ხმელნიცკის აჯანყება

ხმელნიცკის აჯანყებაუკრაინელი კაზაკების ამბოხი 1648-1654 წ.წ. რომელიც იქცა უკრაინელი ერის განმანთავისუფლებელ ბრძოლად რეჩპოსპოლიტის წინააღმდეგ. აჯანყებას ხელმძღვანელობდა ბოგდან ხმელნიცკი, ამბოხში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ზაპოროჟიელი კაზაკები, უკრაინელი გლეხები და ყირიმელი თათრები, რომლებიც აჯანყებულების მოკავშირეები იყვნენ.

ბერესტეჩკოს ბრძოლა

აჯანყების მიზეზები რედაქტირება

 
პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა 1648 წელს

XVI-XVII საუკუნეებში უკრაინის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი რეჩპოსპოლიტის შემადგენლობაში შედიოდა, სადაც დომინირებდა პოლონური შლიახტა და კათოლიკური ეკლესია. შესაბამისად პოლონელი მაგნატები ფლობდნენ აუარებელ სიმდიდრეს და მამულებს, რამდენიმე პოლონელი შლიახტიჩის ხელში იყო მოქცეული ასობით ქალაქი და სოფელი უკრაინაში. პოლონელი მაგნატები ამ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელი გლეხების ექსპლუატაციას ეწეოდნენ, რაც გლეხებს შორის უკმაყოფილებას იწვევდა. ამას ემატებოდა რელიგიური დისკრიმინაცია, რომელსაც ეწეოდნენ კათოლიკე ღვთისმსახურები მართლმადიდებელი მოსახლეობის მიმართ, ჩაგვრა რელიგიურ მოტივებზე განსაკუთრებით გაძლიერდა ბრესტის უნიის (1596) დადების შემდეგ.
შექმნილი მდგომარეობით ყველაზე დიდ უკმაყოფილებას უკრაინელი კაზაკები გამოთქვამდნენ, მათ 1620-ან 1630-ან წლებში არაერთი აჯანყება მოაწყვეს, თუმცა ყველა მათგანი წარუმატებლად დასრულდა და 1638-1648 წ.წ. უკრაინაში სიმშვიდემ დაისადგურა.
აჯანყების დაწყების საბაბად იქცა პოლონელი შლიახტიჩის დანილო ჩაპლინსკის მიერ უკრაინელი თავადისთვის ბოგდან ხმელნიცკისთვის უკანონოდ მამულის წართმევა, მისი გაპარტახება, შვილის მკვლელობა და ცოლის გატაცება. ხმელნიცკიმ სამართლის ძიება პოლონურ სასამართლოში დაიწყო, თუმცა ვერაფერს გახდა ვერც ცოლი დაიბრუნა და ვერც დამნაშავეებს აგებინა პასუხი, პირიქით მას გარკვეული პერიოდის ციხეში გატარებაც კი მოუწია საიდანაც თავი მხოლოდ მეგობრების დახმარებით დაიღწია. ხმელნიცკიმ შურისძიება გადაწყვიტა და აჯანყებისთვის მზადება დაიწყო.

აჯანყების დასაწყისი რედაქტირება

 
ბოგდან ხმელნიცკი ტუხაი ბეისთან ერთად, იან მატეიკო - 1885

1648 წლის იანვარში ხმელნიცკი ჩავიდა ზაპოროჟიეს სეჩში, გზადაგზა მას უერთდებოდნენ მომხრეები, რომლებისგანაც მან სერიოზული რაზმი შეადგინა, 24 იანვარს იგი ზაპოროჟიელი კაზაკების ჰეტმანად აირჩიეს. პარალელურად მთელი უკრაინიდან ზაპოროჟიეში თავს იყრიდნენ უკრაინელი გლეხები, რომლებისთვისაც ხმელნიცკიმ სპეციალური სამხედრო კურსები მოაწყო, მათი ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად. ამბოხმა სერიოზული ხასიათი მიიღო და შემდგომი მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა. მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს პოლონეთში, სამხედრო მინისტრმა ნიკოლაი პოტოცკიმ უკვე თებერვალში მოახსენა მეფე ვლადისლავს რომ უკრაინაში არ დარჩენილიყო არც ერთი სოფელი და არც ერთი ქალაქი სადაც არ დაწყებულიყო მღელვარება და არ გასმულიყო მოწოდებები პოლონელი შლიახტიჩების და არენდატორების დასახოცად და მათი ქონების ხელში ჩასაგდებად. აჯანყების ჩასახშობად, პოლონელებმა გადაწყვიტეს გაელაშქრათ უკრაინაში და გაენადგურებინათ ამბოხებულები, ლაშქარს სათავეში ნიკოლაი პოტოცკი და მისი მოადგილე მარტინ კალინოვსკი ჩაუდგნენ. თავის მხრივ ხმელნიცკიმაც შეძლო გადაეწყვიტა მისთვის უმნიშნელოვანესი პრობლემა, კერძოდ მას არ ჰყავდა ცხენოსანი ლაშქარი ამიტომ მან დახმარებისთვის ყირიმის ხანს მიმართა, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ისლამ III გირეიმ უკრაინელებს რამდენიმე ათასი ცხენოსანი გაუგზავნა.

აჯანყების პირველი ეტაპი რედაქტირება

 
ბოგდან ხმელნიცკი შედის კიევში, მიკოლა ივაშუკი.

უკრაინულ-ყირიმულ და პოლონურ არმიებს შორის პირველი დიდი ბრძოლა მოხდა ჟოვტი ვოდისთან, აჯანყებულებს ბოგდან ხმელნიცკი და ტუგაი-ბეი მეთაურობდნენ, პოლონელებს კი ნიკოლაი პოტოცკის შვილი სტეფან პოტოცკი. პოლონელები სტეპში გადაადგილდებოდნენ და არავითარ წინააღმდეგობას არ აწყდებოდნენ ამბოხებულების მხრიდან, როცა ხმელნიცკი თავის არმიასთან ერთად მოულოდნელად თავს დაესხა სამეფო ლაშქარს, 1648 წლის 6 მაისს. პოლონელების რიგებში მყოფმა კაზაკებმა უღალატეს პოტოცკის და აჯანყებულების მხარეს გადავიდნენ, რამაც საბოლოოდ პოლონელების დამარცხება და პირწმინდად განადგურება გამოიწვია, თავად სტეფან პოტოცკი მძიმედ დაიჭრა და ტყვეობაში გარდაიცვალა 1648 წლის 19 მაისს.
ჟოვტი ვოდისთან გამარჯვების შემდეგ ხმელნიცკიმ გეზი ქალაქ კორსუნისკენ აიღო, თუმცა პოლონელებმა დაასწრეს უკრაინელებს ქალაქში შესვლა და მისი დაკავება. ხმელნიცკიმ გადაწყვიტა დაწეოდა პოლონელებს და გაენადგურებინა ისინი. 1648 წლის 15 მაისს კორსუნთან ახლოს უკრაინელებმა თავის მოკავშირეებთან ერთად სამეფო არმიას ჩასაფრება მოუწყვეს და სრულად გაანადგურეს. ნიკოლაი პოტოცკი ისე როგორც მისი შვილი ტყვედ ჩავარდა, მასთან ერთად ტყვეობაში აღმოჩნდა მისი მოადგილე მარტინ კალინოვსკი, ორივე მათგანი უკრაინელებმა თათრებს გადaსცეს მადლიერების ნიშნად. კორსუნთან პოლონელების განადგურებამ კიდევ უფრო გააღვივა აჯანყება და ახალი სული შთაბერა მას, ამავე დროს 20 მაისს გარდაიცვალა მეფე ვლადისლავ IV, დაიწყო უმეფობის ხანა რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აჯანყების შემდგომ განვითარებაში.
1648 წლის ზაფხულში უკრაინელებმა თათრების დახმარებით სრულად გაათავისუფლეს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილი (მდ.დნეპრის მარცხენა მხარე), და ასევე დაიკავეს დნეპრის მარჯვენა მხარეს მდებარე სამი სავოევოდო. უკრაინელების მიერ ტერიტორიების გათავისუფლებას თან ახლდა პოლონური და ებრაული მოსახლეობის ტოტალური განადგურება, და პოლონელი შლიახტიჩების მამულების ძარცვა-გადაწვა.
აჯანყების წარმატებამ პოლონეთში სერიოზული განხეთქილება გააჩინა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა ემოქმედათ მომავალში, ამ განხეთქილების შესახებ იცოდა ხმელნიცკიმაც და ამიტომ სცადა მოლაპარაკებები დაეწყო, თუმცა მალე პოლონეთში აჯანყების ძალისხმიერი მეთოდებით ჩახშობის მომხრეებმა გაიმარჯვეს და ახალი კამპანიისთვის მზადება დაიწყეს. პოლონელებმა შეკრიბეს 30 000 ლაშქარი რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ პოლონელებთან ერთად აგრეთვე დაქირავებული გერმანელი მეომრები. არმიას სათავეში ჩაუდგნენ შლიახტიჩები: ვლადისლავ ზასლავსკი, ნიკოლაი ოსტრორგი და ალექსანდრე კონეცპოლსკი. თავის მხრივ ხმელნიცკიც სათანადოდ მოემზადა ბრძოლისთვის მან დახმარებისთვის კვლავ მოუხმო თათრებს, ამავე დროს გააბა მოლაპარაკებები ზასლავსკისთან დროის მოსაგებად და პოლონურ მეთაურობაში ურთიერთდაპირისპირების გასაღრმავებლად. უკრაინელებმა თავის რიგებში დაახლოებით 25-30 000 მებრძოლს მოუყარეს თავი.
უკრაინულ-პოლონურ არმიებს შორის ბრძოლა პილიავცისთან გაიმართა , იგი სამ ეტაპად წარიმართა და გაგრძელდა 1648 წლის 11-13 სექტემბრამდე. ბრძოლა უკრაინელების ბრწყინვალე გამარჯვებით და პოლონელების სამარცხვინო მარცხით დასრულდა.ხმელნიცკის ლაშქარმა ალაფად აიღო 92 ქვემეხი და 7 მილიონ ზლოტად ღირებული სხვადასხვა სამხედრო და არასამხედრო დანიშნულები ალაფი.აჯანყებულებმა სამეფო არმიის გადარჩენილ ნაწილებს დევნა მოუწყვეს,რასაც ბევრი პოლონელი ემსხვერპლა (გაქცეულებს მდ. სლუჩზე ხიდი ჩაენგრათ). საბოლოო ჯამში პოლონელებს სამ დღეში 300 კილომეტრის მანძილზე მოუწიათ გაქცევა სანამ ლვოვს არ მიაღწიეს.
ხმელნიცკის გადაწყვეტილებით 1648 წლის ოქტომბერში უკრაინელებმა ალყა შემოარტყეს, ლვოვს და ზამოსტიეს, ალყა ნოემბერში დასრულდა, მას შემდეგ რაც აჯანყებულებმა ამ ქალაქების მოსახლეობისგან დიდძალი კონტრიბუცია ამოიღეს. წლის ბოლოსთვის ამბოხებულებმა ფაქტობრივად მთელი უკრაინა გაათავისუფლეს პოლონელებისგან, ლვოვის და ზამოსტიეს ალყის შემდეგ ომის პირველი ეტაპი დასრულდა, ხმელნიცკი თითქმის მთელი უკრაინის ბატონ-პატრონი გახდა.

აჯანყების მეორე ეტაპი რედაქტირება

დეკემბრის დასაწყისში, რეჩ-პოსპოლიტას მეფე გახდა იან კაზიმირი. ამავდროულად ხმელნიცკი 23 დეკემბერს საზეიმოდ შევიდა კიევში. ახალ მეფეს ხმელნიცკიმ გაუგზავნა ულტიმატუმი და მოთხოვა: ბრესტის უნიის გაუქმება, პოლონური არმიის გადაადგილების შეზღუდვა უკრაინის ტერიტორიაზე, პოლონელი მაგნატებისთვის უკრაინაში საქმიანობის ნაწილობრივი შეზღუდვა და დნეპრის მარცხენა სანაპიროს კაზაკებისთვის გადაცემა. იან კაზიმირი, რა თქმა უნდა ვერ დათანხმდებოდა მსგავს პირობებს, მაგრამ გადაწყვიტა დროის მოსაგებად გაეგრძელებინა მოლაპარაკებები. ხმელნიცკისთან მოსალაპარაკებლად ადამ კისელი გააგზავნა. მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და ორივე მხარემ ომის ახალი ეტაპისთვის მზადება დაიწყო.
1649 წლის მაისში პოლონელები უკრაინისკენ დაიძრნენ, სამეფო არმიასთან შესახვედრად გაეშურნენ აჯანყებულებიც. მას შემდეგ რაც პოლონელები დარწმუნდნენ ამბოხებულების სიძლიერეში და აშკარა უპირატესობაში უკან დაიხიეს და ზბარაჟის ციხეში გამაგრდნენ. ხმელნიცკიმ ალყა შემოარტყა ზბარაჟს და ციხე-სიმაგრეზე არტილერიის დახმარებით განუწყვეტელი იერიშების მიტანა დაიწყო. გარნიზონი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და დახმარებისთვის იან-კაზიმირს მიმართა, რომელიც ასევე ემზადებოდა ამბოხებულების წინააღმდეგ სალაშქროდ და საამისოდ არმიას აგროვებდა. თუმცა მას შემდეგ რაც შეიტყო ზბარაჟში შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ, მეფემ არ დაუცადა ლაშქრის სრულად შეგროვებას და ალყაში მოხვედრილი ქვეშევრდომების გადასარჩენად დაიძრა.
ხმელნიცკიმ შეიტყო მეფის გადაწყვეტილების შესახებ და ისიც მეფესთან შესახვედრად დაიძრა, მან ლაშქრის ნაწილი ზბარაჟთან დატოვა ნაწილით კი იან-კაზიმირისკენ გაეშურა (მის ლაშქარში იყვნენ აგრეთვე თათრებიც). ალყაშემორტყმულების დასახმარებლად მომავალ მეფეს ზბოროვთან უკრაინელებმა ჩასაფრება მოუწყვეს და ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს რომ მას უკანდასახევი გზა მოეჭრა. სიტუაცია პოლონელებისთვის კრიტიკული გახდა ისინი სრული განადგურების წინაშე იდგნენ. ამ უმძიმეს მდგომარეობაში მათ მოძებნეს გამოსავალი და ყირიმელი თათრების ხანს დაუკავშირდნენ, აღუთქვეს ყველაფერი ოღონდაც მას რამენაირად ეხსნა სამეფო არმია განადგურებისგან. ხანი დათანხმდა და ხმელნიცკის კატეგორიულად მოთხოვა ზავი დაედო პოლონელებთან, უკრაინელებს სხვა გზა აღარ დარჩენოდათ ზავი უნდა გაეფორმებინათ რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თათრები პოლონელების მხარეს გადავიდოდნენ. გადაწყდა ზავის გაფორმება, რომელიც თათრების ღალატის მიუხედავად აჯანყებულებისთვის მაინც მომგებიანი იყო. 1649 წლის 8 აგვისტოს დაიდო ზბოროვის საზავო ხელშეკრულება.
საზავო პირობები უკრაინელებისთვის მომგებიანი იყო, ხელშეკრულების მიხედვით:
1) უკრაინა იღებდა ავტონომიის სტატუსს პოლონეთის შემადგენლობაში, საჰეტმანოს სახელით.
2) უკრაინის ტერიტორიის ერთადერთ მმართველად ცხადდებოდა არჩეული ჰეტმანი.
3) საჰეტმანოს უმაღლეს ორგანოდ ცხადდებოდა კაზაკებისგან შემდგარი რადა.
4) სათათბირო და აღმასრულებელი უფლებები ასევე წარჩინებული უკრაინელების ხელში გადადიოდა.
5) ოფიციალურ რეესტრში ტარდებოდა 40 ათასი კაზაკი, რომლებიც უკრაინის სამხედრო ძალას წარმოადგენდნენ.
6) ავტონომიის დედაქალაქად ჩიგირინი ცხადდებოდა.
7) ებრაელებს ერთმეოდათ უკრაინაში ცხოვრების უფლება.
8) ყველა აჯანყებული რომელიც ოფიციალურ რეესტრში არ გატარდებოდა ჩვეულებრივ ცხოვრებას უნდა დაბრუნებოდა.
9) აჯანყების ყველა მონაწილე თავისუფლდებოდა სასჯელისგან, ცხადდებოდა ამნისტია.

აჯანყების მესამე ეტაპი რედაქტირება

ზბოროვის ზავმა ვერც პოლონელები და ვერც უკრაინელები ვერ დააკმაყოფილა, პოლონელებს მნიშვნელოვნად შეეკვეცათ უფლებები უკრაინაში, ხოლო უკრაინელებმა თავის მთავარ მიზანს პოლონეთისგან სრულ გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს. ამიტომ ორივე მხარე მთელი 1650 წლის განმავლობაში ომისთვის გამალებით ემზადებოდა. იმავე წლის დეკემბერში სეიმმა აჯანყებულების წინააღმდეგ ახალი სამხედრო კამპანიის წამოწყებას მხარი დაუჭირა. 1651 წლის იანვარში პოლონელები უკრაინაში შეიჭრნენ და ომიც განახლდა. სამეფო არმიას თავად იან კაზიმირი მეთაურობდა, მას თან ახლდნენ მარტინ კალინოვსკი და იერემია ვიშნევეცკი. უკრაინელებს კი კვლავ ბოგდან ხმელნიცკი მეთაურობდა რომელსაც მოკავშირეებად კვლავ ყირიმელი თათრები ჰყავდა, რომლებსაც ხანი ისლამ III გირეი მეთაურობდა.

გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა ბერესტეჩკოსთან, ამ ბრძოლისთვის ორივე მხარე განსაკუთრებული მონდომებით მოემზადა, როგორც უკრაინელებმა ისე პოლონელებმა თავი მოუყარეს მაქსიმალური რაოდენობის სამხედრო ძალას. სამეფო არმიის რიცხოვნობა განისაზღვრებოდა 60-63 000 მებრძოლით, ხმელნიცკიმ შეძლო თავი მოეყარა დაახლოებით 100 000 უკრაინელი კაზაკისთვის და გლეხისთვის, ასევე მის არმიაში იყო 40 000 ყირიმელი თათარი და რამდენიმე ათასი თურქი და ვლახი. ბერესტეჩკოს ბრძოლა იყო ყველაზე მასშტაბური სახმელეთო ბრძოლა მთელი XVII საუკუნის განმავლობაში.

ბრძოლა 28 ივნისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდა. პოლონელებმა გაიმარჯვეს, თანაც მათი დანაკარგები მინიმალური იყო და მხოლოდ რამდენიმე ასეულს შეადგენდა, იმ დროს როცა უკრაინელებმა კატასტროფული მარცხი იწვნიეს და თავისი არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეს. ბრძოლაში 40-80 000 აჯანყებული და მათი მოკავშირე დაიღუპა. ბერესტეჩკოსთან მარცხს უკრაინელებისთვის წარუმატებლობების სერია მოჰყვა, ამიტომ ხმელნიცკი იძულებული გახდა ბილა ცერკვაში 1651 წლის 28 სექტემბერს დაზავებოდა რეჩ-პოსპოლიტას. საზავო პირობები უკრაინელებს ბევრ იმ უფლებას უკვეცავდა რომელიც მათ ზბოროვის ზავით მოიპოვეს. კერძოდ რეესტრში გატარებული კაზაკების რაოდენობა ნახევრდებოდა და 20 000 შეადგენდა, ხმელნიცკის ეკრძალებოდა საერთაშორისო მოლაპარაკებების გამართვა, ჰეტმანი ვალდებული იყო დაეთხოვა თათრები, ასევე სამეფო და შლიახტიჩების მამულებში ებრაელებს ცხოვრების უფლება ეძლეოდათ. ამავე ხელშეკრულებით პოლონურ ლაშქარს ეკრძალებოდა იმ სავოევოდოშო ყოფნა სადაც რეესტრში გატარებული კაზაკები იქნებოდნენ. ზავი ირღვეოდა როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან რადგან სრულად არც ერთ და არც მეორე მხარეს არ აკმაყოფილებდა, ამან ძალიან მალე 1652 წლის აპრილში ომის განახლება გამოიწვია.

აჯანყების მეოთხე ეტაპი რედაქტირება

ომის განახლების ინიციატორებად გამოვიდნენ უკრაინელები რომლებიც განსაკუთრებით უკმაყოფილოები იყვნენ ბილა ცერკვას ზავით. 1652 წლის 1-2 ივნისს უკრაინულ-თათრულ და პოლონურ არმიებს შორის ბატოგთან გაიმართა ბრძოლა, ამ ბრძოლაში აჯანყებულებს აშკარა უპირატესობა ჰქონდათ, მათი ლაშქრის რაოდენობა 45 000 განისაზღვრებოდა, ხოლო პოლონელების მხოლოდ 15 000. პოლონურ არმიას სრული ჰეტმანი მარტინ კალინოვსკი მეთაურობდა ხოლო უკრაინულ-თათრულს ბოგდან ხმელნიცკი და ისლამ გირეი. ბრძოლა ამბოხებულების გამარჯვებით დასრულდა, დაიღუპა სამეფო არმიის მეთაური მარტინ კალინოვსკი, ხოლო პოლონური არმიის დანაკარგი დაახლოებით 8 000 მებრძოლს შეადგენდა. ბატოგის ბრძოლის შემდეგ ომი განახლდა თუმცა მას სრულმასშტაბიანი ხასიათი არ მიუღია და ძირითადად მცირე შეტაკებებით და მეომარი მხარეების კონტროლირებადი ტერიტორიების დარბევით შემოიფარგლებოდა 1653 წლის სექტემბრამდე.
სექტემბერში ხმელნიცკიმ ყირიმელ თათრებთან ერთად ჟვანეცთან ალყაში მოაქცია პოლონეთის მეფე იან კაზიმირი. აჯანყებულების ლაშქარი 30-40 000 მებრძოლისგან შედგებოდა, ხოლო სამეფო არმია 30 000 სამხედრო მოსამსახურისგან. ძალების დაახლოებითი თანაფარდობის მიუხედავად, პოლონელები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მათ არ ჰქონდათ საკმარისი საკვები და ფურაჟი, ასევე მომავალი სიცივეები კიდევ უფრო ართულებდა მათ მდგომარეობას რასაც ემატებოდა დეზერტირობა. პოლონური არმიის ასეთი მდგომარეობის მიუხედავად ხმელნიცკიმ გენერალური ბრძოლის გამართვას მტრისთვის ხანგრძლივი ალყის მოწყობა ამჯობინა. იგი იმედოვნებდა რომ მეფე შექმნილი მდგომარეობის გამო იძულებული გახდებოდა დანებებოდა, ან თუ არ დანებდებოდა რამდენიმეთვიანი ალყით გადაღლილი სამეფო არმია ადვილი დასამარცხებელი იქნებოდა. ამასთანავე ხმელნიცკიმ დასახმარებლად მოსკოვის მეფეს მიმართა, და მისიც ეიმედებოდა. სიტუაცია პოლონელებისთვის გამოუვალი ჩანდა, მაგრამ ამ დროს ყირიმის ხანმა შეიტყო რომ ხმელნიცკიმ დახმარებისთვის მოსკოვს მიამართა, ამით გაწბილებულმა ხანმა უღალატა უკრაინელებს და დეკემბერში ორ თვეზე მეტ ხნიანი ალყა მოხსნა და ხმელნიცკი აიძულა დაზავებოდა იან კაზიმირს. ასეთი ქმდებისკენ ხანს მოსკოვის სამეფოს და უკრაინელი აჯანყებულების განსაკუთრებით გაძლიერების შიშმა უბიძგა, რადგან შესაძლო იყო ეს კოალიცია საბოლოოდ ყირიმის სახანოს წინააღმდეგ შემობრუნებულიყო, თანაც ხანს არ აძლევდა ხელს პოლონელების სრული განადგურება, მას გარკვეული ბალანსი სჭირდებოდა იმისთვის რომ არ დაეშვა რომელიმე მხარის საჭიროზე მეტად გაძლიერება. ჟვანეცის ზავით გაუქმდა ბილა ცერკვას ზავი და აღდგა ზბოროვის საზავო ხელშეკრულება.

აჯანყების დასასრული და მისი რუსეთ-პოლონეთის ომში გადაზრდა რედაქტირება

 
მდგომარეობა რუსეთ-პოლონეთის ომის დროს

1653 წლის შემოდგომაზე ხმელნიცკიმ დახმარების თხოვნით მოსკოვის მეფეს ალექსი მიხეილის ძეს მიმართა. სანაცვლოდ კი იგი რუსებს ჰპირდებოდა საჰეტმანოს მოსკოვის სამეფოს პროტექტორატში შეყვანას და მოსკოვის მეფის უზენაესობის აღიარებას. ასეთი გადაწყვეტილებისკენ უკრაინელებს შექმნილმა მათთვის არცთუ ხელსაყრელმა მდგომარეობამ უბიძგა, კერძოდ ისინი ხვდებოდნენ რომ უკრაინის პოლონეთისგან სრულ გათავისუფლებას ვერ მიაღწევდნენ, და შესაძლოა ის მონაპოვარიც ეჭვქვეშ დამდგარიყო რომელიც მათ ზბოროვის ზავით მოიპოვეს. თუმცა ერთიანი აზრი საჰეტმანოში მაინც არ არსებობდა, სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა ჟვანეცთან თათრების ღალატის შემდეგ, აჯანყებულები მიხვდნენ რომ რუსებთან დაკავშირების გარდა მათ სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდათ, რადგან გაირკვა რომ არც პოლონელები არ შეელეოდნენ უკრაინას რა მსხვერპლადაც არ უნდა დაჯდომოდათ ეს და არც თათრები დაუშვებდნენ რომელიმე მხარის საბოლოო და უდავო გამარჯვებას რადგან ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა. ამიტომ საჰეტმანომ ხმელნიცკის მეთაურობით ერთპიროვნულად გადაწყვიტა რუსეთის პროტექტორატში შესვლა. 1653 წლის 1 ოქტომბერს რუსებმა მიიღეს გადაწყვეტილება თავის მფარველობაში აეყვანათ უკრაინა, ხოლო უკვე მომდევნო 1654 წლის 8 იანვარს პერეიასლავში შეკრებილმა უკრაინულმა რადამ საზეიმოდ დადო ფიცი მოსკოვის მეფის ერთგულებაზე.
პერეიასლავის რადამ დაასრულა ექვსწლიანი აჯანყება და საფუძველი დაუდო უფრო მასშტაბურ და სისხლისმღვრელ რუსეთ-პოლონეთის 13 წლიან ომს (1654-1667). ამ ომმა მოიცვა არამარტო უკრაინის არამედ ბელარუსის, რუსეთის, ლიტვის, ლატვიის და თვით პოლონეთის ტერიტორიაც. 1667 წელს ომი ანდრუსოვის ზავით დასრულდა, რომლის შედეგადაც რუსეთმა დაიბრუნა XVII საუკუნის დასაწყისში დაკარგული ტერიტორიები, და ასევე მიიღო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილი ქალაქ კიევითურთ. ხოლო ზაპოროჟიეს სეჩი რუსეთ-პოლონეთის საერთო მმართველობაში გადავიდა.
რუსეთის პროტექტორატში შესვლამ ვერ გაუმართლა იმედები უკრაინელებს, ანდრუსოვის ზავით მათი სამშობლო ორად გაყოფილი აღმოჩნდა, დასავლეთი რეჩ-პოსპოლიტას შემადგენლობაში დარჩა ხოლო აღმოსავლეთი რუსეთის ხელში გადავიდა. ამავე დროს რუსეთმა უკრაინაში დაიწყო რუსიფიკატორული პოლიტიკის გატარება და რუსული წესების დამყარება, რისი დაგვირგვინებაც 1775 წელს ზაპოროჟიეს სეჩის გაუქმება გახდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Sysyn, Frank E. (1987), "A curse on both their houses: Catholic attitudes toward the Jews and Eastern Orthodox during the Khmel'nyts'kyi Uprising in Father Pawel Ruszel "Fawor niebieski"", Israel and the Nations: pp. xi-xxiv.
  • Rosman, Moshe (Murray) J. (2003), "Dubno in the wake of Khmel'nyts'kyi", Jewish History 17 (2): 239–255.
  • Yakovenko, Natalia (2003), "The events of 1648-1649: contemporary reports and the problem of verification", Jewish History 17 (2): 165–178.
  • Kohut, Zenon E. (2003), "The Khmelnytsky Uprising, the image of Jews, and the shaping of Ukrainian historical memory", Jewish History 17 (2): 141–163.
  • Sysyn, Frank E. (2003), "The Khmel'nyts'kyi Uprising: a characterization of the Ukrainian revolt", Jewish History 17 (2): 115–139.
  • Plokhi, Serhii (2001), The Cossacks and Religion in Early Modern Ukraine, Oxford: Oxford University Press.
  • Magocsi, Paul Robert (1996), A History of Ukraine, University of Washington Press, ISBN 0-295-97580-6.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება