ტრამვაი, სახელად სურვილი

ტენესი უილიამსის პიესა

ტრამვაი, სახელად სურვილი (ინგლ. A Streetcar Named Desire) — ტენესი უილიამსის პიესა. პრემიერა შედგა ბროდვეიზე 1947 წლის 3 დეკემბერს. პიესა მოგვითხრობს სამხრეთელი ლამაზმანი ბლანშ დიუბუას შესახებ, რომელიც ვალების გამო მემკვიდრეობით მიღებული სახლის დაკარგვის შემდეგ საცხოვრებლად დასთან და სიძესთან ნიუ-ორლეანის ღარიბ გარეუბანში გადადის.

„ტრამვაი სახელად სურვილი“ XX საუკუნის კრიტიკულად აღიარებულ პიესებს შორის ერთ-ერთი პირველია. დღემდე ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დადგმადი პიესაა, მისი არაერთი სხვა სახის ადაპტაცია არსებობს, მათ შორის აღსანიშნავია 1951 წლის ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ვივიენ ლი და მარლონ ბრანდო ასრულებენ.

ადაპტაციები რედაქტირება

 
ვივიენ ლი ფილმის ტრეილერში

კინო რედაქტირება

1951 წელს Warner Bros.-მა ელია კაზანის რეჟისორობით პიესის კინოადაპტაცია გადაიღო, რომელშიც, ბროდვეის დადგმისგან განსხვავებით, მთავარი როლი ჯესიკა ტენდის ნაცვლად ვივიენ ლიმ შეასრულა. ფილმმა ათი ნომინაციიდან ოთხი ოსკარის ჯილდო მიიღო. ეკრანიზაციაში უილიამსის სიუჟეტი გარკვეულწილად შეცვლილია, რადგან ფილმის დასასრულს, პიესისგან გასნსხვავებით, სტელა სტენლისთან არ რჩება.

როგორც არაერთმა კრიტიკოსმა აღნიშნა, 2013 წლის ვუდი ალენის ოსკაროსანი ფილმი „სევდიანი ჟასმინი“ სწორედ „ტრამვაი, სახელად სურვილითაა“ შთაგონებული. მათ მსგავსი სიუჟეტი და პერსონაჟები აერთიანებთ, თუმცა ალენის ფილმი თანამედროვე მაყურებლისთვისაა გათვლილი.[1][2]

ინსპირაცია რედაქტირება

ტრამვაი, სახელად სურვილი 1920-48 წლებში ნიუ-ორლეანში მოძრაობდა. მას სახელი ამავე სახელწოდების ქუჩის მიხედვით ეწოდა. აღსანიშნავია, რომ ქუჩების სახელწოდებები, რომელთა გავლაც ბლანშს უწევს, ალეგორიულია: „მითხრეს, ჯერ ერთ ტრამვაიში, აქაურები „სურვილს“ რომ ეძახიან, ჩაჯდებიო, მერე მეორეში — „სასაფლაო“, ექვს უბანს გაივლი და ელისეს მინდვრებზე ჩამოხვალო.“

ბლანშის პერსონაჟი სავარაუდოდ დაფუძნებულია უილიამსის დაზე, როუზ უილიამსზე, რომელსაც მენტალური პრობლემები ჰქონდა, ლობოტომიის შემდეგ კი სრულიად ქმედუუნარო გახდა. პიესის წარმატებამ უილიამსს თავისი დის სამედიცინო საჭიროებების ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება მისცა.[3] სხვა ბიოგრაფიულ ელემენტებს შორისაა უილიამსის დედის სამხრეთული წარმოშობა, რაც სტელასა და ბლანშის სამხეთულ წარმოშობაში აისახა. მისი მამა კი მოგზაური და გამყიდველი იყო და მეგობრებთან დალევა და პოკერის თამაში უყვარდა, რაც სტენლი კოვალსკის პერსონაჟში აისახა. მთავარი პერსონაჟის მსგავსად, უილიამსიც მისისიპიში დაიბადა. აგრეთვე ბიოგრაფიული დეტალია ჰომოსექსუალობის მოტივი პიესაში, რადგან უილიამსს პრობლემები ჰქონდა თავის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. აგრეთვე, სტენლის ზიზღი ბლანშის ხასიათის მიმართ სავარაუდოდ შთაგონებული იყო უილიამსის მამის ზიზღის დედამისის სამხრეთული თვისებების მიმართ.[4]

ბლანშ დიუბუას სახელი უილიამსმა თეატრის კრიტიკოსი და ყოფილი მსახიობი ბლანშ მარვინისგან აიღო, ბლანშის დას, სტელას, კი სახელი მარვინის ქალიშვილობის გვარის მიხედვით შეურჩია. აგრეთვე ცნობილი სიტყვები პიესიდან „მე ყოველთვის უცნობების სიკეთის იმედი მქონდა“ ბლანშ მარვინს ეკუთვნის.[5]

სქოლიო რედაქტირება

  1. Movie Review: Woody Allen's Blue Jasmine Is Perhaps His Cruelest-Ever Film. Vanity Fair (July 26, 2013). ციტირების თარიღი: September 12, 2013
  2. Blue Jasmine: Woody Allen's excellent homage to A Streetcar Named Desire. Tri-city Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 29, 2014. ციტირების თარიღი: September 12, 2013
  3. Obituary: Rose Williams. The Independent (12 September 1996). ციტირების თარიღი: 28 May 2020
  4. „The Man Who Queered Broadway“. The New Yorker (ინგლისური). 2014-10-09. ციტირების თარიღი: 2021-09-22.
  5. Clark, Nick. (July 27, 2014) Critic claims 'I was the inspiration for Blanche DuBois'. The Independent. ციტირების თარიღი: August 29, 2014