ჯესი ვუდსონ ჯეიმზი (ინგლ. Jesse Woodson James; დ. 5 სექტემბერი, 1847 — გ. 3 აპრილი, 1882) — ამერიკელი კრიმინალი, მძარცველი, მკვლელი. მოღვაწეობდა მისურის შტატში. ჯესი ჯეიმზი სიცოცხლეშივე ცნობილი ადამიანი იყო, გარდაცვალების შემდეგ კი ველური დასავლეთის ლეგენდარულ ფიგურად იქცა.[1]ჯესი და თავისი ძმა, — ფრენკ ჯეიმზი, — ამერიკის სამოქალაქო ომის დროს (1861-1865) კონფედერატთა პარტიზანულ რაზმში ირიცხებდონენ. ძმები ფედერალური მთავრობის ჯარისკაცების წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობაში იყვნენ შემჩნეულნი. ომის დასრულების შემდეგ ყაჩაღთა სხვადასხვა ბანდების რიგებში დაიწყეს ბანკების, დილიჟანსების, მატარებლების ძარცვა. მიუხედავად გავრცელებული პოპულარული თვალსაზრისისა, რომლის მიხედვითაც ჯესი ჯეიმზი რობინ ჰუდს იყო შედარებული და „მდიდრებს ართმევდა და ღარიბებს აძლევდა“, არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ის და მისი ბანდა ნაძარცვს სხვას უნაწილებდა.[2]

ჯესი ჯეიმზი

ძმები ჯეიმზების ბანდა განსაკუთრებით აქტიური იყო დაახლოებით 1866 წლიდან 1876 წლამდე. 1876 წელს ბანდის მიერ ბანკის ძარცვის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რამდენიმე წევრი კი ლიკვიდირებულ ან დაპატიმრებულ იქნა. კრიმინალურ საქმიანობას ისინი მომდევნო რამდენიმე წელსაც აგრძელებდნენ, თუმცა გაძლიერებული სამთავრობო კონტროლის გამო ნაკლებად აქტიურები იყვნენ. 1882 წლის 3 აპრილს ჯესი ჯეიმზი თავისივე ბანდის წევრმა, — რობერტ ფორდმა, — მოკლა. ამ მკვლელობით მას სახელმწიფო ჯილდოს მიღების იმედი ჰქონდა.

ბიოგრაფია რედაქტირება

ოჯახი და ადრეული წლები რედაქტირება

 
ჯესი ჯეიმზის ფერმა

ჯესი ვუდსონ ჯეიმზი 1847 წლის 5 სექტემბერს, მისურის შტატში, ახლანდელი ქალაქ კირნის მახლობლად დაიბადა. მშობლები იყვნენ ბაპტისტი ფერმერი რობერტ ჯეიმზი და ზერელდა კოულ ჯეიმზი, რომლებიც თავდაპირველად კენტუკის შტატში ცხოვრობდნენ, 1842 წელს კი მისურიში გადავიდნენ. ჯესის ორი დედმამიშვილი ჰყავდა: უფროსი ძმა ფრენკი და უმცროსი და სუზანი.

ჯესი 16 წლის იყო, როდესაც ის და მისი ძმა კონფედერატთა პარტიზანული რაზმის წევრები გახდნენ.

კრიმინალური საქმიანობა რედაქტირება

 
ჯესი და ფრენკ ჯეიმზები

ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, ძმები ჯეიმზები ფედერალური არმიის ჯარისკაცების წამებაში მონაწილეობდნენ. ზოგიერთი მკვლევარის აზრით კი ძმების კრიმინალურ მომავალზე მათი ოჯახისადმი მთავრობის სასტიკმა მოპყრობამ იქონია გავლენა. ცნობილია, რომ 1863 წელს მათ ფერმაში ჩრდილოეთის ჯარები შეიჭრნენ და ოჯახის წევრები აწამეს.[3] ომის დასრულების შემდეგ ძმები მთავრობას განუდგნენ და დაიწყეს იმ მატარებლების, დილიჟანსებისა და ბანკების ძარცვა, რომლებსაც ჩრდილოური ინსტიტუტები ფლობდნენ.

1860 წლიდან 1882 წლამდე მოქმედი ჯეიმზის ბანდა შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე საშიშ კრიმინალურ დაჯგუფებად ითვლება. მათ ანგარიშზეა 20-ზე მეტი მატარებლის თუ ბანკის ძარცვა და უამრავი ადამიანის მკვლელობა. სახელმწიფოს მათ დაახლოებით $200,000 ზარალი მიაყენეს. ბანდის წევრების თავებისათვის დაწესებული იყო დიდი ჯილდო.

პირადი ცხოვრება და სიკვდილი რედაქტირება

1874 წელს ჯესი ჯეიმზი დაქორწინდა თავის დიდი ხნის შეყვარებულზე და ბიძაშვილზე – ზერელდაზე, რომლისგანაც 2 შვილი შეეძინა. როგორც ცნობილია, ძმები ჯეიმზები მეოჯახეები იყვნენ. ისინი დიდ დროს უთმობდნენ ოჯახს, თუმცა კვლავ აგრძელებდნენ კრიმინალურ საქმიანობას.

მიუხედავად იმისა, რომ 1870-იანი წლების ბოლოსათვის ბანდის წევრების უმეტესობა მოკლული ან დაპატიმრებული იყო, ჯეიმზები კვლავ აგრძელებდნენ საქმიანობას. მათ ჩარლი და რობერტ ფორდები ეხმარებოდნენ. ამ დროისათვის ჯეიმზების თავების სანაცვლოდ მისურის შტატს დიდი ჯილდო ჰქონდა დაწესებული. მის მისაღებად ძმებმა ფორდებმა ჯეიმზების ღალატი გადაწყვიტეს.

1882 წლის 3 აპრილს, საუზმის შემდეგ, ჯესი ჯეიმზმა კედელზე სურათის გასწორება მოინდომა. სწორედ ამ დროს რობერტ ფორდმა მას კეფაში ესროლა. ჯესი ადგილზევე გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Stiles, T.J. (2002). Jesse James: Last Rebel of the Civil War. Knopf Publishing. ISBN 0-375-40583-6. 
  2. Hayworth, Wil (2007-09-17). „A story of myth, fame, Jesse James“. Seattle Times.
  3. Settle, William A. (1977). Jesse James Was His Name, or, Fact and Fiction Concerning the Careers of the Notorious James Brothers of Missouri. University of Nebraska Press, გვ. 7, 12, 16, 26. ISBN 0-8032-5860-7.