ფილიგრანოლოგია — დამხმარე ისტორიული დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ქაღალდზე არსებულ გამჭვირვალე ნიშნებს — ფილიგრანებს.[1] იგი პალეოგრაფიაში უთარიღო ხელნაწერების დასათარიღებლად და ქაღალდის სადაურობის გამოსარკვევად გამოიყენება.

ჭვირნიშანი «გვირვინი და CA» («სასმეფო აგენტი»), ბრიტანეთის კოლონიების 1800-1920 წლებში გამოცემულ საფოსტო მარკებზე

ფილიგრანი, ანუ წყლის ნიშანი ქაღალდს წარმოების პროცესში უკეთდება, როგორც საქარხნო დამღა, გამჭვირვალე გამოსახულების, ან ტექსტის სახით და იგი ქაღალდის სინათლეზე გაჭვირვის დროს ჩანს.

ფილიგრანის აღმნიშვნელი ქართული ტერმინი ჭვირნიშანი ივანე ჯავახიშვილმა შემოიღო. ჭვირნიშნები თავდაპირველად დასავლეთევროპული, კერძოდ კი იტალიური, წარმოების ქაღალდზე გაჩნდა XIII ს.-ში, როგორც ფაბრიკის მარკა, ან ხარისხისა და ქაღალდის ფორმატის მაჩვენებელი, და დღემდე შემორჩა სახელმწიფო ქაღალდებსა და ფულზე. ევროპულისგან განსხვავებით, აღმოსავლური წარმოების ქაღალდს ჭვირნიშნებს არ უკეთებდნენ.

XIV-XV ს.ს.-ში საქართველოში ძირითადად აღმოსავლური და დამასკური ქაღალდი იყო გავრცელებული, თუმცა XIV ს.-ის დამდეგიდან იტალიური ჭვირნიშნიანი ქაღალდიც ჩნდება. XVI ს.-დან მოყოლებული XVIIIს.-ის II ნახევრამდე ვენეციური ჭვირნიშნიანი ქაღალდია გაბატონებული და აღმოსავლურ ქაღალდს იშვიათად იყენებენ. XVIII ს.-ის II ნახევარში კი ვენეციური ქაღალდი კი თანდათან შემცირდა და XIX ს.-ის დამდეგიდან საქართველოში რუსული ქაღალდი გაბატონდა.

საკითხი - ყოფილა თუ არა ოდესმე საქართველოში საკუთარი ქაღალდის წარმოება - ღიად რჩება და ამდენად უცხოური წარმოების ქაღალდის ჭვირნიშნების საფუძველზე ხდება სიგელ-გუჯართა კვლევისათვის დამატებითი ინფორმაციის მიღება ქართულ პალეოგრაფიაში.

რადგან ჭვირნიშნები მუდმივად იცვლებოდა, მკვლევარებმა ისწავლეს მისი ყოველი ნიშნის დაკავშირება განსაზღვრულ დროსთან. ამის საფუძველს წარმოადგენდა მონაცემები იმ ფაბრიკების მუშაობის შესახებ, რომლებიც უშვებდნენ ქაღალდს განსაზღვრული ჭვირნიშნებით. მათზე დაყრდნობით მეცნიერებმა უკვე XVIII ს.-ში დაიწყეს დათარიღებული ჭვირნიშნების ალბომების შედგენა, რომელთა დახმარებით გაიოლდა ქაღალდის დამზადების დროის განსაზღვრა. ამრიგად, ჭვირნიშნები დროის უტყუარი ფაქტორია და პალეოგრაფიული ძიებისასუსათუოდ ანგარიში უნდა გაეწიოს მის ქრონოლოგიურ მონაცემებს.

პირველი ქართველი მკვლევარი, რომელმაც ყურადღება მიაქცია ქართული ხელნაწერების ჭვირნიშნებს და გამოიყენა ისინი უთარიღო ხელნაწერთა დროის განსაზღვრისათვის, ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953წ.წ.) იყო.

სქოლიორედაქტირება