მთავარი მენიუს გახსნა

ტაძრისის ეკლესიათა კომპლექსი

ტაძრისის ეკლესიათა კომპლექსიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტაძრისში.

კომპლექსი შედგება ერთმანეთის გვერდით აღმართული ორი ეკლესიისგან და სამონასტრო ნაგებობების ნანგრევებისგან. მონასტრის სადღეისოდ დაფიქსირებული სტრუქტურა ვითარდება ეკლესიების ირგვლივ, ძირითადად ბორცვის ჩრდილოეთ ფერდზე და დასავლეთის მიმართულებით. სამონასტრო ნაგებობები წარმოადგენს ერთმანეთთან მიჯრილ, მცირე ზომის, წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის კომპარტიმენტებს, რომლებიც დიდი ზომის, დაუმუშავებელი ქვებით არის ამოყვანილი, ხსნარის გარეშე. მონასტრის განვითარების შემდგომ ქრონოლოგიურ ეტაპს (დაახლოებით XI ს.) წარმოადგენს მისგან ოდნავ მოცილებული, სამხრეთ-დასავლეთით, ბორცვის თავზე განთავსებული გალავნით გარშემორტყმული, იზოლირებული კომპლექსი, რომელიც წინამძღვრის რეზიდენციას წარმოადგენდა. კომპლექსი შედგება შედარებით უფრო დიდი ზომის სათავსებისგან, რომელთა შორის გამოიყოფა დიდი, სამნაწილიანი დარბაზი ოდნავ მომრგვალებული კუთხეებით. დამხმარე სათავსები ერთ მწკრივშია განთავსებული, ისინი შედარებით მცირე ზომის, გეგმით მართკუთხა მოყვანილობის სათავსთა ჯგუფს წარმოადგენს.

ციხის კედლის ფრაგმენტები ბორცვის მომრგვალებულ ბაქანს გარშემო შემოუყვება. ნაციხარი ნაგებია დიდი ზომის არასწორი მოყვანილობის, ერთმანეთთან კარგად მიჯრილი ქვების მშრალი წყობით. ციხის ტერიტორიაზე იკითხება სხვადასხვა მოყვანილობის სათავსების კედლის ფრაგმენტები. შემორჩენილია 2 მ სიღრმის ხარო. მონასტერიც და ციხეც ერთიანი გალავნით არის გარშემორტყმული, რომლის ფრაგმენტები ბორცვების ძირში, სოფლის გზის პირას არის დაფიქსირებული. წმინდა მარიამის სახელობის მოკრძალებული ზომის, სადა დარბაზული ეკლესია X საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. იგი განთავსებულია მონასტრის ტერიტორიაზე, სამეკლესიანი ბაზილიკის ჩრდილოეთით. პატარა ზომის დარბაზული ეკლესია გარედანაც და შიგნიდანაც ნაგებია ღვინისფერი და რუხი ფერის ფოროვანი ქვის წყობით.

წმინდა გიორგის ეკლესია მონასტრის მთავარი ნაგებობაა. იგი წარმოადგენს დიდი ზომის სამეკლესიიან ბაზილიკას (15X6 მ.), რომელიც გარედანაც და შიგნიდანაც ნაგებია ღია ფერის საშუალო ზომის ქვიშაქვით. წყობაში ალაგ-ალაგ ნახტომებია. ნაგებობის ცენტრალური ეკლესია გეგმით განიერ, სივრცობრივ დარბაზს წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული მოხაზულობის, გაშლილი ფორმის საკურთხევლით სრულდება. საკურთხევლის ცენტრში, სარკმელია გაჭრილი, რომელიც ფლანკირებულია ღრმა, მაღალი ნიშებით. ნიშები ტრაპეციის ფორმისაა, ზევითკენ შევიწროებული, თაღოვანი დასრულებით. აფსიდის ცენტრში სადა ტრაპეზის ქვაა მოცემული, რომელიც კედელზეა მიდგმული.

მონასტრის ტერიტორიაზე დაცულ ნაგებობათა ქრონოლოგიური დიაპაზონი საკმაოდ დიდია: სამონასტრო ეკლესიები — X საუკუნე, წინამძღვრის რეზიდენცია — XI საუკუნე, ციხე — XIII საუკუნე. ტაძრისის კომპლექსი სხვადასხვა დროის (X-XIII სს.) ნაგებობათა ერთიანობას წარმოადგენს. მას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ისტორიული და სულიერი განვითარების გზაზე. იგი ერთიან წარმოდგენას გვიქმნის შუა საუკუნეების საქართველოს სამონასტრო ცხოვრებაზე. ასეთი სტრუქტურის მქონე სამონასტრო ანსამბლი, რომლის შემადგენლობაში წინამძღვრის რეზიდენციაა დაცული, იშვიათაობაა დღემდე გამოვლენილ ქართულ სამონასტრო არქიტექტურის ძეგლებს შორის.

ტაძრისის ეკლესიათა კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2006 წლის 30 მარტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ხოლო ამავე წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის № 665 ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

  •   საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 17590

სქოლიორედაქტირება