ფრედერიკ დე კლერკი

ფრედერიკ დე კლერკი (ინგლ. Frederik Willem de Klerk, დ. 18 მარტი, 1936, იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — გ. 11 ნოემბერი, 2021) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი 1994-1996 წწ. და პრეზიდენტი 1989-1994 წწ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უკანასკნელი პრეზიდენტი თეთრკანიანების უმცირესობის მმართველობის ეპოქიდან. მან და მისმა მთავრობამ დაშალა აპარტეიდის სისტემა და შემოიღო საყოველთაო ხმის უფლება. 1993 წელს ნელსონ მანდელასთან ერთად მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია. იდეოლოგიურად კონსერვატორი და ეკონომიკური ლიბერალია. 1989-1997 წლებში ხელმძღვანელობდა სამხრეთ აფრიკის ეროვნულ პარტიას.

ფრედერიკ დე კლერკი
ფრედერიკ დე კლერკი
ფრედერიკ დე კლერკი 2012 წელს
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აგვისტო, 1989 – 10 მაისი, 1994
წინამორბედიპიტერ ბოტა
მემკვიდრენელსონ მანდელა

დაბადებული18 მარტი, 1936
იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
გარდაცვლილი11 ნოემბერი, 2021 (85 წლის)
კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფრედერიკ დე კლერკი დაიბადა 1936 წლის 18 მარტს იოჰანესბურგში, აფრიკანერების ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ იოჰანეს (იან) დე კლერკი და ჰენდრინა კორნელია კოტცერი. იგი იყო თავისი მშობლების მეორე ვაჟი, მას ჰყავდა ძმა უილიამ დე კლერკი, რომელიც რვა წლით უფროსი იყო მასზე. დე კლერკების ოჯახის მშობლიური ენა არის აფრიკაანსი.

დე კლერკის ოჯახმა წამყვანი როლი ითამაშა აფრიკანერების საზოგადოებაში, მათ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ კავშირი სამხრეთ აფრიკის ეროვნულ პარტიასთან. ფრედერიკის დიდი პაპა იან ვან რუი იყო სენატორი, ხოლო მისი მამა უილიამი იბრძოდა ბურების მეორე ომში. მისი პაპის მამის, უილიამის დეიდის ქმარი ჯ. გ. სტრიდომი იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ფრედერიკის მამა იოჰანეს დე კლერკიც სენატორი იყო, ტრანსვაალში ეროვნული პარტიის მდივანი და შვიდი წლის განმავლობაში სენატის პრეზიდენტი.

1954 წლიდან ფრედერიკ დე კლერკი სწავლობდა პოტჩესფსტრუმის უნივერსიტეტში და იგი 1958 წელს დაასრულა ხელოვნებისა და სამართლის ბაკალავრის ხარისხით. უნივერსიტეტში სწავლის დროს იგი გახდა სტუდენტური გაზეთის რედაქტორი, სტუდენტური საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე და აფრიკაანსის სტუდენტების ეროვნული აღმასრულებელი საბჭოს წევრი. უნივერსიტეტში იგი გააწევრიანეს აფრკანერების სოციალური ელიტის საიდუმლო ორგანიზაცია „აფრიკანერების საძმოში“. სტუდენტობის პერიოდში ტამაშობდა ჩოგბურთსა და ჰოკეის. უნივერსიტეტშივე დაიწყო ურთიერთობა პრეტორიის უნივერსიტეტის პროფესორის ქალიშვილ მარიკე უილემსესთან. წყვილი დაქორწინდა 1959 წელს, მაშინ როდესაც დე კლერკი 23 წლის, ხოლო მისი მეუღლე 22 წლის იყო.

1972 წელს მშობლიურმა უნივერსიტეტმა შესთავაზა მუშაობა იურიდიულ კათედრაზე, შემოთავაზებას დე კლერკი დასთანხმდა. რამდენიმე დღეში მას დაუახლოვდნენ ეროვნული პარტიის წევრები და შესთავაზეს ქალაქ ფერინიხინგიდან ეყარა კენჭი სამხრეთ აფრიკის პარლამენტის ქვედა პალატაში, ასამბლეაში. ამავე წლის ნოემბერში იგი აირჩიეს კიდეც ასამბლეის წევრად, სადაც მან დაიმსახურა ძლიერი ორატორის რეპუტაცია. 1975 წელს პრემიერ-მინისტრმა ჯონ ვორსტერმა იწინასწარმეტყველა, რომ დე კლერკი ერთ დღეს გახდებოდა სამხრეთ აფრიკის ლიდერი. 1978 წლის აპრილში დე კლერკი გახდა სოციალური კეთილდღეობისა და პენსიის მინისტრი. მალევე იგი გახდა ფოსტისა და ტელეკომუნიკაციის მინისტრი და დაადრულა ამ სექტორის ელექტროფიკაციის პროცესი. ასევე მუშაობდა სამთო მრეწველობის მინისტრად და დაამყარა პოლიტიკა ნახშირის ექსპორტისა და ატომური ენერგიის კორპორაციის სტრუქტურის შესახებ. შემდეგ იგი გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი და ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს შეცვალა კანონი შერეული ქორწინების შესახებ. 1981 წელს დე კლერკი დააჯილდოვეს მთავრობის სამსახურში შეტანილი წვლილისათვის. როგორც განათლების მინისტრმა 1984 -1989 წლებში მან მხარი დაუჭირა აპარტეიდის სისტემას სამხრეთ აფრიკის სკოლებში.

თავისი კარიერის განმავლობაში იგი ცნობილი იყო როგორც მკვეთრი კონსერვატორი, და მას განიხილავდნენ როგორც ცვლილებების ხელის შემშლელ პიროვნებად. იგი აღიქმებოდა, როგორც თეთრების უმცირესობის ინტერესების დამცველი. პიტერ ბოტას მთავრობაში მუშაობის დროს არასოდეს მიეკუთვნებოდა მის გარემოცვას.

პიტერ ბოტა ინსულტის შემდეგ გადააყენეს ეროვნული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან, ხოლო დე კლერკმა ბოტას სასურველი კანდიდატი ბარენ დუ პლესისი დაამარცხა და 1989 წლის 2 თებერვალს იგი აირჩიეს ეროვნული პარტიის ლიდერად. მალევე მან განაცხადა, რომ საჭირო იყო ახალი კონსტიტუციის მიღება, რომელიც უფრო მეტ უფლებებს მიანიჭებდა არა თეთრი რასის ადამიანებს. პარტიის ლიდერად არჩევის შემდეგ, დე კლერკმა გააფართოვა საგარეო კონტაქტები. იგი იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში სადაც იგი შეხვდა მარგარეტ ტეტჩერს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა ანტი-აპარტეიდის მოძრაობის მოწოდებებს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ, შეხვედრაზე ტეტჩერმა მოუწოდა დე კლერკს გაეთავისუფლებინა ციხეში მყოფი ანტი-აპარტეიდის აქტივისტი ნელსონ მანდელა.

1989 წლის 14 აგვისტოს პიტერ ბოტა გადააყენეს და დე კლერკი 20 სექტემბრამდე იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო შემდეგ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად ხუთი წლის ვადით და აიღო კურსი, რომელიც მიზნად ისახავდა აფრიკელების ჩართვას მმართველობის სისტემაში. 1990 წელს ციხიდან გაათავისუფლა ნელსონ მანდელა, ლეგალიზაცია დაუბრუნა ეროვნულ კონგრესს და პანაფრიკულ კონგრესს.

1991 წელს გაუქმდა დისკრიმინაციული კანონი ჯგუფების მიერ განსახლების, მოსახლეობის რეგისტრაციისა და „საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ“.

1990 წელს ნელსონ მანდელამ და დე კლერკმა დაიწყეს კონსულტაციები ახალ კონსტიტუციაზე. ამავე წლის დეკემბერში მოიწვისე კონფერენცია მის მოსამზადებლად. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა 1993 წლის თებერვალში, რომელზეც მანდელა და დე კელრკი შეთანხმდნენ შეექმნათ გარდამავალი მთავრობა ეროვნული პარტიისა და აფრიკის ეროვნული კონგრესის მონაწილეობით.

1992 წელსდე კლერკმა გაათავისუფლა არმიის ყველა ის ოფიცერი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობაში. ამავდროულად გამოაცხადა ამნისტია ყველა იმ სახელმწიფო ჩინოვნიკისათვის, რომლებმაც აპარტეიდის განმავლობაში ჩაიდინეს დანაშაული.

დე კლერკი გახდა პირველი თეთრკანიანი სამხრეთაფრიკელი ლიდერი, რომელიც ვიზიტით იმყოფებოდა ნიგერიაში 1992 წლის აპრილში. 1993 წლის ივლისში იგი აშშ-ში გაემგზავრ ანელსონ მანდელასტAნ ერთად.

1993 წელს ნელსონ მანდელასთან ერთად გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი.

სამხრეთ აფრიკის პირველ დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა, ხოლო ეროვნულმა პარტიამ მიიღო ხმების 21 % და მიიღო უფლება დაენიშნა ვიცე-პრეზიდენტი. დე კლერკი ტაბო მბეკისთან ერთად ასრულებდა ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას 1994 წლის 10 მაისიდან 1996 წლის 30 ივნისამდე. 1996 წელს გადადგა თანამდებობიდან, ხოლო 1997 წლის აგვისტოში დატოვა ეროვნული პარტიის ლიდერის თანამდებობაც და წავიდა პოლიტიკიდან.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1998 წელს დაშორდა თავის პირველ მეუღლეს მარიკეს, რომელთან ერთადაც იცხოვრა 38 წელი. მალევე დაქორწინდა ელიტე გეორგიადესზე, ბერძენი გემთმშენებლობის მაგნატის ყოფილ ცოლზე, რომელიც დე კლერკს ფინანსურად ეხმარებოდა პოლიტიკური კარიერის დროს.

2001 წელს მარიკე გარდაცვლილი იპოვეს კეიპტაუნში, საკუთარ სახლში. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ სიკვდილი ძალადობის ნიშნებს შეიცავდა. ფრედერიკ დე კლერკი ამ დროს იმყოფებოდა შტოკჰოლმში, ალფრედ ნობელის ფონდის დაარსების 100 წლის იუბილეზე, როდესაც მომხდარი გაიგო იგი დაუყოვნებლივ დაბრუნდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

ორი დღის შემდეგ მარიკეს მკვლელობიდან, დააკავეს მისი ფერადკანიანი მცველი ლუიანდა მბონისვა. 2003 წელს მბონისვას მიუსაჯეს ორწლიანი პატიმრობა, რაზეც დაუმატეს 3 წელი მარიკ დე კლერკის სახლში უკანონო შესვლის გამო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება