ფერდინანდ II (ნეაპოლი)

ფერდინანდ II ნეაპოლელი (იტალ. Ferdinando II di Napoli), აგრეთვე ცნობილია, როგორც ფერანტე (იტალ. Ferrante; დ. 26 აგვისტო, 1469, ნეაპოლი, იტალია ― გ. 7 სექტემბერი, 1496, ნეაპოლი, იტალია) ― ტრასტამარის დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლის მეფე 1495-1496 წლებში. მეფე ალფონსო II-ის ძე. ცოლად ჰყავდა თავისი მამიდა, ჯოვანა, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ, ამიტომ ტახტი ბიძამისს დარჩა.

ფერდინანდ II
ნეაპოლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 23 იანვარი, 1495
მმართ. დასასრული: 7 სექტემბერი, 1496
წინამორბედი: ალფონსო II
მემკვიდრე: ფედერიკო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 აგვისტო, 1469
დაბ. ადგილი: ნეაპოლი, იტალია
გარდ. თარიღი: 7 სექტემბერი, 1496, (27 წლის)
გარდ. ადგილი: ნეაპოლი, იტალია
მეუღლე: ჯოვანა ნეაპოლელი
(ქ. 1496)
დინასტია: ტრასტამარები
მამა: ალფონსო II, ნეაპოლის მეფე
დედა: იპოლიტა მარია სფორცა
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფერდინანდი დაიბადა 1469 წლის 26 აგვისტოს ნეაპოლში. იგი იყო პრინც ალფონსო არაგონელისა და მისი მეუღლის, მილანის პრინცესა იპოლიტა მარია სფორცას უფროსი ვაჟი. მას სახელი პაპის, ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I-ის პატივსაცემად დაარქვეს. მას შემდეგ, რაც 1494 წელს პაპამისი გარდაიცვალა, ტახტი მამამისმა დაიკავა ალფონსო II-ის სახელით.

1494 წელსვე ნეაპოლის ტახტზე პრეტენზია განაცხადა საფრანგეთის მეფე შარლ VIII-მ და იტალიაში შეიჭრა. მან მოახერხა ნეაპოლის აღება, რის გამოც სამეფო ოჯახი სიცილიაში გაიქცა, სადაც 1495 წლის იანვარში ალფონსო II თავისი ძის, ანუ ფერდინანდ II-ის სასარგებლოდ გადადგა ტახტიდან. ნეაპოლელთა ძალებს ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებდნენ ფრანგები. ამის გამო ფრანგებმა მალევე დაიკავეს კაპუა, გაეტა, გარილიანო, ლირი და საბოლოოდ თავად ნეაპოლიც.

საბოლოოდ ფერდინანდმა მოახერხა ჯარების შეგროვება და 14 გალერის თანხლებით დაიკავა ისკიის ციხესიმაგრე, რითაც დაიწყო თავისი სამეფოს გათავისუფლება. ამის შემდეგ ფერდინანდმა ფრანგული ჯარების კომანდირი თავისთან გემზე დაიბარა მოსალაპარაკებლად, თუმცა როცა იგი მასთან მივიდა, მეფემ ის მოკლა და მისი ცხედარი ზღვაში გადააგდო. ამის შემდეგ ფერდინანდმა დაიკავა ქალაქი მესინა, საიდანაც მას მისი ბიძაშვილის, მეფე ფერდინანდ II არაგონელის ესპანური ჯარებიც შეუერდნენ სიცილიიდან.

ამ ყველაფრის პარალელურად, ფრანგების იტალიიდან გასაძევებლად რომის პაპმა ალექსანდრე VI-მ ჩამოაყალიბა კოალიცია, რომელშიც პაპთან ერთად გაერთიანდა საღვთო რომის იმპერატორი მაქსიმილიან I, ასევე მილანი, ესპანეთი და ვენეცია. სულ მალე ფერდინანდმა მოკავშირეთა დახმარებით აიღო კალაბრია და ნეაპოლისკენ დაიძრა. მას ნეაპოლისკენ მიმავალი სახმელეთო გზა ფრანგულმა გარნიზონებმა გადაუკეტეს, ამიტომაც შეტევა ისკიის ციხესიმაგრიდან დაიწყო, ზღვით. 1495 წლის 7 ივლისს ფერდინანდი ნეაპოლში შევიდა, რითაც დასრულდა ბრძოლა მისი სამეფოს გათავისუფლებისათვის. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლის მოქალაქეებმა მეფე ისეთივე ენთუზიაზმით მიიღეს, როგორითაც ფრანგ დამპყრობლებს შეეგებნენ.

ნეაპოლში დაბრუნებისა და ძალაუფლების აღდგენის შემდეგ ფერდინანდმა დაქორწინება გადაწყვიტა. 1496 წლის 28 თებერვალს იგი დაინიშნა თავის მამიდაზე, პრინცესა ჯოვანა ნეაპოლელზე, რომელიც მასზე 10 წლით უმცროსი იყო. ჯოვანა ფერდინანდის პაპას თავისი მეორე ცოლის, დედოფალ ხუანასაგან ჰყავდა, მასზე ქორწინებით კი იგი გაამყარებდა კავშირს ესპანეთთან. ამრიგად, იმავე წლის 26 ივლისს ფერდინანდი ჯოვანაზე დაქორწინდა, თუმცა სულ რამდენიმე თვეში, 1496 წლის 7 სექტემბერს იგი მალარიით გარდაიცვალა, 27 წლის ასაკში. მისი მეუღლე, რომელიც ამ დროს 17 წლის იყო, მეორედ აღარ გათხოვილა და, ვინაიდან, მათ არც შვილი დარჩენიათ, ტახტი ფერდინანდის ბიძამ, ფედერიკომ დაიკავა.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Musto, Ronald G. (2019). Writing Southern Italy Before the Renaissance: Trecento Historians of the Mezzogiorno. Routledge.
  • Williams, George L. (1998). Papal Genealogy: The Families and Descendants of the Popes. McFarland & Company, Inc.
  • This article incorporates text from a publication now in the public domain: Chisholm, Hugh, ed. (1911). "Ferdinand II. of Naples". Encyclopædia Britannica. 10 (11th ed.). Cambridge University Press. p. 264.