ხანჩალი

ტბა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან ხანჩალის ტბა)

ხანჩალის ტბატბა სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 1928 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 13,3 კმ², აუზის ფართობი 182 კმ². უდიდესი სიღრმე 0,8 მ, წყლის მოცულობა 6,4 მლნ. მ³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.[2]

ხანჩალი
ხანჩალის ტბა
ხანჩალის ტბა
კოორდინატები: 41°15′25″ ჩ. გ. 43°32′55″ ა. გ. / 41.25694° ჩ. გ. 43.54861° ა. გ. / 41.25694; 43.54861
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 1928 
სიგრძე 6,5 კმ
სიგანე 2,5 კმ
ფართობი 13,3 კმ²
მოცულობა 0,0064 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 0,8 
აუზის ფართობი 182 კმ²
გამომდინარე მდინარე აგრიჩაი
ხანჩალი — საქართველო
ხანჩალი
ხანჩალი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ხანჩალი
მედიაფაილები ვიკისაწყობში

წყლის მაქსიმალური დონე გაზაფხულის ბოლოსაა, მინიმალური — თებერვლის ბოლოს. ქვაბული წარმოქმნილია სინკლინური ჩადაბლების ლავური ნაკადით გადაგუბვის შედეგად. ტბის აუზი, განსაკუთრებით მისი სამხრეთ ნაწილი, ხასიათდება საკმაოდ მჭიდრო ჰიდროგრაფიული ქსელით. სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ტბას უერთდება ათამდე მცირე შენაკადი, რომელთა ჩამონადენი მცირდება ზაფხულში, მაგრამ არ შრება. აუზის ჩრდილო ნაწილი, რომელიც მოიცავს უფრო დიდ ტერიტორიას, არ ხასიათდება მუდმივი შენაკადების დიდი რაოდენობით. აუზში მრავლად არის წყაროები, რომლებიც ასაზრდოებენ ტბის შენაკადებს. ხანჩალის ტბის ნაპირები დაბალია.[3]

ტბის ჩრდილოეთი ნაწილიდან გამოედინება მდინარე აგრიჩაი, რომელიც უერთდება მდინარე ფარავანს სოფელ ყაურმასთან. ხანჩალის დაცლა ხდება წყლის დონის მარეგულირებელი არხებითაც.[4]

ხანჩალის ტბა ყველაზე დაბალი სიღრმეებით ხასიათდება ჯავახეთის მთიანეთის ტბებს შორის. მისი ფსკერი სწორია და დაფარულია შლამის სქელი ფენით, რომლის სიმძლავრე 30 მეტრს აღემატება. ტბაში კარგად არის გავრცელებული წყლისა და წყლის მოყვარული მცენარეულობა. წლის თბილ პერიოდში ტბაზე დიდი რაოდენობით იყრის თავს წყალხმელეთა გადამფრენი ფრინველები. ტბის დონის ამპლიტუდა წლის განმავლობაში 1 მეტრს აღწევს.[3]

ამჟამად ტბა დამბის მეშვეობით გაყოფილია ორ ნაწილად. ერთი ნაწილი ფაქტობრივად დამშრალია და მას ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს საძოვრებად და სათიბად, ხოლო მეორეში შენარჩუნებულია წყლის გარკვეული რაოდენობა. ხანჩალის ტბა მოქცეულია ხანჩალის ტბის აღკვეთილის შემადგენლობაში, რომლის საერთო ფართობია 839 ჰექტარი.[5]

ტბა თითქმის მთლიანად წყლის მცენარეებითაა დაფარული. გამდინარეა, წყალი მტკნარია, მოყავისფრო. მარილიანობა — 110 მგ/ლ. ყინულითაა დაფარული ნოემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე. თევზი ცოტაა.[2] ტბის წყალშემკრები აუზის მცენარეული საფარი ძირითადად წარმოდგენილია ბალახეული ფორმაციებით.[3] ტბის ირგვლივ გაშენებულია ქალაქ ნინოწმინდის რამდენიმე უბანი და სოფლები: დიდი ხანჩალი და პატარა ხანჩალი.

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 223.
  2. 2.0 2.1 ილია აფხაზავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 433.
  3. 3.0 3.1 3.2 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბაზისო კვლევა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-12. ციტირების თარიღი: 2017-07-12.
  4. მაჭარაშვილი ირაკლი. ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემები. თბ., 2004
  5. ფარავნის ტბა ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაში არ შევა