განდისიშანი

(გადამისამართდა გვერდიდან ტრანსჰიმალაი)

განდისიშანი, ტრანსჰიმალაი — განედური მიმართულების მთათა სისტემა ჩინეთში, ტიბეტის ზეგნის სამხრეთით. გადაჭიმულია ჰიმალაის პარალელურად და გამოყოფილია მისგან გასწვრივი ტექტონიკური დეპრესიით. სიგრძე დაახლოებით 1600 კმ, სიგანე ცენტრალურ ნაწილში 300 კმ-მდე, მაქსიმალური სიმაღლე 7315 მ (მწვერვალი ალინგ-განგრი). უღელტეხილების უმრავლესობა (დინლა, კონგბოპა, გორინგი და სხვა) 5000 მ და უფრო მაღლა მდებარეობს. აგებულია ძირითადად მეზოზოური გრანიტებით, კვარციტებით, ფიქლებითა და კირქვებით. მთავარი ქედებია ალინგ-განგრი (ჩრდილოეთით), ნიენჩენ-ტანგლა და კაილასი (სამხრეთით).

განდისიშანი
ნიენჩენ-ტანგლი
ნიენჩენ-ტანგლი
კოორდინატები: 30°23′00″ ჩ. გ. 90°34′31″ ა. გ. / 30.38333° ჩ. გ. 90.57528° ა. გ. / 30.38333; 90.57528
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
უმაღლესი წერტილი ალინგ-განგრი
სიმაღლე 7315 
სიგრძე 1600 კმ
სიგანე 300 კმ
განდისიშანი — ჩინეთი
განდისიშანი

ჩრდილოეთი ქედები ნაკლებადაა დანაწევრებული, მათი მწვერვალები ბრტყელი ან გუმბათისებრია. განდისიშანის სამხრეთი შტოები — ინდოეთის ოკეანისა და ტიბეტის დახშული აუზის წყალგამყოფი — თოვლით დაფარული მაღალმწვერვალებიანი უწყვეტი მთაგრეხილია, საიდანაც ჩრდილოეთით და სამხრეთით დიდი მყინვარები ეშება. მთაგრეხილი ძლიერ დანაწევრებულია ღრმა ხეობებით, რომლებშიც მდინარეების ინდისა და ცანგპოს (ბრაჰმაპუტრა) აუზის მოკლე, მაგრამ წყალუხვი მდინარეები მიედინება. ჩრდილოეთ და სამხრეთ ქედებს შორის დახშული მთათაშორისი ტბიანი ქვაბულებია, რომელთა ძირი დაახლოებით 4500 მ სიმაღლეზეა.

განდისიშანის ჰავა საერთოდ მკაცრია, ჩრდილოეთ ნაწილში წააგავს ტიბეტის ზეგნის ჰავას, სამხრეთი ქედები განიცდის ინდოეთის ოკეანის მუსონის გავლენას. ჩრდილოეთი ქედების კალთებზე მაღალი მთის ქვაღორღიანი უდაბნოებია. მცენარეული საფარი მწირია. დახშულ ქვაბულებში მაღალი მთის დაბალბალახიანი სტეპია, ქარპირა კალთებზე — მაღალი მთის მდელოები. ტყე არ არის, მხოლოდ ტბების ირგვლივ ხარობს ხისმაგვარი ღვია. ნიენჩენ-ტანგლის და კაილასის ქედების სამხრეთ კალთებზე კარგად შეიმჩნევა ლანდშაფტის სიმაღლებრივი ზონალუროიბა. მაღლა მყინვარები, შიშველი კლდეები და მაღალი მთის უდაბნოებია, შუა ნაწილში ხარობს მდელოსტეპის მცენარეულობა. ცხოველებიდან გვხვდება იაკი, ცხვარი, ანტილოპა, ორონგო, ტიბეტური მელა და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება