მთავარი მენიუს გახსნა

სურამისა და ხაშურის ეპარქიასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია. შეიქმნა 2013 წლის 11 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილების თანახმად, მანამდე ურბნისისა და რუისის ეპარქიის ნაწილი იყო. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით საეპისკოპოსო კანდიდატად გამორჩეულ იქნა ყორანქედის წმინდა ელია წინასწარმეტყველის მონასტრის იღუმენი სვიმეონი. ეპარქიის საზღვრები ემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს.

სურამისა და ხაშურის ეპარქია
Tsromi church of amagleba (3).jpg
წრომის ეკლესია VII ს.
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა : საქართველოს დროშა საქართველო
ფართობი : 585,2 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა : Decrease2.svg 52 603 კაცი
ეპარქიალური ცენტრი : ქალაქი ხაშური
დაარსდა : 2013 წლის 11 ოქტომბერს
საკათედრო ტაძარი : ხაშურის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი
მეორე საკათედრო ტაძარი : სურამის წმიდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი
მმართ. ეპისკოპოსის ტიტული : ეპისკოპოსი სურამისა და ხაშურისა, ყოვლადუსამღვდელოესი მეუფე
საიტი : www.fb.com/suramisadakhashuriseparqia
მმართ. ეპისკოპოსი : სვიმეონი (ცაკაშვილი)
მმართ. დასაწყისი : 2013 წლის 10 ნოემბერი
GEO-SKL-KS.svg

სექციების სია

ისტორიარედაქტირება

სურამისა და ხაშურის ეპარქიის ისტორია 2013 წლის 11 ოქტომბრიდან იღებს სათავეს, როდესაც საქართველოს სამოციქულოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა რუისისა და ურბნისის ეპარქიის გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო[1] და ეპარქიის მღვდელმთავრად გამორჩეული იქნა ყორანქედის წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტრის იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი).[2] ეპისკოპოს სვიმეონის მღვდელმთავრად ხელდასხმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2013 წლის 10 ნოემბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა.[3] ახალი ეპარქიის საზღვრები ემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის საზღვრებს, რომლის შემადგენლობაშიც შედის ქალაქი ხაშური, დაბა სურამი და 70 სოფელი.[4] იგი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის მხარეშია წარმოდგენილი და მიუხედავად საკუთრივ სურამისა და ხაშურის ეპარქიის ხანმოკლე ისტორიისა, თავად ეს ტერიტორია ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე გამოირჩეოდა ისტორიული მოვლენებით თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, შიდა ქართლის დღეობათა კალენდრის საინტერესო ვარიაციებით და დიდი ტრადიციებით.

 
ხცისის ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის წარწერა

სურამისა და ხაშურის ეპარქიის ტერიტორიაზე, კერძოდ სოფელ წრომში მდებარეობს ადრეული შუა საუკუნეების ტაძარი, რომელიც 626-635 წლებშია აგებული ქართლის ერისმთავარ სტეფანოზ II-ის დაკვეთით. სწორედ ამ ტაძარში 457 წლის აგვისტოში აწამეს პირველმოწამე რაჟდენი, მისი წმიდა ნაწილები კი ნიქოზში დაკრძალეს. ტაძარი აგრეთვე უნიკალურია თავისი ჯვარ-გუმბათოვნებით, მოზაიკითა და მოხატულობის შემორჩენილი ფრაგმენტებით. წრომის ეკლესია ეპარქიაში არსებულ ტაძართაგან უძველესია.[5]

გამორჩეულია სოფელ ხცისში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომლის აღმოსავლეთ ფასადზე გაკეთებული უნიკალური ასომთავრული ლაპიდარული წარწერა, რომელიც კიდურწაისრულითაა შესრულებული გადმოგვცემს, რომ ეკლესია 1002 წელს, გაერთიანებული საქართველოს მეფის, ბაგრატ III-ის ზეობის ხანაში აუგიათ. აქვე იხსენიებიან დედოფალი გურანდუხტი, უფლისწული გიორგი, ეპისკოპოსი ანანია და ვინმე იოვანე. ეკლესია ოთხი წარწერით გამოირჩევა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ეპიგრაფიკული, ისე ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით.[6]

სურამისა და ხაშურის ეპარქიაში დიდი ისტორიულ-კულტურული ადგილი უკავია ჭერათხევის ხეობას და აქ მდებარე არაერთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. საისტორიო საბუთებით დასტურდება, რომ ხეობა, რომელიც მდინარე ჭერათხევის 27 კილომეტრიან ზოლს მიუყვება ქუცნა ამირეჯიბის საგამგებლო ტერიტორია იყო და მას მიეწერება ის აღმშენებლობითი საქმიანობა, რაზეც ამ პერიოდში აქ აგებული ან აღდგენილი არაერთი ეკლესია მეტყველებს. აქვე, სოფელ ნაბახტევში მდებარეობს ქუცნა ამირეჯიბის სასახლე და მის მიერვე აგებული ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც უნიკალური ფრესკებითაა გამორჩეული, მათ შორის თავად ქუცნა ამირეჯიბისა და მისი ოჯახის, აგრეთვე იოანე ნათლისმცემლის ფრესკა, რომელიც ხელოვნების მუზეუმში ინახება. შემორჩენილია მე-15 საუკუნეში ქუცნა ამირეჯიბის მიერ შედგენილი სიგელი, რომელშიც იგი განახლებულ ულუმბოს მონასტერს ხეობის სოფლებიდან სწირავს რამდენიმე კომლ მოსახლეს. ქუცნა ამირეჯიბის მეუღლის, რუსა ამირეჯიბის სახელთანაა დაკავშირებული სვეტიცხოვლის ტაძრის აღდგენაც. ქუცნა და რუსა ამირეჯიბების შვილიშვილი იყო ერთიანი საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდი, რომელმაც ბებიის დაწყებული საქმე გააგრძელა და მანვე განასრულა თემურ ლენგის მიერ დარბეული სვეტიცხოვლის ტაძრის აღდგენა. ეპარქიის ისტორიის შესწავლისთვის საინტერესო წყაროა რუისის სამწყსოს დავთარიც. ჭერათხევის ხეობაში და ეპარქიის თითქმის ყველა სოფელში აღინიშნება დღეობები, რომელიც ერთი რომელიმე წმიდანის ხსენების დღესთანაა დაკავშირებული, ასეთია: ღვთისმშობლობა, გიორგობა, ივანობა (იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღე), გარეგნობა (აღინიშნება აღდგომის მეორე დღეს), კვირიკობა და ა.შ. დღეობათა შესახებ საინტერესო ცნობებია შემონახული XIX საუკუნის პერიოდულ პრესაში.[7]

XIX-XX საუკუნეებშირედაქტირება

ეპარქიის წარსულ ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებით გამოირჩევა XIX საუკუნე. ხაშური ხდება სარკინიგზო კვანძი და იწყება მისი ზრდა-განვითარება. აქ სახლდებიან რკინიგზის მუშები, შესაბამისად მათმა სიმრავლემ განაპირობა ხაშურში ტაძრის აგების საჭიროებაც, რომელსაც იმდროინდელი პრესა „რკინის გზის ეკკლესიას“ უწოდებს. იგი 1898 წელს უკურთხებია საქართველოს ეგზარქოს ფლაბიანეს. „ცნობის ფურცელში“ ვკითხულობთ:

 
„3 ოქტომბერს, საღამოს მატარებლით, აქ მობრძანდა მისი მაღალ-ყოვლად უსამღვდელოესობა ფლაბიანე (ფლაბიანე გოროდეცკი – საქართველოს ეგზარქოსი 1898-1901 წლებში) და 4 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან დაიწყო ხაშურის (მიხაილოვის) რკინის გზის ეკკლესიის კურთხევა, რომელმაც გასტანა საათის პირველამდის. იმდენად სასიამოვნო და სანატრელი შეიქმნა ხალხისათვის ჯერ ეკლესიის კურთხევა და მერე მისი მაღალ-ყოვლად უსამღვდელოესობის მობრძანება, რომ ხალხი არა თუ ახლო-მახლო სოფლებიდამ, არამედ შორი სოფლებიდამაც ურიცხვი მოაწყდა. მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი ამინდი იყო და მასთან საშინელი ტალახები, ისე გაიმსო ეკლესია და ეზო ხალხით, რომ სრულებით ტევა არ იყო.“
 
ხაშურის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

მოგვიანებით, 1899 წელს „რკინის გზის ეკკლესია“ შეუკეთებიათ, განუახლებიათ და აქ ქართულ ენაზეც დაუწყიათ გალობა. „ცნობის ფურცელში“ ვკითხულობთ:

 
„იმ დღეს აქეთ, რაც ხაშურის რკინის გზის ეკლესია შეაკეთეს და თან აკურთხეს სუყველისფრით, კარგად და თვალსაჩინოდ მიმდინარეობს ამ ეკლესიის კეთილდღეობა. ჩვენ, ხაშურის რკინის გზის მომსახურეებს, თითქმის განუწყვეტლივ გვაქვს თავ-თავის დროზე წირვა, რომელსაც დღემდის მოკლებული ვიყავით და სხვის ხელში შემჩერი, მაგრამ ახლა მადლობა ღმერთსა, მოძღვარიც კარგი გვყავს და ეკლესიაც მოსწონთ. შემკობილია ყოვლისფრით, აქამდისი თუ მარტო რუსულ ენაზე იყო ამ ეკლესიაში გალობა, ახლა კი ქართულადაც გალობენ. აი მაგალითები: ეკლესიაში მარჯვნივ მხარეზე დგანან რუსულ ენაზედ მგალობელთა გუნდები, რომელსაც ლოტბარობს ბ. ქსენაფონტოვი, ხოლო მარცხნივ მხარეზე დგანან ქართველ მგალობელთა გუნდი, ერთიც და მეორეც თავ_თავის დროზე იწყებს გალობას ქართულს ენაზედ. მგალობელთა გუნდს ლოტბარობს იოსებ კვალიევი. ისიც უნდა ვიქონიოთ მხედველობაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ სულ მცირე დროა, რაც ბ. კვალიევმა დაიწყო მზადება ქართული გალობის, მაგრამ მაინც მშვენივრად და დაწყობილ კილოზედ გალობენ და მოსაწონიც არის, სრული იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თუ ასე პატარა ხნის მეცადინეობით კარგად გაიწვრთნენ ქართული მგალობლები, შემდეგისთვის ბევრად უკეთესი იქნება. ვუსურვოთ ამ მეცადინეობას უნაყოფოდ არ ჩაევლოს.“

[8]

ეპარქიის სახელს, კერძოდ წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას უკავშირდება პარხლის I ოთხთავის აღმოჩენა, რომელსაც ამ ტაძრის წინამძღვართან, მამა მათე სუხიაშვილთან 1889 წელს მიაკვლია და შეისწავლა ექვთიმე თაყაიშვილმა. 1921 წლისათვის ოთხთავი უნივერსიტეტში აღმოჩნდა და შესაბამისად მოხდა მისი მოვლა-პატრონობა. საინტერესოა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებული ცნობა, რომ მამა მათე სუხიაშვილი (სუხიევი) 1899 წელს დეკანოზად ალავერდელ ეპისკოპოს კირიონს (1917-1918 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II) უკურთხებია:

 
„9 ოქტომბერს, ღამის მატარებლით აქ მობრძანდა ალავერდის ეპისკოპოზი კირიონი, რომელმაც მეორე დღეს ათ ოქტომბერს კეთილ ინება და რკინის გზის ეკკლესიაში აკურთხა დეკანოზათ ზემო-ჭალის (ამჟამად ხაშურის უბანი) ეკკლესიის (ხაშურის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია) მღვდელი მამა მათე სუხიევი. კურთხევაზე დაესწრნენ მრავალი ხალხი. ვუსურვებთ მამა მათეს ამა წარმატებას ხანგრძლივის სიცოცხლით.“

[9] ზემოთ წარმოდგენილ სტატიებში დასახელებული „რკინის გზის ეკკლესია“ მდებარეობდა ხაშურში, ამჟამინდელი კულტურის სასახლის მოპირდაპირე მხარეს. საბჭოთა პერიოდში ეკლესია საწყობად აქციეს და დღემდე გადაკეთებულია.

ხაშურის ტერიტორია ეპარქიათა კუთვნილებაშირედაქტირება

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია 1917 წლის 12(25) მარტს იქნა აღდგენილი. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება სრულიად საქართველოს პირველმა საეკლესიო კრებამ 9 სექტემბერს მიიღო და მასში სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად განსაზღვრული იყო, თუ რომელი ეპარქიები იყო საქართველოს ეკლესიაში და ტერიტორიულად რა საზღვრებს მოიცავდა. ამ დებულების თანახმად თანამედროვე ხაშურის მუნიციპალიტეტის ანუ დღევანდელი სურამისა და ხაშურის ეპარქიის ტერიტორია შედიოდა ურბნისის ეპარქიაში. დებულებაში ვკითხულობთ:

 
„სამწყსო: შიდა-ქართლი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ურბნისის, რუისის, ნიქოზისა და სამთავროსი), რასაც შეიცავს ახლანდელი გორის მაზრა, გარდა ბორჯომის ხეობისა და სამთავისის უბნისა, და ამას გარდა დვალეთი, მიწერილი თერგის მხარეზე. კათედრა მღვდელმთავრისა – ურბნისში, რეზიდენცია — ქ. გორში. მღვდელმთავრის პატივი: “ურბნელი ეპისკოპოზი".[10]

მართვა-გამგეობის დებულება 1920 წელს გამართულ საქართველოს II საეკლესიო კრებაზე შეიცვალა, თუმცა ურბნისის ეპარქიის საკითხი თითქმის უცვლელი დარჩა. მართვა-გამგეობის შემდეგი რედაქცია სრულიად საქართველოს IV საეკლესიო კრებამ 1927 წლის 27 ივნისს მიიღო. ურბნისის ეპარქიის საკითხი ამ დებულებაშიც უცვლელი დარჩა. საქართველოს საბჭოთა უკუპაციის შემდეგ, იმჟამად საბჭოთა კავშირში მოქმედ სამოქალაქო კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად მართვა-გამგეობის ახალი დებულება საქართველოს VIII საეკლესიო კრების (1937 წ.) სახელით იქნა მიღებული 1945 წლის 28 მარტის წმიდა სინოდის სხდომაზე. დებულებაში ურბნისის ეპარქის შესახებ ვკითხულობთ:

 
„სამწყსო: შიდა-ქართლი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ნაწილი სამთავისისა, ნიქოზისა, რუისისა, სამთავროსი და ურბნისისა), რასაც შეიცავს ახლანდელი რაიონები ბორჯომისა, გორისა, ზნაურისა, კასპისა, ლენინგორისა, სტალინირისა, ქარელისა, ხაშურისა და ჯავასი და ამას გარდა დვალეთი, მიწერილი თერგის მხარეზე. კათედრა – ურბნისში, რეზიდენცია — ქ. გორში. მღვდელმთავრის პატივი: ,,ურბნელი ეპისკოპოზი".[11]

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1995 წლის 18-19 სექტემბერს მოწვეულ იქნა საქართველოს ეკლესიის XIII გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც მიღებული იქნა გარკვეული მნიშვნელოვანი ცვლილებებით დღემდე მოქმედი საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება. ამ დებულების მიხედვით თანამედროვე ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედის ურბნისისა და რუისის ეპარქიის შემადგენლობაში. დებულებაში ვკითხულობთ:

 
„ურბნისისა და რუისის ეპარქია — ქ. ხაშური, ქ. ქარელი, ხაშურისა და ქარელის რაიონები. მღვდელმთავრის წოდება: ,,ეპისკოპოსი ურბნისისა და რუისისა". კათედრა — ურბნისში, რუისსა და ხაშურში, რეზიდენცია — ხაშურში.[12]

2013 წლის 11 ოქტომბრის საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით ურბნისისა და რუისის ეპარქია გაიყო ორ ნაწილად. შეიქმნა სურამისა და ხაშურის ეპარქია, რომელშიც შედის ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. კათედრა — სურამსა და ხაშურში, რეზიდენცია — სურამში (დროებითი), გადადის ქვიშხეთში, მღვდელმთავრის წოდება: ,,ეპისკოპოსი სურამისა და ხაშურისა".[13]

სურამისა და ხაშურის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრებირედაქტირება

 
ქვიშხეთის მთაწმინდის (დავით გარეჯელის) მამათა მონასტერი

ეკლესიები:[14] ხაშურის წმიდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი, წრომის მაცხოვრის ამაღლების საკათედრო ტაძარი[15], ხაშურის წმიდა მარინეს ეკლესია, ხაშურის გორათის წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია, ხაშურის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია, ხაშურის წმიდა ბარბარეს ეკლესია, სურამის წმიდა გიორგის ეკლესია, სურამის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია, სურამის კვირაცხოვლის ეკლესია, სურამის წმიდა მარინეს ეკლესია, სურამის ყოვლადწმიდა, ღვთისმშობლის შობის ეკლესია, ალის კვირაცხოვლის ეკლესია, ცოცხნარის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, ბეკამის სავანეთის წმიდა გიორგის ეკლესია, ცხრამუხის წმიდა ნინოს ეკლესია, ცხრამუხის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია, ოსიაურის ზღუდერის წმიდა გიორგის ეკლესია, ტეზერის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია, სავანისუბნის წმიდა ელიას ეკლესია, ტაშისკარის ტაუსას წმიდა გიორგის ეკლესია, ქვიშხეთის აღდგომის ეკლესია, ხცისის წმინდა გიორგის ეკლესია, ვაყის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია, ვაყის წმიდა ასი ათასი მოწამის ეკლესია, წაღვლის წმიდა სვიმეონ მესვეტის ეკლესია, ნაბახტევის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, დუმაცხოვის წმიდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია, ტკოცის წმიდა გიორგის ეკლესია, დიდი ფლევის წმიდა გიორგის ეკლესია, სატივის წმიდა გიორგის ეკლესია.

 
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის დედათა მონასტერი და ეკლესია

მამათა მონასტრები:[16]

  • ულუმბოს მამათა მონასტერი
  • ურთხვის წმიდა გიორგის მამათა მონასტერი
  • ყორანქედის წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერი
  • ქვიშხეთის მთაწმინდის (დავით გარეჯელის) მამათა მონასტერი
  • ტკოცის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი
  • წვიმოეთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი
  • შინდარის წმიდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი
  • იტრიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი

დედათა მონასტრები:

  • სურამის ამაღლების სახელობის დედათა მონასტერი
  • წმიდა იობ მრავალვნებულის სახელობის დედათა მონასტერი
  • ქვიშხეთის აღდგომის სახელობის დედათა მონასტერი
  • გვერდისუბნის ამაღლების დედათა მონასტერი

საგანმანათლებლო კერებირედაქტირება

საგანმანათლებლო კერების გაჩენა, ისევე როგორც სრულიად საქართველოში, ეპარქიის ისტორიაშიც სწორედ ეკლესიას უკავშირდება. აქ არაერთი სამრევლო სკოლა არსებობდა ხაშურში, სურამში, ალსა და სხვა სოფლებში. 1895-1922 წლებში, სხვადასხვა პერიოდში იტრიასა და ნაბახტევში მღვდლად მსახურობდა ქრისტეფორე ციცქიშვილი, რომელიც 1927-1932 წლებში იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III.[17] სწორედ მისი დაარსებულია ორკლასიანი სკოლა სოფელ იტრიაში, რომლის გამგეც თავადვე იყო 1898-1905 წლებში. დღეს ეს სკოლა საჯაროა და ქრისტეფორე III-ის სახელს ატარებს (ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №4 საჯარო სკოლა).[18] ეპარქიის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა გიმნაზიის (ახლანდელი ხაშურის პირველი საჯარო სკოლის) დაარსება, რომლის მშენებლობა 1915 წლის 11 აპრილს დაუწყიათ და საგანგებოდ მისი საძირკვლის კურთხევისთვის თბილისიდან ხაშურში ჩასულა საქართველოს ეგზარქოსი 1914-1916 წლებში პიტირიმ ოკნოვი.

ამჟამად სურამისა და ხაშურის ეპარქიაში არსებობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი, ხატწერის სკოლა-სახელოსნო.[19]

წმიდანები ეპარქიიდანრედაქტირება

 
წმიდა დიმიტრი ყიფიანი

სურამისა და ხაშურის ეპარქიასთან სამი წმიდანის სახელია დაკავშირებული. ესენია: რაჟდენ პირველმოწამე, 457 წელს სოფელ წრომს წამებული[20], წმიდა მიქაელ ულუმბოელი,[21] ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, რომლის სახელობის მონასტერიც ეპარქიაში, ჭერათხევის ხეობაში მდებარეობს და ისტორიულად ხეობის სასულიერო ცენტრს წარმოადგენდა. ეპარქიის სახელთანაა დაკავშირებული 2007 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ წმიდანად შერაცხული, დიდი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელი,[22] რომელიც ამ ეპარქიის ტერიტორიაზე, სოფელ ქვიშხეთში მოღვაწეობდა და აქვეა მისი სახლ-მუზეუმი, სამლოცველო და კარის ეკლესიაც. ქვიშხეთთან ახლოს მდებარეობს მთაწმინდა, რომელიც განსაკუთრებულ შემაღლებულ ადგილასაა და აქედან შიდა ქართლის ხედებია გადაშლილი, აქვეა მამათა მონასტერიც.

ეპარქიის თანამედროვე ვითარებარედაქტირება

სურამისა და ხაშურის ეპარქიის საკათედრო ტაძარია იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც ქალაქ ხაშურში მდებარეობს. მისი სარემონტო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს, ვინაიდან ეს ტაძარი ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში, 10-იან წლებში იქნა აგებული. ის რუსული არქიტექტურით, ხახვისებური გუმბათით იყო წარმოდგენილი. ეკლესია მთელი კომუნისტური პერიოდის განმავლობაში ამ და სხვა ახლომდებარე რაიონებში იმ იშვიათ გამონაკლისთა შორის იყო, რომელიც არ იყო დახურული და შეძლებისდაგვარად ღვთისმსახურებაც სრულდებოდა. 2008-2009 წლებში იგი დაანგრიეს და მის ადგილას სხვა არქიტექტურის ტაძარი ააგეს. წმიდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი მდებარეობს დაბა სურამში.

სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია დროებით მდებარეობს დაბა სურამში, წმიდა იობ მრავალვნებულის სახელობის დედა მონასტერში, ხოლო უახლოეს მომავალში იგი სოფელ ქვიშხეთში, სუმბათაშვილების აღდგენილ ისტორიულ სასახლეში გადაინაცვლებს, რომელიც წლების მანძილზე მძიმე მდგომარეობაში იყო.

ამჟამინდელი მდგომარეობით ეპარქიაში 15-მდე მამათა მონასტერი, 10-მდე დედათა მონასტერი და 50-მდე მოქმედი ტაძარია. ამჟამად მიმდინარეობს ტაძრების მშენებლობაც. ზოგიერთ ტაძარს სასწრაფო რესტავრაცია სჭირდება. მათ ნაწილს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, რის გამოც თვითნებული რესტავრაცია კანონით არ შეიძლება, მათ შორისაა წრომის VII საუკუნის ტაძარი.

ახალი ბანარედაქტირება

სურამისა და ხაშურის ეპარქიაში მიმდინარე ტაძრების მშენებლობებიდან ყველაზე მასშტაბური ბანას ტიპის აღდგომის სახელობის ტაძრის მშენებლობაა, რაშიც რამდენიმე კულტურული დაწესებულება და საინიციატივო ჯგუფია ჩართული. 2017 წლის 4 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტთან, აკადემიკოს როინ მეტრეველთან ჩატარდა თათბირი სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის დაარსების საკითხზე. თათბირს ესწრებოდნენ: აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე (აკადემიის პრეზიდენტი), აკადემიკოსი როინ მეტრეველი (აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი), აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გურამ ლორთქიფანიძე, პროფესორი მარიამ დიდებულიძე, პროფესორი ზაზა სხირტლაძე, ეპისკოპოსი სვიმეონი, არქიტექტორები: რევაზ ჯანაშია, ლევან ჯანხოთელი და სხვები. ცენტრის მშენებლობა დადებითად შეფასდა და ახალი რეკონსტრუქციით მშენებარე ცენტრს „ახალი ბანა“ ეწოდა.[23]

2017 წლის 15 ივლისს, ხაშურში, ზემო სერზე საფუძველი ჩაეყარა ახალი ბანას მშენებლობას, რომელიც აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა და წმიდა სინოდის წევრებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და სხვა მოწვეული სტუმრები.[24] ახალი ბანას საძირკვლის კურთხევაზე უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა:

 
„ქალბატონებო და ბატონებო იწყება მოქმედება ისტორიული მნიშვნელობისა - ახალი ბანას საძირკვლის კურთხევა. ღმერთმა ინებოს მადლი ღვთისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევათა აღმავსებელი გარდამოვიდეს ამას ტაძარსა ზედა და ყოველი ადამიანი, რომელიც შესთხოვს უფალს დახმარებას აღესრულოს მას. ამინ![25]

საძირკვლის კურთხევას ხაშურში, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე სხვა სტუმრებიც ესწრებოდნენ.

2018 წლის 11 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ბანას ტაძრისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. კონფერენციაზე ახალი ბანას საგანმანათლებლო და კულტურული მისიის შესახებ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა ისაუბრა. მოხსენებით წარსდგა ისტორიკოსი, პროფესორი ბუბა კუდავა, რომელმაც ფართოდ მიმოიხილა ბანას, როგორც პოლიტიკურ-ადმინისტრაციული და საეკლესიო ცენტრის მნიშვნელობა საქართველოს ისტორიულ წარსულში. პროფესორმა ზაზა სხირტლაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ბანას საკათედრო ტაძარი და ოშკის ფრესკა“. ახალი ბანას არქიტექტურაზე, არქიტექტორმა ლევან ჯანხოთელმა ისაუბრა. კონფერენცია ჩატარდა მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების და ქრისტიანული თეოლოგიისა და რელიგიის ისტორიის შემსწავლელი კომისიის ორგანიზებით.[26][27]

ეპარქიის აქტივობებირედაქტირება

2014 წლის 12 ნოემბერს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა წმიდა დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 200 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, დიმიტრი ყიფიანის შთამომავლები და ეპარქიის სხვა წარმომადგენლები.[28]

2015 წლის 25 აპრილს, ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა სურამისა და ხაშურის ეპარქიის პირველი სამეცნიერო ინტერდისციპლინარული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი მკვლევარები და სტუდენტები.[29]

2017 წლის 25 მარტს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წელი შესრულდა, შესაბამისად სურამისა და ხაშურის ეპარქიაში თარიღი რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა:

  • 1. 2017 წლის 30 იანვარი - ლექცია-დისკუსია ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში „საქართველოს ეკლესიის ისტორია და საზოგადოებრივი აზრი";[30]
  • 2. 2017 წლის 27 მარტი - ლექცია-დისკუსია ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში „ავტოკეფალია 100";
  • 3. 2017 წლის 27 მარტი - პრეზენტაცია სურამის ბიბლიოთეკაში „ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წელი";
  • 4. 2017 წლის 27 მარტი - სამეცნიერო კონფერენცია ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.[31]

2017 წლის 15 ივლისი - ხაშურში, ზემო სერზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და ეპარქის მღვდელმთავარმა ყოვლადუსამღვდელოესმა სვიმეონმა წმიდა სინოდის სხვა წევრებთან ერთად ახალი ბანას ტაძრის საძირკველი აკურთხეს.[32]

გალერეარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • გიორგი ჩუბინიძე. გაზეთი ,,ხაშურის მოამბე", #48, 4 დეკემბერი, 2017, გვ. 2-4.
  • გიორგი ჩუბინიძე. გაზეთი ,,ხაშურის მოამბე", #49, 11 დეკემბერი, 2017, გვ. 4-5.
  • გიორგი ჩუბინიძე. გაზეთი ,,ხაშურის მოამბე", #20, 21 მაისი, 2018, გვ. 6.

სქოლიორედაქტირება

  1. რუის-ურბნისის ეპარქიას სურამისა და ხაშურის ეპარქია გამოეყო
  2. მეუფე სვიმონის ცაკაშვილის წარდგინება
  3. მეუფე სვიმეონი - ყველაზე ახალგაზრდა ეპისკოპოსი წმინდა სინოდში
  4. ხაშურის ისტორია
  5. წრომი - ვ.ბერიძე
  6. ჟურნალი ”ისტორიანი”, 2015 წლის დეკემბერი №12/60
  7. გიორგი ჩუბინიძე. ჭერათხევის ხეობის სოფელ დუმაცხოვის ისტორია და ეთნოლოგია. ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია - მასალები. თბილისი, 2016, გვ. 38-40.
  8. გაზეთი „ცნობის ფურცელი”, 1899 წელი, 9 აპრილი
  9. გაზეთი „ცნობის ფურცელი”, 1899 წ., 14 ოქტომბერი
  10. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე", თბილისი, 2017, გვ.299.
  11. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე", თბილისი, 2017, გვ.341.
  12. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე", თბილისი, 2017, გვ.351.
  13. რუის-ურბნისის ეპარქიას სურამისა და ხაშურის ეპარქია გამოეყო
  14. სურამისა და ხაშურის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრების ჩამონათვალი
  15. წრომის მაცხოვრის ამაღლების საკათედრო ტაძარი
  16. სურამისა და ხაშურის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრების ჩამონათვალი
  17. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III (1927-1932)
  18. სიპ - ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №4 საჯარო სკოლა
  19. საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი
  20. პირველმოწამე რაჟდენი, სოფელ წრომს წამებული
  21. ულუმბოს მონასტრის დაარსება 13 ასურელთაგან ერთ-ერთ მამას - მიქაელ ულუმბოელს უკავშირდება
  22. წმიდა დიმიტრი ყიფიანი
  23. სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის დაარსების შესახებ
  24. ისტორიული ბანას ანალოგი ხაშურში აშენდება
  25. პატრიარქის სიტყვა ბანას საძირკვლის კურთხევაზე
  26. გიორგი ჩუბინიძე. გაზეთი "ხაშურის მოამბე". 20 მაისი, #21, 2018.
  27. ახალი ბანა – სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრი
  28. ჟურნალი „ისტორიანი”, 2014, დეკემბერი, №12, გვ. 11-12.
  29. ჟურნალი „ისტორიანი”, 2015, ივნისი, №6
  30. გაზეთი „ხაშურის მოამბე”, 2017, 6 თებერვალი, №5, გვ. 4.
  31. გაზეთი „ხაშურის მოამბე”, 2017, აპრილი, №13, გვ. 6.
  32. ისტორიული ბანას ანალოგი ხაშურში აშენდება