ტვიროსის ალყა (ძვ. წ. 332)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტვიროსის ალყა.
ტვიროსის ალყა
ალექსანდრე მაკედონელის ომების ნაწილი
თარიღი იანვარი-ივლისი, ძვ. წ. 332
მდებარეობა ტვიროსი, ფინიკია
შედეგი მაკედონიის გამარჯვება
მხარეები
ძველი მაკედონია, კორინთოს კავშირი ტვიროსი
მეთაურები
ალექსანდრე მაკედონელი აზიმილკი
ძალები
30-35 000 9-10 000
დანაკარგები
400 ჯარისკაცი 8-9 000 ტვიროსელი
ტვიროსის ალყა ვიკისაწყობში

ტვიროსის ალყაალექსანდრე მაკედონელის მიერ ფინიკიის ქალაქ ტვიროსის შვიდთვიანი ალყა.

მიუდგომელი ქალაქის დაცემა არ ყოფილა მხოლოდ ალექსანდრე მაკედონელის ყველაზე ბრწყინვალე გამარჯვება, არამედ იგი შევიდა მსოფლიო სამხედრო ხელოვნების ისტორიაში.

წინაპირობა რედაქტირება

ძვ. წ. 333 წელს ისოსის ბრძოლაში ალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთის მეფე დარიოს III დაამარცხა. დარიოსი გაიქცა სპარსეთის სამეფოს სიღრმეში, ხოლო ალექსანდრემ მოძრაობა გააგრძელა ფინიკიისაკენ, რათა საკუთარი ფლოტი დაეცვა სპარსელებისაგან. ფინიკიის ქალაქები ბიბლოსი, სიდონი და არადი ალექსანდრე მაკედონელს დაემორჩილნენ. მაგრამ ფინიკიას ყველაზე დიდმა ქალაქმა, ტვიროსმა მაკედონიელების მორჩილებაზე უარი განაცხადა, თუმცა ალექსანდრეს დაპირდნენ, რომ სპარსელებს არ დაეხმარებოდნენ. ამავდროულად ტვიროსის მეფე აზიმილკი იბრძოდა სპარსელების მხარეს, ხოლო მათი ფლოტი ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი და ანგარიშგასაწევი იყო ხმელთაშუა ზღვაზე.

მიუდგომელი ტვიროსი რედაქტირება

ტვიროსი მდებარეობს კლდოვან კუნძულზე, სადაც მოსახლეობა გადასახლდა ძვ. წ. 586 წელს, რათა თავი დაეცვათ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორისაგან. მატერიკზე კი დარჩა სასაფლაო და ძველი ქალაქის ნანგრევები, ხოლო ახალი ტვიროსი მთელი კუნძულის პერიმეტრზე მაღალი კლდით იყო გარშემორტყმლი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ქალაქის ტერიტორია 58 ჰა-ს მოიცავდა. კუნძულის სიგრძე ანტიკურ პერიოდში 1,6 კმ-ს შეადგენდა, ჩვენს დროში კუნძულის კონტურები შეიცვალა, კუნძული დაუკავშირდა მატერიკს და მისი სიგრძე შემცირდა ერთ კილომეტრამდე. სრუტის სიგანე, რომელიც მატერიკთან აშორებდა კუნძულს, ანტიკურ დროში იყო 4 სტადიონი, ანუ დაახლოებით 700-800 მეტრი.

ალყის პირველი ეტაპი რედაქტირება

ალექსანდრე მაკედონელმა გადაწყვიტა მიწაყრილით დაეკავშირებინა ქალაქი მატერიკთან და შემდეგ ამ გზით გადაეყვანა საალყო მანქანები ტვიროსის კედელთან. ალექსანდრემდე 60 წლით ადრე მსგავსი რამ გააკეთა სირაკუზის ტირანმა დიონისე I-მა, როდესაც ალყა შემოარტყა სიცილიის ქალაქ მოტის, რომელიც მდებარეობდა კუნძულზე, სანაპიროდან 1,2 კმ-ის მოშორებით. მაგრამ ტვიროსისაგან განსხვავებით მოტისთან დამაკავშირებელი სრუტე არ იყო ღრმა. ტვიროსთან საალყო საქმიანობას ხელმძღვანელობდა ალექსანდრეს სამხედრო ინჟინერი დიადეს პელელი. ათიათასობით ადამიანი დაკავდა სამშენებლო სამუშაოებით: ჯერ ჩაყარეს ქვები, ზემოდან დაალაგეს ხეები, რომელიც ლიბანის მთებიდან ჩაიტანეს. მიწაყრილის სიგანე იყო 60 მეტრი.

მშენებლობის დროს თავდასხმების ასაცილებლად მაკედონელებმა მიწაყრილზე ააგეს ორი ხის კოშკი. ტვიროსელებმა გამოაგზავნეს გემი, რომელიც სავსე იყო საწვავი მასალებით. მათ ცეცხლი წაუკიდეს კოშკებს და გაანადგურეს მიწაყრილი. ამავე დღეს ამოვარდნილმა ქარმა, გააძლიერა ტალღები და გაანადგურა მიწაყრილის ხის მასალა. მაკედონელების ერთთვიანი სამუშაო ფუჭი გამოდგა.

ალექსანდრემ ბრძანა ახალი, უფრო განიერი მიწაყრილის მშენებლობა, თავად კი გაემგზავრა სიდონში, რათა შეეკრიბა ფლოტი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იყო ტვიროსის ალყა.

ალყის მეორე ეტაპი რედაქტირება

სიდონში ალექსანდრემ არადის მეფე ჰეროსტრატესაგან და ბიბლოსის მეფე ენილისაგან მიიღო 80 სამხედრო გემი. 25 გემი გამოუგზავნეს მცირე აზიის მოკავშირე სახელმწიფოებმა. კვიპროსის მეფე 120 სამხედრო გემით შეუერთდა ალექსანდრეს ფლოტს. ამ თვალსაზრისით ალექსანდრეს ფლოტი მოიცავდა 225 გემს არიანეს ცნობით[1], კურციუსი კი ფლოტში 190 გემის არსებობას ვარაუდობს[2].

ტვიროსელები გამაგრდნენ ნავსადგურებში. კვიპროსის ფლოტილიამ ჩრდილოეთის ნავსადგური მოაქცია ალყაში, ხოლო ფინიკიელებმა სამხრეთის ნავსადგური. ქალაქი მთლიანად ალყაში მოაქციეს.

სამი დღის შემდეგ ალექსანდრემ დაიწყო შტურმი. თავდაპირველად სამხრეთის ნავსადგურთან ახლოს კედელი შეარყიეს. ტვიროსის კედელზე პირველი აცოცდა მაკედონელი ადმეტი. მალევე მაკედონელებმა ყველა კედელი და კოშკები ჩაიგდეს ხელში და ქალაქში შეაღწიეს.

პარალელურად კვიპროსელებისა და მოკავშირე ფინიკიელების გემები ორივე ნავსადგურში შევიდნენ. დაიწყო ქალაქის დამცველების ხოცვა-ჟლეტა. ქალაქი აიღეს შვიდი თვის შემდეგ ძვ. წ. 332 წლის ივლისში.

შედეგები რედაქტირება

ალყის დროს დაიღუპა 400 მაკედონელი ჯარისკაცი. ტვიროსელების მსხვერპლი კი 8-9 ათასი ადამიანნი იყო: 6-7 ათასი მამაკაცი დაიღუპა ალყის დროს, კიდევ 2 ათასი გააკრეს ჯვარზე ზღვის სანაპიროს გაყოლებით[3].

ცოცხალი გადარჩა ძალიან ცოტა მამაკაცი, ძირითადად მმართველები, რომლებიც ჰერაკლეს ტაძარში იყვნენ გამაგრებულები. არიანეს ცნობით ტყვედ ჩაიგდეს 30 ათასი ადამიანი, დიოდორე კი 13 ათას ტყვეზე მიუთითებს.

ალექსანდრემ ტვიროსელებს ახალი მეფე დაუნიშნა, თავად კი გაემგზავრა ეგვიპტისაკენ პალესტინის გავლით, სადაც მან ფილისტიმელების ქალაქ ღაზას ალყა შემოარტყა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • არიანე (2.16 — 24), კურციუსი (4.2 — 4), დიოდორე სიცილიელი (17.40 — 46), იუსტინი (11.10, 18.3), პლუტარქე («Александр», 24 — 25)
  • Арриан, Поход Александра, — М.: МИФ, 1993. Кн.2.
  • Квинт Курций Руф, История Александра Македонского, — М.: Издательство МГУ, 1993
  • Diodorus Siculus, Book XVII, с сайта проекта Perseus

სქოლიო რედაქტირება

  1. Арриан. Поход Александра. 2.20
  2. Курций. История Александра Македонского. 4.3.11
  3. Арриан, 2.24; Диодор, 17.46; Курций, 4.4; Юстин, 18.3