ურეკის განძი
ურეკის განძი — არქეოლოგიური გათხრების შედეგად ურეკში აღმოჩენილი ბრინჯაოს ნივთების განძი.
ურეკი ძველი დროიდანვე დასახლებული პუნქტი იყო. მდინარე სუფსის შესართავთან სხვადასხვა დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთების რამდენიმე განძი. მათ შორის აღსანიშნავია შუა ბრინჯაოს ხანის იარაღის განძი. შეიცავდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კოლხური ცულების უშუალო პროტოტიპებს. ადრინდელი ბრინჯაოს ცულების ნიშნების მქონე იარაღს (ყუამილიან-ყუადაქანებულ ცულებს და სხვ), ადრეულ თოხებსა და ა. შ. ურეკში აგრეთვე აღმოჩენილია სხვადასხვა ტიპის კოლხური ცულები და ძვ. წ. XVI-XIV სს კოლხური ცული (დაცულია სანქტ-პეტერბურგის ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმში).
დათარიღებაში აზრთა სხვადასხვაობაა: ძვ. წ. XVIII, XVII სს. (დ. ქორიძე და ა. რამიშვილი), ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი (ო. ჯაფარიძე), ძვ. წ. XV, XIV სს. (თ. მიქელაძე). განძი მნიშვნელოვანია კოლხური ბრინჯაოს პერიოდიზაციის, წარმომავლობისა და ტიპოლოგიური ევოლუციის თვალსაზრისით. ძირითადი ნაწილი დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, მცირე ნაწილი ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში.
1942 წელს ზღვისპირა დიუნის ყრილში ნაპოვნია გვიანანტიკური ხანის ნივთების განძი. განძს სამარხისეულ ინვენტარად მიიჩნევენ (ნ. ხოშტარია). განძი შეიცავს პოლიქრომული სტილის ოქროს სამკაულებს, რომლებიც არმაზისხევისა და ბორის სამკაულს უტოლდება. იქვე იყო III ს-ის ოქროსა და ვერცხლის რომაული მონეტები. განძი დათარირებულია (ა. აფაქიძე) III საუკუნის დასასრული IV საუკუნის დასაწყისით. ძირითადი ნაწილი დაცულია ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში. 1948 წელს ურეკში აღმოჩნდა ვერცხლის ჭურჭელი (ლანგარი, კოვზი, ლამბაქი, 2 სურა და სხვ.), რომელიც სავარაუდოდ (ნ. ხოშტარია) აღნიშნულ განძს განეკუთვნება.
1946 წელს ურეკში აღმოჩნდა ძვ. წ. VIII-VII სს განძი (ბრინჯაოს კოლხური ცული, სატევარი, დანისპირი, სეგმენტისებრი იარაღი, ლახტისთავი და აბზინდა, ზოდი და თიხის ტოლჩა), დაცულია ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში. 1948 წელს ამ მუზეუმს გადაეცა კოლხური და არქაული ცული (2 ც.) და ადრეული თოხი, რომელიც დიუნზე აღმოჩნდა. ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში დაცულია სხვადასხვა დროის ბრინჯაოს იარაღი.
ურეკში არქეოლოგიური სადაზვერვო გათხრები ჩატარდა 1936 (ა. კალანდაძე), 1938 (ა. იესენი) და 1948 (ო. ჯაფარიძე) წლებში. დიუნებში დადგინდა კულტურული ფენების არსებობა და მათი მსგავსება მდინარე ხობის შესართავისა და აფხაზეთის სანაპიროს ნამოსახლარებთან. ნაპოვნია ბრინჯაოს ხანის დასასრულის კერამიკა, თიხის ორკაპა სადგრები, ანტიკური ხანის კრამიტი, ძვ.წ. V-IV სს იმპორტული შავლაქიანი კერამიკა, ცხოველის მცირე ზომის ქანდაკება, საწაფები. ურეკის კერამიკაში დადგენილია ჭარბი რაოდენობით მაგნეტიტის შემცველობა, რაც მის ადგილობრივ დამზადებაზე მეტყველებს. 1949-50 წლების გათხრების (ნ. ხოშტარია) დროს დადგინდა დიუნების ხასიათი, კულტურული ფენებიხ განლაგება, სტრუქტურა და ასაკი (ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრული — I ათასწლეულის დასაწყისი). შეიმჩნევა ანტიკური ხანის კულტურული ფენების არსებობაც. დასახლების ინტენსივობას ხსნიან (ნ. ხოშტარია) ზღვისპირა ქვიშებში მაგნეტიტის არსებობით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. უშვერიძე, ე. გოგაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 172.
- ა. აფაქიძე, „გვიანანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები ურეკიდან“ // საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, 1947 წ. ტ. 14 B
- ა. რამიშვილი, „კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან“, ბათუმი 1974
- დ. ქორიძე, „კოლხური კულტურის ისტორიისთვის“, თბილისი 1965