ჯორჯ ნათანიელ კერზონი

ჯორჯ ნათანიელ კერზონი (დ. 1859, კედლსტონი — გ. 1925, ლონდონი) — ინგლისელი ლორდი, კონსერვატორი პოლიტიკოსი და დიპლომატი. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინდოეთის მეფისნაცვალი, კედლსტონის გრაფი.

ჯორჯ ნათანიელ კერზონი
დაბადების თარიღი 11 იანვარი, 1859
კედლსტონი, დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
გარდაცვალების თარიღი 20 მარტი, 1925(1925-03-20)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა
ეროვნება ინგლისი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ალმა-მატერი ოქსფორდის უნივერსიტეტი
აქტიური 1888-1925

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ინგლისელი არისტოკრატის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო ვიქსენ-ფორდის სკოლაში. დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბალიოლის კოლეჯი. 1886 წელს გახდა პარლამენტის წევრი. 1888-1889 წლებში იმოგზაურა რუსეთის იმპერიაში, მათ შორის საქართველოში, შემდგომ კი — სპარსეთში,ინდოჩინეთში, ბირმაში, კორეაში, ავღანეთსა და პამირში. მოგზაურობის შემდეგ გამოსცა წიგნი ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის შესახებ, რითაც გეოგრაფიის სამეფო საზოგადოების ჯილდო დაიმსახურა. 1891 წლიდან იკავებდა მაღალ თანამდებობებს ინდოეთისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში. 1899-1905 წლებში იყო ინდოეთის მეფისნაცვალი. იყო რუსეთის იმპერიის სამხრეთით სვლის შეჩერების პოლიტიკის ერთ-ერთი შემოქმედი. 1916 წელს გახდა ლორდთა პალატის ლიდერი. იყო ანტისუფ-რაჟისტული ლიგის მეთაური, ეწინააღმდეგებოდა ქალებისათვის საარჩევნო ხმის მიცემის უფლებას.

1919 წლის იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, ხოლო ამავე წლის ოქტომბერში — მინისტრი. ლორდი კერზონი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში და ზოგადად, მთელ დასავლეთში, აღმოსავლეთის ყველაზე კომპეტენტური პოლიტიკოსი იყო. პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე, კერზონი კეთილგანწყობილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ, მოითხოვდა ბრიტანელების მიერ ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და კავკასიის ბუნებრივი ზღუდეების დროებით დაცვას, სპარსეთისა და ინდოეთის გზებზე რუსეთის შესაძლო გასვლის საფრთხის თავიდან ასაცილებლად. კერზონი ეწინააღმდეგებოდა კავკასიაში თეთრი თუ წითელი რუსეთის შესაძლო დაბრუნების საფრთხეს, ამ პოლიტიკის გატარებისას, ბრიტანეთის მთავრობაში უპირისპირდებოდა სამხედრო მინისტრს, ბრიტანეთის მთავრობაში პროდენიკინური ფლანგის მთავარ ფიგურას უისტონ ჩერჩილს და გენერალური შტაბის უფროსს ჰენრი უილსონს. საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი პოლიტიკის რეალიზებისათვის ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უმაღლეს კომისრად კავკასიის კარგი მცოდნე და ქართველთა მეგობარი ოლივერ უორდროპი დანიშნა. 1919 წლის ბოლოს კერზონი ლონდონში ირაკლი წერეთელს შეხვდა, რომელთანაც საუბრისას არ დაუმალავს თავისი სიმპათიები საქართველოსადმი. 1920 წლის იანვარში ლორდმა კერზონმა თბილისში მყოფ ოლივერ უორდროპს გამოუგზავნა დეპეშა მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო აღიარების შესახებ. ამ აღიარების მთავარი ინიციატორი სწორედ თავად იყო.

კერზონის კავკასიური პოლიტიკა გულისხმობდა ბრიტანული ჯარების მიერ, სანამ კავკასიის რესპუბლიკები შეძლებდნენ, გაძლიერებას და ჩრდილოეთის საფრთხეებთან გამკლავებას, რაც თავისთავად დაიცავდა ბრიტანეთის ინტერესებს სპარსეთში, ინდოეთსა და ავღანეთში. საბოლოოდ კერზონის პოლიტიკა კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ბრიტანეთის მთავრობაში პრემიერ მინისტრ ლოიდ ჯორჯის ინერტულობისა და ჩერჩილი-უილსონის სამხედრო ფრთის დომინირების გამო დამარცხდა. ბოლშევიკების მიერ ბაქოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს დე იურე აღიარებისა და ერთა ლიგა გაწევრიანების იდეაც უარყო და სკეპტიკურად განეწყო კავკასიის საკითხისადმი. კერზონის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად პოლონეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის, 1919 წლის ომის შედეგად საზღვრის გავლება ითვლება. ის მონაწილეობდა მოლაპარაკებებში პალესტინისა და ტრანსიორდანიის მანდატის რეალიზებისა და მესოპოტამიის ოკუპაციის პროცესთან დაკავშირებით. 1921 წელს მიენიჭა კედლსტონის გრაფის ტიტული. 1924 წლამდე ინარჩუნებდა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს. 1924-1925 წლებში იყო ლორდთა პალატის ლიდერი.

1925 წელს ავადმყოფობისა და წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 222-223.