ხელოვნური სუნთქვა

ხელოვნური სუნთქვასასუნთქ გზებში ხელოვნური ხერხით ჰაერის ან ჟანგბადის შეყვანა ბუნებრივი სუნთქვის დარღვევის ან შეწყვეტის დროს. ნორმალურ პირობებში ჟანგბადი ფილტვებში ხვდება ჩასუნთქვისას. ფილტვების ბუნებრივი ვენტილაციის დარღვევის (რომლის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი დაავადება, მოხრჩობა, ენდოტრაქეალური ნარკოზი) დროს ხელოვნური სუნთქვისათვის მიმართავენ ტრაქეის ინტუბაციას (ტრაქეაში შეჰყავთ მილი), რაც სასუნთქი გზებისა და იმ რეზერვუარის შეერთების საშუალებას იძლევა, საიდანაც აირი (ჰაერი, ჟანგბადი) შედის ფილტვებში. ხელოვნური სუნთქვის ჩატარება შეიძლება ხელით (მაგ. სანარკოზო აპარატზე ხელის რიტმული დაჭერით) ან მექანიკური მოწყობილობის საშუალებით. ხელოვნური სუნთქვის ყველაზე მარტივი ხერხებია ავადმყოფის ფილტვებში ჰაერის ჩაბერვა პირიდან („პირით პირში“) და ცხვირიდან („პირით ცხვირში“). პირველ შემთხვევაში დახმარების აღმომჩენი დაზარალებულს უღებს პირს, უწმენდს თითზე დახველი ბინტით ან ხელსახოცით, შემდეგ თითებით უხურავს ცხვირის ნესტოებს თავისი ფილტვებიდან ამოსუნთქულ ჰაერს ჩაბერავს პირში, მეორე შემთხვევაში უხურავს პირს და ჰაერს ჩაბერავს ცხვირში; განსაზღვრული პაუზის შემდეგ ამ პროცედურას იმეორებს. ზოიერთი დაავადების დროს ხელოვნურ სუნთქვას დღეების, ან თვეების მანძილზე ატარებენ. ამ მიზნიტ იყენებენ სპეციალურ აპარატებს. ხელოვნური სუნთქვა მხოლოდ მაშინაა ეფექტიანი, როცა სასუნთქი გზების განვლადობა შენარჩუნებული.

ხელოვნური სუნთქვა („პირით პირში“)

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება