ხალიბიის ბეილიქი (თურქ. Hacıemir beylikleri) — მცირე თურქმანული სამთავრო (ბეილიქი), რომელიც XIV და XV საუკუნეებში ჩრდილოეთ ანატოლიაში მდებარეობდა.

ხალიბია
Hacıemir beylikleri

ბეილიქი

~1300 — 1427
ენა თურქული
რელიგია სუნიტური ისლამი

ისტორია რედაქტირება

ტრაპიზონის იმპერატორის იოანე II კომნენოსის მმართველობის დროს (1280–1284) თურქებმა დაიპყრეს ხალიბია[1] რეგიონი თანდათან მომთაბარე თურქული მოდგმის ჩეპნის ტომმა აითვისა. XIV საუკუნეში რეგიონი მონღოლთა ბატონობის ქვეშ მოექცა, შემდეგ ერეტნის ბეილიქს დაემორჩილა. მონღოლთა იმპერიაში დაწყებული შინა აშლილობის (1335–1336) დროს ბეილიქმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ხალიბიის პირველი ბეგი (მთავარი) ბაირამი გახდა. ბაირამი ტრაპიზონის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდა. 1348 წელს, მოკავშირე ბეგებთან ერთად ქალაქი ტრაპიზონი ალყაში მოაქცია, თუმცა კოალიციური არმია მალევე დამარცხდა. ბაირამის გარდაცვალების თარიღი უცნობია, თუმცა ტრაპიზონის იმპერიის ქრონიკების თანახმად ხაჯი ემირი 1357 წელს თავს დაესხა მაჩხას. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში ბეილიქის მმართველი ბაირამის ვაჟი, ხაჯი ემირია. 1358 წელს, ხაჯი ემირი ტრაპიზონის იმპერატორის ბასილის (მმ. 1332–1340) ქალიშვილთან, თეოდორასთან ქორწინდება და დინასტიურ კავშირს ამყარებს ტრაპიზონის იმპერიასთან. თუმცა ეს არ აკავებს მას და 1361 წელს, კერასუნტის (დღევანდელი გირესუნი) დაპყრობის მიზნით წარუმატებელ ლაშქრობას იწყებს.[2] მოგვიანებით კავშირი დაამყარა ერეტნას დიდ ვეზირთად, ყადი ბარჰან ად-დინთან, ვისი დახმარებითაც 1380 წელს იპყრობს კოტიორას (დღევანდელი ორდუ). ბეილიქის დედაქალაქი ესკიპაზარში გადავიდა (ორდუს გარეუბანი).

1386 წლის, 24 ოქტომბერს ემირი ტაჯ-ედინი 12,000-იანი ჯარით დაიძრა სულეიმანის წინააღმდეგ, ხალიბიაში შესვლის შემდეგ ტაჯ-ედინი ბრძოლაში დაიღუპა. 1387 წელს ხაჯი ემირი სნეული გახდა და ბეილიქი სამართავად მის ვაჟს სულეიმანს გადასცა. თუმცა, როცა ის გამოკეთდა შეეცადა მისი სამფლობელოს დაბრუნებას. ამან ბეილიქში მამასა და შვილს შორის სამოქალაქო ომი გამოიწვია. 1397 წელს სულეიმანმა დაიკავა კერასუნტი.[2]

ყადი ბარჰან ად-დინის გარდაცვალების შემდეგ, სულეიმანმა ოსმალთა მორჩილება აღიარა. თუმცა ოსმალების ანგორის ბრძოლაში (1402) დამარცხების შემდეგ ბეილიქმა დროებით ისევ დამოუკიდებლობა მოიპოვა. საბოლოოდ ის 1427 წელს ოსმალეთმა დაიპყრო.

სქოლიო რედაქტირება

  1. ყაუხჩიშვილი, ს., ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 67-73; 169-172.
  2. 2.0 2.1 Paper by Ass.Prof Necati Demir დაარქივებული 2016-12-20 საიტზე Wayback Machine. (in Turkish)