ჰუსიტური ომები

დომჟალიცეს ბრძოლა
თარიღი 30 ივლისი, 141930 მაისი, 1434
მდებარეობა ცენტრალური ევროპა, უმეტესად ბოჰემიის სამეფო მიწებში
შედეგი რადიკალი ჰუსიტების მარცხი, სიგიზმუნდ I ლუქსემბურგი ბოჰემიის მმართველი გახდა
მხარეები
ჰუსიტები 1419–23
რადიკალი ჰუსიტები (ტაბორიტები & ორებიჩი/სიროტჩი) 1423–34
პაპის ოლქი
საღვთო რომის იმპერია
უნგრეთის სამეფო
ხორვატიის სამეფო
როიალისტები და ზომიერი ჰუსიტები (ულტრაკვისტები)
მეთაურები
იან ჟიჟკა
პროკოპ დიდი
იან როჰაჩ დუბე
პროკოპ მცირე
იან ჩაპეკი
სიგიზმუნდ კორიბუტი
ჰინეკ კრუშინა ლიხტენბურგი
იმპერატორი სიგიზმუნდი (ჯვაროსნები)
დივიშ ბოჟეკ მილეტინკა (ულტრაკვისტები)
ჩენეკ ვარტემბერკა
ბოჰუსლავ შვამბერკი
პეტრე შტერბერკი
ანრი ჰრადეცი (ბოჰემიელი კათოლიკეები)
ჰუსიტური ომები ვიკისაწყობში
იან ჰუსი
იან ჰუსის კოცონზე დაწვა

ჰუსიტური ომები — საომარი მოქმედებები იან ჰუსის მიმდევრებსა და კათოლიკეებს შორის (აგრეთვე მოგვიანებით იან ჰუსის ზომიერ და რადიკალ მიმდევრებს შორის) 1419-1434 წლებში. ეს იყო პირველი ევროპული ომი, სადაც ფართოდ გამოიყენებოდა ცეცხლსასროლი იარაღი. ჰუსიტურმა არმიამ დიდი ზიანი მიაყენა მასზე მრავალრიცხოვან რაინდების მძიმე აღჭურვილობით შეიარაღებულ არმიებს. თავდაპირველად ჰუსიტები ებრძოდნენ კათოლიკეებს, რომლებმაც მათ წინააღმდეგ რამდენიმე ანტიჰუსიტური ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყვეს. ამის შემდეგ, ომი უკვე ჰუსიტების ორ ფრთას, ზომიერებსა („უტრაკვისტები“) და რადიკალებს („ტაბორიტები“) შორის დაიწყო, რაც საბოლოოდ ტაბორიტების მარცხით დასრულდა.

ჰუსიტური მოძრაობის დასაწყისი რედაქტირება

ჰუსიტურმა მოძრაობამ აქტიური ხასიათი, პრაღაში იან ჰუსის ცეცხლზე დაწვის შესახებ ცნობის ჩაღწევის შემდეგ მიიღო. ბოჰემიის და მორავიის რაინდობამ და თავადობამ ჰუსის დაწვის გამო აქტიური პროტესტი გამოხატა და კონსტანცის კრებას (სადაც მიიღეს გადაწყვეტილება ჰუსის დაწვის შესახებ) გაუგზავნა წერილი, რომელშიც დაგმობილი იყო ჰუსის დაწვა, ეს წერილი ცნობილია protestatio Bohemorum-ის სახელით. უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდა იმპერატორ სიგიზმუნდის პასუხმა, რომელიც დაიმუქრა, რომ დაახრჩობდა ყველა ჰუსიტსა და ვიკლიფისტს.

ჰუსიტების და რაინდების ტაქტიკა რედაქტირება

ტაბორიტებმა საზოგადოებები ადრე ქრისტიანების მაგალითზე შექმნეს. მათ საერთო ქონება გააჩნდათ და ქრისტიანულ ასკეტიზმს ქადაგებდნენ. ტაბორიტებს ასევე ჰქონდათ ახალი ტიპის იარაღი: გამოჭედილი მძიმე რკინის ჯაჭვი, რომლის ერთი დარტყმაც კი საკმარისი იყო სრულად აღჭურვილი რაინდის ცხენიდან ჩამოსაგდებად. რაინდების ცხენიდან ჩამოსაგდებად ჰუსიტები ასევე დაესესხნენ ფლანდრიელებს და დაიწყეს ფლანდრიული გრძელი შუბების გამოყენება. ჰუსიტები აგრეთვე ცეცხლსასროლ იარაღს, ბომბარდირებსა და არკებუზებსაც ფლობდნენ. უძრავი თავდაცვის და მარშის დროს თავდასაცავად მათ მიერ გამოგონილ ვაგენბურგებს (ხის მისაბმელებისგან შექმნილი დაჯგუფება) იყენებდნენ. ყველაზე მცირე ტაქტიკური ერთეული იყო ვაგენი, რომელშიც ეტეოდა 10 ადამიანი: 4 მეჯაჭვე, 5 შუბოსანი, მშვილდოსანი, მეარბალეტე ან მეარკებუზე და მძღოლი.

პირველი ანტიჰუსიტური ჯვაროსნული ლაშქრობა რედაქტირება

ჰაბსბურგების და კათოლიკეების მცირერიცხოვანი მომხრეები კუტნას მთაზე დაბანაკდნენ. მათ მხარდასაჭერად 1420 წლის პირველ მარტს რომის პაპმა ერეტიკოსი ჰუსიტების წინააღმდეგ პირველი ანტი-ჰუსიტური ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყება გამოაცხადა. იმპერატორმა სიგიზმუნდმა ლაშქარი გერმანელი, პოლონელი და უნგრელი რაინდებისგან შეაგროვა, მათ ასევე შეუერთდნენ სილეზიელი და იტალიელი მოხალისე ქვეითები. ამ ლაშქრით აპრილის ბოლოს იმპერატორი შეიჭრა ჩეხეთში, და გაემართა კუტნას მთაზე დაბანაკებულ მომხრეებთან შესაერთებლად. ამ დროს ჩეხეთის სამხრეთ საზღვარზე, ავსტრიული და ბავარიული შენაერთები ჯერ კიდევ შესატევად ემზადებოდნენ, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე ბრანდებურგიდან, პფალციდან, კიოლნიდან, მაინციდან და ტრირიდან ლაშქრები გროვდებოდნენ.
მაისის ბოლოს სიგიზმუნდმა მიაღწია კუტნას მთას და პრაღელებს ქალაქის ციტადელისთვის, სადაც მისი მომხრე გარნიზონი იყო განთავსებული, ალყის მოხსნა მოთხოვა. პრაღელებმა დახმარება ტაბორში გამაგრებულ ჰუსიტებს სთხოვეს. 9 ათასი ტაბორიტი, იან ჟიჟკას მეთაურობით პრაღისკენ დაიძრა, მათ სიგიზმუნდის რაინდებმა შეუტიეს, მაგრამ ტაბორიტებმა შეტევა ბომბარდებით და ვაგენბურგში გამაგრებული მშვილდოსნების და მეარკებუზეების წყალობით მოიგერიეს. 20 მაისს ჟიჟკა პრაღაში შევიდა და ყველა ჰუსიტურ შენაერთზე მეთაურობა მიიღო. სიგიზმუნდი პრაღისკენ ამჯერად აღმოსავლეთიდან დაიძრა, თუმცა შეტევის მიტანა ვერ გაბედა და 25 მაისს უკან დაიხია.
ჟიჟკამ გადაწყვიტა ესარგებლა იმპერატორის უკანდახევით და აეღო პრაღის ციხე-სიმაგრე, მაგრამ სიმაგრის დამცველებმა შეძლეს შეტევის მოგერიება, ამავე დროს ქალაქს დასავლეთიდან მიადგა იმპერატორი. მან ციხის გარნიზონს სურსათი და შეიარაღება მიაწოდა და რამდენიმე ასეული ცხენი, რომელთათვის გარნიზონს არ ჰქონდა საკვების მარაგი, გაიყვანა.
ივნისის ბოლოს გერმანელი რაინდების და ქვეითების ლაშქარმა ტაბორს ალყა შემოარტყა. სამხრეთიდან, ამავე ქალაქისკენ მოემართებოდა ავსტრიის ჰერცოგის ლაშქარი. ჟიჟკამ მიიღო გადაწყვეტილება, არავითარ შემთხვევაში დაეშვა ჰუსიტების მთავარი დასაყრდენის, ტაბორის დაცემა და გააგზავნა რაზმი ქალაქისკენ. ჰუსიტები თავს დაესხნენ მოალყეებს. მათ დაეხმარა ქალაქის გარნიზონიც და შედეგად იმპერატორის ლაშქარი დამარცხდა. ამის შემდეგ სიგიზმუნდმა ავსტრიელებს პრაღის მიმართულებით წასვლა და ვიტკოვის მთის დაკავება უბრძანა. თუ იმპერატორის არმია შეძლებდა ამ მთის დაკავებას, მაშინ ქალაქი სრულ ბლოკადაში მოექცეოდა. 1420 წლის 14 ივლისს ვიტკოვის მთაზე ჰუსიტებს და კათოლიკეებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა შედგა. ჯვაროსნებმა იერიში მთაზე მიიტანეს დამისი აღება სცადეს, მაგრამ ვერ მოახერხეს. ჟიჟკამ წარმატებით მოგერიებული შეტევის შემდეგ, კონტრდარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეს და მას ვიტკოვის მთის დატოვება აიძულა. ამ დროს სიგიზმუნდის ლაშქარს ფლანგიდან პრაღელმა მოხალისეებმა შეუტიეს. ჯვაროსნებმა უკან დაიხიეს. მართალია ეს მარცხი არ იყო გამანადგურებელი და ჯარის დიდი ნაწილის გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ კათოლიკეების ბანაკში, ამ მარცხის შემდეგ ურთიერთდაპირისპირება დაიწყო, ამიტომ სიგიზმუნდი იძულებული გახდა 30 ივლისს ალყა მოეხსნა, ხოლო ნოემბერში მისმა ჯარმა ვიშეგრადთან კიდევ ერთი მარცხი განიცადა, რის შემდეგაც მთელი ჩეხეთი და მორავია ჰუსიტების ხელში აღმოჩნდა.

მეორე ანტიჰუსიტური ჯვაროსნული ლაშქრობა რედაქტირება

1421 წლის მეორე ნახევარში უტრაკვისტებსა და ტაბორიტებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. ერთიანი ჰუსიტური არმია ფაქტობრივად დაიშალა. სიგიზმუნდმა გადაწყვიტა ესარგებლა მოწინააღმდეგე ბანაკში არსებული უთანხმოებით და მეორე ანტი-ჰუსიტური ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყო. 1421 წლის სექტემბერში ალყა შემოარტყა საქსონიის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ჟატეცს. იან ჟიჟკამ შეძლო ალყა გარღვევა და ქალაქში საკვებისა და შეიარაღების შეტანა, მაგრამ პოლონელი და უნგრელი რაინდების კონტრშეტევის შემდეგ, იძულებული გახდა პრაღისკენ დაეხია.
ჟიჟკამ თავდაცვითი პოზიციები ვლადარის მთაზე, ქალაქ ჟლუტეცთან ახლოს დაიკავა. ტაბორიტემა ააგეს ვაგენბურგი, რომლეშიც ბომბარდირები დააყენეს. სამი დღის განმავლობაში უტევდნენ ჯვაროსნები მოწინააღმდეგეს, მაგრამ მათი ყველა შეტევა წარუმატებლად დასრულდა. ამის შემდეგ ჰუსიტები ჟლუტეცის მიმართულებით გაიჭრნენ. მარცხის შემდეგ ჯვაროსნები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ჩეხეთი. მათ მომარაგების პრობლემაც შეექმნათ.
წლის ბოლოს ჯვაროსნები ჩეხეთში ისევ შეიჭრნენ და კუტნას მთამდე მივიდნენ სადაც მათ ტაბორიტების ლაშქარი დახვდათ. ამ დროისთვის ჟიჟკა უკვე სრულად დაბრმავებული იყო. მან ერთ-ერთ ბრძოლაში დაკარგა მეორე თვალი, თუმცა ეს არ უშლიდა მას ემეთაურა ჯარისთვის. სიგიზმუნდმა შეძლო კუტნას მთის აღება, მაგრამ 1422 წლის 8 იანვარს გაბრთან ჰუსიტებთან ბრძოლაში უმძიმესი მარცხი განიცადა. ტაბორიტებმა გადაწყვიტეს მტრის გადედევნებოდნენ, რამაც შედეგი გამოიღო მდინარე საზავაზე გადასვლის დროს: რამდენიმე რაინდს ყინული ჩაუტყდა და დაიხრჩო. მათი აღჭურვილობა ჟიჟკას მეომრებს დარჩათ. დევნა ქალაქ გერმანულ ბროდიმდე გაგრძელდა, ორ დღეში ჰუსიტებმა ქალაქი აიღეს.
1423 წელს ტაბორიტების დიდი ლაშქარიუნგრეთსა და მორავიაში შეიჭრა. ოქტომბრის შუა რიცხვებში ისინი მდინარე დუნაიმდე (კომარნოს და ესტერგომს შორის) მივიდნენ. აქ უნგრელების მრავალრიცხოვანი არმია დახვდათ და ჟიჟკამ გადაწყვიტა უბრძოლველად დაეტოვებინა უნგრეთი და ჩეხეთში დაბრუნებულიყო. უკან დახევის დროს უნგრელები ჩეხებს ბომბარდირებს უშენდნენ. ჰუსიტებმა დანაკარგი განიცადეს, თუმცა ჯარის დიდმა ნაწილმა მოახერხა უკანდახევა. უნგრეთის და მორავიის კამპანიის წარუმატებლობამ გაამწვავა დაპირისპირება უტრაკვისტებს და ტაბორიტებსს შორის, რამაც საბოლოოდ სამოქალაქო ომი გამოიწვია.

სამოქალაქო ომი რედაქტირება

1424 წლის 7 ივნისს ქალაქ მატეშოვთან უტრაკვისტებს და ტაბორიტებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა შედგა. ტაბორისტებმა გაიმარჯვეს, რაშიც გადამწყვეტი როლი შეასრულა მათმა კავალერიის მოულოდნელმა შეტევამ და მისაბმელებმა, რომლებსაც მთიდან აგორებდნენ ტაბორიტები და ამით შეჰქონდათ არეულობა მტრის ბანაკში. ამ გამარჯვების შემდეგ ჰუსიტური ძალები კვლავ ერთი პიროვნების კონტროლის ქვეშ მოექცნენ, მაგრამ თავად ეს პიროვნება, იან ჟიჟკა იმავე წლის 11 ოქტომბერს შავმა ჭირმა იმსხვერპლა. ჰუსიტების ახალ მეთაურად პროკოპ დიდი, იგივე პროკოპ ტიტველი აირჩიეს. შავმა ჭირმა მნიშვნელოვნად დაასუსტა ჰუსიტები და ისინი იძულებული გახდნენ მოსაზღვრე სახელმწიფოებზე ლაშქრობები დროებით შეეწყვიტათ.

მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა რედაქტირება

1425 წელს მესამე ანტიჰუსიტური ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო, ამ ლაშქრობაში მთავარ როლს ავსტრიის ერცჰერცოგი, ალბრეხტი ასრულებდა. მორავიაში შეჭრილი ჯვაროსნები დამარცხდნენ და იძულებული გახდნენ უკან ავსტრიაში დაბრუნებულიყვნენ. შემდეგ წელს ჩეხურმა არმიამ პროკოპ დიდის ხელმძღვანელობით, ალყა შემოარტყა ქალაქ უსტი-ნად-ლაბემს, რომელიც საქსონელებს ჰქონდათ დაპყრობილი. ჰუსიტების არმია შედგებოდა დაახლოებით 25 ათასი მეომრისგან, ძირითადად ტაბორიტები და პრაღელი მოხალისეები ქალაქში მყოფი გარნიზონის გადასარჩენად და ჩეხების უკუსაგდებად საქსონიის, მეისენისა და თიურინგიის სამთავროებიდან 15-20 ათასიანი არმია დაიძრა. გერმანელებმა შეუტიეს ვაგენბურგს, რომელიც ხუთასი მისაბმელისგან შედგებოდა და ერთ ადგილას მისი გარღვევაც კი შეძლეს, მაგრამ ჰუსიტების კავალერიამ განახორციელა წარმატებული კონტრშეტევა და უკუაგდო მოწინააღმდეგე. გერმანელებმა უკან დაიხიეს და დატოვეს დაახლოებით ოთხი ათასი დაღუპული.

1426 წლისა და 1427 წლის ლაშქრობები (მეოთხე ანტიჰუსიტური ჯვაროსნული ლაშქრობა) რედაქტირება

მეოთხე ანტიჰუსიტური ჯვაროსნული ლაშქრობას სათავეში ჩაუდგა ბრანდებურგის კურფიურსტი ფრიდრიხი. პროკოპ დიდი და მეორე მეთაური პროკოპ მცირე თავის მხრივ შეიჭრნენ ავსტრიაში და 1427 წლის 4 აგვისტოს ტახოვის ბრძოლაში ავსტრიის ერცჰერცოგის მეთაურობით გერმანელები დაამარცხეს. 1428-1430 წლებში ჩეხები არაერთხელ შეიჭრნენ სილეზიაში საქსონიაში და სხვა გერმანულ სახელმწიფოებში მათ ერთხელ ვენასაც კი შემოარტყეს ალყა თუმცა წარუმატებლად.

მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა რედაქტირება

1431 წელს საიმპერიო სეიმმა მიიღო გდაწყვეტლება მოეწყოთ მეხუთე ანტიჰუსიტური ჯვაროსნული ლაშქრობა ჰუსიტების წინააღმდეგ. გერმანიის თავადობამ გამოიყვანა 8200 ცხენოსანი რაინდი და დიდი რაოდენობით ქვეითები, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ 150 ბომბარდირით. აგვისტოში ჯვაროსნების არმიას ფრიდრიხ ბრანდებურგელის მეთაურობით, მოულოდნელად თავს დაესხა ჰუსიტები და დამარცხდნენ (დომაჟლიცეს ბანაკში), ჯვაროსნები გაიქცნენ და დატოვეს დიდი რაოდენობით აღჭურვილობა და არტილერია. ამის შემდეგ ტახოვთან, ჩეხებმა უკვე მეორედ დაამარცხეს საქსონელი და ბავარიელი ფეოდალების არმია, რის შემდეგაც მეხუთე ანტისჰუსიტური ჯვაროსნული ლაშქრობა დასრულდა.

ტაბორიტების განადგურება რედაქტირება

რადგან უტრაკვისტებთან დაპირისპირება გრძელდებოდ, ხუთ ანტიჰუსიტურ ჯვაროსნულ ლაშქრობაში გამარჯვების მიუხედავად, ჩეხეთში ტაბორიტების პოზიციები მაინც არამყარი იყო. სიტუაცია განსაკუთრებით გართულდა, როცა უტრაკვისტებმა მიაღწიეს შეთანხმებას კათოლიკებთან. ტაბორიტებს ახლა უკვე ორ ფრონტზე უწევდათ ბრძოლა. 1434 წლის 30 მაისს ლიპანთან გამართულ ბრძოლაში, უტრაკვისტებმა კათოლიკების აქტიური მხარდაჭერით გამანადგურებელი მარცხი მიაყენეს, ჯვაროსნებთან 14 წლიანი ომით დასუსტებულ ტაბორიტებს. ამ მარცხის შემდეგ ტაბორიტებმა დაკარგეს ჰუსიტური მოძრაობის ლიდერობა და საბოლოოდ განადგურდნენ.

სამშვიდობო ხელშეკრულება რედაქტირება

1436 წელს ჩეხეთის მეფე კათოლიკე სიგიზმუნდ I ლუქსემბურგი (საღვთო რომის იმპერატორი) გახდა, რამაც საბოლოოდ დაასრულა ჰუსიტური ომები.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Count Lützow, Bohemia; an Historical Sketch (London, 1896)
  • František Palacký, Geschichte von Böhmen
  • Bachmann, Geschichte Böhmens
  • L. Krummel, Geschichte der böhmischen Reformation (Gotha, 1866)
  • L. Krummel, Utraquisten und Taboriten (Gotha, 187 i)
  • Ernest Denis, Huss et la guerre des Hussites (Paris, 1878)
  • H. Toman, Husitské válečnictví (Prague, 1898).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება