სტოუნუოლის ჯანყი (ინგლ. Stonewall riots) — სისხლიანი კონფლიქტების სერია ქალაქ ნიუ-იორკის პოლიციასა და გეი და ტრანსგენდერ ჯგუფებს შორის, რომელიც 1969 წლის 28 ივნისს გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდა. ეს შეტაკება ჰომოსექსუალი და ტრანგენდერი ხალხის ასეთი მრავალრიცხოვანი ერთობლივი წინააღმდეგობის პირველი შემთხვევა იყო, რამაც გამოძახილი ჰპოვა მთელი მსოფლიოს ლგბტ უფლებების მოძრაობებშიც.

1969 წლის 21 ივნისის ცხელი ღამეა. მანჰეტენის გრინვიჩ-ვილიჯზე, ბარ Stonewall Inn-თან, ახლა განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა იგრძნობა – ჰაერი გაჟღენთილია დაძაბულობის დრამატული ოხშივარით. აქ ადამიანები კატეგორიული პროტესტის გამოსახატად შეკრებილან. პროტესტანტების გარდა, ქუჩაში გამოფენილა რამდენიმე გაბრუებული ჰიპი, ბარი Stonewall-ის პერსონალი და გაოცებული გამვლელები. ქალთა გამოსასწორებელი კოლონიის ტუსაღებს, სოლიდარობის ნიშნად, ტროტუარზე ქაღალდის დამწვარი ნაგლეჯები მიმოუფანტავთ. ბარში პოლიციის რამდენიმე ოფიცერი ზის. ისინი აქ მორიგი მასობრივი დაპატიმრების მოსაწყობად არიან მოსულნი, მაგრამ ახლა თითქოს თავს იცავენ, – აშკარად ეშინიათ „გარყვნილებისა“ და „ცისფერების“ მკვეთრი და გაუთვალისწინებელი რეაქციებისა. იქვე მიმავალი შავკანიანი ყმაწვილი გაშმაგებით ყვირის: „შეეშვი ჩემს ხალხს!“. ცენტიანი და ათცენტიანი მონეტები, უშვერი გინების თანხლებით, შხუილით კვეთს ჰაერს. „პედერასტი პოლიციელები!“ – ისმის დროდადრო. საიდანღაც ნასროლი ქვა ლაწანით ეშვება ბარის მინაზე.

ეს სტოუნუოლის პროტესტია – ღამე, როდესაც ნიუ-იორკელი გეები ქუჩებს შეეფინენ და რევოლუცია მოაწყვეს. მაგრამ, ეს სრულიად გამორჩეული ჯანყი იყო, რადგან უფრო თეატრალიზებულ წარმოდგენას მიაგავდა, ვიდრე შეიარაღებულ ამბოხს. „სტოუნუოლი“ გეების მრისხანე კონტრშეტევად იქცა, რომელმაც წლების მანძილზე მიღებული ჩაგვრისა და დამცირების საპასუხოდ ერთბაშად ამოხეთქა. შავკანიანი ამერიკელებისა და ქალთა სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლით შთაგონებული სტოუნუოლის ამბოხი გეების სიამაყის დემონსტრაციის კულმინაციურ წერტილად იქცა.

არეულობების დაწყებამდე თორმეტი საათით ადრე, ჯუდი გარლანდი დაკრძალეს, რომელმაც ბარბიტურატების დიდი დოზის მიღებით, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. გარლანდი ერთ მუშტად შეკრული გეი საზოგადოების სიმბოლო იყო, ხოლო ბარ Stonewall Inn-ში, გრინვიჩ-ვილიჯელი გეების თავშეყრის ერთ-ერთ ალაგას, იმ ღამეს მის სიკვდილს გლოვობდნენ. დაწესებულებას სპირტიანი სასმელების გაყიდვის ლიცენზია არ გააჩნდა და ამის გამო კერძო კლუბად მუშაობდა, სადაც სასმელის მისაღებად დარეგისტრირება იყო საჭირო. Stonewall-ის მფლობელებს, როგორც წესი, კლიენტების პოლიციის რეიდისგან დაცვა შეეძლოთ, მაგრამ არა იმ ღამით.

არავინ იცის, რატომ შეესივნენ პოლიციელები იმ ღამით სწორედ Stonewall Inn-ს, თუმცა ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ მათ ამის გამო მალე მწარედ ინანეს. ნიუ-იორკელმა პოლიციელმა სეიმურ პაინმა (Seymour Pine) მოგვიანებით ამგვარი კომენტარი გაუკეთა მომხდარს: „აქამდე, ასე არასოდეს შემშინებია“. გაზეთმა New York Daily News სტოუნუოლის ამბოხს სტატია მიუძღვნა შემდეგი სათაურით: „სკა დარბეულია, გამძვინვარებული ფუტკრები მომაკვდინებლად იგესლებიან“. იმ ღამით, ბარის ვიზიტორთა ბრილიანტებიანი მორთულობა სეტყვასავით წამოსულმა ქვებმა შეცვალა, მანერულობა კი – დაუოკებელმა მრისხანებამ. როგორც ლესბოსელი სტორმე დელარვერი (Stormé DeLarverie) იხსენებს (რომელმაც, როგორც მიიჩნევა, პირველმა წამოიწყო სტოუნუოლის ამბოხი), რომ „პოლიციელებმა უძლიერესი შოკი მიიღეს, როცა ბარში მყოფი ტრანსგენდერი ადამიანები გარეთ გამოვიდნენ, პარიკები მოიხადეს და მათ დაედევნენ“.

სტოუნუოლის ამბოხის წინაპირობები რედაქტირება

სტოუნუოლის მოვლენების უკეთ აღსაქმელად, აუცილებელია იმ სოციალურ-პოლიტიკური კლიმატის მიმოხილვა, რომელიც იმ პერიოდის აშშ-ში სუფევდა.

ლგბტ საზოგადოების ამერიკელი წარმომადგენლები, 1950-იან და 1960-იან წლებში გაცილებით ანტიჰომოსექსუალურ სამართლებრივ სისტემაში იმყოფებოდნენ, ვიდრე ვარშავის ხელშეკრულების ზოგიერთ ქვეყანაში. იმ დროის ამერიკაში, ჰომოსექსუალური კავშირები ზრდასრულ ადამიანებს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზეც კი, მთელი აშშ-ის მასშტაბით, სისხლის სამართლის დანაშაული იყო (ილინოისის გამოკლებით, სადაც დეკრიმინალიზაცია 1961 წელს მოხდა). ოც შტატში არსებობდა კანონი, რომლის თანახმადაც ნებისმიერი ადამიანის დაპატიმრება იყო შესაძლებელი ჰომოსექსუალობის ბრალდებით. პენსილვანიისა და კალიფორნიის შტატებში, ჰომოსექსუალობაში ეჭვმიტანილი პირების მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გამოკეტვა იყო ნებადართული. ჰომოსექსუალობის „განკურნების“ მეთოდებად გამოიყენებოდა კასტრაცია, კონვერსიული თერაპია, ჰიპნოზი, ელექტროშოკი, ლობოტომია. ჰომოსექსუალები იძულებულნი იყვნენ, თავიანთი პირადი ცხოვრება ყველასგან დაემალათ.

მეორე მსოფლიო ომის სოციალური რყევების შემდეგ, ამერიკაში ბევრს სურდა „ომამდელი საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა და ცვლილებებისგან თავის შეკავება“. რესპუბლიკელმა ჯოზეფ მაკკარტიმ (Joseph McCarthy), საზოგადოებაში არსებული ანტიკომუნისტური განწყობები მთავრობაში, არმიასა და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაცია-დაწესებულებებში მყოფ განსხვავებულად მოაზროვნეთა წინააღმდეგ (კომუნისტები, სოციალისტები, ანარქისტები და სხვ.) რეპრესიული კამპანიის ასაგორებლად გამოიყენა. ნაციონალური ისტერიის მსხვერპლთა შორის აღმოჩნდნენ ჰომოსექსუალებიც. გეებსა და ლესბოსელებს „სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიში ელემენტების“ იარლიყი მიაწებეს. ამ კამპანიის ფარგლებში, 1947-1950 წლებში, 1700 გეის და ლესბოსელს უარი ეთქვა სამსახურზე, 4380 ადამიანი გაათავისუფლეს შეიარაღებული ძალებიდან, 420 კი – სამთავრობო სტრუქტურებიდან.

1950-1960-იანი წლების მანძილზე, პოლიციამ შეადგინა ცნობილი ჰომოსექსუალი ადამიანების, მათი ნათესავ-მეგობრებისა და იმ დაწესებულებების სია, სადაც ისინი სასურველ სტუმრებად მიიჩნეოდნენ. ამერიკის საფოსტო სამსახური თვალყურს ადევნებდა იმ მისამართებს, საიდანაც ჰომოსექსუალური შინაარსის მასალები იგზავნებოდა. ამას არ ჩამორჩენია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიც: გეი ბარები დაიხურა, მის კლიენტებს აპატიმრებდნენ, მათ ფოტოებს კი მეორე დღეს გაზეთებში აქვეყნებდნენ. მერიის ჩინოვნიკების ბრძანებით, მიმდინარეობდა კვარტალების, პარკების, პლაჟების გეებისგან „წმენდა“. საწინააღმდეგო სქესის სამოსის ტარება კანონდარღვევად იქცა. სასწავლო დაწესებულებებიდან ათავისუფლებდნენ ჰომოსექსუალობაში ეჭვმიტანილ პირებს. ათასობით ადამიანი საჯაროდ დაამცირეს, მათ ფიზიკურად დევნიდნენ, სამსახურიდან ათავისუფლებდნენ, ანდა ძალდატანებით ათავსებდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში.

1952 წელს, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ (American Psychiatric Association), ჰომოსექსუალობა ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის სახელმძღვანელოში ჩართო, პიროვნების სოციოპათიური აშლილობის დიაგნოზით. 1962 წელს ჰომოსექსუალობის ყველამხრივი გამოკვლევის შედეგად, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ იგი აშლილობათა ნუსხაში შეიტანა, განმარტა რა მისი არსი, როგორც „ბავშვობაში საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან მოყენებული ტრავმის შედეგად აღმოცენებული პათოლოგიური შიში“. ეს თვალსაზრისი სამედიცინო სფეროში ფართოდ გავრცელდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 1956 წელს, ფსიქოლოგმა და სექსოლოგმა ეველინ ჰუკერმა (Evelyn Hooker) ჩაატარა კვლევა, რომელმაც ჰეტეროსექსუალი და ჰომოსექსუალი კაცების ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის ვერანაირი განსხვავება ვერ აღმოაჩინა. ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან მხოლოდ 1973 წელს ამოიღეს.

ამგვარი სიტუაციის საპასუხოდ, ამერიკაში პირველი გეი ორგანიზაციები იქმნება. 1950 წელს, კომუნისტი აქტივისტი ჰარი ჰეი (Harry Hay) მატაჩინის საზოგადოებას (Mattachine Society) აარსებს, რომლის დასახელებასაც ფრანგული ნიღბების თეატრის მსახიობთა ჯგუფის სახელწოდებისგან სესხულობს (ფრ. Société Mattachine). საზოგადოება იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა გეებსა და ლესბოსელებს, ასევე ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას.

1955 წელს, სან-ფრანცისკოში, რვა ქალმა საფუძველი ჩაუყარა ლესბოსელების საზოგადოებას, რომელსაც „ბილიტისის ქალიშვილები“ (Daughters of Bilitis) ერქვა. ამ ორი საზოგადოების ერთობლიობამ, მალე „ჰომოფილური მოძრაობის“ სახელწოდება მიიღო.

მატაჩინის საზოგადოებისა და სახელმწიფოს პირველი შეჯახება 1953 წელს მოხდა, როცა ამერიკის საფოსტო სამსახურმა უარი განაცხადა ჟურნალ One-ის აგვისტოს ნომრის დარიგებაზე, სადაც ქორწინების თანასწორობაზე იყო საუბარი. სამსახური აცხადებდა, რომ ჟურნალს „უწესო“ შინაარსი ჰქონდა. საქმე უმაღლეს სასამართლომდე მივიდა, რომელმაც 1958 წელს დაადგინა, რომ ჟურნალი One შეიძლება ფოსტით გავრცელდეს, რადგან გაუმჭვირვალე შეფუთვა გააჩნია.

ჰომოფილური მოძრაობა თანდათან ფართოვდებოდა. აღმოსავლეთ სანაპიროზე, ვაშინგტონში, პირველი „მატაჩინის საზოგადოება“ ფრენკ კამენიმ (Frank Kameny) დააარსა. კამენი ჰომოსექსუალობაში დაადანაშაულეს და აშშ-ის არმიიდან სამარცხვინოდ გაათავისუფლეს. მსახურებაზე აღდგენის მოთხოვნით, მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაგრამ საქმე წააგო. კამენი პირველი იყო, ვინც ღიად ამტკიცებდა, რომ ჰომოსექსუალები არაფრით განსხვავდებიან ჰეტეროებისგან. მისი უმთავრესი მიზანი ჰომოსექსუალობის ფსიქიკური დაავადებების ნუსხიდან ამოღება იყო. 1965 წელს, მან ანტიდისკრიმინაციული პიკეტები გამართა თეთრი სახლისა და სხვა სამთავრობო შენობების წინ. ეს მოვლენები ვიეტნამის ომის წინააღმდეგ მიმართული პროტესტების გააქტიურებას დაემთხვა. 1960-იანი წლების ბოლოსკენ, პიკეტებისა და პოლიციასთან შეტაკებების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.

ამ დროისთვის, საჯარო სივრცეში სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც არ პასუხობდნენ საყოველთაოდ მიღებულ გენდერულ სტერეოტიპებს: ფემინური კაცები და მასკულინური ქალები, ასევე საწინააღმდეგო სქესის სამოსში გამოწყობილი პერსონები. ამან მატაჩინის საზოგადოებისა და ბილიტისის ქალიშვილების წევრთა უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ორგანიზაციებს მიაჩნდა, რომ მსგავსი ქცევა და გარეგნობა უფლებებისთვის ბრძოლის საქმეს დისკრედიტაციას უწევდა და დაპატიმრებების პროვოცირებას ახდენდა.

ლგბტ ადამიანებისა და პოლიციის პირველი ღია შეჯახებები 1959 წელს მოხდა. 1966 წელს, საწინააღმდეგო სქესის სამოსის ტარების გამო, პოლიცია „კომპტონის“ კაფეტერიაში (Compton’s Cafeteria) შეიჭრა. ლოკალური კონფლიქტი კაფის მფლობელებთან ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპატიმრებულთა მეგობრებმა კაფე დაარბიეს. დაილეწა ყველაფერი: დაწყებული თეფშებით და ჭიქებით, დამთავრებული სარკეებითა და ფანჯრებით. მომდევნო ღამით, როდესაც კაფის მეპატრონეებმა ჩამსხვრეული მინები და სარკეები ჩასვეს, დარბევა განმეორდა. კაფე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მიწასთან გაასწორეს. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ დაპატიმრებულები არ გაათავისუფლეს. დასახელებული კონფლიქტი სან-ფრანცისკოს ტრანსგენდერი მოძრაობის დასაბამად მიიჩნევა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნიუ-იორკში ორი ახალი რაიონი აშენდა – გრინვიჩ-ვილიჯი და ჰარლემი, სადაც არმიაში ნამსახურები პირები დასახლდნენ. მალე, ეს რაიონები გეებისა და ლესბოსელების ანკლავებად იქცა, რომლებიც საგაზეთო პუბლიკაციებში „მოკლედ გაკრეჭილ ქალებად და თმამოშვებულ კაცებად“ (გენდერულ სტერეოტიპებს არდაქვემდებარებულ პერსონებად) მოიხსენიებოდნენ. ამ ანკლავებს შიგნით, მომდევნო ორი ათწლეულის მანძილზე, ფორმირდებოდა გეი სუბკულტურა. დროთა განმავლობაში, გრინვიჩ-ვილიჯი კულტურული რევოლუციის ცენტრად იქცა – ბოჰემის, რადიკალი პოლიტიკოსების, ბიტ-თაობის (ჯეკ კერუაკი, ალენ გინზბერგი, უილიამ ბეროუზი, დილან ტომასი) და ფოლკ-როკის (The Mamas & the Papas, ბობ დილანი, საიმობი და გარფანკელი) წარმომადგენელთა ნავთსაყუდელი.

ნიუ-იორკში ურიცხვი გეი ბარი გაიხსნა, რის გაკონტროლებაც შეუძლებელი იყო, და ქალაქის მთავრობამ გეებისთვის ალკოჰოლიანი სასმელის აკრძალვის დისკრიმინაციული ბრძანება გამოსცა. 1960-იანი წლების დასაწყისში, ქალაქის მერმა რობერტ ვაგნერ უმცროსმა (Robert F. Wagner, Jr), რომელიც 1964 წლის მსოფლიო გამოფენისთვის მზადებაში ძალისხმევას არ იშურებდა, ნიუ-იორკის გეი ბარებისგან გათავისუფლების უპრეცედენტო ზომები მიიღო. გადაცმული პოლიციელები მთელი ქალაქის მასშტაბით მუშაობდნენ. ისინი გეებს ალკოჰოლის შესაძენად აქეზებდნენ და შემდეგ აპატიმრებდნენ მათ. თუ გეი უარს იტყოდა „ახალი მეგობრის“ გამასპინძლებაზე, პოლიციელები სასმელს თავად ყიდულობდნენ, ხოლო შემდეგ აპატიმრებდნენ მათ, ამჯერად „წაქეზების“ მუხლით. ორივე შემთხვევაში, ბარს, სადაც დაპატიმრება ხდებოდა, ლიცენზიას ართმევდნენ. „ქალაქის გეებისგან გაწმენდის“ პროცესში, პოლიციელები ხშირად აბსურდამდე მიდიოდნენ. New York Post-ში ერთხელ ასეთი ისტორია გამოქვეყნდა: სპორტდარბაზის გასახდელში, გადაცმულმა პოლიციელმა უცხო კაცს ხელი „უხერხულ ადგილას“ სტაცა და კვნესა დაიწყო. როდესაც ამ უკანასკნელმა ჰკითხა, რა გჭირთო, იგი მყისვე დააპატიმრეს. ადვოკატები უკიდურესად იშვიათად კიდებდნენ ხელს ამგვარ საქმეებს, რადგან შიშობდნენ, რომ ჰომოსექსუალობაში ბრალდებით მათაც დააპატიმრებდნენ.

მატაჩინის საზოგადოებამ, ახალი მერის – ჯონ ლინდსისგან (John Lindsay) დისკრიმინაციული კამპანიის შეწყვეტა მოახერხა. ბარებში დაჭერები შეწყდა, მაგრამ „ალკოჰოლის მაკონტროლებელი დეპარტამენტი“ აღჭურვეს გეი ბარისთვის ლიცენზიის გაუქმების უფლებამოსილებით. მიუხედავად გრინვიჩ-ვილიჯის მრავალრიცხოვანი გეი მოსახლეობისა, რაიონში გეი ბარები უკიდურესად მცირე რაოდენობით მოიპოვებოდა. არც ერთი ბარი არ ეკუთვნოდა უშუალოდ გეის, მას ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები აკონტროლებდა. ყველა ბარი პოლიციას ქრთამს აძლევდა, რათა დაჭერების რიცხვი შემცირებულიყო და ბიზნესი არ ჩავარდნოდა.

სტოუნუოლის ეპოპეა რედაქტირება

1950-1960-იან წლების ამერიკაში, ღიად ლგბტ ადამიანებს ძალზე ცოტა დაწესებულება მიესალმებოდა. ძირითადად, ეს იყო გეი ბარები. ერთ-ერთი მათგანი, Stonewall Inn, ისევე, როგორც ბევრი სხვა მსგავსი დაწესებულება, მაფიას ეკუთვნოდა. იგი პოპულარობით სარგებლობდა ლგბტ თემის უღარიბეს და ყველაზე მარგინალიზებულ წარმომადგენლებში: დრეგ-ქვინებში, ტრანსგენდერებში, ჰასტლერებსა და უსახლკარო ახალგაზრდობაში.

კრისტოფერ-სტრიტზე მდებარე ბარი Stonewall Inn, ჯენოვეზეს ოჯახს ეკუთვნოდა. 1966 წელს, ოჯახის სამმა წევრმა რესტორანი Stonewall Inn გეი ბარად გადააკეთა და მასში $3500 დააბანდა. კვირაში ერთხელ, აქედან პოლიციელს ნაღდი ფულის პაკეტი მიჰქონდა. Stonewall Inn-ს არ გააჩნდა სპირტიანი სასმელის გაყიდვის ლიცენზია, ბარში არ იყო წყალგაყვანილობა და ჭიქები სპეციალურ ჭურჭელში ირეცხებოდა. ასევე, ბარს არ გააჩნდა სახანძრო გასასვლელები. ეს იყო ერთადერთი ადგილი ნიუ-იორკში, სადაც გეებს ერთად ცეკვა თავისუფლად შეეძლოთ (თავდაპირველად, Stonewall Inn საცეკვაო კლუბი იყო).

1969 წლიდან, ბარის სტუმრებს კართან დაცვის თანამშრომელი ხვდებოდა, რომელიც მომხდურს კარის ჭუჭრუტანიდან ამოწმებდა. უპირველეს ყოვლისა, ბარის სტუმრები უნდა ყოფილიყვნენ 18 წელზე უფროსები. არასასურველი სტუმრების, ანუ გადაცმული პოლიციელების, ვიზიტის თავიდან ასაცილებლად, დაცვა ან მუდმივ კლიენტებს უშვებდა შიგნით, ან აშკარად გეი გარეგნობის ადამიანებს. დასვენების დღეებში, შესასვლელი ბილეთების ფასი $3 იყო. ბარის უკანა ნაწილს სტუმრობდნენ გრიმიანი, გრძელთმიანი და ქალად გადაცმული კაცები. Stonewall Inn-ის კლიენტებიც ძირითადად კაცები იყვნენ, 18-დან 30 წლამდე.

გეი ბარებზე პოლიციის რეიდები საშუალოდ თვეში ერთხელ ხდებოდა. ბევრი ბარი ალკოჰოლის შესანახად საიდუმლო სამალავებით იყო აღჭურვილი. მეექვსე ოლქის ადმინისტრაცია ბარის ხელმძღვანელობას ადრევე აფრთხილებდა მოსალოდნელ რეიდზე, რომელიც, როგორც წესი, საკმაოდ ადრე, ხალხის მოსვლამდე, ტარდებოდა, რათა ღამით ბარი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაბრუნებოდა. პირადობის დამადასტურებელი საბუთების არმქონე კლიენტებს აპატიმრებდნენ, ხოლო დანარჩენებს უხმაუროდ უშვებდნენ. ქალები ვალდებულნი იყვნენ, ქალის სამოსის მინიმუმ სამი ელემენტი ეტარებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც დაპატიმრება ელოდათ, ისევე, როგორც ბარის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას.

1969 წლის 28 ივნისს, შაბათს, ღამის 1:20-ზე, სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი ოთხი პოლიციელი, ორ უნიფორმიან პატრულთან, ინსპექტორის მოადგილე სეიმურ პაინთან და დეტექტივ ჩარლზ სმიტთან ერთად, სიტყვებით: „პოლიციის შემოწმებაა!“ – ბარ Stonewall Inn-ში შევიდა. მანამდე, მათ მთელი საღამო გაატარეს ბარში, რათა მისი კლიენტების „უწესო ქმედებები“ დაეფიქსირებინათ. მათი ბრძანებით, ბარის მფლობელებმა მუსიკა და სინათლე გამორთეს. იმ საღამოს, ბარში დაახლოებით ორასამდე ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის რეიდში მოყოლილმა დაბნეულმა კლიენტებმა საპირფარეშოს ფანჯრიდან გაპარვა სცადეს, მაგრამ პოლიციამ ყველა გასასვლელი გადაკეტა.

რეიდი ჩვეული წესით მიმდინარეობდა: ყველა სტუმარი უნდა ჩაემწკრივებინათ, შეემოწმებინათ მათი დოკუმენტები და ნამდვილი სქესი, და საპირისპირო სქესის სამოსში გამოწყობილები დაეპატიმრებინათ. ტრანსგენდერი ქალი მარია რიტერი (Maria Ritter), რომელსაც საბუთებში სტივ რიტერი ეწერა, იხსენებს: „ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ დამაპატიმრებდნენ, რომ ჩემს კაბიან ფოტოს გაზეთში გამოაჭენებდნენ, და ამ ყველაფერს დედაჩემი ნახავდა!“. პოლიციელები ბარის კლიენტებს მუდმივად შეურაცხყოფდნენ, ვითარება თანდათან უკიდურესად იძაბებოდა.

პოლიციამ მთელს ალკოჰოლს კონფისკაცია გაუკეთა. ამოღებულ იქნა 28 ყუთი ლუდი და 19 ბოთლი მაგარი სპირტიანი სასმელი. კლიენტები, რომლებიც არ დააპატიმრეს, წინა კარიდან გაუშვეს. მაგრამ, იმ ღამეს ისინი ჩვეულებისამებრ შინ არ წასულან. ამის ნაცვლად, ისინი ქუჩაში, ბარის შესასვლელთან შეიკრიბნენ. რამდენიმე წუთში, იქ 150-მდე ადამიანი მოგროვდა.

ამის შემხედვარე ინსპექტორმა პაინმა გარეთ მდგომთ შეახსენა, რომ მათი დაპატიმრებაც ადვილად შეეძლო. პირველად, დაკავებული ბარის მეპატრონეების გამოყვანისას, გარეთ მდგომთა შორის აქა-იქ შეძახილები გაისმა: «Gay power!» (გეი ძალა), «We Shall Overcome!» (ჩვენ გადავლახავთ!). ქუჩაში თავდაპირველად ჩუმად მდგომ ადამიანებში ნელ-ნელა დაუოკებელი რისხვა იღვიძებდა.

შემდგომ წუთებში იქ განვითარებულ მოვლენებს თვითმხილველები სხვადასხვაგვარად ყვებიან: ერთნი ამბობენ, რომ ტრანსგენდერმა სილვია რივერამ (Sylvia Rivera) პოლიციელს ბოთლი ესროლა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა მას ხელკეტი ატაკა, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ როდესაც საპატრულო მანქანისკენ პოლიციელების თანხლებით მიმავალმა ლესბოსელმა ძალზე მჭიდროდ შემოსალტული ბორკილების გამო მათ წინააღმდეგობა გაუწია, სოლიდარობის ნიშნად მას მთელი გარეთ მდგომი საზოგადოება შეუერთდა. ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა, რომელმაც მალე პოლიციელებამდეც მიაღწია.

პოლიცია ტალღის შეკავებას ცდილობდა. რამდენიმე ადამიანი გადაითელა. მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილმა დაკავებულებმა გაქცევით უშველეს თავს. ინსპექტორი პაინი შეეცადა, ადამიანებისთვის წესრიგისკენ მოეწოდებინა, მაგრამ ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ადამიანების ჯგუფმა პოლიციის ფურგონის გადაბრუნება მოიწადინა.

ინფორმაცია ამბოხის შესახებ უცებ გავრცელდა. შემთხვევის ადგილისკენ გაეშურნენ მეზობელი ბარების მფლობელები და იქვე მცხოვრები ადამიანები. ვიღაცამ წამოიძახა, რომ პოლიციის რეიდი თავად ბარის მეპატრონეების პროვოცირებული იყო, რომლებმაც უარი განაცხადეს პოლიციისთვის ქრთამის მიცემაზე. „მაშ მოდით, ჩვენ გადავუხადოთ!“, – იყო პასუხი. პოლიციელების მიმართულებით მონეტების, ლუდის ქილების, აგურებისა და ქვების წვიმა წამოვიდა. ტალღა სკანდირებდა: «Pigs!» (ღორებო), «Faggot Cops!» (პედერასტო პოლიციელებო!). ამგვარი პროტესტით გაოგნებულმა პოლიციელებმა უკან დაიხიეს, ბარში, და თან შემთხვევით ხელთ მოყოლილი ადამიანებიც შეითრიეს. ასე მოხვდა ბარში და სასტიკად იცემა ფოლკ მომღერალი დეივ ვან რონკი (Dave Van Ronk), რომელმაც იქ შემთხვევით გაიარა. ათი პოლიციელი და რეიდის დროს დაკავებული ადამიანები, იქ შემთხვევით მოხვედრილი ვან რონკისა და ჟურნალისტ ჰოვარდ სმიტის ჩათვლით, ბარის შიგნით აღმოჩნდნენ. გარე შეტევა მატულობდა. ვიღაცამ შენობის გადაწვაც კი სცადა.

მოვლენის თვითმხილველები იხსენებენ, რომ ამბოხს არ ჰყავდა ლიდერი და ორგანიზატორი. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მაიკლ ფეიდერი (Michael Fader) იხსენებს: „ყველანი ერთდროულად მივხვდით, რომ მოთმინების ფიალა გადაგვევსო. ამდენი წლის დამცირებისა და შეურაცხყოფის შემდეგ, ერთდროულად ყველას მოუვიდა თავში, რომ იმ ღამეს თავისი პროტესტი უნდა გამოეთქვა, და ეს არ იყო ორგანიზებული ქმედება… ყველანი ვგრძნობდით, რომ უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო. ამდენ განსხვავებულ ადამიანს, ერთი რამ აერთიანებდა – პოლიციის აღვირახსნილობასთან შეუგუებლობა. ჩვენ თავისუფლების დაბრუნებას შევეცადეთ. ღამეში დამალვას არ ვაპირებდით. თითქოს ჰაერში რაღაც დაქროდა. ეს თავისუფლების სული იყო. მივხვდით, რომ მისთვის უნდა გვებრძოლა. უკან დახევას არავინ აპირებდა“.

ბარში მოლოტოვის კოქტეილებიც კი ფეთქდებოდა. „მთელი ეს წლები ნეხვივით გვექცეოდით? ახლა თქვენი ჯერია!“, – სკანდირებდნენ პროტესტანტები. პოლიციამ ხალხის დაშლა სახანძრო ქაფით სცადა, მაგრამ მილში წნევა დაბალი იყო და შესხურებულმა წყალმა ადამიანები კიდევ უფრო გააშმაგა. როდესაც ისინი ბარში შეიჭრნენ, იქ მათ შეიარაღებული პოლიციელები დახვდნენ. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. პოლიციელებმა მეამბოხეებს იარაღი დაუმიზნეს, მათ კი საპასუხოდ ბარს ბენზინი გადაასხეს და გადაწვეს. ხანძრის ლოკალიზება ადგილზე მისულმა სახანძრომ მოახდინა. საერთო ჯამში, ალყა დაახლოებით 45 წუთი გრძელდებოდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციამ დამატებითი ძალები შემოიმტკიცა – ქვედანაყოფი, სახელწოდებით „ტაქტიკური საპატრულო ჯგუფი“, რომელიც ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო პროტესტების დროს გამოიყენებოდა. ქვედანაყოფის მიზანი ხალხის დაშლა იყო, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა – მომხვდურებს დამხვდურებმა ქვებისა და სხვა საგნების სეტყვა დაატეხეს თავს. ბობ კოლერი (Bob Kohler), რომელიც იმ ღამეს ძაღლს ასეირნებდა, იხსენებს: „არეულობა უამრავი მინახავს, მაგრამ გეები იმ ღამეს ნამდვილად ზღვარს გადავიდნენ. პოლიციელები სრულიად პატივაყრილები იყვნენ. აქამდე მსგავსი რამ არ მომხდარა. ისინი ასეთ წინააღმდეგობას არასოდეს წაწყდომიან, მით უმეტეს – ქალად გადაცმული კაცებისგან. ამან ისინი იმ დონეზე გააცოფა, რომ მათ სახეებზე ადვილად შეამჩნევდით ამ ადამიანების დახოცვის მზაობას“.

პოლიცია პროტესტანტებისგან ქუჩის გაწმენდას შეეცადა, მაგრამ ეს უკანასკნელნი არ ნებდებოდნენ. ისინი ღიად დასცინოდნენ და აჯავრებდნენ სამართალდამცავებს. ხალხის უმართავი ტალღა მეშვიდე ავენიუსკენ დაიძრა, მან კრისტოფერ-სტრიტი გადაკეტა.

პოლიციასთან შეტაკება დილის 4 საათამდე გაგრძელდა. მომდევნო დილით, ადამიანები კრისტოფერ-პარკში ისხდნენ და ვერ იჯერებდნენ წუხანდელი ღამის ამბებს. სამარისებური სიჩუმე იდგა, თუმცა ჰაერში კვლავ იგრძნობოდა დაძაბულობა. ღამის არეულობების შედეგად, 13 ადამიანი დააპატიმრეს. ოთხმა პოლიციელმა და პროტესტანტთა დაუდგენელმა რაოდენობამ, სხეულის დაზიანებები მიიღო, Stonewall Inn კი პრაქტიკულად გაცამტვერდა. მომავალ ღამეს, პაინს ბარში მისვლა და მისი დახურვა ჰქონდა განზრახული.

არეულობის დროს, კრეიგ როდველმა (Craig Rodwell), წიგნის მაღაზიის მფლობელმა, დარეკა გაზეთებში: New York Times, New York Post და New York Daily News, და მომხდარის შესახებ შეატყობინა. ახალი ამბავი უცებ გავრცელდა.

მომდევნო ღამით, არეულობებმა კრისტოფერ-სტრიტზე კიდევ უფრო დიდი ძალით იფეთქა. Stonewall Inn-ს დაუბრუნდნენ წინა ღამის ვიზიტორები, და ამჯერად მათ გამვლელები და ტურისტები შეუერთდნენ. ათასობით ადამიანი შეიკრიბა ბარის წინ, რომელიც კვლავ გაიღო. ქუჩაზე დიდი საცობი შეიქმნა. პროტესტანტთა ტალღამ ალყა შემოარტყა ავტობუსებსა და ავტომობილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ატარებდნენ, თუ მათი მფლობელები მათ მხარდაჭერას გამოხატავდნენ ან ქამინგ აუთს გააკეთებდნენ. ქუჩაზე ნაგვის ურნების დაწვა დაიწყეს. შემთხვევის ადგილზე კვლავ გამოჩნდა „ტაქტიკური საპატრულო ჯგუფი“. უწესრიგობები დილის 4 საათამდე გაგრძელდა.

ორშაბათს და სამშაბათს, წვიმის გამო, გრინვიჩ-ვილიჯზე სიტუაცია რამდენადმე განიმუხტა. კრეიგ როდველმა და მისმა პარტნიორმა ფრედ სერჯენტმა, ამით ისარგებლეს და 5000 ფურცელი გაავრცელეს მოთხოვნით: „გეი ბარებს მოვაცილოთ მაფია და პოლიციელები!“. ფურცლებზე დატანილი იყო Stonewall Inn-ისა და მაფიის საკუთრებაში მყოფი სხვა გეი ბარების ბოიკოტირებისა და საზოგადოებრივი წნეხის მერიაზე განხორციელებისკენ მოწოდება, ასევე „პოლიციის თავაშვებულობის“ ალაგმვის მოთხოვნა.

ოთხშაბათს, კრისტოფერ-სტრიტზე არეულობები განახლდა მას შემდეგ, რაც Village Voice-ის ჟურნალისტებმა ჰოვარდ სმიტმა და ლუსიან ტრესკოტმა ამბოხის მონაწილეთა მისამართით შეურაცხმყოფელი გამოთქმები გამოიყენეს: «forces of faggotry“, «Sunday fag follies», «limp wrists». ამჯერად, პროტესტანტთა რისხვა თავს გაზეთის რედაქციას დაატყდა. ამასობაში, მათ რიცხვს კიდევ 1000 ადამიანი შეემატა. ოთხშაბათ საღამოს გაჩაღებული მორიგი შეტაკებები ერთი საათის მანძილზე გაგრძელდა. იმ საღამოს, 5 ადამიანი დააპატიმრეს.

Stonewall Inn-მა არეულობების შემდეგ რამდენიმე კვირას გასტანა. 1969 წლის ოქტომბერში, რაიონში მკვეთრად გაძვირდა საიჯარო გადასახადი, რის გამოც დაიკეტა.

1970 წლის 28 ივნისს, გრინვიჩ-ვილიჯზე, სტოუნუოლის ამბოხის ერთი წლისთავი აღნიშნეს – „კრისტოფერ-სტრიტის გათავისუფლების დღე“ – ისტორიაში პირველი გეი პრაიდი. ნიუ-იორკის მხარდამხარ, სტოუნუოლის მოვლენების წლისთავი აღნიშნეს ლოს-ანჯელესსა და ჩიკაგოში. მომდევნო წელს, გეი პრაიდი გაიმართა ბოსტონში, დალასში, მილუოკიში, ლონდონში, პარიზში, დასავლეთ ბერლინში, სტოკჰოლმში. 1972 წელს მათ რიცხვს ატლანტა, ბუფალო, დეტროიტი, ვაშინგტონი, მაიამი, სან-ფრანცისკო და ფილადელფია შეუერთდა.

ფრენკ კამენი მალე მიხვდა სტოუნუოლის ამბოხის ცვლილებათა არსს. 50-იანი წლების გეი აქტივისტს სჯეროდა, რომ მშვიდობით ცხოვრების საუკეთესო ხერხია ჰეტეროსექსუალების დარწმუნება, რომ გეები მათგან არაფრით არ განსხვავდებიან. როდესაც მან და სხვა აქტივისტებმა თეთრი სახლის პიკეტირება განიზრახეს, მათი მიზანი იყო უფლებებისთვის მშვიდობიანი ბრძოლის ეფექტიანობის დამტკიცება. სტოუნუოლის მოვლენების შემდეგ კი, მან განაცხადა: „როდესაც დარბევები მოხდა, ქვეყანაში სულ 50-60 გეი ჯგუფი იყო. ერთი წლის შემდეგ კი, მათი რიცხვი 1000-მდე გაიზარდა, ორ წელიწადში – 2500-ს მიაღწია“.

ბევრ აქტივისტს მიაჩნია, რომ სტოუნუოლის ამბოხი მხოლოდ გეი განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაბამია, არამედ – გეი პრაიდისა და თანამედროვე ლგბტ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლის ფუნდამენტი, რომელზეც დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ლგბტ ადამიანებისადმი დამოკიდებულება და პატივისცემაა აგებული.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Adam, Barry (1987). The Rise of a Gay and Lesbian Movement, G. K. Hall & Co. ISBN 0-8057-9714-9
  • Bronski, Michael (ed.) (2003). Pulp Friction: Uncovering the Golden Age of Gay Male Pulps, St. Martin's Griffin. ISBN 0-312-25267-6
  • Cain, Paul (2007). Leading the Parade: Conversations with America's Most Influential Lesbians and Gay Men, Scarecrow Press, Inc. ISBN 0-8108-5913-0
  • Carter, David (2004). Stonewall: The Riots that Sparked the Gay Revolution, St. Martin's Press. ISBN 0-312-34269-1
  • Clendinen, Dudley, and Nagourney, Adam (1999). Out for Good, Simon & Schuster. ISBN 0-684-81091-3
  • Deitcher, David (ed.) (1995). The Question of Equality: Lesbian and Gay Politics in America Since Stonewall, Scribner. ISBN 0-684-80030-6
  • Duberman, Martin (1993). Stonewall, Penguin Books. ISBN 0-525-93602-5
  • Edsall, Nicholas (2003). Toward Stonewall: Homosexuality and Society in the Modern Western World, University of Virginia Press. ISBN 0-8139-2211-9
  • Faderman, Lillian (1991). Odd Girls and Twilight Lovers: A History of Lesbian Life in Twentieth Century America, Penguin Books. ISBN 0-14-017122-3

თემატური საიტები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  ლგბტ პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ლგბტ თემებზე.