Webb's First Deep Fieldჯეიმზ ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი გალაქტიკური ღრმა ველი, ოპერატიული ფოტო, რომელზეც გამოსახულია 4,6 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკათგროვა SMACS 0723. კომპოზიტური სურათი, რომელიც ტელესკოპის ახლო-ინფრაწითელი კამერით (Near-Infrared Camera, NIRCam) არის გადაღებული, 2022 წლის 11 ივლისს გასაჯაროვდა და მასზე სამხრეთ ნახევარსფეროდან ხილული ცის ნაწილია აღბეჭდილი. სურათზე ჩანს ათასობით გალაქტიკა და იგი დღემდე არსებულთაგან ადრეული სამყაროს ყველაზე მაღალი გარჩევადობის სურათია.

A picture of many galaxies and stars
Webb's First Deep Field

ფონი რედაქტირება

ჯეიმზ ვების კოსმოსური ტელესკოპი ინფრაწითელი ასტრონომიითაა დაკავებული. Webb's First Deep Field[1][2] გადაღებულია ტელესკოპის ახლო-ინფრაწითელი კამერით (NIRCam) და წარმოადგენს კომპოზიტურ სურათს, რომელიც შედგება სხვადასხვა სიგრძის ტალღებზე 12,5 საათის განმავლობაში გადაღებული სურათებისგან. ფოტომ გადააჭარბა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული გალაქტიკათა ყველაზე ღრმა ველების ინფრაწითელი ტალღების სიგრძეს, რომელთა მისაღწევად ჰაბლს კვირები სჭირდებოდა. ტელესკოპი 2022 წლის 24 იანვრიდან დედამიწის გარშემო ლაგრანჟის მეორე წერტილში მოძრაობს (L2), დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე. L2-ში დედამიწის და მზის გრავიტაციული ზემოქმედება უზრუნველყოფს, რომ ტელესკოპმა მზის გარშემო დედამიწასთან სინქრონულად იმოძრაოს.[3]

SMACS 0723[4] წარმოადგენს გალაქტიკათა გროვას, რომელიც დედამიწის სამხრეთი ნახევარსფეროდან ჩანს და შორეული წარსულის ძიებაში ხშირად გამხდარა როგორც ჰაბლის, ისე სხვა ტელესკოპების დაკვირვების საგანი.[3]

სამეცნიერო შედეგები რედაქტირება

სურათზე აღბეჭდილია გალაქტიკათა გროვა SMACS 0723 4,6 მილიარდი წლის წინანდელი სახით.[2] სურათზე გამოსახული ცის ნაწილის კუთხური ზომა დაახლოებით უდრის გაშლილი მკლავის სიგრძეზე დანახული ქვიშის მარცვლის ზომას.[1] ბევრი კოსმოლოგიური ერთეული, რომელიც სურათზეა გამოსახული, აჩვენებს ძლიერ წითელ წანაცვლებას, რაც მათგან მომდინარე სინათლის უკიდურესი სიძველითაა გამოწვეული.[5]

აღნიშნული გალაქტიკათგროვის საერთო მასამ გრავიტაციული ლინზის როლი შეასრულა, რამაც მის უკან, გაცილებით შორს არსებული გალაქტიკების გამოსახულებათა გადიდება გამოიწვია. ვების კამერამ კარგად გამოაჩინა უმცირესი, მკრთალი სტრუქტურები, რომლებიც აქამდე არ იყო დანახული, მათ შორის, ვარსკვლავთგროვები და დიფუზიური წარმონაქმნები.[1]

მნიშვნელობა რედაქტირება

გალაქტიკათა ღრმა ველის აღნიშნული სურათი სამყაროს ყველაზე უფრო მაღალი გარჩევადობის და ყველაზე უფრო შორეული გამოსახულებაა, რაც კი ოდესმე გადაღებულა.[6] ასევე, Webb's First Deep Field არის პირობითი ფერებით გამოსახული პირველი სრული სურათი ჯეიმზ ვების ტელესკოპიდან და სამყაროს ყველაზე უფრო მაღალი გარჩევადობის ინფრაწითელი სურათი. მასზე გამოსახულია სამყაროს უმცირეს ნაწილში არსებული ათასობით გალაქტიკა. ვების კამერამ შეძლო უკიდურესად შორს მყოფი გალაქტიკების და მკრთალი სტრუქტურების მკვეთრად წარმოჩენა, მათ შორის, აქამდე დამზერილი ყველაზე მკრთალი სტრუქტურებისა, რის შედეგადაც მიღებულია სამყაროს აქამდე არსებულთაგან ყველაზე უფრო დეტალური გამოსახულება. აღნიშნული სტრუქტურების დიდი ნაწილი, მათ შორის, ათასობით გალაქტიკა, ვების ხედვის ობიექტივში პირველად მოხვდა.[1][7]

სურათი პირველად 2022 წლის 11 ივლისს, თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაასაჯაროვა.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Garner, Rob. (2022-07-11) NASA's Webb Delivers Deepest Infrared Image of Universe Yet. NASA. ციტირების თარიღი: 2022-07-11
  2. 2.0 2.1 Webb's first deep field en. European Space Agency (July 12, 2022). ციტირების თარიღი: 2022-07-11
  3. 3.0 3.1 3.2 Overbye, Dennis; Chang, Kenneth; Tankersley, Jim (2022-07-11). „Biden and NASA Share First Webb Space Telescope Image“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-12. ციტირების თარიღი: 2022-07-12.
  4. SRELICS. IRAS. ციტირების თარიღი: 2022-07-12
  5. Isabella Isaacs-Thomas. (July 11, 2022) Here's the deepest, clearest infrared image of the universe ever produced. PBS.
  6. Strickland, Ashley. (July 11, 2022) President Biden reveals the James Webb Space Telescope's stunning first image. ციტირების თარიღი: 2022-07-12
  7. Chow, Denise. (July 11, 2022) The Webb telescope's first full-color photo is here — and it's stunning en. ციტირების თარიღი: 2022-07-11