   ბულგარეთი - 23   რუმინეთი - 873   ბულგარეთი - 512   რუმინეთი - 310   ბულგარეთი - 158
4   ნიდერლანდები - 23   უნგრეთი - 872   იუგოსლავია - 501,5   ბულგარეთი - 310   იუგოსლავია - 157
5   ინგლისი - 23   ბულგარეთი - 872   პოლონეთი - 495,5   ინგლისი - 308   პოლონეთი - 151
6   უნგრეთი - 23   ნიდერლანდები - 864   გერმანია - 493,5   ნიდერლანდები - 307   აშშ - 151
7   რუმინეთი - 23   აშშ - 850   ინგლისი - 488,5   იუგოსლავია - 296   ნიდერლანდები - 145
8   იუგოსლავია - 22   პოლონეთი - 840   აშშ - 496,5   პოლონეთი - 294   გერმანია - 137
9   აშშ - 22   იუგოსლავია - 830   ნიდერლანდები - 483,5   აშშ - 293   ინგლისი - 134
10   პოლონეთი - 22   ფინეთი - 818   ჩინეთი - 450,5   ფინეთი - 277   საფრანგეთი - 117
*   სსრკ - 13   სსრკ - 456   სსრკ - 373   სსრკ - 178   სსრკ - 152
*   ჩინეთი - 16   ჩინეთი - 670   ჩინეთი - 450,5   ჩინეთი - 216   ჩინეთი - 140
*   საქართველო - 10   საქართველო - 418   საქართველო - 290   საქართველო - 132   საქართველო - 94
*   უკრაინა - 10   უკრაინა - 418   უკრაინა - 267   უკრაინა - 132   უკრაინა - 75
*   რუსეთი - 10   რუსეთი - 418   რუსეთი - 282   რუსეთი - 132   რუსეთი - 89

საუკეთესო პირადი მაჩვენებლები (მედლები. აქ შედის საუკეთესო პერფორმანსისათვის გადაცემული მედლებიც) რედაქტირება

ოლიმპიური ჩემპიონები სულ მედლები (გუნდური) ოქროს მედლები (პირადი) სულ მედლები (პირადი) სულ მედლები
ნონა გაფრინდაშვილი - 11 მაია ჩიბურდანიძე - 13 ნონა გაფრინდაშვილი - 9 მაია ჩიბურდანიძე - 15 მაია ჩიბურდანიძე - 28
მაია ჩიბურდანიძე - 9 ნონა გაფრინდაშვილი - 12 მაია ჩიბურდანიძე - 6 ნონა გაფრინდაშვილი -13 ნონა გაფრინდაშვილი - 25
ნანა ალექსანდრია - 6 ნანა იოსელიანი, სიე ძიუნი ჩინეთი - 7 ნანა ალექსანდრია, ჭუ ჩანი, ჭაო სიე (ორივე - ჩინეთი) - 4 ნანა იოსელიანი - 7 ნანა იოსელიანი - 14
ნანა იოსელიანი - 5 ნანა ალექსანდრია, მარია ივანკა, ჟუჟა ვერეცი (ორივე - უნგრეთი), ელიზავეტა პოლიქრონიადე (რუმინეთი) - 6 ქეთევან არახამია, იუდით პოლგარი, სოფია პოლგარი, (ორივე - უნგრეთი), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი), ჭაო სიე (ჩინეთი), ალა კუშნირი (სსრკ, ისრაელი) - 3 ჟუჟა პოლგარი (უნგრეთი), პია კრამლინგი - 6 სიე ძიუნი (ჩინეთი) - 12
სიე ძიუნი, სიუ იუხუა, ჭუ ჩანი (სამივე - ჩინეთი), ირინა ლევიტინა (სსრკ), ალა კუშნირი (სსრკ, ისრაელი), ნინო გურიელი - 3 ჭუ ჩანი (ჩინეთი), ეკატერინა კოვალევსკაია, ალისა გალიამოვა (ორივე - რუსეთი) - 5 ნანა იოსელიანი, ვან ლეი (ჩინეთი), ლიდია სემიონოვა (სსრკ), ლუბოვ ლისენკო (უსინათლო მოჭდრაკეთა ასოციაცია), ვიქტორის ჩმილიტე (ლიტვა), მეჰრი ოვეზოვა (თურქმენეთი), ჟუჟა პოლგარი (უნგრეთი), ელიზაბეტა პოლიქრონიადე, დანიელა ნუცუ (ორივე -რუმინეთი), სვეტლანა პრუდნიკოვა (რუსეთი), პია კრამლინგი (შვედეთი) - 2 ქეთევან არახამია, მარია ივანკა, ჟუჟა ვერეცი (ორივე - უნგრეთი), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) - 5 ჟუჟა ვერეცი, მარია ივანკა, (ორივე - უნგრეთი) - 11

საუკეთესო პირადი მაჩვენებლები რედაქტირება

ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩატარებული პარტიების რაოდენობა მოგროვილი ქულების რაოდენობა მოგებული პარტიების რაოდენობა პროცენტული მაჩვენებელი (50 პარტიაზე მეტი)
მარგარიტა ვოისკა (ბულგარეთი) - 16 მარგარიტა ვოისკა (ბულგარეთი) - 178 ნონა გაფრინდაშვილი - 107 ნონა გაფრინდაშვილი - 94 ნონა გაფრინდაშვილი - 83,6
მაია ჩიბურდანიძე, ნიევეს გარსია-ვისენტე (ესპანეთი), ვივიენ სმიტი (ახალი ზელანდია), იანა მალიპეტროვა (ჩეხოსლოვაკია, ინგლისი), ტატიანა ლემაჩკო (შვეიცარია) - 15 ტატიანა ლემაჩკო (ბულგარეთი, შვეიცარია) - 174 მარგარიტა ვოისკა (ბულგარეთი) - 103 მაია ჩიბურდანიძე - 89 პია კრამლინგი (შვედეთი) - 80,4
ჟუარა ჩავესი (ბრაზილია) - 14 ნიევეს გარსია-ვისენტე (ესპანეთი) - 171 ნუვიეს გარსია-ვისენტე (ესპანეთი) - 97,5 ტატიანა ლემაჩკო (ბულგარეთი, შვეიცარია) - 87 ქეთევან არახამია - 79,2
ბარბარა ჰუნდი (გერმანია), ილდიკო მადლი (უნგრეთი), ჰელენ მილიგანი (შოტლანდია, ახალი ზელანდია), ანა-მარია ბოტსარი (საბერძნეთი) - 13 ვივიენ სმიტი (ახალი ზელანდია) - 168 ბარბარა ჰუნდი (გერმანია, შვეიცარია) - 94,5 ნავა სტარი(კანადა) - 71 ნანა ალექსანდრია - 75,9
ნონა გაფრინდაშვილი, მარია პოგორევიჩი (რუმინეთი), სუზან კონოლი (ირლანდია), ჰელენა მირა (ავსტრია), ნავა სტარი (კანადა), მიუკო ვატაი (იაპონია) - 12 მაია ჩიბურდანიძე (სსრკ, საქართველო) - 167 იანა მალიპეტროვა (ჩეხოსლოვაკია, ინგლისი) - 93 მარგარიტა ვოისკა (ბულგარეთი) - 68 მაია ჩიბურდანიძე - 75,1

საქართველოს ნაკრები ოლიმპიადებზე რედაქტირება

საქართველოს ნაკრებმა ცხრა ოლიმპიადის მანძილზე 44 ქვეყნის 46 ნაკრებთან (ორჯერ შეხვდნენ რუსეთისა და ერთხელ სომხეთის მეორე გუნდებს), ჩაატარა 132 მატჩი, საიდანაც მოიგო 94, ფრედ დაამთავრა 21 და წააგო 17 შეხვედრა. ამ 132 მატჩის ფარგლებში ქართველმა მოჭადრაკეებმა ითამაშეს 418 პარტია, საიდანაც მოიგეს 219, ყაიმით დაამთავრეს 142 და წააგეს 57 პარტია.

ქართველებმა 5 მატჩი მოიგეს ანგარიშით 4-0, 24 - 3-0, 26 - ორქულიანი სხვაობით და 39 - ერთქულიანი სხხვაობით. 21 მატჩი დაამთავრეს ფრედ. ერთქულიანი სხვაობით წააგეს 14 მატჩი, ორქულიანი სხვაობით - 2 მატჩი (პოლონეთთან და უნგრეთთან) და სამქულიანი სხვაობით (0-3) ერთი მატჩი (ვიეტნამთან).

საქართველოს ნაკრებს დადებითი ბალანსი აქვს 40 ნაკრებთან, ოთხ ნაკრებთან (ბულგარეთი, აშშ, სერბეთი, უკრაინა) თანაბარი ბალანსი და აგებს მხოლოდ ორ (რუსეთის +3=3-4 და ვიეტნამის +0=1-2) მეტოქესთან.

ყველაზე მეტი სამატჩო გამარჯვება ქართველებმა მოიპოვეს ჩინელებთნ (8 მოგება ცხრა მატჩში), რუმინელებთნ (6 მოგება რვიდან) და უნგრელებთან (5 მოგება რვიდან). ყველაზე მეტი პარტიაც ქართველებმა ამ მეტოქეებს მოუგეს: ჩინელებს და რუმინელებს (12 პარტია 29-დან, უნგრელებს (10 პარტია 25-დან). საქართველოს ნაკრებს ნახევარი ქულაც არ დაუთმია ესტონეთის (3 მატჩი), ავსტრიის (1), დანიის (1), ეკვადორის (1), ესპანეთის (1), მაკედონიის (1), ვენესუელის (1) და შვედეთის (1) ნაკრებებისათვის. ერთადერთი გუნდი, რომლისთვისაც ქართველებს არც მატჩი მოუგიათ და არც პარტია, არის ვიეტნამის ნაკრები. ვიეტნამელებთან ქართველებმა ერთი მატჩი ფრედ დაამთავრეს და ორი წააგეს, ხოლო ჩატარებულ ცხრა პარტიიდან ხუთი დაამთავრეს ყაიმით და ოთხჯერ დამარცხდნენ.

მოჭადრაკე მონ წლები ქულა პარტია + = - % გუნდური მედლები პირადი მედლები
ნონა გაფრინდაშვილი 1 1992 4 9 3 2 4 44,4 1-0-0 0-0-0
მაია ჩიბურდანიძე 8 1992-2004, 2008 67,5 91 48 39 4 74,1 4-1-1 4-1-5
ნანა იოსელიანი 6 1992-2002 52,5 71 39 27 5 73,9 3-1-1 1-3-2
ნინო გურიელი 4 1992-96, 2000 21 31 17 8 6 67,7 3-1-0 0-0-1
ქეთევან არახამია 4 1994-1998, 2002 31 42 24 14 4 73,8 2-0-1 1-0-2
ნინო ხურციძე 5 1998-2002, 2006, 2012 23,5 38 17 13 8 61,8 0-1-1 1-0-1
ნანა ძაგნიძე 6 2004-2014 29,5 42 25 9 8 70,2 1-0-1 1-0-0
ლელა ჯავახიშვილი 6 2004-2014 26 41 17 18 6 63,4 1-0-1 0-0-1
მაია ლომინეიშვილი 3 2004-2008 12 21 9 6 6 57,1 1-0-0 0-0-1
სოფიკო ხუხაშვილი 2 2008-2010 11 15 10 2 3 73,3 1-0-1 0-0-0
სალომე მელია 2 2010, 2014 7 9 6 2 1 77,7 0-0-1 0-1-0
ბელა ხოტენაშვილი 3 2010, 2012, 2014 5 8 4 2 2 62,5 1-0-1 0-0-0

ქართველები სსრკ-ის ნაკრებში რედაქტირება

მოჭადრაკე მონ წლები ქულა პარტია + = - % გუნდური მედლები პირადი მედლები
ნონა გაფრინდაშვილი 11 1963-1974, 1978-1986, 1990 103 119 91 24 4 86,6 10-1-0 9-3-1
ნანა ალექსანდრია 6 1969, 1974, 1978-1982, 1986 41 54 35 12 7 75,9 6-0-0 4-0-0
მაია ჩიბურდანიძე 7 1978-1990 58 76 41 34 1 76,3 5-2-0 2-1-2
ნანა იოსელიანი 2 1980-1982 12,5 17 10 5 2 73,5 2-0-0 1-0-0
ქეთევან არახამია 1 1990 12 12 12 0 0 100 0-1-0 2-0-0

ლიტერატურა რედაქტირება

  • თენგიზ გიორგაძე. ქართული ჭადრაკის მატიანე. თბილისი, ,,განათლება’’ 1995.
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება