ფავზია ფუად ეგვიპტელი

ფავზია ფუად ეგვიპტელი (სპარს. شاهدخت فوزیه فؤاد‎, არაბ. الأميرة فوزية فؤاد; დ. 5 ნოემბერი, 1921, ალექსანდრია, ეგვიპტე — გ. 2 ივლისი, 2013, ალექსანდრია, ეგვიპტე) — ეგვიპტის პრინცესა და ირანის დედოფალი 1941-1948 წლებში როგორც შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის პირველი ცოლი.

ფავზია ფუად ეგვიპტელი
ირანის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 16 სექტემბერი, 1941
მმართ. დასასრული: 17 ნოემბერი, 1948
წინამორბედი: თაჯ ოლ-მოლუქი
მემკვიდრე: სორაია ისფანდიარი ბაჰთიარი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 ნოემბერი, 1921
დაბ. ადგილი: ალექსანდრია, ეგვიპტე
გარდ. თარიღი: 2 ივლისი, 2013 (91 წლის)
გარდ. ადგილი: ალექსანდრია, ეგვიპტე
დაკრძ. ადგილი: კაირო, ეგვიპტე
მეუღლე: მოჰამედ რეზა ფეჰლევი
(ქ. 1939 - განქ. 1948)
ისმაილ შირინი
(ქ. 1949 - გარდ. 1994)
შვილები: შაჰნაზ ფეჰლევი
ნადია შირინი
ჰუსეინ შირინი
დინასტია: მუჰამედ ალის დინასტია
მამა: ფუად I, ეგვიპტის მეფე
დედა: ნაზლი საბრი
რელიგია: ისლამი

იგი იყო ეგვიპტის მეფე ფუად I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ნაზლი საბრის უფროსი ქალიშვილი. მისი ძმა, ფარუკ I ეგვიპტის უკანასკნელი მეფე გახდა. 1939 წელს, პოლიტიკური მიზეზების გამო იგი ცოლად შერთეს ირანის მემკვიდრე პრინც მოჰამედ რეზა ფეჰლევს, რითაც უნდა შექმნილიყო ახლო აღმოსავლური ალიანსი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ევროპულ ძალებს წინააღმდეგობას გაუწევდა. მათ უიღბლო ქორწინება ჰქონდათ, რომელიც 1948 წელს განქორწინებითა და ფავზიას სამშობლოში დაბრუნებით დასრულდა, თუმცა შაჰს მასთან ერთი გოგონა შეეძინა.

1949 წელს იგი მეორედ დაქორწინდა ეგვიპტელ კოლონელ-დიპლომატ ისმაილ ჩირინზე, რომელთანაც კიდევ ორი შვილი შეეძინა.

ადრეული ცხოვრება და განათლება რედაქტირება

პრინცესა ფავზია დაიბადა 1921 წლის 5 ნოემბერს ქალაქ ალექსანდრიის რაზ-ელ-თინის სასახლეში. იგი იყო ეგვიპტის მეფე ფუად I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ნაზლი საბრის უფროსი ქალიშვილი. იგი წარმომავლობით ალბანელი, თურქი, არაბი, ბერძენი, ფრანგი და ჩერქეზი იყო. პრინცესა ფავზიას დედის პაპა, გენერალ-მაიორი შარიფ ფაშა, წარმოშობით თურქ-ბერძენი იყო და ეგვიპტის პრემიერ-მინისტრად, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ასევე დედამისის ერთ-ერთი პაპა იყო სულეიმან ფაშა, რომელიც წმინდა სისხლის ფრანგი იყო და ნაპოლეონს ჩამოჰყვა ეგვიპტეში ლაშქრობისას, შემდეგ კი დარჩა და ადგილობრივი ქალი შეირთო ცოლად.

გარდა ერთი ძმის, პრინცი ფარუკისა, ფავზიას ჰყავდა სამი უმცროსი და — ფაიზა, ფაიკა და ფათია. გარდა ამისა, მამის პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი ნახევარ-და. პრინცესა ფავზიამ თავის დებთან ერთად განათლება შვეიცარიაში მიიღო, რის გამოც მშობლიური არაბულის გარდა კარგად იცოდა ინგლისური და ფრანგული.

მისი სილამაზის გამო ფავზიას ხშირად ადარებდნენ კინოს ვარსკვლავ ჰედი ლამარსა და ვივიენ ლის. 2011 წელს გამოსულ მის ბიოგრაფიულ წიგნში, ფავზია, როგორც ახალგაზრდა ქალი, აღწერილია როგორც: „უზომოდ გულუბრყვილო, ზედმეტად დაცული, საჩუქარივით ლამაზად შეფუთული პატარა გოგონა“.

ირანის დედოფალი რედაქტირება

 
ფავზია ეგვიპტელი და რეზა ფეჰლევი 1939 წელს, თავიანთი ქორწინების დღეს

პრინცესა ფავზიასა და ირანის კრონპრინც რეზა ფეჰლევს შორის ქორწინების იდეა პირველად ამ უკანასკნელის მამამ, რეზა შაჰმა წამოჭრა. 1972 წლის მაისში დეკლარირებული CIA-ს მოხსენებით, ქორწინება პოლიტიკურ ნაბიჯადაა აღწერილი. მათი შეუღლება მნიშვნელოვანი იყო იმით, ამით ერთიანდებოდა სუნიტური ქვეყნის პრინცესა და შიიტური ქვეყნის პრინცი. აღსანიშნავია ისიც, რომ ფეჰლავების საგვარეულო გლეხური წარმოშობისა იყო და მხოლოდ 1921 წელს, საიმპერატორო არმიაში მომსახურე რეზა ხანმა ისარგებლა სახელმწიფო გადატრიალებით და ხელისუფლების სათავეში მოვიდა, რის შემდეგაც მათი ყველას ეშინოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ფავზიას ალის საგვარეულო 1805 წლიდან მოყოლებული მეფობდა ეგვიპტეში, ეს შეუსაბამო ქორწინება იყო.

ეგვიპტელებს არ მოეწონათ რეზა ხანის მიერ გაგზავნილი საჩუქრები და რადგან ამან ვერ დაარწმუნა ისინი, ირანული დელეგაცია ჩავიდა კაიროში მოსალაპარაკებლად. ეგვიპტელებმა მათ თავიანთი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინეს, რათა საკუთარი დიდებულებისათვის გაესვათ ხაზი. მეფე ფარუკი თავიდან საერთოდ არ იყო დაინტერესებული დის საზღვარგარეთ გათხოვებით, თუმცა იგი მისმა მრჩეველმა დაარწმუნა, რომ ირანთან ალიანსით გაიმყარებდა მმართველობას და ასე ჩაცხრებოდა ბრიტანელთა პრეტენზიებიც. ამავდროულად მიდიოდა მოლაპარაკებები ფავზიას გათხოვებაზე ერაყისა და იორდანიის სამეფო კარებზეც. საბოლოოდ ფარუკმა მისი ირანში გათხოვება გადაწყვიტა, რის გამოც დას პედაგოგი დაუქირავა, რათა სპარსული ესწავლა.

ფავზია ეგვიპტელი და რეზა ფეჰლევი ერთმანეთს პირველად 1938 წლის მაისში შეხვდნენ. ამის შემდეგ მათ ერთმანეთი მხოლოდ ქორწილში ნახეს. 1939 წლის 15 მარტს აბდენის სასახლეში, ეგვიპტეში შედგა ფავზიასა და რეზას ქორწინება. მეფე ფარუკმა წყვილი გიზის პირამიდებთან, ალ-აჟარის უნივერიტეტთან და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებთან წაიყვანა. ეგვიპტის სამეფო კარი გააღიზიანა განსაკუთრებით იმ ფაქტმა, რომ სიძე უბრალო სამხედრო სამოსში იყო გამოწყობილი, რაც ძალიან ცუდად მიიღეს, რადგან მიიჩნიეს, რომ ირანისთვის ეს ქორწინება იმდენად მნიშვნელოვანიც კი არ იყო, რომ რეზა მდიდრულად გამოწყობილიყო. ქორწილს სასახლეში 30,000 კაციანი ბანკეტი მოჰყვა. ამის შემდეგ რეზა და ფავზია ირანში მატარებლით გაემგზავრნენ, სადაც ფავზიას თან გაჰყვა დედამისი, დედოფალი ნაზლიც. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტიდან ირანისაკენ მიმავალ გზაზე რამდენჯერმე გაითიშა ელექტრო ენერგია, რამაც მოგზაურობის შეფერხება გამოიწვია.

 
ახალგაზრდა დედოფალი 1942 წელს

ირანში ჩასვლის შემდეგ, საქორწინო ცერემონიალი ხელმეორედ ჩატარდა თეირანშიც, რომელიც მათ მომავალ რეზიდენციაში — მარმარილოს სასახლეში შედგა. აღსანიშნავია, რომ მოჰამედ რეზამ არც თურქული იცოდა და არც არაბული (ეგვიპტურ ელიტაში გავრცელებული ენები), ხოლო ფავზიამ სპარსულად მხოლოდ ორი სიტყვა იცოდა, რის გამოც წყვილი თავიდან ფრანგულად საუბრობდა, რადგან მხოლოდ ეს ენა იცოდა ორივე მათგანმა. რეზა ხანმა ვაჟსა და რძალს დედაქალაქი საოცრად მორთული დაახვედრა, მათ საზეიმო შესვლას კი ირანული ელიტის 25,000 წარმომადგენელი ესწრებოდა, გარდა უბრალო მოქალაქეებისა და აკრობატებისა. საქორწილო ბანკეტი ფრანგულ სტილში შედგა და სუფრაზე მხოლოდ ფრანგული საჭმელ-სასმელი მიიტანეს. როგორც ცნობილია ფავზიას თავისი მამამთილი, რეზა ხანი დიდად არ მოეწონა, რადგან იგი ქაოსური და მოძალადეობრივი კაცი იყო. ეგვიპტის დახვეწილ და ფრანგულთან მიმსგავსებულ სამეფო კარზე აღზრდილ ფავზიას არ მოეწონა სპარსული კულტურა და კერძები. მან ასევე აღმოაჩინა, რომ სპარსული სასახლეები ვერც კი შეედრებოდა იმ სასახლეებს, რომლებიც ეგვიპტეში ჰქონდათ.

ქორწინებისთანავე, მას ირანის მოქალაქეობა მიენიჭა. ორ წელიწადში, 1941 წლის 16 სექტემბერს მისი მამამთილი გარდაიცვალა და შაჰი მისი ქმარი, რეზა ფეჰლევი გახდა, რითაც ფავზიას ირანის დედოფლის წოდება მიენიჭა. ტახტზე ასვლისთანავე, 21 სექტემბერს დედოფალ ფავზიას ფოტო დაიბეჭდა ჟურნალ „ცხოვრების“ გარეკანზე. სტატიაში ჟურნალისტი მას „აზიის ვენერას“ უწოდებდა და საოცარ ხოტბას ასხამდა მის სილამაზეს. სულ მალე, დედოფალმა ფავზიამ დააარსა ირანელი ორსული ქალებისა და ბავშვთა დაცვის ახალი ორგანიზაცია (APPCW).

 
ფავზია და რეზა თავიანთ ქალიშვილ შაჰნაზთან ერთად თეირანში, 1941 წელი.

ფავზიასა და რეზას ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. ირანში დედოფალი მეტად უბედური იყო და გამუდმებით ენატრებოდა ეგვიპტე. განსაკუთრებით სავალალო იყო ფავზიას ურთიერთობა დედამთილსა და მულებთან. ისინი მას რეზას სიყვარულში მოცილედ აღიქვამდნენ და გამუდმებით ცდილობდნენ მისთვის კონკურენციის გაწევას. რამდენჯერმე ქალბატონების დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაშიც გადაიზარდა. ერთხელ, რეზას ერთ-ერთმა დამ ფავზიას თავზე ვაზა გადაამსხვრია. პარალელურად, შაჰი ხშირად ღალატობდა დედოფალს, განსაკუთრებით 1940 წლიდან, როცა იგი სხვა ქალებთან ერთად სრულიად ღიად ჩნდებოდა დედაქალაქში. ირანში დადიოდა ჭორები, რომ თავად დედოფალსაც ჰქონდა თავის სიმპათიურ და ათლეტურ მცველთან რომანი, თუმცა ეს ფაქტი დადასტურებული არაა. მისმა სიძემ, არდეშირ ზაჰედმა ამერიკელ ისტორიკოს აბას მილანს 2009 წლის ინტერვიუში ასეთი რამ განუცხადა: „ის ნამდვილი ქალბატონია, რომელსაც არასდროს გადაუხვევია სიწმინდისა და ერთგულების გზიდან.“ ამრიგად, დედოფალი ფავზია საშინელ დეპრესიაში ჩავარდა და 1944 წლიდან ამერიკელ ფსიქოლოგთან დაიწყო მკურნალობა. დეპრესიის მთავარ მიზეზად იგი სამშობლოში დაბრუნების სურვილსა და უბედურ ქორწინებას ასახელებდა.

1945 წელს დედოფალი ფავზია განშორდა შაჰ რეზას და ეგვიპტეში გადავიდა, სადაც ადგილობრივი კანონმდებლობით განქორწინებაც გააკეთა, თუმცა ირანული კანონმდებლობით იგი კვლავ რეზას ცოლად და დედოფლად რჩებოდა. დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ თეირანი განუვითარებელი ქალაქი იყო, სადაც ცხოვრებას ვერ შეეგუა. აღსანიშნავია, რომ თეირანიდან წასვლამდე მან ბაღდადელ ფსიქოლოგთან მაინც გაიარა კონსულტაცია. რეზას ტყუპისცალი და, პრინცესა აშრაფ ფეჰლევი თავის წიგნში ამტკიცებს, რომ განქორწინება ფავზიას ბრალი იყო და არა შაჰის. მიუხედავად რეზას მცდელობისა — დაებრუნებინა დედოფალი ირანში, იგი ეგვიპტეში დარჩა. 1945 წელს, ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას რეზამ განაცხადა, რომ მათ ქორწინებაში ყველაზე დიდი დაბრკოლება მისივე დედა იყო.

რამდენიმე წლის განმავლობაში ირანელები განქორწინებას არ სცნობდნენ. ოფიციალური და საბოლოო განქორწინება მხოლოდ 1948 წლის 17 ნოემბერს შედგა, რითაც ფავზიას ჩამოერთვა ირანის დედოფლის წოდება და კვლავ აღუდგინდა ეგვიპტის პრინცესის ტიტული. განქორწინების მთავარი პირობა ის იყო, რომ მათი საერთო ქალიშვილი ირანში უნდა დარჩენილიყო, რაც ასეც მოხდა. ასევე 1948 წლის ნოემბერში თავის ცოლს, დედოფალ ფარიდას გაეყარა ფავზიას ძმა, მეფე ფარუკიც.

განქორწინების ოფიციალურ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ „სპარსეთის კლიმატმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა დედოფალ ფავზიას ჯანმრთელობას და ამრიგად შეთანხმდნენ, რომ შაჰი ეგვიპტის დასთან განქორწინებულიყო“. შემდგომი ოფიციალური გამოსვლისას რეზამ განაცხადა, რომ „მათი განქორწინება არანაირ გავლენას არ იქონიებს ირან-ეგვიპტის მეგობრულ ურთიერთობაზე“. განქორწინების შემდეგ, პრინცესა ფავზია ეგვიპტის სამეფო კარს ხელმძღვანელობდა.

დარჩენილი ცხოვრება რედაქტირება

 
ფავზია ეგვიპტელი და მისი მეორე ქმარი, ისმაილ შირინი 1949 წელს

განქორწინებიდან რამდენიმე თვეში, 1949 წლის 28 მარტს კორუბას სასახლეში, კაიროში პრინცესა ფავზია მეორედ დაქორწინდა პოლკოვნიკ ისმაილ შირინზე, რომელიც იყო ბეი ჰუსეინ შირინისა და მისი ცოლის, პრინცესა ამინა ბიჰრუზ ხანუმ ეფენდის ვაჟი. მან განათლება კემბრიჯში, ტრირის კოლეჯში მიიღო და გარკვეული პერიოდის მანძილზე ეგვიპტის ომის მინისტრიც იყო. ქორწილის შემდეგ პრინცესა და მისი ქმარი კაიროში, მაადის სასახლეში დასახლდნენ. მათ მეორე რეზიდენციად იქცა სმოუნას ვილა ალექსანდრიაში. პირველისგან განსხვავებით, ფავზიას მეორე ქორწინება ბედნიერი იყო და მას უყვარდა თავისი მეუღლე.

1952 წელს ეგვიპტეში რევოლუცია განხორციელდა და მისი ძმა, ფარუკ I დაამხეს, რითაც დასრულდა ეგვიპტური მონარქიის ისტორია და იგი ისლამურმა რესპუბლიკამ ჩაანაცვლა. მიუხედავად ამისა, ახალმა მთავრობამ მასა და მის ქმარს ეგვიპტეში დარჩენის ნება დართეს, სადაც ისინი დარჩენილი წლების მანძილზე ცხოვრობდნენ. 1994 წელს ფავზია დაქვრივდა, თუმცა მესამედ აღარ დაქორწინებულა. მას ისმაილისაგან ორი შვილი დარჩა, რომლებიც შემდგომში შვეიცარიაში გადასახლდნენ. თავად ფავზია გარდაიცვალა 2013 წლის 2 ივლისს ალექსანდრიაში, 91 წლის ასაკში. იგი მეორე დღესვე, 3 ივლისს დაკრძალეს მუჰამედ ალის დინასტიურ ბაზილიკაში, კაიროში. აღსანიშნავია რომ მის პატივსაცემად დაარქვეს სახელი მის ძმისშვილ ფავზია ფარუკ ეგვიპტელს, რომელიც 1940 წელს დაიბადა და 2005 წელს გარდაიცვალა.

შვილები რედაქტირება

რეზა ფეჰლევთან:

  1. შაჰნაზ ფეჰლევი (დ. 1940 წლის 27 ოქტომბერი-ცოცხალია), იგი სულ ორჯერ დაქორწინდა და სამი ქალიშვილი შეეძინა, რომელთაგან მესამეს დედის პატივსაცემად ფავზია დაარქვა;

ისმაილ შირინთან:

  1. ნადია (1950-2009), დაქორწინდა ორჯერ და ორივე ქმართან თითო ქალიშვილი შეეძინა, რომელთაგან უმცროსს დედის პატივსაცემად ფავზია დაარქვა;
  2. ჰუსეინი (1955-2016), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო, შვეიცარიაში;

მემკვიდრეობა რედაქტირება

1939 წელს ირანში მის პატივსაცემად დაარსდა ქალაქი ფავზიაბადი. 1950 წელს კაიროში მაადის ქუჩას სახელი გადაერქვა და მის პატივსაცემად დაერქვა ამირა ფავზიას ქუჩა, მაგრამ 1956 წელს, რევოლუციის პირობებში ამ ქუჩას კვლავ შეუცვალეს სახელი და მუსტაფა ქემალის ქუჩა უწოდეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Montgomery-Massingberd, Hugh, ed. (1980). "The French Ancestry of King Farouk of Egypt". Burke's Royal Families of the World. Volume II: Africa & the Middle East. London: Burke's Peerage. p. 287. ISBN 978-0-85011-029-6. OCLC 18496936.
  • Goldschmidt, Arthur (2000). Biographical dictionary of modern Egypt. Lynne Rienner Publishers. p. 191. ISBN 1-55587-229-8.
  • Jeffrey Lee (1 April 2000). Crown of Venus. Universe. p. 51. ISBN 978-0-595-09140-9. Retrieved 3 July 2013.
  • Camron Michael Amin (1 December 2002). The Making of the Modern Iranian Woman: Gender, State Policy, and Popular Culture, 1865-1946. University Press of Florida. p. 137. ISBN 978-0-8130-3126-2. Retrieved 3 July 2013.
  • Bernard Reich (1 January 1990). Political Leaders of the Contemporary Middle East and North Africa: A Biographical Dictionary. Greenwood Publishing Group. p. 188. ISBN 978-0-313-26213-5. Retrieved 16 July 2013.
  • Anderson, Jack; Les Whitten (11 July 1975). "CIA: Shah of Iran a dangerous ally". St. Petersburg Times. Washington. Retrieved 16 July 2013.
  • Charmody, Diedre (27 July 1973). "Nixon forth to see Shah". The Leader Post. New York. Retrieved 10 November 2012.
  • Kashani-Sabet, Firoozeh (2011). Conceiving Citizens: Women and the Politics of Motherhood in Iran. New York: Oxford University Press. p. 71.
  • "Death of Princess Fawzia". Alroeya News. 2 July 2013. Archived from the original on 29 October 2013. Retrieved 17 July 2013.