ჰაიდარ ალის ძე აბაშიძე (დ. 15 აგვისტო, 1893, ბათუმი — გ. 29 დეკემბერი, 1965, თბილისი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

ჰაიდარ აბაშიძე
დაბადების თარიღი 15 აგვისტო, 1893(1893-08-15)
დაბადების ადგილი ბათუმი
გარდაცვალების თარიღი 29 დეკემბერი, 1965(1965-12-29) (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი

ბიოგრაფია რედაქტირება

სწავლა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. 1905–1908 წლებში სწავლობდა ოსმალეთში. შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და 1912 წელს დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი. 1913 წლიდან მასწავლებლობდა. აქვეყნებდა წერილებს ქართულ პრესაში სამხრეთ საქართველოსა და აჭარის მდგომარეობის შესახებ. ოსმალთა მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებში აღვივებდა ეროვნულ თვითშეგნებას, ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. პირველი მსოფლიო ომის დროს ხალხს განუმარტავდა ომის ნამდვილ მიზნებს. მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. 1916 წელს აჭარიდან გადაასახლეს. 1918–1920 წლებში იყო „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ აქტიური წევრი. მოითხოვდა მემამულური მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას და გლეხებისათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას. მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. 1919–1921 წლებში იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. იყო სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის წევრი.

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. 1921-1932 წლებში მუშაობდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველობაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამსახურს თავი დაანება და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. 1961 წელს დააჯილდოვეს აჭარის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის.

გარდაიცვალა 1965 წლის 29 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — მარგალიტა ყაფლანის ასული წერეთელი (დ. 15 მაისი, 1900, სოფელი პერევისა, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 2 სექტემბერი, 1979, თბილისი). თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • სურგულაძე აბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 25.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, "მამულიშვილთა სავანე", გვ. 23, თბ., 1994