ხუანა არაგონელი (ესპ. Juana de Aragón; დ. 16 ივნისი, 1455, ბარსელონა, ესპანეთი ― გ. 9 იანვარი, 1517, ნეაპოლი, იტალია) ― ტრასტამარის დინასტიის წარმომადგენელი. არაგონის მეფე ხუან II-ისა და დედოფალ ხუანა ენრიკესის უმცროსი ასული. ნეაპოლის დედოფალი 1476-1494 წლებში, როგორც მეფე ფერდინანდ I-ის მეორე მეუღლე.

ხუანა არაგონელი
ნეაპოლის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 14 სექტემბერი, 1476
მმართ. დასასრული: 25 იანვარი, 1494
წინამორბედი: იზაბელა კლერმონელი
მემკვიდრე: ჯოვანა ნეაპოლელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 ივნისი, 1455
დაბ. ადგილი: ბარსელონა, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 9 იანვარი, 1517, (61 წლის)
გარდ. ადგილი: ნეაპოლი, იტალია
მეუღლე: ფერდინანდ I, ნეაპოლის მეფე
(ქ. 1476 - გარდ. 1494)
შვილები: ჯოვანა, ნეაპოლის დედოფალი
დინასტია: ტრასტამარები
მამა: ხუან II, არაგონის მეფე
დედა: ხუანა ენრიკესი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული წლები და დედოფლობა რედაქტირება

ხუანა დაიბადა 1455 წლის 16 ივნისს ბარსელონაში. იგი იყო არაგონის მეფე ხუან II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ხუანა ენრიკესის ნაბოლარა ქალიშვილი. მას ერთადერთი ღვიძლი ძმა ჰყავდა, მეფე ფერდინანდ II არაგონელის სახით, თუმცა მამის პირველი ქორწინებიდან ასევე ჰყავდა ნახევარ-დედმამიშვილები.

მას შემდეგ, რაც 1469 წელს მამამისმა თავისი ძე, ფერდინანდი კასტილიის დედოფალ ისაბელ I-ზე დააქორწინა და ასე აღადგინა ალიანსი კასტილიელ ტრასტამარებთან, გადაწყვიტა, რომ ხუანას ქორწინებით ნეაპოლელ ტრასტამარებს დაახლოვებოდა. ამ მიზნით მან 1476 წლის 14 სექტემბერს ნავარაში ხუანა ცოლად შერთო ნეაპოლის დაქვრივებულ მეფე ფერდინანდ I-ს, რომელიც მას ბიძაშვილად ერგებოდა. ქორწინების შემდეგ იგი ნეაპოლის დედოფალი გახდა და ქმრისაგან საქორწინო საჩუქრის სახით მიიღო ისეთი საჰერცოგოები და ქალაქები, როგორებიცაა: სარენტო, თეანო, ისერნია, სულმონა, ფრანკავილა და ნოჩერა. ამასთან ერთად, ფერდინანდმა მას წლიური პენსიის სახით 20,000 დუკატიც დაუნიშნა. მოგვიანებით, 1477 წლის 14 სექტემბერს ნეაპოლში შედგა მათი ჯვრისწერა. აღსანიშნავია, რომ მათ ჯვარი კარდინალმა როდრიგო ბორჯიამ დასწერა, რომელიც შემდეგში რომის პაპი გახდა ალექსანდრე VI-ის სახელით.

დედოფალი ხუანა პოლიტიკაში არასოდეს ერეოდა. ნეაპოლში ჩასვლიდან მალევე, 1479 და 1480 წლებში მან ორი ბავშვი გააჩინა და დაიწყო თავისი, როგორც დედოფლის მოვალეობების შესრულება. 1485 წლის აგვისტოში იგი თავის ქალიშვილ ჯოვანასთან ერთად იტალიის გარშემო სამოგზაურო ტურში წავიდა და უკან ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა. ამ ტურის დროს მან ძირითადად იტალიური ეკლესია-მონასტრები და წმინდა ადგილები მოინახულა.

ქვრივობა და გარდაცვალება რედაქტირება

1494 წლის 25 იანვარს მეფე ფერდინანდ I 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის გამო ხუანა ქვრივი დედოფალი გახდა და ტახტი მისმა გერმა, ალფონსო II-მ დაიკავა. ცნობილია, რომ ამის ხუანა ცნობილი იყო, როგორც მოწყენილი დედოფალი. აღსანიშნავია, რომ იგი არ დასწრებია ალფონსოს მეფედ კურთხევას.

ალფონსოს გამეფებასთან ერთად ბევრი რამე შეიცვალა არა მხოლოდ ნეაპოლში, არამედ სრულიად ევროპაში. მალევე ნეაპოლის მეფობაზე პრეტენზია გამოთქვა საფრანგეთის მეფე შარლ VIII-მ, როგორც ნეაპოლის პრინცესა მარიას შვილიშვილმა, რის შემდეგაც იგი ნეაპოლში შეიჭრა დ დაიწყო იტალიური ომები. შექმნილი პირობების გამო ალფონსო ტახტიდან გადადგა თავისი ძის, ფერდინანდ II-ის სასარგებლოდ და თავად სიცილიაში გაიქცა. ვინაიდან შარლმა ნეაპოლი მალევე აიღო, სამეფო ოჯახის დარჩენილი წევრებიც, მათ შორის ხუანა და მისი ქალიშვილიც, იძულებულნი გახდნენ სიცილიაში გადასულიყვნენ. 1495 წლის 13 ოქტომბერს ისინი უკან დაბრუნდნენ და მოახერხეს ფრანგების გაძევება, სამეფო კარზე პოზიციების გასამტკიცებლად კი ხუანამ გადაწყვიტა თავისი ასული ახალი მეფისათვის შეერთო ცოლად. მან მიზანს მიაღწია და 1496 წლის 28 თებერვალს ფერდინანდ II-მ ცოლად შეირთო თავისი მამიდა, პრინცესა ჯოვანა ნეაპოლელი, ხუანას ერთადერთი ქალიშვილი. ქორწინება დიდ ხანს არ გაგრძელებულა და იმავე წლის 7 სექტემბერს ფერდინანდი მალარიით დაიღუპა და ჯოვანა 17 წლის ასაკში დაქვრივდა, თანაც ისე, რომ არც შვილი დარჩენია. ამის შემდეგ, დედის მსგავსად ჯოვანაც მოწყენილი დედოფლის სახელით გახდა ცნობილი.

ამგვარ პირობებში ნეაპოლის ტახტი ხუანას მეორე გერმა, მეფე ფედერიკომ დაიკავა, თუმცა ხუანამ თავის ძმას, არაგონის მეფე ფერდინანდ II-ს შესთავაზა, რომ ნეაპოლის ტახტი დაეკავებინა. ამის გამო ახალ მეფესა და დედოფალ ხუანას შორის თავიდანვე ცივი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მეტიც, მის გამეფებასთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად ხუანამ დატოვა ნეაპოლი და ავერსაში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ იგი არც ფედერიკოს კორონაციას არ დასწრებია.

1501 წელს ფრანგებმა ომი გააახლეს და საფრანგეთის მეფე ლუი XII-მ მოახერხა ფედერიკოს დამხობა, რის შემდეგაც თავი ნეაპოლის მეფედ გამოაცხადა. ამგვარ პირობებში ფედერიკო ცოლთან ერთად გაიქცა ქვეყნიდან, ახალმა მეფემ კი ხუანაცა და მისი ქალიშვილიც, როგორც წინა სამეფო ოჯახის წევრები, სამეფოდან გააძევა. დედოფალმა ხუანამ შვილთან ერთად თავი ესპანეთს შეაფარა, ძმის სამეფო კარზე. 1504 წელს მისი ძმა, მეფე ფერდინანდ II ახერხებს ლუის დამხობას, ფრანგების გაძევებასა და თავის ნეაპოლის მეფედ გამოცხადებას, რის შემდეგაც იგი თავის დასა და მის ასულს უკან აბრუნებთ, ნეაპოლში. დარჩენილი წლები ხუანამ იქ გაატარა და თავის ძმას ეხმარებოდა ქვეყნის მართვაში. იგი 1517 წლის 9 იანვარს ნეაპოლში გარდაიცვალა 61 წლის ასაკში, უცნობი დაავადებით. სულ ერთ წელიწადში გარდაიცვალა მისი ქალიშვილიც, იმავე დაავადებით.

შვილები რედაქტირება

ხუანას ქმრისაგან სულ ორი შვილი შეეძინა:

  1. ჯოვანა (1479-1518), ცოლად გაჰყვა თავის ძმისწულს, ნეაპოლის მეფე ფერდინანდ II-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. კარლო (1480-1486), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ტიფით;

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Doria, Piero. "Giovanna d'Aragona, regina di Napoli". L'enciclopedia italiana (in Italian). treccani.it. Retrieved March 18, 2012.
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "John II of Aragon" . Encyclopædia Britannica. 15 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Ortega Gato, Esteban (1999). "Los Enríquez, Almirantes de Castilla" [The Enríquezes, Admirals of Castille] (PDF). Publicaciones de la Institución "Tello Téllez de Meneses" (in Spanish). 70: 42. ISSN 0210-7317.
  • Ferdinand I, King of Aragon at the Encyclopædia Britannica
  • de Sousa, Antonio Caetano (1735). Historia genealogica da casa real portugueza [Genealogical History of the Royal House of Portugal] (in Portuguese). 2. Lisboa Occidental. p. 497.
  • "Mariana de Ayala Córdoba y Toledo". Ducal House of Medinaceli Foundation. Retrieved 21 August 2018.
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "John I of Castile" . Encyclopædia Britannica. 15 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Louda, Jirí; MacLagan, Michael (1999), Lines of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe (2nd ed.), London: Little, Brown and Company
  • "Juana de Mendoza". Diccionario Biográfico Español (in Spanish). Real Academia de Historia. Retrieved 17 October 2018.
  • "Diego Fernández de Córdoba". Ducal House of Medinaceli Foundation. Retrieved 21 August 2018.
  • "Inés de Ayala y Toledo". Ducal House of Medinaceli Foundation. Retrieved 21 August 2018.