ჯამილა (ყირგ. Жамийла) — ყირგიზი მწერლის ჩინგიზ აითმათოვის რომანი, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. გამოქვეყნდა 1958 წელს.

სიუჟეტი რედაქტირება

მხატვარი სეიტი თავისი ნამუშევრების თვალიერების დროს გადააწყდა ტილოს, რომელიც სტეპში მიმავალ ქალსა და მამაკაცს გამოსახავდა. ეს ნამუშევარი არასოდეს არავის ეხილა, მის გარდა. სეიტი მოგონებებმა ბავშვობაში გადასტყორცნა.

მეორე მსოფლიო ომმა დააცარიელა ყირგიზული აილი კურკურაუ — ახალგაზრდა მამაკაცები ომში გაიწვიეს, მათ შორის სეიტის ოჯახის ოთხივე უფროსი ვაჟიც და შინ მხოლოდ მისი ხნიერი მშობლები, უმცროსი და, ნათესავის ქვრივი (რომელზეც, ადათის თანახმად, სეიტის მამა იყო დაქორწინებული) და მისი ახალგაზრდა რძალი — ჯამილა დარჩნენ. ომის მესამე წელს ვაჟებიდან მხოლოდ ერთი — ჯამილას მეუღლე სადიყი იწერებოდა წერილებს იშვიათად, დანარჩენების შესახებ კი ოჯახს არაფერი სმენოდა.

ჯამილა მშვენიერი ახალგაზრდა გოგონა იყო, საქმეში გამრჯე და დაუზარელი, რის გამოც მეუღლის მშობლებს ძლიერ შეუყვარდათ. ასაკში მცირე სხვაობის გამო, 15 წლის სეიტიც ადვილად მიეჩვია და დაუმეგობრდა რძალს. მისთვის ის უფროსი ძმის ცოლი, „ჯენე“ იყო, ჯამილა კი მას „კიჩინე ბალას“- „პატარა ბიჭუნას“ უწოდებდა. ჯამილა მთიელი მეჯოგის ერთადერთი ასული იყო და სხვებს არ ჰგავდა — თამამი ხასიათით და გაბედული, ზოგჯერ უხეში ქცევითაც გამოირჩეოდა, უყვარდა სიმღერა, რასაც მისი დედამთილი ქალისათვის შეუფერებელ სითამამედ მიიჩნევდა, მაგრამ, რძალს მაინც არ საყვედურობდა, რაკი გრძნობდა მის სიალალეს. ჯამილას ენატრებოდა სადიყი, რომელთანაც მხოლოდ ოთხი თვე იცხოვრა და გული სწყდებოდა, რომ ქმარი მხოლოდ გაკვრით იხსენიებდა წერილების ბოლოს. უქმროდ დარჩენილს არაერთხელ უხდებოდა აბეზარი მამაკაცების მოგერიებაც. სეიტი, რომელიც ნაადრევად დააკაცა ორი ოჯახის მარჩენალი ვაჟკაცის როლმა, ცდილობდა მის დაცვას და დახმარებას.

ზაფხულში, მუშახელის ნაკლებობის გამო, ბრიგადირმა ჯამილასა და საიტს ხორბლის სადგურამდე გადაზიდვა დაავალა, დამხმარედ კი ფრონტიდან ახლადდაბრუნებული, ცალი ფეხით ხეიბარი და უთვისტომო ჯარისკაცი — დანიარი მიუჩინა.

თავდაპირველად ჯამილა დაცინვით ეპყრობოდა ჩუმ და გულჩათხრობილ დანიარს და ამ საქმეში სეიტიც აიყოლია. თუმცა, დანიარი უხმოდ იტანდა ყველაფერს და თავდაუზოგავად მუშაობდა. მხოლოდ ერთხელ ამოიღო ხმა — როცა ჯამილას დამცინავი წაქეზების შემდეგ სიმღერა წამოიწყო. ამ დღის შემდეგ ჯამილას დაცინვის სურვილი გაუქრა, შეიცვალა, უფრო ფიქრიანი გახდა. სეიტს ვერაფრით აეხსნა მისი ხასიათის ამგვარი ცვლილება, სანამ ერთხელ მოწმე არ გახდა, რომ ჯამილასა და დანიარს ერთმანეთი შეყვარებოდათ. გაიარა ზაფხულმა. შემოდგომაზე ოჯახმა სადიყის წერილი მიიღო, სადაც ის მალე ჩამოსვლის შესახებ იტყობინებოდა, თუმცა, ჯამილა ქმარს არ დახვედრია — მის დაბრუნებამდე გაიპარა დანიართან ერთად. სეიტი დიდხანს გასცქეროდა მათ სილუეტებს, რომლებიც ნელ-ნელა უჩინარდებოდნენ სტეპში, შემდეგ კი აუტანელი სევდა და სიცარიელე იგრძნო და მიხვდა, რომ ჯამილამ თან წაიღო მისი სიყვარულიც და ბავშვობაც. უპასუხო გრძნობამ ბიჭს სურვილი გაუჩინა, როგორმე მოეძებნა გზა მის გამოსახატად… და ასე დაიწყო ხატვაც, ახალი ცხოვრებისაკენ მიმავალი ჯამილასა და დანიარის გამომსახველი სურათი კი მის შემოქმედებაში ყველაზე სანუკვარ და მნიშვნელოვან ნამუშევრად იქცა[1].

კრიტიკა რედაქტირება

მწერლის ვაჟიშვილის, ელდარ აითმათოვის გადმოცემით, ყირგიზეთში თავდაპირველად მკვეთრად უარყოფითად შეხვნენ „ჯამილას“ — მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 13 წლის თავზე, ხალხმა ძლიერ მტკივნეულად აღიქვა „აკრძალული სიყვარულის“ ისტორია, სადაც მეომარს ცოლმა სხვასთან უღალატა. კონსერვატულად განწყობილი ყირგიზული საზოგადოებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა მწერლის აშკარა სიმპათია ისეთი ქალის მიმართ, ვინც გადაუდგა ადათს, ოჯახსა და ქმარს და ამ ყველაფერს გრძნობები ამჯობინა. აითმათოვს აშკარად კიცხავდნენ „ჯამილას“ გამო, თუმცა, ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ნაწარმოები რუსულად ითარგმნა[2]. რუსულ ვარიანტს გაეცნო იმხანად სსრკ-ში მცხოვრები ლუი არაგონი, რომელმაც უმაღლესი შეფასება მისცა რომანს და მას „ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო სასიყვარულო ისტორია“ უწოდა. მანვე თარგმნა ნაწარმოები ფრანგულად და ამით, დიდი წვლილი შეიტანა მის მსოფლიო აღიარებაში[3]. ლიტერატურათმცოდნეები დღემდე მაღალ შეფასებას აძლევენ ნაწარმოების მაღალმხატვრულ დონეს[4] და მთავარი პერსონაჟის სახეს — ქალს, რომელმაც დაიცვა სიყვარულის უფლება, თავისი მდგომარეობისაგან დამოუკიდებლად[5]

აღიარება რედაქტირება

„ჯამილა“ შევიდა აითმათოვის კრებულში „მთებისა და სტეპების მოთხრობები“, რომლისათვისაც მწერალს 1962 წელს ლენინური პრემია მიენიჭა[6]. გარდა ფრანგულისა, იგი ითარგმნა არაერთ სხვა ენაზეც, მათ შორის, ქართულადაც (კრებული „თეთრი ხომალდი“[7]). გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში „ჯამილა“ სასკოლო პროგრამაშიც კი იყო შეტანილი[8]. 2009 წელს ყირგიზეთში გამოიცა აითმათოვის და მისი ნაწარმოებების სამახსოვრო მონეტები და მარკები, რომელთა შორისაც იყო „ჯამილაც“.

„ჯამილა“ არაერთხელ დაიდგა სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ სცენებზე, საფუძვლად დაედო მ. რაუხვერგერის იგივე სახელწოდების ოპერას[9] და ორჯერ იქნა ეკრანიზებული — სსრკ-სა (რეჟისორი ი. პოპლავსკაია, 1968, "მოსფილმისა' და „ყირგიზფილმის“ ერთობლივი ნამუშევარი)[10] და გერმანიაში (რეჟისორი მ. ტოიბერი, 1994, გერმანია-ყირგიზეთის ერთობლივი ნამუშევარი).

სქოლიო რედაქტირება