ტერეზა ავილელი (ესპ. Teresa de Ávila), დაბადების სახელია ტერეზა სანჩეს დე კაპედა ი აუმადა (ესპ. Teresa Sánchez de Cepeda y Ahumada), აგრეთვე ცნობილია, როგორც წმინდა ტერეზა იესოსი (ესპ. Santa Teresa de Jesús; დ. 28 მარტი, 1515, ავილა, ესპანეთი ― გ. 4 ოქტომბერი, 1582, სალამანკა, ესპანეთი) ― ესპანელი დიდგვაროვანი და რომის კათოლიკე ეკლესიის წმინდანი. კარმელიტი მონაზონი, მისტიცისტი, რელიგიის რეფორმატორი, ავტორი, თეოლოგი და კათოლიკე ეკლესიის დოქტრინათა ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი აქტივობების დროს კარმელიტთა ორდენში მსახურება ხელმისაწვდომი გახდა როგორც ქალების, ისე მამაკაცებისათვის. ესპანეთის რენესანსულ კულტურასა და პროტესტანტული რეფორმაციის საწინააღმდეგოდ მიმართული კათოლიკური კონტრრეფორმაციის წარმართვაში გაწეული წვლილისათვის იგი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და მიიჩნევა ესპანეთის ერთ-ერთ მთავარ მფარველ წმინდანად.

ტერეზა ავილელი
Teresia Abulensis და Teresa de Ávila
სრული სახელი ტერეზა სანჩეს დე კაპედა ი აუმადა
დაიბადა 28 მარტი, 1515
ავილა, ესპანეთი
გარდაიცვალა 4 ოქტომბერი, 1582 (67 წლის)
სალამანკა, ესპანეთი
დასაფლავებულია ავილა, ესპანეთი
წმინდანად შერაცხვა 12 მარტი, 1622
რომი, პაპის ოლქი, იტალია
ხსენების დღე 15 ოქტომბერი
სხვა სახელები წმინდა ტერეზა იესოსი
მოღვაწეობა თეოლოგი, მონაზონი, ქალწული, ეკლესიის დოქტრინათა ფუძემდებელი
ენა ესპანური
ეროვნება ესპანელი
პერიოდი კათოლიკური რეფორმაცია
მეუღლე
ნათესავ(ებ)ი Teresa de Ahumada

მისი საქმეების გათვალისწინებით 1622 წლის 16 მარტს რომის პაპმა გრიგოლ XV-მ ტერეზა ავილელი წმინდანად შერაცხა. მისი მოხსენიების დღეა 15 ოქტომბერი.

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

წმინდა ტერეზა ავილელი დაიბადა 1515 წლის 28 მარტს ესპანეთის ქალაქ ავილაში. ბაბუამისი, ხუან სანჩეს დე ტოლედო, იყო ებრაელი, რომელიც დედოფალ ისაბელ კასტილიელის დროს იძულებით მოექცა კათოლიკურ ქრისტიანულ რწმენაზე, რადგანაც არ სურდა ქონების დატოვება და სხვა ქვეყანაში გადასვლა. როდესაც ტერეზას მამა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ხუანი ესპანურმა ინკვიზიციამ გაასამართლა იუდაისტურ რწმენაზე დაბრუნების გამო, თუმცა მან თავი კათოლიკედ სცნო და ამრიგად გადარჩა ცოცხლად დაწვას. რაც შეეხება უშუალოდ ტერეზას მამას, ალფონსო სანჩეს დე კეპედას, წარმატებული მატყლის ვაჭარი და ავილის უმდიდრესი კაცი იყო. მან იყიდა რაინდისა და დიდგვაროვნის წოდება და მამისაგან განსხვავებით წარმატებით დაიმკვიდრა თავი ქრისტიანულ საზოგადოებაში.

 
ტერეზა ავილელის ძმასთან ერთად აფრიკაში გაპარვა, შესრულებულია არნოლდ ვან ვესტერჰუტის მიერ, 1719 წელს

ცნობილია, რომ ტერეზას მამა თავდაპირველად კატალინა დელ პესოზე იყო დაქორწინებული, რომლისგანაც სამი შვილი ჰყავდა და მხოლოდ 1509 წელს იქორწინა ტერეზას დედაზე, ბეატრის დე აუმადა ი კუევასზე.

ტერეზას დედა მორწმუნე ქრისტიანად ზრდიდა, რის გამოც იგი ბავშვობიდანვე იყო გატაცებული წმინდანთა ცხოვრებით. ცნობილია, რომ უკვე შვიდი წლის ასაკში ტერეზა თავის ძმასთან, როდრიგოსთან ერთად გაიქცა სახლიდან რათა მოწამეობრივი ცხოვრება ეძია მავრების წინააღმდეგ ბრძოლაში, აფრიკაში. და-ძმის ეს გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგანაც ქალაქის გალავანთან ისინი ბიძამ შენიშნა და სახლში დააბრუნა.

სწავლის დასრულების შემდეგ მას რელიგიური ცხოვრების დაწყება სურდა, მაგრამ ოჯახის დიდი წინააღმდეგობის გამო მან ეს იდეა დროებით დაივიწყა. თუმცაღა 1536 წელს, 20 წლის ასაკში, მიუხედავად მამამისის დიდი იმედგაცრუებისა, ტერეზამ გადაწყვიტა მონაზვნად აღკვეცილიყო და ადგილობრივ კარმელიტების წმინდა ორდენში გაწევრიანდა. ცნობილია, რომ ამის შემდეგ იგი მძიმედ დასნეულდა და კინაღამ გარდაიცვალა კიდეც, თუმცა საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, რასაც თავად წმინდა ტერეზა წმინდა იოსების სასწაულებრივ შუამდგომლობას მიაწერდა. გამოჯანმრთელების შემდეგ მას რელიგიური ხილვებიც დაეწყო.

მონაზვნად აღკვეცის შემდეგ წმინდა ტერეზა რელიგიური ტექსტების თარგმნითა და გავრცელებით იყო დაკავებული, ამასთან ერთად, აკეთებდა თავისი „საღვთო“ ხილვების ჩანაწერებსაც და მათ თეოლოგიურ ანალიზს. ამავე პერიოდში მან მოახერხა მიეღო ნეტარი ავგუსტინეს ნაწერების ესპანური თარგმანი. როგორც ცნობილია, ამან მასზე გარდამტეხი გავლენა იქონია, რადგანაც შვება მოჰგვარა იმან, რომ ისეთმა ცოდვილმაც კი, როგორიც ერთ დროს ავგუსტინე იყო, შეძლო გამხდარიყო წმინდანი.

 
ტერეზას ერთ-ერთი ხილვის გამოსახულება ქალაქ ავილას მთავარ კათედრალში

დაახლოებით 1556 წლიდან მისმა ახლო გარემომ დაიწყო ვარაუდი, რომ მისი ცოდნა და ხილვები შესაძლოა სატანური წარმოშობის ყოფილიყო და არა ღვთაებრივი, თუმცა მისმა აღმსარებელმა, შემდეგში ასევე წმინდანად შერაცხულმა იეზუიტმა ფრანცისკე ბორჯიამ დაარწმუნა ყველა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ღვთაებრივი იყო. 1559 წლის წმინდა პეტრეს დღესასწაულზე ტერეზამ განაცხადა, რომ ქრისტე მის წინაშე წარსდგა, თუმცა მხოლოდ თავად ხედავდა ამას. ცნობილია, რომ ეს ხილვები მის ცხოვრებაში თითქმის ორ წელს გაგრძელდა. როგორც თავად აღწერდა, ერთ-ერთი ასეთი ხილვისას სერაფიმმა ცეცხლოვანი ოქროს შუბი არაერთხელ ჩაასო მის გულში, რამაც მას დიდი სულიერი და ფიზიკური ტკივილი მიაყენა. ამაზე თავად ტერეზა წერდა:

 
„მის ხელში გრძელი ოქროს შუბი დავინახე და მისი წვერიდან ცეცხლი ამოდიოდა. მან ის ჩემს გულში ჩამასო და ჩემს წიაღში შეაღწია. როდესაც შუბი უკან ამოიღო, თითქოს ისინიც ამოაყოლა და ღვთის დიდი სიყვარულით ცეცხლში დამტოვა. ეს ტკივილი იმდენად დიდი იყო, რომ კვნესა აღმომხდა. და მაინც, იმდენად აღმატებული იყო ამ გადაჭარბებული ტკივილის სიტკბო, რომ არ მსურდა მისგან თავის დაღწევა...“

მოღვაწეობა რედაქტირება

 
ტერეზას ვიტრაჟული გამოსახულება

დროთა განმავლობაში ტერეზამ შეამჩნია, რომ მის მონასტერში საჭირო იყო შესაბამისი გარდაქმნები, რათა იქ მცხოვრებ 150 მონაზონს შორის შესაძლებელი ყოფილიყო სულიერი პრაქტიკების განხორციელება, განმარტოვება და ლოცვა, რასაც შეუძლებელს ხდიდა მნახველთა ყოველდღიური ვიზიტები, პოლიტიკოსთა ჩარევა არღვევდა ასკეტურ ატმოსფეროს და ფაქტობრივად სამონასტრო ცხოვრებას უკარგავდა მის პირვანდელ არსს. იმის გამო, რომ მონასტერში განმარტოებულად ლოცვა და მეტიდაცია შეუძლებელი იყო, ტერეზამ შესაბამისი რეფორმების გატარება განიზრახა. მის ამ იდეას მხარი მალევე დაუჭირა ფრანცისკელმა მღვდელმა პედრო ალკანტარამ, რომელთან ერთადაც 1560 წელს ტერეზამ დააარსა რეფორმირებული კარმელიტური მონასტერი, სადაც აღმოფხვრა ყველა ზემოთ ხსენებული ხარვეზი. შემდეგ წლებში ტერეზამ მოახერხა კიდევ არაერთი ასეთი სამონასტრო კომპლექსის შექმნა.

 
წმინდა ტერეზა, შესრულებულია მატია პრეტის მიერ

1563 წლის მარტში, როდესაც დედა ტერეზა ახალ მონასტერში გადავიდა საცხოვრებლად, რომის პაპისაგან წერილი მიიღო თხოვნით, რომ დახმარებოდა კათოლიკურ სამყაროში კვლავ აეღორძინებინათ ძველებური მკაცრი სამონასტრო ცხოვრების წესი. სწორედ ამიტომ, ტერეზას სახელს მიეწერება ახალი წესებისა და დოგმატების დამატება კათოლიკურ სამონასტრო ცხოვრებაში. ცნობილია, რომ ამ საქმეზე მუშაობისას დედა ტერეზა სრულიად განმარტოვებული იყო ხუთი კვირის განმავლობაში და არაფერს აკეთებდა ლოცვისა და დოქტრინათა წერის გარდა.

1567-1571 წლებში იგი თავად კურირებდა რეფორმირებული მონასტრების მოწყობა-მშენებლობას, რის გამოც მას გამუდმებით მოგზაურობა უწევდა არა მხოლოდ ესპანეთის კუთხეებში, არამედ მეზობელ კათოლიკურ სახელმწიფოებშიც. მისი თაოსნობით ასეთი მონასტრები აშენდა მედინა-დელ-კამპოში, მალაგაში, ვალიადოლიდში, ტოლედოში, პასტრანაში, სალამანკასა და სხვა მრავალ ქალაქში. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა ანდალუსიასაც, სადაც სურდა ბოლომდე გაექრო ისლამურ-იუდაისტური წარსულის კვალი და იგი პირადად კურირებდა ახალი მონასტრების მშენებლობას სეგოვიაში, სევილიაში, ბეას-დე-სეგურაში და კარავაკა-დე-ლა-კრუსში 1571-1576 წლებში.

1576 წლიდან კარმელიტთა ორდენის არარეფორმირებულმა წევრებმა, რომელთაც არ სურდათ უფრო მკაცრ და ასკეტურ ცხოვრების სტილზე გადასვლა, დაიწყეს ტერეზასა და მისი მიმდევრების დევნა. ამ წელს მიღებული მრავალი საჩივრის გამო ესპანეთის მთავრობამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც აუკრძალეს ტერეზას ამ ტიპის მონასტრების მშენებლობა და მეტიც, დაავალდებულეს „ნებაყოფლობით“ გასულიყო პენსიაზე. იგი ბრძანებას დაემორჩილა და წმინდა იოსების სახელობის ტოლედოს დედათა მონასტერში წავიდა.

მალევე ამ საქმეში თავად ესპანეთის მეფე ფილიპე II ჩაერია, რომელმაც 1579 წელს ანულირება გაუკეთა რეზოლუციას და ინკვიზიციას გადასცა ტერეზას მოწინააღმდეგეები. ამან ტერეზას რეფორმების გაგრძელების საშუალება მისცა და რომის პაპ გრიგოლ XIII-ის ნებართვით კვლავ დაერთო მას ნება, რომ საქმიანობა გაეგრძელებინა. სწორედ ამიტომ, 1580-1582 წლებში ტერეზამ ესპანეთში კიდევ ოთხი ახალი რეფორმირებული მონასტერი დააარსა გრანადაში, სორიაში, პალენსიასა და ანდალუსიაში. საერთო ჯამში, მის სახელს მიეწერება ჩვიდმეტი დედათა მონასტრისა და არაერთი მამათა მონასტრის დაარსება სულ 20 წელიწადში.

უკანასკნელი დღეები რედაქტირება

 
ტერეზა ავილელის გარდაცვალება

ბურგოსიდან ალბა-დე-ტორმესამდე მგზავრობისას ტერეზას მძიმე სენი შეეყარა. იგი გარდაიცვალა 1582 წელს, სწორედ მაშინ, როდესაც კათოლიკური ევროპა იულიუსის კალენდარს გრეგორიანულით ცვლიდა, რაც თარიღებში სხვაობას იწვევდა. ამის გამო, ძველი სტილით იგი გარდაიცვალა 4 ოქტომბერს, ახლით კი 15 ოქტომბერს, რის გამოც მისი მოხსენიებაც სწორედ ამ დღისით ხდება. მაშინ უკვე მოქმედი ლიტურგიული კალენდრის მიხედვითაც, იგი 15 ოქტომბერს აღესრულა, 67 წლის ასაკში. მისი ბოლო სიტყვები იყო:

 
„უფალო ჩემო, დროა გავაგრძელო. დაე, იყოს ნება შენი. ო, უფალო ჩემო და მეუღლევ ჩემო, დადგა ის საათი, რომელსაც ვნატრობდი. დროა, შევხვდეთ ერთმანეთს...“

კანონიზაცია რედაქტირება

მისი გარდაცვალებიდან ორმოცი წლის შემდეგ, 1622 წლის 12 მარტს რომის პაპმა გრიგოლ XV-მ ტერეზა ავილელი წმინდანად შერაცხა. 1626 წელს ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ის თხოვნით კორტესებმა იგი ესპანეთის მფარველად გამოაცხადეს. მალევე სალამანკას უნივერსიტეტმა მას ეკლესიის დოქტორის წოდებაც მიანიჭა. 1970 წელს რომის პაპმა პავლე VI-მ ტერეზა ავილელსა და წმინდა კატერინა სიენელს მიანიჭათ სწორედ ეკლესიის დოქტორებისა და ფუძემდებლების წოდება, რითაც გახდნენ ისინი პირველი ქალები, რომელთაც ეს წოდება ერგოთ.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი ებრძოდა პროტესტანტობას, ტერეზა ავილელი ასევე წმინდანადაა შერაცხული ინგლისის ანგლიკანური ეკლესიის მიერ და მსგავსად კათოლიკურისა, ანგლიკანურ ეკლესიაშიც მისი მოხსენიება ხდება 15 ოქტომბერს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Carolyn A. Greene. Castles in the Sand fiction with cited sources about Teresa of Avila Lighthouse Trails Publishing, 2009. ISBN 978-0-9791315-4-7
  • Jean Abiven. 15 Days of Prayer with Saint Teresa of Avila, New City Press, 2011. ISBN 978-1-56548-366-8
  • Gould Levine, Linda; Engelson Marson, Ellen; Feiman Waldman, Gloria, eds. (1993). Spanish Women Writers: A Bio-Bibliographical Source Book. Westport, Connecticut: Greenwood Press. ISBN 978-0-31326-823-6.
  • Bárbara Mujica, Teresa de Ávila: Lettered Woman, (Nashville, Vanderbilt University Press, 2009).
  • E. Rhodes, "Teresa de Jesus's Book and the Reform of the Religious Man in Sixteenth Century Spain," in Laurence Lux-Sterritt and Carmen Mangion (eds), Gender, Catholicism and Spirituality: Women and the Roman Catholic Church in Britain and Europe, 1200–1900 (Basingstoke, Palgrave Macmillan, 2011),
  • John Thomas, "Ecstasy, art & the body. St. Teresa of Avila's 'Transverberation', and its depiction in the sculpture of Gianlorenzo Bernini" in John Thomas, Happiness, Truth & Holy Images. Essays of Popular Theology and Religion & Art (Wolverhampton, Twin Books, 2019), pp. 12–16.
  • John Thomas, "Architectural image and via mystica. St. Teresa's Las Moradas", in John Thomas, Happiness, Truth & Holy Images. Essays of Popular Theology and Religion & Art (Wolverhampton, Twin Books, 2019), pp. 39–48.