ფრიდრიხ III ბრძენი (გერმ. Friedrich III. der Weise; დ. 17 იანვარი, 1463, ტორგაუ, საქსონია — გ. 5 მაისი, 1525, ანაბურგი, საქსონია) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის კურფიურსტი 1486-1525 წლებში. მის პერიოდში დაიწყო საქსონიაში რეფორმაცია. აქტიურად მფარველობდა მარტინ ლუთერს.

ფრიდრიხ III
Albrecht Dürer 076.jpg
საქსონიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 26 აგვისტო, 1486
მმართ. დასასრული: 5 მაისი, 1525
წინამორბედი: ერნესტი
მემკვიდრე: იოჰანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 იანვარი, 1463
დაბ. ადგილი: ტორგაუ, საქსონია
გარდ. თარიღი: 5 მაისი, 1525, (62 წლის)
გარდ. ადგილი: ანაბურგი, საქსონია
დინასტია: ვეტინები
მამა: ერნესტი, საქსონიის კურფიურსტი
დედა: ელიზაბეთ ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფიარედაქტირება

ფრიდრიხი დაიბადა 1463 წლის 17 იანვარს ტორგაუში. იგი იყო საქსონიის კურფიურსტ ერნესტისა და მისი მეუღლის, პრინცესა ელიზაბეთ ბავარიელის უფროსი ვაჟი.

1486 წლის 26 აგვისტოდან მან საქსონიის ტახტი დაიკავა ფრიდრიხ III-ის სახელით. 1502 წელს დააარსა ვიტენბერგის უნივერსიტეტი, რომელშიც ასწავლიდნენ მარტინ ლუთერი და ფილიპ მელანხტონი. იგი ასევე ახლოს იყო საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-თან, რომელმაც ფრიდრიხი მოგვიანებით ახლად შექმნილი რეგენტთა კონსულიის პრეზიდენტად დანიშნა.

1504 წლიდან ფრიდრიხის კარის მხატვარი თავად ლუკას კრანახი უფროსი გახდა, რომელმაც აქ თავისი არაერთი შედევრი შექმნა.

 
ფრიდრიხ III, შესრულებულია კრანახის მიერ

1519 წელს, მას შემდეგ, რაც მაქსიმილიან I გარდაიცვალა, რომის პაპმა ლეო X-მ ფრიდრიხის კანდიდატურა წამოჭრა. ყოველივე ეს გააპროტესტა მაქსიმილიანის შვილიშვილმა კარლ V-მ, რომელიც მალევე გახდა ახალი იმპერატორი. სწორედ ასე დაიწყო მტრობა ფრიდრიხსა და კარლს შორის.

1521 წლიდან ფრიდრიხი აქტიურად ჩაება იმპერიაში დაწყებულ პროტესტანტულ რეფორმაციაში, რის შემდეგაც იგი მარტინ ლუთერის მთავარი დამცველი, საქსონია კი პროტესტანტების თავშესაფარი გახდა.

რამდენადაც ცნობილია ფრიდრიხი ქრისტიანული რელიკვიების შეგროვებით იყო დაინტერესებული. მის ასეთ „კოლექციაში“ შედიოდა წმინდა ანას თითი, მოსეს თმა და არსებობდა ლეგენდა, რომ მის მფლობელობაში თავად ღვთისმშობელ მარიამის რძეც ინახებოდა. ისტორიული წყაროების მიხედვით იგი 19,000-მდე ასეთ წმინდა რელიკვიას ფლობდა, რომელთა უმეტესობაც დღეისათვის ვატიკანში ინახება.

იგი არა მხოლოდ იდეოლოგიურად, არამედ საქმითაც ცდილობდა ლუთერის დაცვას. მაშინ, როდესაც პაპის ბრძანებით მას ყველგან ეძებდნენ, ფრიდრიხმა იგი ვარტბურგის სასახლეში გადამალა და დაცვაც დაუყენა.

ფრიდრიხ III გარდაიცვალა 1525 წლის 5 მაისს ანაბურგში, ნადირობისას, 62 წლის ასაკში. აღსანიშნავია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში იგი არ დაქორწინებულა და არც უკანონო შვილები ჰყოლია, რის გამოც ტახტი მისმა ძმამ, იოჰანმა დაიკავა.

ლიტერატურარედაქტირება

  • Bernd Stephan: "Ein itzlichs Werck lobt seinen Meister". Friedrich der Weise, Bildung und Künste (= Leucorea-Studien zur Geschichte der Reformation und der Lutherischen Orthodoxie. Bd. 24). Evangelische Verlagsanstalt, Leipzig 2014, ISBN 978-3-374-03767-4.
  • Armin Kohnle, Uwe Schirmer (Hrsg.): Kurfürst Friedrich der Weise von Sachsen. Politik, Kultur und Reformation (= Quellen und Forschungen zur sächsischen Geschichte. Bd. 40). Steiner, Stuttgart 2015, ISBN 3-515-11282-0.
  • Klaus Kühnel: Friedrich der Weise, Kurfürst von Sachsen. Eine Biographie. Drei-Kastanien-Verlag, Wittenberg 2004, ISBN 3-933028-81-7.
  • Ingetraut Ludolphy: Friedrich der Weise, Kurfürst von Sachsen. 1463–1525. Vandenhoeck und Ruprecht, Göttingen 1984, ISBN 3-525-55392-7.
  • Dirk Syndram, Yvonne Fritz, Doreen Zerbe, Staatliche Kunstsammlungen (Hrsg.): Kurfürst Friedrich der Weise von Sachsen (1463–1525). Sandstein Verlag, Dresden 2014 ISBN 978-3-95498-101-4