ფრანსაიელოზი, ბაბეზიოზი, პიროპლაზმოზი — ცხოველების (მცოხნელების, მ.შ. მსხვილი რქოსანი საქონლის, ასევე ცხენის, ღორის, ძაღლისა და სხვ.) მწვავე პარაზიტული დაავადება; გამომწვევია Babesia-ს გვარის უმარტივესები — ერითროციტებში ლოკალიზებული შიდაუჯრედული პარაზიტები.[1] გამომწვევს ავრცელებენ საძოვრის ტკიპები.[2] ვრცელდება ტკიპების კბენით. საინკუბაციო პერიოდი 14 დღემდეა. ცნობილია ადამიანზე რეგისტრაციის შემთხვევებიც.[1]

ქართულად ეწოდება ნაბარევი, ციება, დასიცხვა ან ტკიპარა.[3]

დაავადების ნიშნები: ცხოველი უძლურდება, კარგავს მადას,[1] აღენიშნება ლორწოვანი გარსების სიყვითლე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედების დარღვევა, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, რძის პროდუქციის შემცირება;[2] მე-2–3 დღეს — სისხლიანი შარდი (ჰემოგლობინურია), მაღალი ტემპერატურა (40,0—42,0°);[1] შეიძლება გამოიწვიოს აბორტი. მკურნალობის გარეშე ავადმყოფი ცხოველები (40—50%-მდე) იხოცებიან.[2]

დაავადებაგადატანილი ცხოველები დიდი ხნის განმავლობაში არიან აღმძვრელები, ტკიპები — მთელი ცხოვრება.[1]

დიაგნოზი: ეპიდემიოლოგიურ მონაცემებსა და კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით, პარაზიტისა და სპეციფიკური ანტისხეულის აღმოჩენით სისხლის ნაცხში.[1]

მკურნალობა: ფლავაკრიდინი, აზიდინი და სხვა.[2]

პროფილაქტიკა: ტკიპების მოსპობა ცხოველებზე და საძოვრებზე[2] (აკარიციდების გამოყენება), საქონლის ბაგაზე შენახვა; ტკიპებისგან თავისუფალი კულტურული საძოვრების გამოყენება.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Василевич Ф. И., Горохов В. В. Бабезиоз // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 618.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 ცომაია ი., ფრანსაიელოზი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 393.
  3. კოჩალაძე, ამირან. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პიროპლაზმოზი, სიმპტომები და მკურნალობა. აგროკავკასია (19 იანვარი, 2022). ციტირების თარიღი: 9 ივნისი, 2022