ხვარშიელები — ეთნიკური ტერიტორია დასავლეთ დაღესტნის მაღალმთიანეთში, დღევანდელი წუმადის რაიონში მდებარეობს. განსახლებულნი არიან სოფლებში: ხვარში, ზემო იხნოყვარი, ქვემო იხნოყვარი, კვანტლადა, სანტლადა, ხვაინი . ხვარშიელების უმეტესობა (დაახლოებით ორი მესამედი) დაღესტნის ბარში, ხასავიურტის და ყიზილიურტის რაიონებში და აგრეთვე ქ. ყიზლარში ცხოვრობს. აქ ისინი 1957 წელს დასახლდნენ, როდესაც ჩაჩნეთიდან დაბრუნდნენ, სადაც იძულებით 1944 წელს გადაასახლეს. ხვარშიელების რაოდენობაა 2,5 ათასი კაცი. საბჭოთა პერიოდში ხვარშიელები ხუნძებად აღირიცხებოდნენ. გამონაკლისი იყო 1926 წელი, როდესაც ხვარშიელები დამოუკიდებელ ეთნოსად დააფიქსირეს. ხვარშიელების მეზობლები არიან დიდოელები, ტინდიელები.

ისტორია რედაქტირება

ხვარშიელების მთავარი სამეურნეო საქმიანობა საიალაღო მესაქონლეობა, ძირითადად, მეცხვარეობა იყო. მოშენებული ჰყავდათ თუშური ჯიშის ცხვარი, დაბალტანიანი მთური ჯიშის ძროხა. მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა ურწყავ მიწათმოქმედებას. ხვარშიელებში დიდად იყო განვითარებული შინამრეწველობა და ხელოსნობა: მაუდისა და განსაკუთრებული ხაოიანი საბნების წარმოება, მატყლის წინდებისა და ჩექმების ქსოვა, ხის საყოფაცხოვრებო საგნების (მაგიდების, სკამების და სხვ.) დამზადება. მეურნეობის დამხმარე დარგებს წარმოადგენდა მეფუტკრეობა, ტყის მეფუტკრეობა და მონადირეობა. ხვარშიელები აქტიურად მისდევდნენ ვაჭრობას. სავაჭროდ მიემგზავრებოდნენ არა მხოლოდ შიდა ბაზრებზე, არამედ საქართველოში, აზერბაიჯანსა და ჩაჩნეთში.

მამაკაცთა დასაქმების პრობლემის გამო, ხვარშიელები დღესაც დაღესტნის სხვა რაიონებში, ძირითადად, ნოღაის სტეპებში გარესამუშაოზე სეზონურად მიემგზავრებიან. ხვარშიელთა სოფლები ბუნებრივად გამაგრებულ ადგილებში მდებარეობდა. სადაც კი აუცილებელი იყო, აშენებული ჰქონდათ სათვალთვალო კოშკები (სოფელ ხვარშიში შემორჩენილია ოთხი ნახევრადდანგრეული კოშკი). ხვარშიელთა სოფლები, დაღესტნის სხვა მთიანი მხარეებისგან განსხვავებით, შედარებით პატარა იყო. სახლის ეზოს ქვემოთ განთავსებული სახლის სახურავი წარმოდგენდა.

ორიგინალური იყო ხვარშიელთა ტანსაცმელი. ზამთარში სხვადასხვა სახის ცხვრის ტყავის ქურქს ატარებდნენ. პოპულარული იყო ანდიური ნაბადი. თავსაბურავი რამდენიმე ფასონის _ კონუსისებრი, ცილინდრული, XX საუკუნის დასაწყისში კი გადმობრუნებული ტრაპეციის სახის ჰქონდათ. გავრცელებული იყო ნაქსოვი და თექის ჩექმები. კოსტიუმის აღკაზმულობაში სპილენძისა და ვერცხლის ფიგურები შედიოდა, რომელზედაც მარჯვენა მხარეზე, პისტოლეტი ეკიდათ, მარცხენა მხარეზე _ ხანჯალი. მარჯვენა ხელზე მამაკაცები ვერცხლის ბეჭედს ატარებდნენ. ქალებსა და მამაკაცებს მაჯაზე შავი ქედის სამაჯური ეკეთათ. მამაკაცები თავს მთლიანად იპარსავდნენ, წვერ-ულვაშს კი უშვებდნენ. ცოლიანი მამაკაცები პატარა წვერს ატარებდნენ. ქალებს შორის ვერცხლის მონეტებით თავის მორთვა იყო პოპულარული. საჭმელებიდან ყველაზე მეტად გავრცელებული იყო დაღესტნური ხინკალი და ფაფები.

ხვარშიელები სუნიტი მუსლიმები არიან. გარდა მუსლიმური დღესასწაულებისა, დღესასწაულობდნენ წლის ყველაზე მოკლე დღეს (უქმობის დღე), შუა ზამთარს (თებერვლის დასაწყისში), ხნულის გავლებას, მოსავლის აღების დამთავრებას და სხვ. იცოდნენ წვიმისა და მზის გამოწვევის წეს-ჩვეულება. ხალხური ზეპირი შემოქმედება ორენოვანი იყო: ხვარშიული და ხუნძური. თითქმის ყველა სოფელში იყვნენ განათლებული ადამიანები, რომლებიც თავისუფლად ფლობდნენ არაბულ ენას. მუსლიმამდელი რწმენა-წარმოდგენებიდან შემორჩენილი იყო ტოტემიზმი, წინაპართა კულტი, ბუნებისა და მისი ძალების გაღმერთება. ხვარშიელებში განვითარებული იყო მედიცინა. ხალხურ მკურნალებს შეეძლოთ სწორი დიაგნოზის დასმა. მკურნალობის ხელოვნება თაობიდან თაობაზე გადადიოდა. მკურნალები რთულ ქირურგიულ ოპერაციებსაც აკეთებდნენ.

ლიტერატურა რედაქტირება