სუათისის მყინვარი
სუათისის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხევის კავკასიონზე, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის — სუათისის აუზში. სიგრძე 5,4 კმ, ფართობი 10,2 კმ². მყინვარის ენის სიმაღლეა ზღვის დონიდან 3000 მ. საზრდოობს მწვერვალების ჯიმარისა და მაილის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით. მყინვარის ენიდან გამოედინება მდინარე სუათისი. მისასვლელი გზაა სოფელ აბანოდან. სუათისის მყინვარი შედგება სამი ნაწილისაგან: დასავლეთი სუათისი, ცენტრალური სუათისი და აღმოსავლეთი სუათისი.
სუათისის მყინვარი
| |
---|---|
კოორდინატები: 42°42′21″ ჩ. გ. 44°26′10″ ა. გ. / 42.70583° ჩ. გ. 44.43611° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
ქედი | ხევის კავკასიონი |
ფართობი | 10,2 კმ² |
სიგრძე | 5,4 კმ |
მყინვარი აღმოსავლეთ სუათისი მდინარე სუათისის აუზში ფართობით ყველაზე დიდია. მყინვარი ხოხის ქედის სამხრეთ ფერდობიდან მოედინება. მას ორ კამერიანი ფირნი აქვს. მორფოლოგიურად ხეობის ტიპის მყინვარია, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთური ექსპოზიცა აქვს. მყინვარის ფართობი 7,68 კმ²-ია. ამ მაჩვენებლით მყინვარი აღმოსავლეთ სუათისი საქართველოს მყინვარებს შორის მერვე ადგილს იკავებს და ისეთ მყინვარებსაც კი აჭარბებს ფართობით როგორიცაა ქვიში (7,45 კმ²), ცენტრალური ლეხზირი (6,27 კმ²), დოლრა (5,48 კმ²) და სხვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მდინარე ენგურის აუზის შემდეგ ასეთი დიდი ზომის მყინვარი არც რიონის და არც კოდორის აუზებში არ გვხვდება. მყინვარის სიგრძე 6,61 კილომეტრია. მისი ენა ზღვის დონიდან 2240 მეტრზე მთავრდება. მყინვარის ენიდან გამომავალი წყალი ორ ნაკადად მოედინება, რომელსაც მყინვარის ენის წინ, გასწვრივად მდებარე რიგელი ყოფს. აღნიშნულ წყალგამყოფ რიგელზე 0,01 კმ² ფართობის მყინვარული წარმოშობის მცირე ტბა მდებარეობს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014;
- ხაზარაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 588.