ხორეშანილუარსაბ II-ის და, თეიმურაზ I-ის მეორე მეუღლე.

თეიმურაზ I-ის მეუღლე დედოფალი ხორეშანი (კასტელის ნახატი)

ბიოგრაფია რედაქტირება

არაქელ დავრიჟეცის ცნობით, ლუარსაბის დას, რომელიც თეიმურაზმა ითხოვა ფარი რქმევია. შარდენიც გვიმოწმებს, რომ სპარსული გადმოცემით, მას ფარი ერქვა[1]. ფარი — სპარს. پری, ფერია, ტურფა, შვენიერი ხორეშანის ზედსახელია, რაც მისთვის სილამაზის გამო შეურქმევიათ, — განმარტავს არაქელ დავრიჟეცისცნობების გამომცემელი კ. კუცია.

ქართული წყაროების მიხედვით, შაჰ-აბასმა თეიმურაზს წინადადება მისცა ცოლად შეერთო ლუარსაბ მეფის და ხორეშანი. „შეირთევ და ლუარსაბ მეფისა და იქმენ ქვისლ ჩემდა და მოყვარე მისი, რათა არღარა იყოს თქვენ შორის შური“, წერს ვახუშტი. იგივეს იმეორებს ბერი ეგნატაშვილიც და არჩილიც.

 
თეიმურაზ I და მისი ცოლი ხორეშანი. ესკიზი ესპანელო მოგზაური დონ კრისტოფორო დე კასტელის ჩანახატებიდან.

თეიმურაზი ძლიერ შეაწუხა ამ ამბავმა, რადგანაც ხორეშანი მისი ახლო ნათესავი იყო. ხორეშანის ბებია ნესტან-დარეჯანი თეიმურაზის პაპის ალექსანდრეს და იყო. უარი არ გავიდა და თეიმურაზი დათანხმდა. ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტის ცნობით, ყაენმა ლუარსაბს მისწერა, რათა მიეცა და თეიმურაზისათვის, მის სიტყვას ვერც ლუარსაბი გადავიდა და თეიმურაზმა ხორეშანი შეირთო. ოღონდ ეს შეუღლება მოხდა მას შემდეგ, რაც თეიმურაზმა „საკანონო“ გაიღო. „პატრიარქმა და ეპისკოპოსმა კრება და რჩევა ქნეს, საქრისტიანოს გასაძლიერებლად ნება დართეს ბატონს თეიმურაზს და ხორეშან წაიყვანა ბატონმა თეიმურაზ და შეირთო“, — მოგვითხრობს პარიზის ქრონიკა. ამასვე ადასტურებს ფარსადან გორგიჯანიძეც: „ბატონის თეიმურაზის პაპა ბატონი ალექსანდრე და ხორეშან დედოფლის ბებია ნესტან დარეჯან დედოფალი და ძმანი იყვნენ, ბატონის ლევანის შვილები არიან და ქრისტიანობაში უმხდურნი ყოფილან და მერჯულენიც ნებას არ ყოფილან და არაგვის ერისთავის შვილისათვის ნაქადები ყოფილა და კრება უქნიათ ამაზედ, რომ დაძმათ შვილიშვილები ერთმანეთს ვით შერთონ. ასრე არჩივეს და საქრისტიანოს გაერთიანებისა და გაძლიერებისათვის, მერჯულეთ ნება დართვეს“. ამრიგად, თეიმურაზისთვის ხორეშანის მითხოება დარბაზმა გადაწყვიტა. საფუძველი შაჰ-აბასის მოთხოვნის გარდა საქრისტიანოს გაძლიერება ყოფილა. მართლაც, ამ აქტით ორი სამეფოს — ქართლისა და კახეთის ძალები ერთიანდებოდა და ამდენად შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონოდა ქვეყნის თავდაცვისათვის. სხვაგვარად ფიქრობს პლატონ იოსელიანი. მისი აზრით, შაჰი ამ აქტით ქრისტიანული ეკლესიის სიმტკიცის შერყევას სცდილობდა. „ხორეშანი თეიმურაზის ნათესავი იყო და შაჰმა კარგად იცოდა, რომ მათ მართლმადიდებელი ეკლესიის წესით ეკრძალებოდათ შეუღლება. ეკლესიის მოძღვარნი, მეფე და ხალხი წინასწარ ხედავდნენ შაჰის საზარელ განზრახვას, იმას, რომ შაჰს სურდა ეკლესიის წესების დარღვევით თანდათან შეერყია ქრისტიანთა სიმტკიცე, ქართველები მაჰმადიანებთან დაეახლოვებინა“[2].

1612 წელს ხორეშანი კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს გაჰყვა ცოლად.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, ხორეშანის შერთვა შაჰ-აბასსაც ჰქონია განზრახული. არჩილ მეფე ათქმევინებს შაჰ-აბასს:

ჩემი არის თეიმურაზ ძველითგანვე სისხლის მსმელი,

პაპა მისმა ქალი მამცა, რად წამართვა, რად მყო მელი? (491)

ბესარიონ კათალიკოსი, ანტონ კათალიკოსი, იოანე ბატონიშვილი და ვახუშტი ადასტურებენ, რომ შაჰ-აბასს სურდა ხორეშანის შერთვა.მაგრამ საქმე ისაა, რომ შაჰ-აბასს უკვე ჰყავდა ცოლად ლუარსაბის ერთი და. არაქელ დავრიჟეციც გვეუბნება, რომ შაჰი ხორეშანის გულისათვის „მრავალრიცხოვანი ჯარით მოვიდა, მაგრამ არ მისცეს და თეიმურაზს მიათხოვეს“. ჟან შარდენის ცნობითაც, „შაჰ-აბასმა მოითხოვა ცოლად ლუარსაბის და დარეჯანი (იგულისხმება ხორეშანი), რომლის სილამაზე სპარსეთის ყველა პოეტის მიერ იყო შექებული და რომლის სიყვარული დიდმა მოურავმა შთააგონა დიდ შაჰს“.

ქრისტეფორე კასტელის სიტყვებითაც შაჰ-აბასის საქართველოზე შემოსევის მიზეზი სწორედ ხორეშანი იყო.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მ. გუგუშვილი, „თეიმურაზ პირველის ცხოვრების გზა“, თბ. 1979

სქოლიო რედაქტირება

  1. ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, მ. მგალობლიშვილის რედ., თბ., 1975, გვ. 304
  2. პლ. იოსელიანი, „დიდი მოურავის გიორგი სააკაძის ცხოვრება“, თბ., 1973, გვ. 24