უფლისციხის ღვთისმშობლის ეკლესია
უფლისციხის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 150 მეტრის მოშორებით. თარიღდება ფეოდალური ხანით.
ეკლესია (3,5 X 2,9 მ) გამოკვეთილია კლდეში, მასთან მისასვლელი საფეხურებიც კლდეშია ამოჭრილი. შესასვლელი დასავლეთით აქვს. შესასვლელის თავზე პატარა სარკმელია. აღმოსავლეთით ღრმა ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე ამოკვეთილია ოდნავ ჩაღრმავებული თაღოვანი ნიში; ქვემოთ დგას კლდეშივე გამოკვეთილი სწორკუთხა სატრაპეზო ქვა. ჩრდილოეთ კედელში განიერი თაღოვანი ნიშია. აფსიდს გასდევს მაღალი ბაქანი შუაში ორსაფეხურიანი კიბით. აფსიდის ბრტყელი კონქი კუთხეებში ეყრდნობა პილასტრებს, რომლებსაც თაროსებრი კაპიტელი და ასეთივე ბაზისი აქვს. ეკლესიის ჭერი ბრტყელია და გრძივ კედლებზე წრეთარგის ფორმით გადადის.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 89.