უჟანგავი ფოლადი
უჟანგავი ფოლადი — რთულად ლეგირებული ფოლადი, რომელიც მედეგია ატმოსფერულ პირობებში ჟანგვისა, ხოლო აგრესიულ გარემოში კოროზიის მიმართ. უჟანგავი ფოლადი ქიმიური შედგენილობის მიხედვით არის ქრომიანი, ქრომონიკლიანი, ქრომმანგანუმნიკლიანი, ქრომმანგანუმაზოტიანი და სხვა. მათი ძირითადი მალეგირებელი ელემენტებია Cr, Ni, Mn, Si, Mo, Cu. საკონსტრუქციო მასალად იქნებენ მარტენსიტული (13% Cr), ნახევრად ფერიტული (17% Cr) და ფერიტული (25% Cr) კლასის უჟანგავ ფოლადს. ძლიერ მჟავებსა (გოგირდის, ფოსფორის, ფთორის) და მათ ნარევებში კოროზიამედეგია მაღალქრომნიკლიანი Mo, Cu, Si-ით (სხვადასხვა შეფარდებით) ლეგირებული უჟანგავი ფოლადი.
სტრუქტურა და კოროზიამედეგობა
რედაქტირებაქრომნიკლიანი და ქრომმანგანუმნიკლიანი უჟანგავი ფოლადი სტრუქტურის მიხედვით არის:
კლასი | თვისება |
---|---|
აუსტენიტური | გამოირჩევა კოროზიამდგრადობითა და მაღალი პლასტიკურობით |
აუსტენიტურ-მარტენსიტული | გამოირჩევა კოროზიამდგრადობითა და მაღალი სიმტკიცით |
აუსტენიტურ-კარბიდული |
უჟანგავ ფოლადში ვითარდება სამი სახის კოროზიული რღვევა: საერთო კოროზია (განსაზღვრავს ქრომის შემცველობა), მარცვალთშორისი კოროზია (განსაზღვრავს ნახშირბადის შემცველობა და კოროზიული მსხვრევადობა (აუტენსიტის წარმომქმნელი ელემენტების შემცველობა). 30–40% Ni-იანი უჟანგავი ფოლადი მსხვრევადი არ არის.
უჟანგავი ფოლადის კოროზიამედეგობას განაპირობებს აგრესიულ არესთან კონტაქტის შედეგად მის ზედაპირზე წარმოქმნილი ჟანგეულის ან სხვა უხსნარი ნაერთის თხელი დამცავი ფურჩი. ასეთ ფურჩს ქმნის Cr, Al, Si, Ni, იშვიათ მიწათა ლითონების დანამატები, რის გამოც გავრცელდა ქრომიანი, ნიკელიანი და სხვა უჟანგავი ფოლადები. ნიკელის დეფიციტურობამ განაპირობა დაბალნიკელიანი და უნიკელო უჟანგავი ფოლადების შემუშავება-გამოყენება.
ლიტერატურა
რედაქტირება- მ. ცქიტიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 164.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Comprehensive Information About Stainless Steel by The Stainless Steel Information Center