უაკარი, კაკაჟაო (ლათ. Cacajao) — ცხვირფართო მაიმუნების გვარი საკისებრთა ოჯახისა. მოიცავს 4 სახეობას, რომლებიც გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკაში: დასავლური ანუ მელასებრი უაკარი (C. calvus), შავთავა უაკარი (C. melanocephalus), აირესის უაკარი (C. ayresi) და ნებლინის უაკარი (C. hosomi). მათი სხეულის სიგრძეა 30–57 სმ, კუდისა — 12,5–21 სმ, მასა 2,7–3,5 კგ. სხვა ამერიკული მაიმუნებისაგან განსხვავდებიან მოკლე კუდით, რომელიც არ აღემატება სხეულის სიგრძის ნახევარს. სახე და ლოყები შიშველია, ზოგჯერ შესაძლებელია წვერი ქონდეთ. მელასებრ უაკარის კეფაზე არ აქვს ბეწვი, ყურები ღიაა, შავთავა უაკარის კი კეფა შემოსილი აქვს და ყურებიც დახურულია ბეწვით. შეფერილობა ძირითადად მოყვითალოა; იცვლება სახეობებისა და ქვესახეობების მიხედვით; კანი სახეზე ალისფერია. ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებში — მცირე მდინარეებისა და ტბების ნაპირებთან. ცხოვრობენ დიდი ხეების ვარჯებში, იშვიათად ეშვებიან მიწაზე. აქტიურები არიან დღისით. უპირატესად იკვებებიან ხილით. ცხოვრობენ კოლონიებად, სადაც 30–50 წევრია გაერთიანებული, ზოგჯერ — 100-მდე. მდედრებს გამრავლება 3 წლის ასაკიდან შეუძლიათ, მამრების — 6 წლიდან. ჩვეულებრივ შობენ ერთ ნაშიერს. ტყვეობაში ცხოვრობენ 30 წლამდე. ყველა სახეობის არეალი მცირე ფართობისაა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის თანახმად, მელასებრი და ნებლინის უაკარი საფრთხის ქვეშაა.[1]

უაკარი

მელასებრი უაკარი (C. calvus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ქვერიგი:  ცხვირფართო მაიმუნები
ოჯახი:  საკისებრნი
გვარი:  უაკარი
ლათინური სახელი
Cacajao (Lesson, 1840)

სქოლიო რედაქტირება

  1. Аверьянов А. О. Уакари // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 644.